19 ივლისს საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველად მოახერხა საქართველოში მოეწვია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერები, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტები მაია სანდუ და ვოლოდიმირ ზელენსკი.
საქართველოში მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტების ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა „უკრაინიდან შემოპარვის საქმის“ პატიმრები: ორი უკრაინელი მეზღვაური და ერთი საქართველოს მოქალაქე - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც 14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთის ბრალდების საფუძველზე 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მიდის თუ არა კვალი სააკაშვილამდე
თუმცა მთელი პროცესის განმავლობაში საქართველოს პროკურატურის ამ „დამტკიცებულ“ ვერსიაში საფუძვლიანი ეჭვი შეჰქონდათ არა მხოლოდ მსჯავრდებულთა ადვოკატებს, არამედ კითხვები უჩნდებოდათ საქმეში ჩახედულ უკრაინელ ექსპერტებსაც.
„რაც შეეხება საქართველოში უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებას, ამ შემთხვევის შესახებ უკრაინაში ცოტა იყო ინფორმაცია და ძირითადად ქვეყნდებოდა ოფიციალური ვერსია, რომლის თანახმად, საქართველომ დააკავა მეზღვაურები, რომლებიც თავიანთი იახტით საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით მიცურავდნენ. აშკარაა, რომ, საზღვაო კანონების თანახმად, მათ არაფერი დაურღვევიათ. მიზეზი სხვა რამ უნდა ყოფილიყო. შესაძლოა ამ მეზღვაურების დაკავება უკავშირდებოდა იახტაზე მიხეილ სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი წევრის ყოფნას“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი მიხაილო სამუსი.
უკრაინელ ექსპერტს მხედველობაში ჰყავს მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, საქართველოს მოქალაქე იური ბატურინი, და მასთან ერთად იახტაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმირ დიაჩენკო. ეს სამკაციანი ეკიპაჟი 2020 წლის 28 ნოემბერს ხომალდით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და მას შემდეგ, რაც საქართველოს სანაპირო დაცვის პოლიციის მოთხოვნაზე ხომალდის ეკიპაჟი არ გამოვიდა კავშირზე და ისევ თურქეთის ტერიტორიული წყლებისკენ გაემართა, იახტა და მისი ეკიპაჟი დააკავეს. ასეთი გახლდათ საქართველოს პროკურატურის ვერსია, რომელიც ბათუმის სასამართლომაც გაიზიარა.
რაც შეეხება იმას, ეძებდა თუ არა სასაზღვრო პოლიცია დაკავებულ უკრაინულ იახტაზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, და ჰქონდა თუ არა გამოძიებას ეს ეჭვი, - ამ კითხვებზე პასუხად, საქმის პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ ჟურნალისტებს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი ამ საქმესთან კავშირში პირველად გაიგონა, საგამოძიებო მასალებში კი იგი არ ფიგურირებსო.
მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ დაკავებული ორი უკრაინელი მეზღვაურისა და მისი დაცვის ყოფილი წევრის შეწყალებას 19 ივლისს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
„როგორც იცით, ეს კატარღა დააკავეს იმიტომ, რომ რატომღაც ეგონათ, რომ ამ კატარღაზე მე ვიყავი, და შემდეგ ვეღარ გადათქვეს, სულ ტყუილად ამყოფეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში.
მე მინდა, რომ ჩემგან დავუმატო ამ ყველაფერს ერთი რამ: ძალიან მალე შეხვედრამდე საქართველოში“, - წერს ფეისბუკში მიხეილ სააკაშვილი.
თავის პოსტში მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს „უზურპატორული ხელისუფლება“ იძულებული გახდა შეეწყალებინა და გაეთავისუფლებინა ორი უკრაინელი მეზღვაური და სახელმწიფო დაცვის ყოფილი ოფიცერი მიხეილ ბატურინი იმის გამო, „რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უნდა გამართულიყო გუშინ უკრაინა-საქართველოს შორის და, ასევე, ნათლად განუმარტეს კიევში, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მიერ მოწვეულ სამიტზე ბათუმში, რომელშიც მონაწილეობს ასევე შარლ მიშელი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ პოსტის შემოკლებული ვარიანტი რამდენიმე უკრაინულმა გამოცემამ, მათ შორის „ევროპეისკაია პრავდამაც“ გამოაქვეყნა, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინა-საქართველოს სამიტის გაუქმების თუ სავარაუდო დემარშის შესახებ ქართული მხარეც დუმს და უკრაინულიც.
რაკი 19 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით წერტილი დაესვა „შავ ლაქას“ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში, ზედმეტი წიაღსვლები, როგორც ჩანს, აღარ ჩაითვალა საჭიროდ ბათუმის მნიშვნელოვანი სამიტის მსვლელობის დროს.
„ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, საქართველოც და უკრაინაც სწორად მოიქცნენ იმ თვალსაზრისით, რომ მოაგვარეს ეს საკითხი და ამიერიდან ის აღარ შეუშლის ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი მიხაილო სამუსი.
ბათუმის სამიტიდან „ყირიმის პლატფორმამდე“
უკრაინული იახტის ეკიპაჟის პრობლემამდე უფრო ადრე, საქართველომ და უკრაინამ, დიდი ხმაურის შემდეგ, შეძლეს და მოაგვარეს ის გაუგონარი „გაუგებრობა“, რომელიც 2020 წლის მაისის დასაწყისში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას მოჰყვა.
საქართველოს ხელისუფლება უკმაყოფილო დარჩა კიევის ამ გადაწყვეტილებით და მალევე საქართველოში საკონსულტაციოდ გამოიძახეს უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე. ელჩთან ეს კონსულტაციები არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა რუსეთის სამხედრო ძალების მოულოდნელი კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში, რამაც აპრილის თვეში მთელი მსოფლიო უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის მორიგი აგრესიის სამზადისზე აალაპარაკა.
2021 წლის 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე, სქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის ბრძოლას და საქართველოს ელჩის დაბრუნებაც სწორედ იმ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან მოითხოვა.
საქართველოს ელჩი მალევე დაბრუნდა უკრაინაში, მაგრამ 23 ივნისს, კიევში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ დაიკარგა დრო უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში და დასძინა, ამიერიდან ორმა ქვეყანამ საერთო ამოცანებს უნდა მიხედოსო.
სწორედ კიევში ყოფნის დროს დაპატიჟა საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში, ბათუმის სამიტზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიპატიჟება მიიღო და პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს მოლდოველ კოლეგასა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად.
„თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების ის საწყისები, რასაც დღეს ეყრება (ბათუმში) საფუძველი პრეზიდენტების დონეზე, მომავალში "ყირიმის პლატფორმის" სამიტზე განვითარდება, რომელშიც, ვფიქრობ, მონაწილეობას მიიღებენ ქალბატონები ზურაბიშვილი და სანდუ. და, საერთოდ, ჩვენი ქვეყნების გარდაუვალი ამოცანაა, შეიმუშაონ უფრო ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკა - ერთობლივად იმოქმედონ რუსეთის წინააღმდეგ, იბრძოლონ თავიანთი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.
ერთიანი პლატფორმით მოქმედების იდეას ემხრობიან მოლდოვაში, მაგრამ კიშინიოვში უპირატესობას ანიჭებენ „კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე“ აქცენტის გაკეთებას. ანუ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამი დაწინაურებული ქვეყანა - მოლდოვა, უკრაინა და საქართველო - ევროკავშირთან უფრო მჭიდრო დაახლოებისათვის უფრო მეტ ძალისხმევას სამი პრაქტიკული ამოცანის შესრულებას უნდა ახმარდეს.
„ჩვენს ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები, უნდა დავამტკიცოთ დამოუკიდებელი სასამართლოები და უნდა შევქმნათ "მეგობრული ატმოსფერო" ბიზნესისთვის ინვესტიციის მოზიდვის მიზნით. როდესაც ეს ყველაფრი ამოქმედდება, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შეეძლებათ ძალიან მარტივად დაამტკიცონ, რომ აკმაყოფილებენ "კოპენჰაგენის კრიტერიუმებს", რათა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები“, - ამბობს მოლდოველი ანალიტიკოსი, ასოციაცია „ადეპტის“ გენერალური დირექტორი იგორ ბოტანი.
ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად კი, ბოტანის თქმით, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ჯერ ერთად დგომა უნდა ისწავლონ.
ბათუმის სამიტი, შეიძლება ითქვას, ამ „ერთად დგომის“ დემონსტრირების პირველი ნაბიჯია და კაცმა არ იცის, შედგებოდა თუ არ ის, რომ არა შარლ მიშელის მონაწილეობა და რომ არა ბათუმის სასამართლოს მიერ პატიმრობამისჯილი უკრაინელი მეზღვაურებისა და ეკიპაჟის ქართველი წევრის შეწყალება, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ უშუალოდ სამიტის დღეს მოხდა.