Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ევროკავშირის სამხედრო-ინდუსტრიულ პროგრამაში სრულად ჩაერთვება - სტრატეგიის დოკუმენტი


უკრაინელი ჯარისკაცი საბრძოლო მანქანასთან საწვრთნელ ზონაში, მიუნსტერში. გერმანია. 2023 წლის 20 თებერვალი.
უკრაინელი ჯარისკაცი საბრძოლო მანქანასთან საწვრთნელ ზონაში, მიუნსტერში. გერმანია. 2023 წლის 20 თებერვალი.

ევროკავშირის დოკუმენტიდან, რომელიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა, ირკვევა, რომ ბრიუსელი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებს და მათ შორისაა უკრაინის სრულად ჩართვა ევროკავშირის სამხედრო-ინდუსტრიულ პროგრამაში.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ევროკავშირის თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია: „ახალი ევროპული სამხედრო-ინდუსტრიული სტრატეგია: ევროკავშირის მზაობის მიღწევა მოქნილი ევროპული სამხედრო ინდუსტრიით“.

სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ევროპარლამენტს გაეგზავნათ.

დოკუმენტში საუბარია რამდენიმე კონკრეტულ ინიციატივაზე, რომელთა მეშვეობითაც ევროკავშირი მომდევნო წლებში საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეეცდება.

დოკუმენტის დასრულებული ვერსია 5 მარტს, თბილისის დროით დღის 3 საათზე გამოქვეყნდება.

უკრაინა ევროპულ სამხედრო-ინდუსტრიულ სისტემაში ერთვება - საკითხავია, როდის?

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ მაშინ, როცა რუსეთი „ჩრდილო კორეასა და ირანში წარმოებულ სწრაფ და ბინძურ იარაღს ისვრის“, საჭიროა უკრაინის ჩართვა საერთო-ევროპულ თავდაცვის პროგრამებში.

ახლა კი ევროკავშირი წარადგენს პირველ ოფიციალურ დოკუმენტს ამ ხედვის სისრულეში მოსაყვანად.

„უკრაინა არის და მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნება ევროკავშირის პარტნიორი თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში, განსაკუთრებით მისი გაწევრების პროცესის გათვალისწინებით“, - წერია დოკუმენტში.

როგორც რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული სამუშაო ვერსიიდან ირკვევა, უკრაინის სრული სამხედრო-ინდუსტრიული ინტეგრაციისთვის ევროკომისია რამდენიმე კონკრეტულ ნაბიჯს განიხილავს. მათ შორისაა:

  • უკრაინის ჩართვა ევროკავშირის საერთო შესყიდვების პროგრამაში სრულად და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან განურჩევლად;
  • უკრაინის დახმარება სამხედრო-ინდუსტრიული წარმოების გასაძლიერებლად, თანამშრომლობა უკრაინულ და ევროპულ სამხედრო ინდუსტრიებს შორის;
  • ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა „სტანდარტებსა და მიღებულ გაკვეთილებზე“.

დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში დაზუსტებული არაა, თუ რომელი წლისთვის გეგმავს ევროკავშირი უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიულ სფეროში ინტეგრაციის დასრულებას.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ვადებთან დაკავშირებით ევროკავშირში შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. მოსალოდნელია, რომ ხვალინდელ, დასრულებულ ვერსიაში უკვე შეჯერებული თარიღები იქნება წარმოდგენილი.

„არსებითი მნიშვნელობა აქვს უკრაინის თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიული ბაზის განვითარების ხელშეწყობას, [ევროკავშირის] წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორების მიერ უკრაინის უსაფრთხოებისადმი გაცემული პირობების გათვალისწინებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ძალა ერთობაშია

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მეტის გაკეთება მართებს, კერძოდ კი, თავდაცვის ინვესტიციების გაძლიერებისა და თავდაცვითი ხარჯების თვალსაზრისით თანამშრომლობის კუთხით.

„ამისი წინაპირობაა ძლიერი ევროპული თავდაცვის ინდუსტრია“, - ნათქვამია ევროკომისიის დოკუმენტში, საიდანაც ვიგებთ, რომ კომისია აუცილებლად მიიჩნევს თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების „სიჩქარისა და მასშტაბის“ გაზრდას.

ევროპული თავდაცვის ინდუსტრია ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დგას - პირველი გასული ათწლეულების განმავლობაში დაბალი ხარჯებია. ევროკომისიის 2022 წლის დათვლით, ევროკავშირის ქვეყნებმა 2009-2018 წლებში თავდაცვაზე საჭიროზე €160 მილიარდით ნაკლები დახარჯეს.

მეორე კი სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობაა, რის შედეგადაც ისინი ფულს იმავე მიმართულებით ხარჯავენ, ნაცვლად იმისა, რომ სახსრები დეფიციტური სფეროებისკენ მიმართონ.

ევროკავშირის თავდაცვის სტრატეგია სწორედ ამ ორი პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს. ევროკომისიას სურს, შესყიდვები არა ეროვნულ, არამედ საერთო, ევროპულ დონეზე განხორციელდეს, რათა დანაწევრება თავიდან იყოს არიდებული.

„თავდაცვის ეკიპირების საერთო შესყიდვა ევროკავშირში ნელ-ნელა ნორმა უნდა გახდეს“, ვკითხულობთ დოკუმენტში. საბოლოო ვერსიაში კონკრეტულ ვადებთან ერთად დაზუსტებული იქნება, სამხედრო ეკიპირების რამდენი პროცენტის შეძენას მოსთხოვს ევროკომისია წევრ სახელმწიფოებს ევროპულ დონეზე.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ 2007 წელს დადეს პირობა, რომ თავდაცვითი აღჭურვილობის ბიუჯეტის მინიმუმ 35%-ს ერთად დახარჯავდნენ, თუმცა სიტყვას დღემდე არ ასრულებენ.

ამასთან, კომისიას სურს, წევრმა სახელმწიფოებმა შეამცირონ დამოკიდებულება სამხედრო აღჭურვილობის იმპორტზე.

სავარაუდოდ, ევროპის თავდაცვის სტრატეგია მოითხოვს, რომ 2035 წლისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვითი ვაჭრობის ერთი მესამედიდან ნახევრამდე ევროკავშირის შიგნით ვაჭრობაზე მოდიოდეს.

საფრანგეთი, პოლონეთი და ესტონეთი: „დრო არ ითმენს“

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც საფრანგეთმა, პოლონეთმა და ესტონეთმა ერთად შეიმუშავეს ევროპის თავდაცვის სტრატეგიის საპასუხოდ და მოიცავს მათ საერთო პოზიციას.

ევროკავშირის სამი წევრი სახელმწიფო ყურადღებას ამახვილებს, რომ არსებული ვითარება ევროკავშირისა და მისი წევრებისგან მოითხოვს სამხედრო მზაობის დაუყოვნებლივ გაზრდას.

„სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი განხორციელების გეგმა იქნება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შემუშავდეს“, - წერია დოკუმენტში.

საფრანგეთი, პოლონეთი და ესტონეთი მიესალმებიან ევროკომისიის ინიციატივას, საერთო-ევროპული შესყიდვების წახალისების შესახებ, თუმცა აღნიშნავენ, რომ აუცილებელია თავდაცვისუნარიანობის ეროვნულ დონეზე გაძლიერებაც, განსაკუთრებით ბრძოლისთვის აუცილებელი ტყვია-წამლის და იარაღის საკვანძო სისტემების შეძენის მხრივ.

ფრანგები, პოლონელები და ესტონელები ამ დოკუმენტში ხაზს უსვამენ „უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და [ევროკავშირის] სამხედრო-ინდუსტრიულ ინიციატივებში მისი მონაწილეობის“ მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG