Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრისა და უკრაინელი მეზღვაურების სასამართლო პროტესტის ფონზე


10 თებერვალს სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრისა და   უკრაინელი მეზღვაურების  4-საათიანი სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
10 თებერვალს სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრისა და   უკრაინელი მეზღვაურების  4-საათიანი სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი წევრი და მასთან ერთად ორი უკრაინელი მეზღვაური, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთა ედებათ ბრალად.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე იური ბატურინი, უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო 2020 წლის 28 ნოემბერს ხომალდით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ისინი ბათუმის თვალთახედვის არეში გაჩერდნენ, რა დროსაც სანაპირო დაცვის პოლიციამ შენიშნა და მათი ვინაობა გადაამოწმა. ხომალდის ეკიპაჟი არ გამოვიდა კავშირზე და ისევ თურქეთის ტერიტორიული წყლებისკენ გაემართა, რა დროსაც ისინი დააკავეს. პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ დღეს განაცხადა, რომ დაკავებულები ცდილობდნენ შემთხვევის ადგილიდან გაქცეულიყვნენ და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს:

„მაშინ, როცა სანაპირო დაცვის თანამშრომლები მივიდნენ, გადაჭრეს თოკი და ბაგირი, არ გამოდიოდნენ კავშირზე. მათ არ დაიცვეს წესი, რომლითაც ვალდებულნი იყვნენ სანავიგაციო სისტემები გამოეყენებინათ, რადიოკავშირი დაემყარებინათ, შეტყობინება გაეგზავნათ და ნებართვა აეღოთ,“ - თქვა პროკურორმა.

პროკურატურამ მტკიცებულების სახით დღეს სასამართლოს წარუდგინა პოლიციელებისა და სანაპირო დაცვის თანამშრომელთა ჩვენებები და მათი სამხრე კამერის ჩანაწერები, ასევე დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები. როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მათ შორისაა კაპიტნის ჩანაწერები, სადაც ხომალდის დანიშნულების ადგილად განსაზღვრულია ქალაქი ბათუმი.

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. დაცვის მხარის შეფასებით, სამივე ბრალდებული უკანონო პატიმარია, რადგან მეზღვაურები არასამხედრო ხომალდით მშვიდობიანი გავლით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ადვოკატმა დღეს მეორე შუამდგომლობაც დააყენა და სამივე ბრალდებულისთვის სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა მოითხოვა, რაც მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა.

პასუხად, ბრალდებულების ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, მოსამართლეს ბრალი დასდო, რომ იგი მართლმსაჯულების სამსახურის ნაცვლად დავალებას ასრულებს:

„ეს ძალიან კარგად იცით თქვენ, იციან პროკურორებმა და იმ ხალხმა, ვინც დავალებებს გაძლევთ. ამ იახტაზე ეძებდნენ მიხეილ სააკაშვილს“, - თქვა ადვოკატმა. მისი მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა ეჭვი და შიში, რომ იახტაზე იმყოფებოდა სხვა პირიც, რომელიც უაღრესად არაკეთილსასურველია მოქმედი ხელისუფლებისთვის. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდება სრულიად დაუსაბუთებელია და მტკიცებულებები არ არსებობს:

„არასამხედრო გემის გადაადგილება არის ნებადართული როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფნი კი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობდნენ, როდესაც დააკავეს. ბრალდების მასალას რომ გაეცნოთ, ერთ პუნქტსაც ვერ იპოვით, რა წესი დაარღვიეს. შემდეგ კი წერია აბსურდული განმარტება, რომ სასაზღვრე გამშვები პუნქტის გვერდის ავლით შემოვიდნენ საქართველოშიო და ტერიტორიული წყლიდან საქართველოში რომ შემოხვიდე, უნდა გაიარო შიდა წყალი და აღმოჩნდე სანაპიროზე. სასაზღვრე გამშვები პუნქტი კი არის პორტი და ტერიტორიულ წყალში მყოფი ხომალდი როგორ შეიძლება უვლიდეს სასაზღვრო გამშვებ პუნტქს გვერდს და იმყოფებოდეს საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, კვეთდეს სახელმწიფო საზღვარს? ეს აბსურდია, ეს ადამიანები კი არიან ტყვეები“, - თქვა ადვოკატმა.

ეძებდა თუ არა სასაზღვრო პოლიცია დაკავებულ საზღვაო ხომალდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, და ჰქონდა თუ არა გამოძიებას ეს ეჭვი წინასწარ, ამ კითხვებზე პასუხად, პროკურორი დღეს ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი ამ საქმესთან კავშირში პირველად გაიგონა, საგამოძიებო მასალებში კი იგი არ ფიგურირებს:

„ჩვენ ეჭვიც არ გვქონია მის შესახებ“, - განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, თუმცა ისიც თქვა, რომ გამოძიება გრძელდება და ყველა არსებული ვერსიის გადამოწმებაზე მუშაობს. - „მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება მიგრანტის შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან ვითარება, რაც სასაზღვრო პოლიციას იქ დახვდა, ასეთი იყო: ჰიდროციკლი, ჰიდროკოსტიუმი, საცურაო, სველ მდგომარეობაში და ასე შემდეგ, ეჭვს ბადებდა, ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოში ემიგრანტების უკანონოდ შემოყვანას და გაყვანას, რაზეც გრძელდება გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ მტკიცებულებები შეიკრიბება“, - განაცხადა პროკურორმა.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა ცნო, შემდეგი პროცესი კი 24 თებერვალს ჩანიშნა.

10 თებერვალს სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრისა და უკრაინელი მეზღვაურების 4-საათიანი სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ტრანსპარანტებით სასამართლოს შენობის წინ ბრალდებულების დაკავებას აპროტესტებდნენ.

XS
SM
MD
LG