Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 25 ივლისი. See content from before

შაბათი, 24 ივლისი 2010

არ მახსენდება უკანასკნელი პერიოდის ჰოლივუდური წარმოების ფილმი, რომლისთვისაც ისეთივე დაძაბული ინტერესით მეყურებინოს, როგორითაც გუშინ საღამოს ქრისტოფერ ნოლანის ფანტასტიკური ჟანრის თრილერს, სახელად „დასაწყისს“, ვუყურე. პირველი, რაც გამახსენდა, იყო სკორსეზეს „შეშლილთა კუნძული“, რომელიც ასევე წელს გამოვიდა, სადაც ასევე ლეონარდო დი კაპრიო თამაშობს და - ასევე იმ ადამიანის როლს, რომელსაც რეალობა და ფანტაზია ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან. ამ ორი ფილმის შედარებისას, მაესტროს ნაწარმოები ნამდვილად იჩრდილება ახალი თაობის რეჟისორის ნამუშევრის მიერ, რეჟისორისა, რომელმაც უკვე მოასწრო ისეთი - ზოგი საკულტო, ზოგიც მასობრივი - ფილმების გადაღება, როგორებიცაა „მემენტო“, „ბეტმენი იწყება“ და „ბნელი რაინდი“.

„დასაწყისი“ ვირტუოზულად ამუშავებს თემას, რომელიც უკანასკნელი წლების ჰოლივუდის პროდუქციაში არაერთხელ შეგვხვედრია: „მატრიქსი“, „ბნელი ქალაქი“, „ვანილისფერი ცა“, „მეცამეტე სართული“ და ა. შ (სხვათა შორის, ეს ბოლო ორი ფილმი ევროპული წინამორბედების რიმეიკია, მათ შორის ფასბინდერის სატელევიზიო სურათისა „სამყარო მავთულზე“). თემა სიზმრებისა და რეალობის გარჩევას ეხება. ოღონდ არა ასე ზოგადად - კალდერონის აფორიზმს „ცხოვრება სიზმარია“ უკვე საგრძნობლად დავცილდით. აქამდე მწერლები და რეჟისორები სხვადასხვაგვარად აღწერდნენ იმას, რომ სამყარო სიზმარია. ახალი ფილმები გვეუბნება, რომ სიზმრები უნდა შეიცვალოს. ამისთვის კი საჭიროა სიზმრის კონტროლი.

რატომ გახდა სიზმრების კონტროლი ასე აქტუალური უკანასკნელ პერიოდში? ნოლანის ფილმში ამაზე პასუხებს ტყუილად დავუწყებთ ძებნას, ის ძალიან ხარისხიანად გაკეთებული, მაგრამ მაინც ჰოლივუდის პროდუქტია, რომლის მთავარი მიზანი ბევრი ფულის შოვნაა. ამიტომ ეს ფილმი პრობლემის სიმპტომი უფროა, ვიდრე კითხვაზე პასუხი. სიმპტომი კი ეს ფილმი იმ ტენდენციისაა, რომელიც გულისხმობს მეცნიერული ტექნოლოგიის გადატანას გარე სივრციდან ადამიანის შინაგან სივრცეში. როგორც სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანები აღწერდნენ კოსმოსში გაფრენას, რომელიც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც, ასე წინასწარჭვრეტენ დღეს ახალი ფილმები ადამიანის ქვეცნობიერის - მეცნიერებაზე დაფუძნებული მანიპულაციის - ხერხებს.

თანამედროვე ტექნოლოგიები ყველაფრის გასაგნებას, ყველაფრის ობიექტივაციას ახდენს. ბოლო სიმაგრე ადამიანის შინაგანი სამყაროა, რომელშიც აქამდე მხოლოდ ლიტერატურა და ფსიქოანალიზი აღწევდნენ. და, აი, ჰოლივუდის ფილმები, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა ასეულობით მილიონი ადამიანის ფანტაზიები, გვთავაზობენ უახლოეს მომავალს, სადაც ამ სიმაგრეს მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიდგომა დაიპყრობს.

საიდუმლო აღარ რჩება. ქრება შინაგანობის, ინტერიორულობის გაგება. შინაგანი სამყარო კიდევ ერთ გამჭვირვალე მანიპულირებად ობიექტად იქცევა.

და აქ შეფასებისა და პროგნოზის ორი შესაძლებლობა ჩნდება.

პირველს, ძალიან პირობითად, ჰუმანისტური შეიძლება დავარქვათ. ეს პოზიცია გვეუბნება, რომ სრული გასაგნება და შინაგანობის სრული გაქრობა ვერ მოხდება. საფუძველი? თანამედროვე ლიტერატურა და ფილოსოფია.

ლიტერატურაში იმდენად ის ნაწარმოებები კი არ იგულისხმება, სადაც ცხადისა და სიზმრის გარჩევის შესაძლებლობა და საჭიროება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ (ყველაზე დახვეწილი მაგალითები: ბორხესის „ნანგრევთა წრეში“ და ნაბოკოვის „Terra incognita“), არამედ ტენდენცია, რომელსაც ლიტერატურის თვით-ალეგორიზაცია შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს ტენდენცია ბევრ მნიშვნელოვან თანამედროვე ავტორთან არის გამოკვეთილი, მაგრამ მე ახლა მხოლოდ ერთს ვახსენებ: ჯერ ერთი იმიტომ, რომ პოლ ოსტერთან ლიტერატურის თვით-ალეგორიზაცია განმსაზღვრლია; მეორე იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ ქართულად ითარგმნა მისი მთავარი ნაწარმოები, „ნიუ-იორკის ტრილოგია“. ოსტერი მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ რას ნიშნავს წერა, რას ნიშნავს ლიტერატურის შექმნა. ამიტომ თითქმის ყველა მისი რომანი, გარდა საკუთარი სიუჟეტისა, მოგვითხრობს ასევე იმაზე, თუ როგორ იქმნება რომანი საერთოდ (ამიტომაც ვახსენე „თვით-ალეგორიზაცია“). ცხადია, რომ ამისთვის ოსტერს სჭირდება ჩვენი შეყვანა მწერლის შინაგან სამყაროში, სადაც შემოქმედების პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ რასაც ჩვენ იქ ვხედავთ, არის ფანტაზმების, სიზმრებისა თუ შემოქმედების კონტროლის შეუძლებლობა. მწერლის ყოველი აქტი - თუნდაც ფურცელზე, თუნდაც საკუთარი ცნობიერების „შიგნით“ - იწვევს დაუგეგმავ შედეგებს, რომელთა კონტროლი მას უკვე აღარ შეუძლია და რომლებსაც ის ხშირად დაღუპვამდეც კი მიჰყავთ. თანამედროვე ლიტერატურა სუბიექტის მიერ საკუთარი თავის კონტროლს არა მხოლოდ თემატურად აყენებს ეჭვქვეშ - ანუ, იმის ჩვენებით, რომ ადამიანს ეს არ ძალუძს, არამედ პერფორმაციულადაც - ანუ იმის დემონსტრირებით, რომ თავად მწერალსაც არ გამოსდის თავის მიერ შექმნილი სამყაროს კონტროლი. სამყარო კი აქ უდრის ლიტერატურას, რომელიც, თავის მხრივ, უდრის ზეზეურ სიზმარს (რასაკვირველია, აქ ფსიქოანალიზსაც უნდა შევხებოდი, მის მიერ არაცნობიერი სამყაროს გახსნისა და კონტროლის მცდელობებს, მაგრამ ეს იმდენად რთული და არაერთგვაროვანი თემაა, რომ სხვა დროისთვის უნდა გადავდო).

ფილოსოფიაში კი იგულისხმება ბოლო ორასი წლის განმავლობაში დომინანტურად ქცეული თემები სუბიექტ-ობიექტის მიმართებისა და თვითცნობიერებისა. ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავი ობიექტად აქციოს, იმიტომ რომ მასში მუდმივად რჩება სპონტანობა, რომელიც ამ ობიექტად-ქცევის პროცესს ახორციელებს. და რახან ახორციელებს, შეუძლია, ასევე, შეწყვიტოს კიდეც.

მაშ ასე - თანამედროვე ლიტერატურასა და ფილოსოფიაზე დაყრდნობით, პირველი პოზიცია გვეუბნება, რომ ადამიანის შინაგანი სამყაროს გასაგნება და გაქრობა არასოდეს მოხდება. ამას წინ ეღობება ფუნდამენტური დაბრკოლება - თავად ადამიანი და მისი სპონტანური თავისუფლება. ამიტომაც ვუწოდე ამ პოზიციას „ჰუმანისტური“.

მეორე პოზიციას, ასევე პირობითად, ტექნოლოგიურ-დიონისური შეიძლება შევარქვათ. ის, პირველ რიგში, ისტორიას გვახსენებს - ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს შინაგანი სამყარო სულ არსებობდა? თუ ასეა, მაშინ ძალიან შემცდარა. ძველ ბერძნებს შინაგანი სამყარო საერთოდ არ ჰქონიათ, მათთვის ემოციები გარედან მოდიოდა, „ღმერთებისგან“. ინტერიორიზაციის, გაშინაგანების პროცესი ისტორიულია, ის დაახლოებით ქრისტიანობის გაბატონებასთან ერთად იწყება (ავგუსტინე: „ადამიანის შიგნით არის ჭეშმარიტება“) და სადღაც მე-19 საუკუნის დასაწყისის რომანტიზმში აღწევს პიკს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ისიც გაქრება - ისევე, როგორც გაქრება ევროპული რომანი და კიდევ ბევრი რამ. არაა საჭირო ამაზე ტირილი - ჩვენ ვიცვლებით და ეს ასეც უნდა იყოს. როგორ შეიძლება, MTV-ის მაყურებელსა და Facebook-ის მომხმარებელს იგივე ცნობიერება ჰქონდეს, როგორიც წინანდლის სასახლის მფლობელს? ეს ახალი ცნობიერება კერძოსა და საჯაროს შორის განსხვავებასაც სხვაგვარად გაატარებს, საკუთარ თავისუფლებასაც სხვაგვარად განსაზღვრავს და სიზმრებისა და შინაგანი სამყაროს კონტროლიც მისთვის სრულიად სხვა შესაძლებლობებს გახსნის. ძირს ძველი ჰუმანიზმი! გაუმარჯოს ახალს, რადგან სიცოცხლე სიახლეშია!

რომელი პოზიციაა „სწორი“? რომელი გაიმარჯვებს? იქნებ ისინი ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს? იქნებ ისინი უბრალოდ სხვადასხვა განზომილებებზე საუბრობენ? პირველი - უფრო „ფუნდამენტურ-ფილოსოფიურზე“, მეორე - უფრო „ისტორიულ-სოციოლოგიურზე“? ან იქნებ ამ განსხვავებას აზრი აღარ აქვს, როდესაც ყველაფერი იცვლება, მათ შორის ადამიანის შესახებ ყველაზე ფუნდამენტური წარმოდგენები?

რჩება თუ არა ადამიანი იგივე ცხოვრების ახალ ფორმებში? თუ ანთროპოლოგიური მუტაციის მოწმენი ვხდებით?
სამხედრო რეზერვის კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ იმდენი ვწერე, რომ შეიძლება ვინმემ ან სამხედრო სამსახურის ამ ფორმის აპოლოგეტად მიმიჩნიოს, ანდა მის დაუძინებელ მოწინააღმდეგედ.

სინამდვილეში - არც ერთი და არც მეორე. ჩემი მიდგომა მარტივია და პრაგმატული: რაკი ქვეყანას ჰყავს პატარა პროფესიული არმია, მას ასევე სჭირდება პატარა და მობილური სამხედრო რეზერვი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში არმიას ჩაანაცვლებს. ძალიან მარტივად ამას ჰქვია აქტიური რეზერვი. თუმცა საქართველოში მოქმედი არსებული კანონი ასევე ითვალისწინებს ნებაყოფლობით სარეზერვო შეკრებას სტუდენტებისათვის და საყოველთაოს - გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური და ირიცხებიან თადარიგში.

თუმცა საქართველომ თავდაპირველად კურსი საყოველთაო რეზერვის მომზადებაზე აიღო და, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, 2005 წლიდან 18-დღიან სამხედრო შეკრებებზე დაიწყეს ლამის ყველა კატეგორიის მოქალაქეების გაწვევა: პარლამენტარების, საკრებულოს წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლების, სახანძრო რაზმელების, საგადასახადო ორგანოების თანამშრომლების, სტუდენტებისა და, ბოლოს, ბაზრობაზე მოვაჭრეების. ამას, ცხადია, ახლდა დიდი ჟრიამული და პიარი. მაგრამ უხარისხოდ, უსისტემოდ, კონვეიერული წესით მომზადებულ სამხედრო რეზერვისტთა ბატალიონებმა 2008 წლის აგვისტოს ომში საბრძოლო ამოცანა ვერ შეასრულეს. არსებობდა თუ არა იმ ომში რაიმე სამხედრო ამოცანა ან ორგანიზება, ეს კიდევ ცალკე საკითხავია, მაგრამ ჩაითვალა, რომ რეზერვის არსებულმა ფორმამ ვერ გაამართლა. და ამას ამბობდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა.

ამის შემდეგ ხდება ასეთი რამ: ორი წელია, სამხედრო სარეზერვო შეკრება შეჩერებულია და მიმდინარეობს, როგორც ამბობენ, აქტიური მუშაობა სამხედრო რეზერვის ახალი, ოპტიმალური სისტემის შესაქმნელად, რასაც სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.

იყო შეხვედრები, კონსულტაციები შინაურ თუ უცხოელ ექსპერტებთან, სემინარები, პრეზენტაციები... დეპუტატთა ჯგუფი ამერიკაშიც გაუშვეს იქაური გამოცდილების გასაცნობად, მაგრამ, როგორც ირკვევა, არჩევანი მაინც სავალდებულო სამხედრო რეზერვზე შეჩერდა. „ქუდზე კაცი და, თუ საჭიროა, ქუდზე ქალი“- იმპერატიული ტონით განაცხადა გასული წლის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა და დისკუსიას წერტილი დაუსვა.

ქალების არა, მაგრამ კაცების ქუდზე საყოველთაო გამოძახება გადაწვეტილი ამბავია. 27-დან 40 წლამდე ასაკის ყველა ჯანმრთელი მამაკაცი საქართველოში უნდა ელოდოს 45 დღით გაწვევას რეზერვისტთა სამხედრო ბანაკებში. ასე გადაწყვიტეს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორმა თავდაცვის სამინისტრომ და დეპუტატთა ჯგუფმა უმრავლესობიდან - ლაშა თორდიამ, ზვიად კუკავამ და სამსონ ქუთათელაძემ.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტი ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის და, კაცმა რომ თქვას, არც საზოგადოება აქტიურობს, რომ ანგარიშვალდებული გახადოს საკანონმდებლო ორგანო. ამიტომ ნება მიბოძეთ, ცოტა ავაფორიაქო მიძინებული საზოგადოებრივი აზრი ასეთი შეკითხვებით:

- სავალდებულო სამხედრო რეზერვის ამოქმედების შემთხვევაში გათვალისწინებულია თუ არა ადამიანის უფლებები? კერძოდ, ექნებათ თუ არა პაციფისტურად განწყობილ ადამიანებს შესაძლებლობა, აირჩიონ ალტერნატიული სარეზერვო სამსახური იარაღის გარეშე?

- შედის თუ არა სამხედრო რეზერვის შესახებ არსებულ კანონში კიდევ ერთი შესწორება, რომელიც სავალდებულო რეზერვის სამსახურში გაწვევას დაავალდებულებს სასწავლო ან სამუშაო მივლინებით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს?

- რა კატეგორიის მოქალაქეები ისარგებლებენ გადავადების შეღავათებით იმათ გარდა, ვისაც სამედიცინო კომისია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაიწუნებს?

- ანდა სულ მარტივი: ვთქვათ და, გამოიძახეს სარეზერვო 45-დღიან შეკრებაზე რომელიმე სავაჭრო პუნქტში, ბაზრობაზე, სადისტრიბუციო კომპანიაში ან სეზონურ სამუშაოზე თვითდასაქმებული ადამიანი, რომელიც გამომუშავებაზეა. აუნაზღაურებს თუ არა მას სახელმწიფო რაიმე თანხას, რომ ოჯახი შიმშილით არ ამოუწყდეს?

- რა თანხებით აპირებს ქვეყანა, მოახდინოს სავალდებულო რეზერვის ორგანიზება და, საერთოდ, რამდენი პოტენციური რეზერვისტია აყვანილი აღრიცხვაზე სამობილიზაციო სამსახურებში?

- დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოში 27-დან 40 წლამდე მამრობითი სქესის და ფიზიკურად ვარგისი 200-დან 450 ათასამდე მოქალაქე უნდა ცხოვრობდეს. და თუ ასეა, არსებობს თუ არა საქართველოში შესაბამისი რაოდენობის ტყვია-წამალი, ავტომატი, უნიფორმა და ინსტრუქტორი?

- დაბოლოს, სადაც სავალდებულობაა, იქ იძულებაცაა. იძულებამ ერთხელ უკვე გახრწნა და დაუკარგა ფასი სავალდებულო სამხედრო სამსახურს საქართველოში. ბევრს ემახსოვრება მეტროებსა და ქუჩებში პოლიციელების რეიდები ურჩი წვევამდელების დასაჭერად, დეზერტირებით გავსებული საპყრობილეები და მშობლების განწირული შეძახილი: "დაიმალე, შვილო, კომისარი მოდის!"

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG