საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გაიმართება კონსულტაცია საქართველოს ელჩთან უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძესთან.
კიევიდან ელჩი კონსულტაციისთვის მას შემდეგ გამოიძახეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.
„ჩვენ გავივლით ყველა დეტალს ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან და მომავალ ურთიერთობებთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მიმართებაში“, - უთხრა 22 მაისს მედიას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის საკითხი არ განიხილება, თუმცა, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა შეკითხვებს იწვევს და საჭიროა ელჩთან კონსულტაცები.
22 აპრილს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა. ამ განცხადებიდან მალევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში, კიევიდან ელჩს კონსულტაციისთვის გამოიწვევენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასეთ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი დანიშვნა ქვეყნის საშინაო საქმეა.
ვიცე-პრემიერად სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის პარლამენტის დღის წესრიგში აღარ დადგა, 7 მაისს კი ზელენსკიმ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. მეორე დღეს საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახეს. 9 მაისს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ ელჩის გამოწვევის მიზანია კონსულტაციები, „როგორ დავიცვათ ურთიერთობები ავანტიურისტებისგან“.
ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში 11 მაისს დაბრუნდა და კორონავირუსის პანდემიის გამო, ორკვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფებოდა.