Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

დღეს ნაგავზე ვისაუბრებ, ოღონდ არა ლიტერატურულ ნაგავზე, არამედ მართლა ნაგავზე.

რამდენიმე დღის წინ ჩემი ერთი ფეისბუკელი მეგობარი, გეგა არდაზიშვილი წერდა იმ უმძიმეს შთაბეჭდილებაზე, რომელიც გრემი-ნეკრესის გზაზე დაყრილმა ნაგავმა მოახდინა მასზე. ამ ადგილებში 1 თვის წინ მეც ვიყავი და ნამდვილად შემიძლია დავემოწმო, რომ მთელს გზაზე, განსაკუთრებით კი გრემის გარშემო, საშინელება ხდებოდა. გრემს გვერდით პატარა მდინარე ჩამოუდის, სახელად ბოლია, იქ უნდა გენახათ რა ხდებოდა, თან სულ ნარჩევ-ნარჩევი პლასტმასის ბოთლები და სხვა უხრწნელი ნივთები იყო მიმობნეული. ასეა სხვა მდინარეების ხევებშიც, გზებზე, გზის პირებზე, მაყვლიანებში, მოკლედ, ყველგან. გრემი მეგობრის შენიშვნის გამო ვახსენე, თორემ ხომ ისედაც ყველამ ვიცით, რომ ამგვარი რამ ყველგან ხდება, კახეთშიც, ქართლშიც და სხვა დანარჩენ საქართველოშიც.

სხვა დანარჩენ საქართველოზე კი აი რა მინდა გითხრათ, და ამჯერადაც ჩემს ვირტუალურ ფორუმელ მეგობარს დავიმოწმებ: ეს კაცი ნიკა მახარაძეა, იგი თბილისში არ ცხოვრობს, ამიტომ ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ერთხელ შედგა რამდენიმე საათით. ვისხედით ერთ რესტორანში, ვსაუბრობდით ყველაფერზე, რაზეც კი ვასწრებდით საუბარს, ხშირად ვაწყვეტინებდით ხოლმე ერთმანეთს... ვცდილობდი უფრო მე მეცლია საუბარი, იმიტომ, რომ ჩემზე უფრო საინტერესო რაღაცეებს ამბობდა. და ერთ-ერთი ასეთი აზრი (რომელიც მისი ვრცელი თეორიის ნაწილია), ძალიან მდაბიურად რომ მოვთარგმნო, ასე ჟღერდა: აფხაზეთი და ოსეთი უნდა დავიმსახუროთ, სხვანაირად ვერ დავიბრუნებთ, მხოლოდ მემკვიდრეობითობა არ გვაძლევს უფლებას, რაღაცა ჩვენად მივიჩნიოთ. აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიები კი არა, არც ის მიწაა შენი, სადაც ნაგავს ყრი და გარემოს აბინძურებ. ამის გამო, ჩვენ უკვე მთელი საქართველო გვაქვს დაკარგული კარგა ხანია.

რა თქმა უნდა, როცა ცელოფნის პარკს ან პლასტმასის ბოთლს ქუჩაში აგდებს, ის ადამიანი არ ფიქრობს თავის ქვეყანაზე, თუნდაც “ტერიტორიებზე”, სამაგიეროდ რაღაც აბსტრაქტულ ცნებებზე, საფრთხე-აჩრდილებზე და ფიქციებზე მწვავედ რეაგირებს. საერთოდაც, ჩვენი მთავარი პრობლემა “ტერიტორიებია”, იმიტომ კი არა, რომ ეს “ტერიტორიები” დავკარგეთ, არამედ იმიტომ, რომ “ტერიტორიებს” ვუწოდებთ მას. ტერიტორია კი ყოველთვის სხვისია, რაც არ უნდა შენად მიიჩნიო იგი!

თემას გავცდი, არადა ნაგავში ვიქექებოდი, ქართულ ნაგავში...

ახლა ზაფხულია და ყველა მხრიდან გაიგონებთ სასწაულ ამბებს პლაჟის ნაგვებზე. ივლის-აგვისტოში ზღვაზე ვერ ჩავედი, თუმცა ჯერ კიდევ ივნისში ვნახე ურეკში ეს სასწაულები. წარმომიდგენია, ახლა რა ხდება. უარესი ამბებია ტრასებზე და გზებზე, რომლებიც მოფენილია ავტობუსებიდან, ჯიპებიდან და გადაადგილების სხვა საშუალებებიდან ხელის ნატიფი მოძრაობით ან მოქნევით ნასროლი რაგინდარათი. ისვრიან თბილისშიც, ფეხით მოსიარულენიც კი. იყიდიან სიგარეტს, გახსნიან და ქარს ატანენ ჯერ გარე ცელოფანს, შემდეგ კი შიდა ფოლგას. ეს ბევრს რიტუალად ექცა, ამის გარეშე ვერ ძლებენ, ალბათ ეს მათთვის გარანტიაა, რომ პირველ ღერს გემრიელად მოწევენ.

რამდენიმე წლის წინ, მახსოვს, იყო საუბარი ფულად ჯარიმებზეც ასეთ დანაგვიანებაზე. რაღაც პერიოდი აჯარიმებდნენ კიდეც, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ სრულად აღმოფხვრეს ეს პრობლემა და დაანებეს თავი, ალბათ სხვა, უფრო დიდ ჯარიმებზე გადავიდნენ, უფრო დიდი დარღვევევის გამო დაწესებულ ჯარიმებზე.

ჩვენ ისევ 90-იანებში ვცხოვრობთ, მერე რა რომ თანამედროვე ნაგვის მანქანებს ნაგავი გააქვთ! მერე რა, რომ ქუჩებსაც გვიან! ხალხი ისევ იქ არის, ისევ ვიღაცის ჰგონია ეს ქვეყანა.

90-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა ზურა მესხის გროტესკული სიმწვავით სავსე მოთხრობა, “სპაზმები”, ჩემი აზრით, ამ გაწელილი და უმძიმესი პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა, მოთხრობა-დიაგნოზი, გნებავთ ქართულ ნაგავში ქექვის საუკეთესო ნიმუში.

მოთხრობაში თითქმის სულ ნაგავია, თანამედროვე ნაგავი. აი ერთი ფრაგმენტი:

“თექვსმეტსართულიან სახლში ვცხოვრობთ, მეხუთე სართულზე. მთელი თერთმეტი სართულის ნაგავი ჰაერში მოფრინავს, ჩვენს ფანჯრებს ჩაუქროლებს, ძირს, ქვემოთ, ბრაგვანს მოადენს, ვირთხებს გულს დაუხეთქავს, მერე აღტაცებაში მოჰყავს. თუ ფანჯრიდან თავი გაქვს გაყოფილი, ზედ დაგასკდება...
თორმეტი წლის რომ ვიყავი, თავი მქონდა გაყოფილი ფანჯრიდან, გადაყუდებული ვიყავი და უცებ კეფაზე დამასკდა. ჯერ ვერ მივხვდი, რა დამემართა, თვალთ დამიბნელდა, მერე ვიხრჩობოდი, ჯერ მეგონა, რომ ჩემს ნარწყევში, თვალები და პირი მქონდა ამოლესილი რაღაც მძაღეთი და აყროლებულით. ქაღალდის პარკი ჩემს კეფა-კისერზე გადამსკდარიყო, და შევიცანი: ამძაღებული აჯაფსანდალი, შიგ არეული დამპალი სოუზი, თავისი ხორცებით, ძვლებით, ქალის თმებით და ა.შ.”

მთხრობელს ამ უბედური შემთხვევის შემდეგ სპაზმები დასჩემდება და მთელი მოთხრობაც ხან ამ სპაზმებს უტრიალებს, ხანაც ნაგავს, ძირითადად, რა თქმა უნდა, ნაგავს. აი კიდევ ერთი, წინასწარმეტყველური ციტატა:

“ვინც ნაგავში ზის, იმან უნდა დაიყვიროს და მენაგვე გახდეს. როცა ნაგავში მღერის, ცეკვავს, უკრავს და ლექსებს წერს – ხდება მომღერალი, მოცეკვავე, მოშაირე, დამკვრელი, დამკვრელური ნაგავი!.. არა მარტო თვითონ სხედან ამ ნაგავში, სხვებსაც იწვევენ, უცხოელებს და ერთად მართავენ ფეკალურ ფესტივალებს, სცენებზე, მოედნებზე, რიყეზე, ბლიყვეზე, ხელებს ერთმანეთისკენ იშვერენ, თვალებს ერთმანეთს აპყრობენ და მღერიან: აააააა! დარდუბალა!”

არადა მოთხრობა 90-იან წლებშია დაწერილი. ხომ გითხარით, არაფერი იცვლება მეთქი.

2007 წელს დედაჩემი ონკოლოგიურში დავაწვინეთ, უკვე მძიმედ იყო. ერთხელაც შენობიდან გარეთ გამოვედი, ცოტა ჰაერს ჩავყლაპავ მეთქი. მთის კიდეზე მივედი, სულ ბოლო კორპუსთან, იქ, სადაც დაქანებულზე უბადრუკი ბაღებია გაშენებული, უბადრუკი ხეებით: უბადრუკი ალუბლები, ჭერმები, ვაშლები... ივნისის დასაწყისი იყო, მაგრამ ხეები მაინც ყვაოდა, ყველა ხეზე აცმული იყო ქარის მიერ ქალაქიდან ამოტანილი “ყვავილები”, ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი, თეთრი და შავი, შავი ცელოფნის პარკები. ხეები დახუნძლული იყო. ჰაერის ჩასაყლაპად და ტვინის გასანიავებლად გამოსულს საშინელება დამხვდა. ვიდექი და ვფიქრობდი ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც ეს პარკი დააგდო ქუჩაში, აივნიდან მოიფრიალა, მანქანიდან ხელგაყოფილმა გაუშვა. და აი ასე, ნელ-ნელა გაავსეს ქალაქი უხრწნელი, უკვდავი, მაგრამ მომკვლელი ნაგვით, რომელიც გარწმუნებს, რომ ნაგავი უკვდავია საქართველოში. მერე კი თბილისის ქარებმა ეს პარკები სიკვდილის საუფლოში ამოაფრიალეს, ონკოლოგიურში, იქ, სადაც კვდებიან, ამოაფრიალეს როგორც დაცინვა, როგორც ნიშანი ნაგვის უკვდავობისა ჩვენს ქვეყანაში და ადამიანთა მოკვდავობისა.

თქვენ, ვინც ასე უმოწყალოდ ყრით ამ ცელოფნის პარკებს, გახსოვდეთ, რომ ამ მფრინავი, დაუნდობელი ნაგვის შემხედვარე, ყველაზე დამწუხრებულიც კი საშინელი რისხვით ივსება, ყველაზე სიცოცხლით სავსეც კი ბოღმით იმუხტება და ხელისგულზე მუშტს ირტყამს.

თქვენ, ვინც ქუჩაში და ქვეყანაში აი ასე, ნაგავს აფრქვევთ, სამშობლოს, ქვეყნის ნაცვლად ტერიტორიების შვილები ხართ! ტერიტორია კი ყოველთვის სხვისია, არ დაგავიწყდეთ!
მოგზაურობაში დავბერდი კაცი და მხოლოდ ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე ჩემში ერთი თვისება – „პირველი ნახვით“ არც ერთი ქალაქი არ მომწონებია; 1987 წელს პირველად რომ მოვხვდი პარიზში, ეგრევე საფოსტო ბარათი ვიყიდე და მეგობრებს გამოვუგზავნე თბილისში: „ტურისტებისთვის განკუთვნილი ქალაქი, რომელიც არ ვითარდება!“ რას ვიფიქრები, რომ ცოტა ხანში მხოლოდ პარიზში ვიგრძნობდი თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში. ასე დამემართა ჰამბურგში, სტამბოლში, ბრიუსელში, მადრიდში... რაღაც დრო დამჭირდა ამ ქალაქების შესაყვარებლად, იმ რიტუალის ჩასატარებლად, რომელიც პირადად მე უსაზღვრო ნეტარებას მანიჭებს – როცა შენ თვითონ ანგრევ შენივე ტვინითა და გულით შექმნილ სტერეოტიპებს, როცა აღმოჩნდება, რომ მაგრად შეცდი და, რაც მთავარია, შეძელი ამის აღიარება!

ლატვიის დედაქალაქი რიგა, რომელსაც „წითელი ზონის“ მორიგი გადაცემის გადასაღებად ვესტუმრეთ, თავდაპირველად ჯოჯოხეთად მომეჩვენა; აქამდე საბჭოთა კავშირის აღდგენის „მიზანსცენა“ ცხადში მხოლოდ ერთხელ მენახა – 2000 წელს, ადლერში.

იქ, ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე, ბავშვობაში დაბრუნების შეგრძნება მქონდა – სუნიც კი გამახსენდა საბჭოთა კავშირის. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ სუნს, ფერებს, სახეებს, ამ ჟესტს და მიმიკას 2010 წელს, მთლად ევროკავშირში გაწევრიანებული ლატვიის დედაქალაქში ვიხილავდი. შეიძლება პირველი შთაბეჭდილების ბრალია; აეროპორტიდან ცენტრისკენ მოძრავ ავტობუსს სადღაც გადაკარგულში გავყევით და აღმოვჩნდით უკაცრიელ მოედანზე, სადაც მხოლოდ (!) რუსულად ლაპარაკობდნენ. მერე რუსული ენა ჩვენს მეგზურად იქცა – ტროლეიბუსში (აღარც მახსოვდა „რქიანი ავტობუსის“ არსებობა), ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტში (სადაც „გაქუცულ დოლარებზე“ ორი პროცენტი ჩამოგვაჭრეს), სასტუმროში. ტელევიზორშიც კი, ლატვიურ არხებზე თითქმის მთელი დღე იურმალის მუსიკალურ ფესტივალს აჩვენებდნენ – რუსული პოპმუსიკის ვარსკვლავების მონაწილეობით.

იმ ლატვიელებმა, ვინც „წითელი ზონისთვის“ გადავიღეთ, აგვიხსნეს, რომ რუსულ ენაზე „ტაბუ“, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში იგრძნობოდა, ვრცელდება ლიტვაზე და, განსაკუთრებით ესტონეთზე. ლატვიაში კი, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარს ეთნიკური რუსები შეადგენენ და, მით უმეტეს, რიგაში, რომელსაც ბევრი დღესაც „რუსულ ქალაქად“ მიიჩნევს, რუსულ ენას არც არასდროს ჰქონია პრობლემები. ფაქტობრივად, არც აქაურ რუსებს... და, შესაბამისად, არც ლატვიელებს.

შესაბამისად...

გასაგებია არა, ეს სიტყვა რატომ გამახსენდა? ლატვიამ გადაწყვიტა პრობლემა, რომელსაც, ჩემი აზრით, ვერასდროს გაუმკლავდებოდა „ემოციურ-ირაციონალური“ ქართველობა. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს რუსები რომ შეადგენდნენ? როგორ მოიქცეოდა ეს ხალხი 90-იანი წლების დასაწყისში? თუნდაც 2008 წლის აგვისტოში? და, შესაბამისად, როგორ მოვექცეოდით მათ ქართველები? ანდა, თუ გნებავთ, პირიქით იყოს... ქართველები და, შესაბამისად, რუსები?

რიგის ოკუპაციის მუზეუმში რუსული ლაპარაკი არ გვესმოდა. მუზეუმის გარეთაც ვერ დავითანხმეთ „რუსულენოვნები“ ინტერვიუზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ლატვიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეთნიკური რუსები, რომლებიც, როგორც გვითხრეს, აქ ჯერ 30-იანი წლების ბოლოს, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასახლდნენ, შეეგუენ იმას, რომ ნატოს წევრ ქვეყანაში უხდებათ ცხოვრება. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს, პროტესტსაც გამოთქვამს, მაგრამ ამით ქვეყნის პოლიტიკა არ იცვლება. შეიძლება მოსწონთ კიდეც. ანდა, რატომ არ უნდა მოსწონდეთ? რუსულად ლაპარაკს არავინ უკრძალავს, ნადეჟდა ბაბკინაც მართავს კონცერტებს და იურმალაშიც ჩადიან რუსული ესტრადის პოპ-ვარსკვლავები... და თანაც ევროკავშირის წევრები არიან – მოგზაურობენ, ევროპაში მუშაობენ, ცხოვრობენ ევროპულად!

ევროპულად ცხოვრება კი, პირადად ჩემთვის, პირველ რიგში კომპრომისის კულტურას ნიშნავს – იმას, რაც ვერ დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში, რადგანაც „ემოციურ-ირაციონალური“ ქართველობა კომპრომისს, როგორც წესი, სიმხდალედ მიიჩნევს.

„შევარდნაძის ეპოქა დასრულდა!“. ასე უპასუხებენ დღევანდელი ხელისუფლების მომხრეები იმათ, ვინც სააკაშვილის კურსს სიჯიუტის, სწორხაზოვნების, ინფანტილიზმის გამო აკრიტიკებს. თუმცა დღეს, შესაძლოა, ასევე პირდაპირ და სწორხაზოვნად დაისვას კითხვა, საერთოდ ჰქონდა თუ არა შევარდნაძის ხელისუფლებას რაიმე კურსი, რაიმე პოლიტიკა? და თუ შევთანხმდებით, რომ არ ჰქონდა, უფრო ადვილი გახდება დისკუსია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულ ხელისუფალთა პოლიტიკაზე, უფრო ადვილი გახდება იმის თქმა, რომ ქართული საზოგადოება და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, ვერა და ვერ ეუფლება პოლიტიკის ანაბანას – დიალოგის და კომპრომისის უნარს.

კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ლატვია საქართველოზე გვიან გახდა საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლი. პროტესტანტული კულტურის ტრადიციებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს – პროტესტანტს, მოგეხსენებათ, არ სჭირდება შუამავალი ღმერთთან, ამიტომ ამ კულტურაში თითქმის გამორიცხულია „კეთილი მეფის“ მოთხოვნილება, ისევე, როგორც ყველაფრის გადაბრალება „ცუდ მეფეზე“... მაგრამ დიალოგის ხელოვნების დაუფლება წესით არ უნდა ყოფილიყო რთული კულტურისთვის, რომელსაც „უძველეს ევროპელობაზე“ აქვს პრეტენზია.

არ გამოვიდა. არ გამოდის. ხელისუფლება არ უთმობს ოპოზიციას და ოპოზიციას უჭირს კომპრომისზე წასვლა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ღიზიანდება კომპრომისზე და ოპონენტთან დიალოგის დაწყებას „ლაჩრობად“ აღიქვამს... ჰოდა, აბა, ქვეყნის მთავარ მტერთან როგორღა მოგვარდება ურთიერთობა? ვინ შეძლებს დიალოგს ისეთ ირაციონალურ ძალასთან, როგორიც რუსეთია? ამას ისევ სხვის იმედზე ყოფნა არ ჯობია? ამერიკის, ევროპის, სიცხის, ხანძრების... მოკლედ, შუამავლის, რომელიც ყველაფერს მოაგვარებს, მე კი დამიტოვებს უკომპრომისოს, უშიშრის, დრაკონთან მებრძოლი „მართალი კაცის“ იმიჯს, რომელსაც ქართული კულტურა საუკუნეების მანძილზე ამკვიდრებდა.

ლატვიაში ამდენმა რუსულმა ენამ და ამდენმა რუსმა ნამდვილად გაგვაღიზიანა. ამას გულწრფელად ვწერ და ვერანაირი პოლიტკორექტულობა ვერ მაიძულებს, შევნიღბო ჩემი ემოციები. მეც ხომ ამ „ნარცისული კულტურის“ შვილი ვარ, ბაქი-ბუქის მოყვარული კულტურის! მაგრამ რიგაში ყოფნის ბოლო დღეს ვიგრძენი, რომ ამ ემოციას „საფრთხე“ დაემუქრა; ისიც გავაცნობიერე, რომ სწორედ კომპრომისის და დიალოგის უნარმა ააშენებინა ლატვიელებს მშვიდი და თავისუფალი ქვეყანა, რომელიც იმიტომაც არის მშვენიერი, რომ განსხვავდება თუნდაც მეზობელი ლიტვისგან და ესტონეთისგან – აქ რუსულად ლაპარაკის არ ეშინიათ, აქ მოძრაობენ „რქიანი ავტობუსები“, არ უყვართ „გაქუცული დოლარები“, მაგრამ თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევენ. და, შესაბამისად, ევროპა მიიჩნევს ლატვიას თავის ნაწილად.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG