Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ხალხი სიყალბის წინააღმდეგ!


აკადემიაში სწავლა ყოველთვის ტკბილად მახსენდება. რამდენადაც უცნაური უნდა იყოს (ჩემგან), ყველაზე კარგად პედაგოგებს ვიხსენებ, განსაკუთრებით ლეო რჩეულიშვილს – საყვარელ და თბილ მოხუცს, რომელიც ქართული არქიტექტურის ისტორიის კურსს გვიკითხავდა; განუწყვეტლივ გვიმეორებდა, ზომიერება ჩვენი კულტურის ძირძველი სახეა, ქართული ძეგლი რუსულისგან და სომხურისგან იმით გამოირჩევა, რომ არც გადაჭარბებულად ჭრელი და არც გადაჭარბებულად ასკეტურიაო..ეტყობა მას მერე დამჩემდა „ზომის“ სიყვარული!

ბატონ ლეოს დღესაც ვეთანხმები. თუკი რამე მამშვიდებს და მაიმედებს ესაა – ქართველებს მალე ბეზრდებათ ერთფეროვნება! ერთფეროვნება, ცხადია, არც მონღოლებს უყვართ, არც ისლანდიელებს. არავის! მაგრამ სამხრეთული ტემპერამენტი, ეტყობა, თავისას შვრება; უფრო სწრაფად ხდება ეს ყველაფერი – იყვირებენ, იყვირებენ და ბეზრდებათ!

ეს ერთი განზოგადება.

ახლა მეორე, რომლის საფუძველს ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებული უაღრესად საინტერესო წერილი, „გამქრალი გოგოები“ იძლევა. „პროფესორ ზურაბ საბახტარაშვილის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა ორი გოგონას მშობლებს, თუ მესამე ბიჭი არ უჩნდებოდათ, გამოუთქვამთ აბორტის გაკეთების სურვილი“...

აბორტის გაკეთების მიზნით სქესის დადგენა საქართველოში, თურმე, ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა! მომკალით და ვერ დავიჯერებ, რომ მონღოლეთსა თუ ისლანდიაში ასე ვერ იტანენ გოგონების დაბადებას!

გავაერთიანოთ ეს ორი განზოგადება და ვერა ქობალიას სკანდალი გავიხსენოთ. აღმოჩნდება, რომ მეორე, ანუ ქალთმოძულეობა (ჰო, გაბრაზებული როცა ვარ, რადიკალური ვხდები) სძლევს ზომიერების ძირძველ ტრადიციას და რომ „საქართველოში ქალი ოდითგანვე დაფასებულია!“ – საზიზღარი სიყალბეა, რომელიც ეროვნული კულტურის შემქმნელმა მამაკაცებმა შეთხზეს. საქმე ეხება არა ვერა ქობალიას, არამედ იმას, თუ როგორ გამოეხმაურა ქართული მედია, სოციალური ქსელები, ზოგადად, ქართული საზოგადოება ამ ქალბატონის დანიშვნას „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“ შეფად. ტემპერამენტული ხალხი ვართ და სტრიპტიზკლუბში მინისტრი ქალის ხილვა გულს გვიჩქარებს და წნევას გვიწევს? არსებობს, ალბათ, რესტორნებში მოქეიფე ქართველი მინისტრი-მამაკაცების სურათები – შალახოს რომ ცეკვავენ, ანდა, მუსიკოსებს რომ უკვეთავენ „მიშა მაგარიას!“ მაგრამ ეს სურათები ეფექტს არ მოახდენდა. ვერა ქობალიამ თავი მოუყარა ქართულ კულტურაში დამკვიდრებულ თითქმის ყველა სტერეოტიპს – სოციალურს, კულტურულს, ფსიქოლოგიურს... „მინისტრად ქცეული პურის მცხობელი“, „უდიპლომო“, „გადამთიელი“... უამრავი თემაა ქილიკისათვის! მით უმეტეს, რომ ქალბატონმა ვერამაც მშვენივრად მოირგო მინისტრის როლი და პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად მას არასდროს უმუშავია კანადურ ტელევიზიაში, შეაფასა როგორც ქვეყნის მტრის ქმედება (მხოლოდ და მხოლოდ).

„გააყალბა! გააყალბა!“ – აბობოქრდნენ ქართველი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მომღერლები, ბოზები. უბრალო ქართველი ობივატელი. დიახ, დიახ, მათ შორის ის კაციც, მომავალი შვილის სქესს რომ ადგენს და გოგონა-ნაყოფს კლავს, ალბათ, გულში ფიქრობდა კიდეც: „ამის დედა ვატირე, დიპლომიც მაქვს, მუშაობის გამოცდილებაც, მითაღლითია კიდეც. ეს გადამთილი გოგო უნდა იყოს მინისტრი და მე ვალებში ვიხრჩობოდე?“

თითქოს ვერა ქობალიას მინისტრად დანიშვნა იმისთვის მოხდა, რომ ქართული საზოგადოების ყურადღება რეალური პრობლემებიდან ჰოლივუდის სიუჟეტზე გადატანილიყო (და განა ჰოლივუდის სიუჟეტები ყალბი არის?)... ამასობაში იუნესკომ გამოხატა შეშფოთება ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის გამო, გაგრძელდა სკანდალი განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების ქცევის ირგვლივ, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელმაც, შესაძლოა, „კავკასიური სახლი“ ნაირა გელაშვილის გუნდს ჩამოართვან.

მაგრამ ვერა ქობალიას თემა ყველაზე რეიტინგული აღმოჩნდა. მან თვით საქართველოს პრეზიდენტის სკანდალური განცხადებაც კი გადაფარა „ზანგებსა და ველურებზე“. სიყალბის და თაღლითობის წინააღმდეგ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის ეს ამხედრება იმდენად გადაჭარბებული, გადამლაშებული (თუ დატკბილული) აღმოჩნდა, რომ პირადად მე (და, ალბათ, სხვებსაც) გული ამიჩუყდა ქალბატონ ვერაზე (მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ გამიგია, რა უნდა ამ ქალბატონს „წვენებში“)... გული ამიჩუყდა და ერთი კითხვა დამებადა – ნუთუ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არ იცოდა, რომ ეს დანიშვნა ასეთ რეაქციას გამოიწვევდა ქართულ საზოგადოებაში?! სწორედ იმ საზოგადოებაში, რომლის ერთ წევრს არცთუ ისე დიდი ხნის წინ უთქვამს, ორი შვილი და ერთი გოგო მყავსო...

რა იყო ეს? საზოგადოების პროვოცირება? მისგან ფარული აგრესიის ამოფრქვევის ვნება თუ „ძალაუფლების ექსპერიმენტი“? ძალაუფლებისა, რომელსაც, დიახ, ბატონო, მამაკაცების მიერ შექმნილი კულტურა ქმნის და ბევრად უფრო ძლიერი და შეურყეველია, ვიდრე ზომიერება, გამოხატული ქართულ არქიტექტურულ ძეგლებში.

იმ ძეგლებში, რომლებიც, როგორც ამ კვირაში გაირკვა, შეიძლება განადგურდეს კიდეც; ზომიერი შეცვალოს ბევრმა ოქრომ და გრანდიოზულმა პროპორციებმა და, რადგანაც გაბრაზება არ გამდის, ისევ პირდაპირ ვიტყვი – ოქროს ფალოსებმა, რომელთა დანახვაზე ზოგიერთი გულუბრყვილო ქართველი პირჯვარსაც კი იწერს.

„ორი შვილი და ერთი გოგო!“
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG