Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 2 აგვისტო. See content from before

შაბათი, 31 ივლისი 2010

აკადემიაში სწავლა ყოველთვის ტკბილად მახსენდება. რამდენადაც უცნაური უნდა იყოს (ჩემგან), ყველაზე კარგად პედაგოგებს ვიხსენებ, განსაკუთრებით ლეო რჩეულიშვილს – საყვარელ და თბილ მოხუცს, რომელიც ქართული არქიტექტურის ისტორიის კურსს გვიკითხავდა; განუწყვეტლივ გვიმეორებდა, ზომიერება ჩვენი კულტურის ძირძველი სახეა, ქართული ძეგლი რუსულისგან და სომხურისგან იმით გამოირჩევა, რომ არც გადაჭარბებულად ჭრელი და არც გადაჭარბებულად ასკეტურიაო..ეტყობა მას მერე დამჩემდა „ზომის“ სიყვარული!

ბატონ ლეოს დღესაც ვეთანხმები. თუკი რამე მამშვიდებს და მაიმედებს ესაა – ქართველებს მალე ბეზრდებათ ერთფეროვნება! ერთფეროვნება, ცხადია, არც მონღოლებს უყვართ, არც ისლანდიელებს. არავის! მაგრამ სამხრეთული ტემპერამენტი, ეტყობა, თავისას შვრება; უფრო სწრაფად ხდება ეს ყველაფერი – იყვირებენ, იყვირებენ და ბეზრდებათ!

ეს ერთი განზოგადება.

ახლა მეორე, რომლის საფუძველს ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებული უაღრესად საინტერესო წერილი, „გამქრალი გოგოები“ იძლევა. „პროფესორ ზურაბ საბახტარაშვილის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა ორი გოგონას მშობლებს, თუ მესამე ბიჭი არ უჩნდებოდათ, გამოუთქვამთ აბორტის გაკეთების სურვილი“...

აბორტის გაკეთების მიზნით სქესის დადგენა საქართველოში, თურმე, ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა! მომკალით და ვერ დავიჯერებ, რომ მონღოლეთსა თუ ისლანდიაში ასე ვერ იტანენ გოგონების დაბადებას!

გავაერთიანოთ ეს ორი განზოგადება და ვერა ქობალიას სკანდალი გავიხსენოთ. აღმოჩნდება, რომ მეორე, ანუ ქალთმოძულეობა (ჰო, გაბრაზებული როცა ვარ, რადიკალური ვხდები) სძლევს ზომიერების ძირძველ ტრადიციას და რომ „საქართველოში ქალი ოდითგანვე დაფასებულია!“ – საზიზღარი სიყალბეა, რომელიც ეროვნული კულტურის შემქმნელმა მამაკაცებმა შეთხზეს. საქმე ეხება არა ვერა ქობალიას, არამედ იმას, თუ როგორ გამოეხმაურა ქართული მედია, სოციალური ქსელები, ზოგადად, ქართული საზოგადოება ამ ქალბატონის დანიშვნას „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“ შეფად. ტემპერამენტული ხალხი ვართ და სტრიპტიზკლუბში მინისტრი ქალის ხილვა გულს გვიჩქარებს და წნევას გვიწევს? არსებობს, ალბათ, რესტორნებში მოქეიფე ქართველი მინისტრი-მამაკაცების სურათები – შალახოს რომ ცეკვავენ, ანდა, მუსიკოსებს რომ უკვეთავენ „მიშა მაგარიას!“ მაგრამ ეს სურათები ეფექტს არ მოახდენდა. ვერა ქობალიამ თავი მოუყარა ქართულ კულტურაში დამკვიდრებულ თითქმის ყველა სტერეოტიპს – სოციალურს, კულტურულს, ფსიქოლოგიურს... „მინისტრად ქცეული პურის მცხობელი“, „უდიპლომო“, „გადამთიელი“... უამრავი თემაა ქილიკისათვის! მით უმეტეს, რომ ქალბატონმა ვერამაც მშვენივრად მოირგო მინისტრის როლი და პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად მას არასდროს უმუშავია კანადურ ტელევიზიაში, შეაფასა როგორც ქვეყნის მტრის ქმედება (მხოლოდ და მხოლოდ).

„გააყალბა! გააყალბა!“ – აბობოქრდნენ ქართველი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მომღერლები, ბოზები. უბრალო ქართველი ობივატელი. დიახ, დიახ, მათ შორის ის კაციც, მომავალი შვილის სქესს რომ ადგენს და გოგონა-ნაყოფს კლავს, ალბათ, გულში ფიქრობდა კიდეც: „ამის დედა ვატირე, დიპლომიც მაქვს, მუშაობის გამოცდილებაც, მითაღლითია კიდეც. ეს გადამთილი გოგო უნდა იყოს მინისტრი და მე ვალებში ვიხრჩობოდე?“

თითქოს ვერა ქობალიას მინისტრად დანიშვნა იმისთვის მოხდა, რომ ქართული საზოგადოების ყურადღება რეალური პრობლემებიდან ჰოლივუდის სიუჟეტზე გადატანილიყო (და განა ჰოლივუდის სიუჟეტები ყალბი არის?)... ამასობაში იუნესკომ გამოხატა შეშფოთება ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის გამო, გაგრძელდა სკანდალი განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების ქცევის ირგვლივ, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელმაც, შესაძლოა, „კავკასიური სახლი“ ნაირა გელაშვილის გუნდს ჩამოართვან.

მაგრამ ვერა ქობალიას თემა ყველაზე რეიტინგული აღმოჩნდა. მან თვით საქართველოს პრეზიდენტის სკანდალური განცხადებაც კი გადაფარა „ზანგებსა და ველურებზე“. სიყალბის და თაღლითობის წინააღმდეგ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის ეს ამხედრება იმდენად გადაჭარბებული, გადამლაშებული (თუ დატკბილული) აღმოჩნდა, რომ პირადად მე (და, ალბათ, სხვებსაც) გული ამიჩუყდა ქალბატონ ვერაზე (მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ გამიგია, რა უნდა ამ ქალბატონს „წვენებში“)... გული ამიჩუყდა და ერთი კითხვა დამებადა – ნუთუ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არ იცოდა, რომ ეს დანიშვნა ასეთ რეაქციას გამოიწვევდა ქართულ საზოგადოებაში?! სწორედ იმ საზოგადოებაში, რომლის ერთ წევრს არცთუ ისე დიდი ხნის წინ უთქვამს, ორი შვილი და ერთი გოგო მყავსო...

რა იყო ეს? საზოგადოების პროვოცირება? მისგან ფარული აგრესიის ამოფრქვევის ვნება თუ „ძალაუფლების ექსპერიმენტი“? ძალაუფლებისა, რომელსაც, დიახ, ბატონო, მამაკაცების მიერ შექმნილი კულტურა ქმნის და ბევრად უფრო ძლიერი და შეურყეველია, ვიდრე ზომიერება, გამოხატული ქართულ არქიტექტურულ ძეგლებში.

იმ ძეგლებში, რომლებიც, როგორც ამ კვირაში გაირკვა, შეიძლება განადგურდეს კიდეც; ზომიერი შეცვალოს ბევრმა ოქრომ და გრანდიოზულმა პროპორციებმა და, რადგანაც გაბრაზება არ გამდის, ისევ პირდაპირ ვიტყვი – ოქროს ფალოსებმა, რომელთა დანახვაზე ზოგიერთი გულუბრყვილო ქართველი პირჯვარსაც კი იწერს.

„ორი შვილი და ერთი გოგო!“
ზაფხული, ალბათ, საუკეთესო დროა წიგნებისთვის. განსაკუთრებით მათთვისაა ხსნა ზაფხული, ვინც მთელი წლის მანძილზე ვერ იცლის საკითხავად, და მხოლოდ ორკვირიანი ან ერთთვიანი შვებულებისას ცდილობს ამ განცხრომაში გაატაროს დრო. მეც, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი კითხვის მეტს არაფერს ვაკეთებ, საზაფხულო საკითხავის მოლოდინით ვცხოვრობ ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, არასდროს ისეთი დაგემოვნებით არ ვკითხულობ წიგნს, როგორც ზაფხულში. ამაში წელიწადის ვერც ერთი დრო ვერ შეედრება ზაფხულს.

მაგალითად, ნებისმიერ სხვა დროს ერთ წიგნზე კონცენტრირება მიჭირს. არა, გონება კი არ მეფანტება, უბრალოდ, იძულებული ვარ, ათასი სხვა რამ ვიკითხო. თავი დავანებოთ ბლოგზე დასადები, ჟურნალში ან გაზეთში დასაბეჭდი მასალების (პროზა, პოეზია, ესსე, თარგმანი...) კითხვა-რედაქტირება-მომზადებას, მათ გარეშეც ბევრია საკითხავი, რადგან სანიშნი ერთდროულად 5-6 წიგნში მაქვს ჩადებული, რომელთაგან ყველაზე სასურველი წიგნი, იძულებული ვარ, მხოლოდ 20-30-გვერდიანი მონაკვეთებით ვიკითხო. იმიტომ, რომ სხვა საქმე გელოდება, სამსახურში ხარ გასაქცევი, შეხვედრა ან სხდომაა დანიშნული, ჩაწერაა რადიოში, კახეთში ან გურიაში უნდა გაემგზავრო, დეგუსტაციაზე უნდა მიხვიდე...

ახლა დავფიქრდი, გავიხსენე რაღაცები და აღმოვაჩინე, რომ ზაფხულის შესახებ არაერთხელ დამიწერია აქამდე. თითქმის ყველა ზაფხული მახსოვს, ზაფხულში წაკითხულ წიგნებსაც, როგორც წესი, უკეთ აღვიდგენ და ნათლად წარმოვიდგენ ხოლმე ყველაფერს, რაც ზაფხულს ეხება, რეალურ თუ ლიტერატურულ ზაფხულებს.

ამას წინათ ფეისბუკში ერთი სტატუსი ამომიტივტივდა, რომელიც საზაფხულო საკითხავს ეხებოდა - ზოგი აუარება წიგნის წაღებას აპირებდა სოფელში თუ ზღვაზე, ზოგსაც ბებია ჰყოლოდა სოფლის ბიბლიოთეკარი და მის იმედად მიდიოდა, ვიღაცას სამეცნიერო ლიტერატურისგან დროებით თავის დაღწევა უხაროდა, ვიღაცა კი მშობლიურ კაკლის ჩეროში და ჰამაკში წასაკითხ წიგნებზე ოცნებობდა.

სხვათა შორის, ერთმანეთისგან განსხვავდება ზღვაზე და სოფელში წასაკითხი წიგნები. რატომღაც მგონია, რომ ზღვა უფრო ენერგიულ, გაბმით საკითხავ წიგნებს იტანს, სოფელს კი, მე მგონი, ყველაზე ღრმა და ფიქრიანი წიგნებიც კი უყვარს. ზღვაზე გარუჯული გოგოები არიან, სოფელში კიდე - ჭრიჭინები, ერთგან სალუდეები და კაფეებია, მეორეგან - გაუქმებული კანტორა და ძველი სტადიონი, ზღვაზე ღამის ცხოვრებაა და მანათობელი თვალები, სოფელში კი ციცინათელები ხაზავენ სიბნელეს. სწორედ ამიტომაც, ზღვაზე კითხულობენ მურაკამის და ბეგბედერს, სოფელში კი - ჰერმან მელვილსა და სერვანტესს. ზღვა გეუბნება: მეტი დიალოგი, მეტი მოქმედება, ინტრიგა დამანახე... სოფელი კი დამყოლია, მომთმენი: აღწერები, ფიქრიანი სიარული, დაეჭვებული პერსონაჟები...

ზაფხული შთაბეჭდილებების დაგროვების პერიოდია და აქ რეალურ შთაბეჭდილებებს (ზღვაზეც და მთაშიც ხომ ბევრი თავგადასავალი გველის) გამოგონილი ისტორიებით მიღებული შთაბეჭდილებებიც ერწყმის. ესაა პერიოდი, როცა ზღვარი იშლება ამ ორ სამყაროს შორის. დასვენებაც, ალბათ, ამას ნიშნავს – როცა გადაწყვეტილებები არ გაქვს მისაღები, როცა დრო და სიამოვნება ხელიდან კი არ გაგირბის, არამედ ისე იხანგრძლივებ, როგორც მოგესურვება. როცა ზუსტად იცი, რომ სანიშნით გაყოფილ გვერდებზე ყველაფერი თავის ადგილას დაგხვდება, ისე, როგორც დატოვე. ესაა ლიტერატურის ჩრდილქვეშ სულისმოთქმა. ანუ კითხვა ჩეროში.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG