ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა, ბრალდებულებს უთხრა, რომ მათ არ ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლის უფლება:
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა იმ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება, რომ თუკი ნებართვა არ აქვს, ადამიანს არ შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. 12 საზღვაო მილი კი საქართველოს ტერიტორიაა, მისი საკუთრებაა და შესაბამისი ორგანოების ნებართვის გარეშე არავის არ შეუძლია შემოსვლა, მათ შორის თავისუფალი გავლაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი ორგანოების ნებართვით, თქვენ კი ასეთი ნებართვა არ გქონდათ“.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აღნიშნა, რომ ვერც გამოძიებამ დაადგინა და არც სასამართლოზე გახდა ცნობილი ბრალდებულთა მიზანი, თუ რატომ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გასული წლის ნოემბერში მცურავი ხომალდით.
გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე იური ბატურინი, უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო 2020 წლის 28 ნოემბერს ხომალდით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ისინი ბათუმის თვალთახედვის არეში გაჩერდნენ, რა დროსაც სანაპირო დაცვის პოლიციამ შენიშნა და მათი ვინაობა გადაამოწმა. ხომალდის ეკიპაჟი არ გამოვიდა კავშირზე და ისევ თურქეთის ტერიტორიული წყლებისკენ გაემართა, რა დროსაც ისინი დააკავეს.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განმარტა, რომ ტერიტორია, სადაც მეზღვაურები იმყოფებოდნენ, თავისუფალი გადაადგილების რეჟიმისთვის არ გამოიყენება:
„ვინაიდან ჩვენი ტერიტორიის 12 მილი მიდის ოკუპირებულ ტერიტორიებთან, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციასთან, ამიტომ ეს ტერიტორია თავისუფალი გავლისათვის რუსეთის ფედერაციაში წასასვლელად არ გამოიყენება. სასამართლომ დაადგინა, ბრალდებული მიხეილ ბატურინი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით“, - თქვა განაჩენის განმარტებისას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა
ამავე მუხლით ოთხი წელი მიესაჯა ორ უკრაინის მოქალაქე მეზღვაურსაც. მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ხმაურიანი პროტესტით დატოვა დაცვის მხარემ. ადვოკატმა ბექა ბასილიამ მოსამართლეს მოსთხოვა დაესახელებინა კონკრეტული კანონის ჩანაწერი, რითაც გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა, მოსამართლემ კი მას მოუწოდა სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოს გარეთ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში. მისივე შეფასებით, მოსამართლემ ხელისუფლების დაკვეთით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არც პროკურატურამ წარადგინა და არც მოსამართლემ დაასაბუთა, თუ კანონის რომელი ნორმა დაარღვიეს უკრაინელმა მეზღვაურებმა საქართველოს წყლებში ხომალდით შემოსვლისას:
„არც საზღვრის დაცვის წესისა და რეჟიმის შესახებ დადგენილება და არც დადგენილება ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ არ ითვალისწინებს მშვიდობიანი გავლის დროს წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. არ ითვალისწინებს. წერტილი! ჩვენ მოვითხოვეთ მოსამართლეს მიეთითებინა კონკრეტული სამართლებრივი აქტი, პასუხად კი სასამართლოდან გამოგვაძევა. ბრალდებულთა დაკავება იყო პოლიტიკური აქტი. თავდაპირველი დაჭერის საფუძველი იყო საქართველოს ხელისუფლების პანიკური შიში, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოსულიყო საქართველოში“.
ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ სასამართლოში წარადგინა მეზღვაურების საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლის მიზანი და მოტივი:
„თურქეთის პორტიდან გამოსული მცურავი საშუალება მოძრაობდა თავისუფალი გადაადგილების უფლებით ჩრდილოეთის მიმართულებით რუსეთის ერთ-ერთი პორტისკენ, მაგრამ ვინაიდან ბორტზე უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე იმყოფებოდნენ, რუსეთი კი ორივე სახელმწიფოსთვის მტრული სახელმწიფოა, მათ გადაწყვიტეს არ გაერისკათ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქართული, ასევე რუსული და მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობით სრული უფლება ჰქონდათ რუსეთის პორტში შესვლის, გადაწყვიტეს უკან მობრუნებულიყვნენ“, თქვა ბექა ბასილაიამ.
თუმცა პროკურატურის წარმომადგენელმა დღეს თქვა, რომ ვერც ერთი დაკავებულისგან ვერ მოისმინეს მოტივი, რატომ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შეტყობინების გარეშე. პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ განაცხადა, რომ წინასწარი შეტყობინების ვალდებულება აქვს ყველა მცურავ საშუალებას საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როცა იგი გარკვეული მანძილით უახლოვდება ნაპირს:
„12 საზღვაო მილი, ეს უკვე სახელმწიფოს საზღვაო სუვერენიტეტია. შესაბამისად, მცურავი საშუალების შემოსვლა და ხეტიალი იკრძალება, ვინაიდან როგორც საზღვაო სივრცის შესახებ, ასევე სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონში არის გაწერილი, რომ ეკიპაჟის წევრებმა უნდა შეატყობინონ და მიაწოდონ წინასწარი ინფორმაცია სახელმწიფო სასაზღვრო პოლიციას. თუმცა კონკრეტული კანონიდან ვერ ამოვალთ ამ შემთხევვაში, იმიტომ რომ კომპლექსური დანაშაული გვაქვს სახეზე. დარღვეულია ის კანონები, რომლებიც ჩამოვთვალე და ასევე კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ და მთავრობის 78-ე და 380-ე დადგენილებები“, - თქვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.