Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი თავდასხმას გადაურჩა - რა მოხდება ახლა?


დონალდ ტრამპი მკვლელობის მცდელობის შემდეგ სცენიდან გაჰყავთ, 2024 წლის 13 ივლისი
დონალდ ტრამპი მკვლელობის მცდელობის შემდეგ სცენიდან გაჰყავთ, 2024 წლის 13 ივლისი

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გარშემო შეკითხვა მეტია, ვიდრე პასუხი.

შაბათს, 13 ივლისს, როცა ადგილობრივი დროით საღამოს ექვს საათს ათი წუთი იყო გადაცილებული, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი და უკვე ზედიზედ მესამედ, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერთან რამდენიმე ათას მხარდამჭერს მიმართავდა.

ამ დროს უცბად სროლის ხმა გაისმა. ტრამპი სწრაფად დაიხარა, ტრიბუნას ამოეფარა და მას დაცვა და საიდუმლო სამსახურის აგენტები გადაეფარნენ. რამდენიმე წუთში მიკროფონებში მათი ხმა გაისმა - ერთმანეთს ატყობინებდნენ, რომ თავდამსხმელი განეიტრალებული იყო და შეეძლოთ, დონალდ ტრამპი ადგილიდან გაეყვანათ.

„მოიცა, მოიცა, მოიცა“, - ისმის როგორ მიმართავს მცველებს ტრამპი - მას ხალხთან დამშვიდობება სურდა.

დონალდ ტრამპი სცენიდან გაყვანამდე მხარდამჭერებს ემშვიდობება
დონალდ ტრამპი სცენიდან გაყვანამდე მხარდამჭერებს ემშვიდობება

მუშტშემოღერებული და დასისხლიანებული დონალდ ტრამპის ფოტოები ძნელი იყო, სოციალურ ქსელებში ვინმეს გამორჩენოდა. თუმცა მომხდარის გარშემო კვლავ რჩება კითხვები და ჩვენ შევეცდებით, რამდენიმე მათგანს ვუპასუხოთ.

ვინ და რატომ სცადა ტრამპის მოკვლა?

ტრამპის სცენიდან 140 მეტრში მდებარე შენობის თავზე ჩასაფრებულმა თომას მეთიუ კრუქსმა ნახევრად ავტომატური AR-15-ის ტიპის იარაღიდან რვაჯერ მოასწრო გასროლა, სანამ რამდენიმე წამში საპასუხო ცეცხლი თავად მას შეიწირავდა.

ტრამპი ამბობს, კრუქსის ნასროლი ტყვიებიდან ერთი ყურზე მოხვდა. დაშავდა კიდევ სამი კაცი. კიდევ ერთი, 50 წლის მეხანძრე კორი კომპერატორე კი კრუქსის ტყვიამ იმსხვერპლა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) თავდამსხმელის ვინაობა მეორე დღეს გაამჟღავნა, თუმცა დასძინა, რომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის მოტივი გამოძიებისათვის კვლავაც უცნობია.

თუმცა გამოძიება ამ ეტაპზე ამბობს, რომ თომას მეთიუ კრუქსი მარტო მოქმედებდა.

რამდენად ამოძრავებდა კრუქსს პოლიტიკური შეხედულებები და მიზნები? ამ შეკითხვაზე მარჩიელობა მომხდარიდან უმალ დაიწყეს სოციალურ ქსელებში.

მალევე გაირკვა, რომ თომას მეთიუ კრუქსი რესპუბლიკური პარტიის წევრად ყოფილა დარეგისტრირებული, თუმცა რამდენიმე წლის წინ დემოკრატების ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის გადაურიცხავს ფული.

„ვნახე ცნობები, რომ რესპუბლიკელად ყოფილა დარეგისტრირებული და 17 წლის რომ იყო, Act Blue-ს (დემოკრატების პოლიტიკური კამპანიის ჯგუფი) ფული გადაურიცხა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც ეტაპზე დემოკრატიც ყოფილა.

ახალგაზრდა იყო. მის მოტივაციაზე ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. მიმდინარეობს ძალიან სერიოზული გამოძიება. ვიცით, რომ იარაღით ჩადენილი დანაშაულის ბევრი შემთხვევა კარგად დაგეგმილი, მოტივირებული და ორგანიზებულია. ვიცით ისიც, რომ ძალადობა ხშირად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება, იმას, რომ იარაღი ისეთი ხალხის ხელში ხვდება, ვისაც არ უნდა ჰქონოდა. ამიტომ, თავს შევიკავებდი, მესაუბრა იმ შეზღუდულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ახლა გვაქვს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ლესლი ვინჯამური, ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, „ჩეთემ ჰაუსის“ ამერიკის პროგრამის დირექტორი.

დონალდ ტრამპის მოკვლა 20 წლის თომას მეთიუ კრუქსმა სცადა, რომელიც საპასუხო ცეცხლმა იმსხვერპლა. ფოტო გადაღებულია 2020 წელს
დონალდ ტრამპის მოკვლა 20 წლის თომას მეთიუ კრუქსმა სცადა, რომელიც საპასუხო ცეცხლმა იმსხვერპლა. ფოტო გადაღებულია 2020 წელს

გამოძიების ცნობით, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ თომას მეთიუ კრუქსს ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. თუმცა მედიას ელაპარაკა მისი კლასელი ჯეისონ კოლერი, რომელმაც თქვა, რომ კრუქსი ჩაკეტილი და გარიყული ადამიანი იყო.

„ის ბავშვი იყო, სულ რომ მარტოა. სულ ჩაგრავდნენ. შეხედავდი და იფიქრებდი, რომ რაღაც წესრიგში არ იყო“, - თქვა ჯეისონ კოლერმა ჟურნალისტებთან.

თავდამსხმელის მამამ, მეთიუ კრუქსმა კი CNN-ს უთხრა, რომ ჯერ თავად ცდილობს გაერკვეს, „რა ჯანდაბა ხდება“, თუმცა სანამ საჯაროდ მეტს იტყვის, აპირებს, გამოძიებას ელაპარაკოს.

საიდუმლო სამსახურის ჩავარდნა?

მომხდარში სპეცსამსახურების როლი უკვე გახდა როგორც კრიტიკის, ისე შეთქმულების თეორიების საფუძველი.

დონალდ ტრამპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იყო საიდუმლო სამსახური - ასე ჰქვია უწყებას, რომელიც 1865 წელს დააარსა მაშინდელმა პრეზიდენტმა, აბრაამ ლინკოლნმა, რომელსაც იმავე წელს მოკლავენ.

თავდაპირველად საიდუმლო სამსახურის მთავარი ამოცანა ყალბ ფულთან ბრძოლა იყო, მაგრამ 1901 წელს პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის მკვლელობის შემდეგ, ამ უწყების მოვალეობა მაღალი რანგის პოლიტიკოსების უსაფრთხოების დაცვა გახდა.

საიდუმლო სამსახური უკვე არაერთხელ გამხდარა ამა თუ იმ შეთქმულების თეორიის განტევების ვაცი, როცა საქმე პოლიტიკოსების მკვლელობას თუ მკვლელობის მცდელობას ეხებოდა.

ამჯერად კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლო თავდამსხმელმა სცენიდან დაახლოებით 140 მეტრით დაშორებული შენობის სახურავზე იარაღით აძრომა და ჩასაფრება ისე, რომ საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებს გასროლამდე ვერ შეემჩნიათ.

გარდა ამისა, BBC-სთან ინტერვიუში შეკრების ერთ-ერთი დამსწრე ჰყვება, რომ მან და მისმა თანმხლებმა პირებმა გასროლამდე შეამჩნიეს იარაღიანი ადამიანი და ამის შესახებ დაცვის თანამშრომლებსაც შეატყობინეს, რომლებმაც, მისი თქმით, გასროლამდე არაფერი იღონეს.

ვრცელდება კადრები, სადაც ისმის, რომ შეიარაღებულ ადამიანს ამჩნევენ შეკრების სხვა დამსწრეებიც.

თავდასხმიდან მეორე დღეს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გასცა განკარგულება, გამოიძიონ, რამდენად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართვა თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, 2024 წლის 14 ივლისი
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართვა თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, 2024 წლის 14 ივლისი

„[უნდა] ჩატარდეს დამოუკიდებელი ანალიზი იმისა, თუ როგორ იყო უზრუნველყოფილი ეროვნული უსაფრთხოება [ამომრჩევლებთან] წუხანდელ შეხვედრაზე, რათა დადგინდეს, თუ რა მოხდა, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა და დასძინა, რომ გამოძიების დეტალები გასაჯაროვდება.

რას შეცვლის მომხდარი თავდასხმა?

ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რაზეც ბოლო ორი დღეა, ბევრს მარჩიელობენ.

ერთი, რაზეც ანალიტიკოსები ამ ეტაპზე თანხმდებიან, ისაა, რომ მკვლელობის მცდელობა გააძლიერებს ტრამპის მხარდაჭერას.

„[ამომრჩევლები] უფრო ერთგულად და გულმხურვალედ დაუჭერენ მხარს თავის კანდიდატს. ესაა ადამიანების ბუნებრივი რეაქცია მკვლელობის მცდელობაზე… ტრამპის ამომრჩეველთა ბაზა ისედაც ენთუზიაზმითაა განწყობილი მისი კანდიდატურის მიმართ, ეს [მკვლელობის მცდელობა] კი ამას კიდევ უფრო გაზრდის“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ლესლი ვინჯამური.

რობერტ სპიცერი, პოლიტიკის მეცნიერი და ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი ემერიტუსი, იხსენებს რამდენიმე თვის წინანდელ შემთხვევას, როცა დონალდ ტრამპის სასამართლოში გადაღებული ფოტო მისმა მხარდამჭერებმა მაისურებსა და ჭიქებზე გამოსახეს.

ის ელოდება, რომ თავდასხმას გადარჩენილი მუშტმოღერებული ტრამპის ფოტოები ტრამპის მხარდამჭერებისთვის „ჰეროიკული“ მნიშვნელობის იქნება.

„ეჭვგარეშეა, რომ მისი მხარდამჭერები და გუნდის წევრები გამოიყენებენ იმ ფოტოებს, სადაც სროლის შემდეგ საკუთარი სიძლიერისა და სიმტკიცის ნიშნად [დონალდ ტრამპი] მუშტს მაღლა აღაპყრობს“, - ამბობს რობერტ სპიცერი რადიო თავისუფლებასთან.

დღეს, 15 ივლისს, ქალაქ მილუოკიში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა დაიწყება - ეს ოთხდღიანი ღონისძიებაა, რომელსაც ამერიკული პარტიები ყოველი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მართავენ. ამ დროს ჟურნალისტების ყურადღება შესაბამისი პარტიისა და კანდიდატისკენაა მიმართული. როგორც წესი, ეს დადებითად ისახება მათ რეიტინგზეც.

ლესლი ვინჯამური ელის, რომ იმ ფონზე, როცა რესპუბლიკური პარტიის წლევანდელ ყრილობასა და დონალდ ტრამპის გამოსვლას განსაკუთრებით ელიან, უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ყრილობა ძალიან დაძაბულ გარემოში ჩაივლის:

„[ყრილობაზე დამსწრე] ხალხს ექნება ბუნებრივი დარდი პირადი უსაფრთხოების შესახებ. ამიტომაც ველი, რომ ყრილობაზე დაცვა ძალიან გაძლიერებული იქნება. დანარჩენს უნდა დაველოდოთ და ვნახოთ“.

რა გავლენას იქონიებს დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმა მისი მეტოქის, ჯო ბაიდენის კამპანიაზე? სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ ბაიდენის გუნდმა ამ ეტაპზე გადაწყვიტა, თავი შეიკავოს დონალდ ტრამპზე პირადი ვერბალური თავდასხმებისგან და ძალადობის წინააღმდეგ ერთიანობის აუცილებლობას გაუსვას ხაზი.

„როიტერსის“ ცნობით, ბაიდენის შტაბმა თავდასხმიდან რამდენიმე საათში შეაჩერა სატელევიზიო რეკლამა და სხვა სახის პოლიტიკური კომუნიკაცია.

თავად ბაიდენმა საჯარო გამოსვლისას დაგმო ძალადობა, ისაუბრა ეროვნული ერთიანობის საჭიროებაზე და თქვა, რომ თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპსაც ელაპარაკა.

„ჩემი შეხედულებით, ეს ყველაფერი დიდ წნეხს მოახდენს პრეზიდენტ ბაიდენსა და მის გუნდზე, რომ შეარბილონ დონალდ ტრამპის პირდაპირი და მყვირალა კრიტიკა, ამის ნაცვლად კი პოზიტიურ დღის წესრიგზე გადაერთონ - ერთიანობაზე, კონკრეტულ საკითხებზე“, - ამბობს ლესლი ვინჯამური.

მიატანს თუ არა დონალდ ტრამპის გაზრდილი რეიტინგი ნოემბრამდე, როცა საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება? ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თავდასხმის შედეგად აღძრული სიმპათია აუცილებლად არ გარდაისახება საარჩევნო ხმებში.

„მომდევნო ორი კვირის მანძილზე გამოკითხვებში წინ გაიჭრება, მის მიმართ იქნება სიმპათია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ კამპანიის კონტექსტში, იმის გამოც, რომ სერიოზულად არ დაშავებულა, მისი რეიტინგი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, სადაც იყო მკვლელობის მცდელობამდე“, - ამბობს რობერტ სპიცერი.

დონალდ ტრამპი მალევე გაწერეს კლინიკიდან, სადაც თავდასხმის შემდეგ გადაიყვანეს. ის უკვე ქალაქ მილუოკიშია, სადაც რესპუბლიკელების ყრილობა დაიწყება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG