Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 15 აგვისტო. See content from before

ხუთშაბათი, 5 აგვისტო 2010

რამდენიმე კვირის წინ, მცირედი პაუზით, ფეისბუკზე ორი ერთმანეთის მსგავსი კატეგორიული რჩევა მივიღე: ჯერ პაატა საბელაშვილი ითხოვდა თავისი მეგობრებისგან, რომ „ფრენდების“ სიიდან ლადო სადღობელაშვილი ამოეშალათ; ოდნავ მოგვიანებით კი თავად ლადო სადღობელაშვილმა მოგვმართა ამავე მოთხოვნით მის ფეისბუკელ მეგობრებს. ორივე გვემუქრებოდა, რომ ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებდა, მასთან მეგობრობის შანსს სამუდამოდ დაკარგავდა.

თუ ამ ორ ადამიანს არ იცნობთ, გეტყვით, რომ პაატა საბელაშვილი უკიდურესი ლიბერალია, ხოლო ლადო სადღობელაშვილი – უკიდურესი კონსერვატორი. ერთმანეთის არ ესმითო, რომ ვთქვა, რბილად ნათქვამი გამომივა. იმდენად ვერ ეგუებიან ერთმანეთს, რომ თუ ერთს დაელაპარაკები, მეორე აღარ დაგელაპარაკება. ამით კი პაატა და ლადო გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.

ჩემი აზრით, ეს ორი ადამიანი მთლიანობაში ზუსტად ასახავს ბოლო წლების თბილისური ცხოვრების მთავარ ტენდენციებს. საზოგადოების ერთი ნაწილი უკიდურესად კონსერვატიულია, ყოველგვარი სიახლისთვის და არჩევანისთვის ჩაკეტილი, სწორხაზოვანი და თვითიზოლაციაში მოქცეული. მეორე ნაწილი კი უკიდურესად ლიბერალურია, იმდენად უკიდურესად, რომ მის წიაღშიც მრავალფეროვნებისთვის და არჩევანისთვის (მაგალითად, ლადოსთან ფეისბუკური მეგობრობისთვის) ადგილი აღარ რჩება.

თუ მაინცადამაინც არჩევანი გვინდა, შეგვიძლია, ამ ორს შორის ავირჩიოთ – ერთი მხრივ, მზარდ ანტილიბერალურ, ნაციონალისტურ–მართლმადიდებლურ აგრესიას ჩვენი ხმა შევუერთოთ; მეორე მხრივ, საზოგადოების შუბოსნურ–ლიბერალური მოდერნიზაციის აკვიატებული იდეის დანერგვაში ჩავერთოთ. დავაკვირდეთ, რამდენი ადამიანი შეეფარა რადიკალ–კონსერვატორებსაც და შუბოსან ლიბერალებსაც; რამდენმა იგრძნო თავი კომფორტულად გარემოში, რომელშიც ასარჩევი აღარაფერია – ყველაფერი უკვე არჩეული და გადაწყვეტილია. თუ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს ჭეშმარიტების უშრეტ წყაროზე მიუწვდება ხელი, სამაგიეროდ, მეორე მხარეს, პატრიოტულ ბანაკებში, ლიდერია ყოველთვის მართალი.

ორივე მხარეს აქვს მარტივი პაროლი, რომელიც გზამკვლევია „თავისიანებსა“ და „უცხოებს“ შორის – როგორც, მაგალითად, მისალმების წესი იყო ფაშისტურ გერმანიაში. რადიკალი კონსერვატორებისთვის „ჩემიანობა“ ამერიკის ლანძღვით იწყება; შუბოსანი ლიბერალების „სავიზიტო ბარათი“ კი რუსეთის გინებაა. შუალედურ სივრცეს არც ერთი მხარე აღიარებს და არც მეორე. ვთქვათ, თუ ვამბობ, რომ დასავლური მედიასტანდარტის დანერგვას სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის, აუცილებლად ლევან რამიშვილის ფარული ხელმძღვანელობით ვმოქმედებ; ხოლო თუ ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთს ომს ვერ მოუგებს და არც უნდა ცადოს, ცხადია, ჩამორჩენილი და სადღობელაშვილის მეგობარი ვარ.

ორივე მხარე ფაქიზად რეაგირებს ცნებაზე „ქართული“, თუკი ეს ცნება თვითმყოფადობას, ისტორიას, ტრადიციებს, კულტურას უკავშირდება. კონსერვატორებს საკუთარი ქართველობა ფუყე, უშინაარსო სიამაყით ავსებს; ლიბერალები კი ახალ იდენტობას ეძებენ და „ჩვეულებრივი“ ქართველობის მიმართ ცინიზმს და ქედმაღლობას არ მალავენ.

ორივე მხარე მწვავედ რეაგირებს ეკლესიურ თემებზე. კონსერვატორები მუდამდღე გაღეღილი მკერდით ეფარებიან დედა ეკლესიას; ლიბერალებს კი ის დღე დღედ არ მიაჩნიათ, პატრიარქს და სამღვდელოებას თუ არ შეუტიეს.

ამ ორ მხარეს შორის ფიზიკური შეხლა–შემოხლაც უკვე მოხდა. ეს, ერთი შეხედვით, უცნაურია, რადგან რადიკალ კონსერვატორებს, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, კი სჩვევიათ შოკისმომგვრელი სიახლით სწრაფი აღშფოთება; მაგრამ ლიბერალი, წესით და რიგით, ვერ მისცემს თავს უფლებას, თუნდაც ყველაზე ოდიოზური გავლენის წიაღში მოხვედრილ ადამიანებს ცხვირ–პირი უმტვრიოს. ოღონდ, ლიბერალიც არის და ლიბერალიც – შუბოსანი ლიბერალი სულ სხვაა!

ამ ვითარებაში ყველაზე გულსაკლავად ის მიმაჩნია, რომ შუბოსნები ხელისუფლების იდეოლოგიურ საყრდენს ქმნიან; რადიკალი კონსერვატორები კი ოპოზიციის ბანაკს უდგამენ სულს და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აპირებენ საკუთარი იდეალების ხორცშესხმას.

* * *

ორიოდე დღის წინ ჩემმა მეგობარმა ვასიკო მაღლაფერიძემ გამახსენა „ვეფხისტყაოსანში“ ნაწინასწარმეტყველები ომი დევებსა და ქაჯებს შორის. დევები ძლიერები, მაგრამ ტლანქები არიან; ქაჯები კი – მოქნილები და მრავლის მცოდნენი. კლასიკა უკვდავია: დღევანდელი საქართველო ისევ დევებისა და ქაჯების ომისთვის ემზადება. ქაჯები თუ წააგებენ, დევები მოიგებენ; თუ არადა, დევები წააგებენ და ქაჯებს დარჩებათ ქვეყანა.

* * *

ამასობაში, სად ვართ ჩვენ, ვისთვისაც დევები და ქაჯები ერთნაირად მიუღებელია? ვინც ზუსტად ვიცით, რომ სადაც დევები და ქაჯები ებრძვიან ერთმანეთს, იქ ვერც დემოკრატია დამკვიდრდება და ვერც სამოქალაქო საზოგადოება განვითარდება? ვისაც მხოლოდ ის მიზანი გვაქვს, რომ დევებსა და ქაჯებს შორის ომი საერთოდ არ შედგეს და მათ შორის მოგებულს კი არ დარჩეს ჩვენი სამშობლო, არამედ – ჩვენ დაგვრჩეს, ადამიანებს?

სინამდვილეში, კი ვართ სადღაც აქვე, განსმდგომ შუაკაცებად, მაგრამ, ჯერჯერობით, არ ვიცით, ადამიანმა დევს და ქაჯს როგორ უნდა აჯობოს. არადა, ღვთის ხატად შექმნილმა ადამიანმა ეს უკვე ბევრჯერ შეძლო – მითოსშიც, ზღაპარშიც, ეპოსშიც... შესაძლებელია, ეს რეალობაშიც მოხდეს.

ოღონდ, რეალობაში ქაჯებს და დევებს გამარჯვების მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ადამიანებს.
თითქმის ერთი კვირაა ვუზივარ კომპიუტერს და ვცდილობ, რაღაც დავწერო რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავზე.
ვათვალიერებ პირად არქივს, ვუსმენ აუდიოჩანაწერებს, გაკეთებულს გორში, კარალეთში, ერგნეთში, სამთავრობო პრესცენტრში, ქუჩებში, სამხედრო ჰოსპიტალში, დაბომბილ სახლებთან, ქართველი ჯარისკაცების პოზიციებზე და შემდეგ უკვე რუსეთის საოკუპაციო ჯარების კოლონებთან, რომლებიც მოიწევდნენ და მოიწევდნენ საქართველოს შუაგულისკენ. საკმარისია დაალაგო ეს ხმები გარკვეული თანმიმდევრობით, დაუმატო მცირედი კონტექსტი, სტატისტიკა და რადიორეპორტაჟიც მზად არის.

მაგრამ არსებობს ერთი ხმა, რომლის ადგილის განსაზღვრა რეპორტაჟში ძალიან მიჭირს და მთელ სიუჟეტურ ხაზს მინგრევს. ეს ხმა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და ჩაწერილია 2008 წლის 8 აგვისტოს დილით. საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი მიმართავს ხალხს და აცნობებს, რომ ქართულმა ჯარმა შეუპოვარი ბრძოლებით („ბრძოლა იყო თითოეული ხისა და თითოეული სახლისათვის“) დაიკავა ქალაქი ცხინვალი და რომ ცხინვალს მთლიანად აკონტროლებენ ქართული შენაერთები.

მახსოვს ამ განცხადებით გამოწვეული სიხარული გორის ქუჩებში, ეზოებსა და პრესცენტრში შეგროვილ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ერთმანეთს გაკვირვებულები ულოცავდნენ, რომ ყველაფერი ასე მალე დამთავრდა. თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალი გაივსო ცხინვალიდან ევაკუირებული დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებითა და დაღუპულთა გვამებით.

8 აგვისტო იყო მთელი ხუთდღიანი ომის კულმინაციაც, კვანძის გახსნაც და ტრაგიკული ფინალიც.

ამ განცხადების გამო საქართველოში დავა დღემდე არ წყდება: ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას სამხედრო მოქმედების ადგილიდან, რადგან ქართული ჯარი შევიდა მხოლოდ ცხინვალის შესასვლელში, ე.წ. „დუბოვაია როშჩაში“, და 2008 წლის 8 აგვისტოს, შუადღისას, დიდი დანაკარგებით მალევე დაიხია უკან რუსეთის საავიაციო იერიშების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამ ყველაფერს დუმილით უვლიან გვერდს. დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი შეკითხვა, თუ რატომ ვერ შეასრულეს საბრძოლო დავალება ე.წ. ჯავის მიმართულებაზე მოქმედმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ფაქტების დამდგენმა საპარლამენტო დროებითმა კომისიამაც არსებითი ვერაფერი დაადგინა ჯავისა და კოდორის საბრძოლო ოპერაციების შესახებ.

ერთმა ახლად დამეგობრებულმა ფეისბუკელმა სტუდენტმა, რომელიც საკურსოს წერს 2008 წლის აგვისტოს ომზე, ამას წინათ მკითხა: რა იქნებოდა, ჯავის მიმართულებაზე მოქმედ დაჯგუფებას რომ შეესრულებინა დასახული საბრძოლო ამოცანა და გაენადგურებინა მოწინააღმდეგის გამაგრებული რაიონი და შემდეგ როკის გვირაბიც აეფეთქებინაო? არ ვიცი, რა იქნებოდა, შესაძლოა უფრო უარესიც ყოფილიყო-მეთქი, ვუპასუხე და იქვე განვუმარტე, რასაც ვგულისხმობდი: შეიტყუებდნენ უფრო მეტ ქართულ სამხედრო ძალას და სამოქალაქო ხელისუფლებასაც ხაფანგში და მერე ამოხოცავდნენ ავიაციით, „ისკანდერებით“ და „ტოჩკა უ“- ებით-მეთქი. „ეგ, ალბათ, ასეა, მაგრამ მაშინ ნამდვილი ომისა და ბრძოლების ისტორია მაინც დაგვრჩებოდაო საამაყოდ“, - მიპასუხა მან.

ვწერ ახლა ამას და, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავზე ვბრაზდები: ვინ ვართ, რომ ასე იოლად ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში საბრძოლო ამოცანის დავალება მიანდო ქვეყანამ? ბოლოს და ბოლოს, პატარა ქვეყნის არმია ებრძოდა უზარმაზარი იმპერიის ჯარს, რომლისთვისაც საქართველოს ტერიტორია მხოლოდ საბრძოლო მოქმედების მოედანია, რომელიც შეგიძლია „გადატკეპნო“ ყველაფრით, რაც ხელში მოგხვდება, შეაწყვიტო ათასობით შენი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა, ოღონდ მოიპოვო „პიროსის გამარჯვება“. ანდა ვინ იცის, რა ამოძრავებდა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს ყველაზე საბედისწერო მომენტში, ისტორიის ტაბლოზე 08.08.08-თი რომ აღიბეჭდა? იქნებ იმით, ცხინვალის გათავისუფლებაზე რომ ლაპარაკობდა, მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა მოწინააღმდეგის ყურადღების გადატანას ჯავიდან, სადაც წუთები წყვეტდა ოპერაციისა და ასობით ქართველი ჯარისკაცის ბედს?

ყველაფერი ამაოა: გამარჯვებას ბევრი მშობელი ჰყავს, დამარცხება კი ობოლიაო. თანაც ისტორიას არ უყვარს კავშირებითი კილო: რა იქნებოდა, ჯავა რომ აეღო საქართველოს ჯარს, რა იქნებოდა, რომ როკის გვირაბი აფეთქებულიყო? რა იქნებოდა, რომ რუსეთი არ ჩარეულიყო? რა იქნებოდა, რომ რუსეთის ყველა საფრენი აპარატი ჰაერში განადგურებულიყო? რა იქნებოდა, შეერთებულ შტატებსა და ნატოს ჯარები რომ გამოეგზავნათ და რუსეთის სამხედრო ძალები კავკასიონის იქით გადაეყარათ? - ეს შეკითხვები უკვე წარსულის კიდობანში აწყვია და იქიდან მათი ამოღება სამგლოვიარო რიტუალისათვის თუ გამოდგება.

უფრო მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება ხვალ და შეძლებს თუ არა საქართველო, ეროვნული ენერგიის კონსოლიდაციითა და გონიერებით, თავიდან აიცილოს საფრთხეები და უკან დაახევინოს მოწინააღმდეგეს მის მიერვე აშენებული „ბერლინის კედლისა“ და უკანონოდ გავლებული გამყოფი ხაზების იქით.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG