„უცხოელი აგენტების“ რუსული რეპრესიული პრაქტიკა შესაძლოა ევროკავშირის ორ ქვეყანაშიც გამოიყენონ. სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის („კურსი - სლოვაკეთის სოციალური დემოკრატია“) ლიდერი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მისი მთავრობა შესაბამისი კანონის მომზადებას აპირებს. იგივე განზრახვა აქვთ უნგრეთშიც, რომლის პრემიერი ვიქტორ ორბანი, 17 ოქტომბერს, პეკინში თბილად შეხვდა ვლადიმირ პუტინს.
„არაკომერციული ორგანიზაციების ეპოქის ბატონობას ბოლო მოეღება“, - განაცხადა სლოვაკეთის ყოფილმა (2006-2008 წლებში) და მომავალმა (კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ) პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე.
ის დიდი ხანია ემტერება არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებსაც ლიბერალური და არაპატრიოტული გავლენის გამტარებლებად მიიჩნევს. ხანდახან პირდაპირ ამერიკელი მილიარდერისა და ფილანთროპის სოროსის აგენტებს ეძახის. მათთან საბრძოლველად ფიცო, პუტინის მსგავსად, „უცხოელი აგენტების“ კანონის გამოყენებას აპირებს, თუმცა, ირწმუნება, რომ ამ შემთხვევაში რუსეთს კი არა, ამერიკას ბაძავს.
საუბარია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონზე (Foreign Agents Registration Act, FARA), რომელიც აშშ-ში 1938 წელს, ნაცისტური გერმანიის ლობისტების გავლენის აღსაკვეთად მიიღეს. კანონი მართლაც ავალდებულებს უცხოეთის აგენტად მიჩნეულ ორგანიზაციებს, შესაბამისი ცნობა დაურთონ გამოქვეყნებულ მასალებს. თუმცა იგივე კანონი ჩამოთვლის საქმიანობებს, რის გამოც ორგანიზაციას აგენტის წოდება მიენიჭება. სწორედ ამ ჩამონათვალის წყალობით, ეს კანონი ძირითადად ეხება იურიდიულ ფირმებს, რომლებიც უცხოეთის ხელისუფლებებსა და ორგანიზაციებს ოფიციალურად ჰყავთ დაქირავებული აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებში ლობისტური საქმიანობისთვის.
2012 წელსაც, როდესაც რუსეთის ხელისუფლება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ თავის კანონმდებლობას ამზადებდა, ისიც აცხადებდა, რომ ვითომდა ნიმუში სწორედ FARA იყო. თუმცა, რეალურად გაცილებით რეპრესიული რამ შექმნეს, რომელსაც დამოუკიდებელი იურისტების შეფასებით, არაფერი აქვს საერთო FARA-სთან.
რუსული კანონი რამდენჯერმე გამკაცრდა და 2020 წლის ვერსია უკვე ყველა იმ ორგანიზაციასა და მოქალაქეს შეეხო, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების აზრით, „პოლიტიკურად აქტიურია“. ამაში რა იგულისხმება, დაკონკრეტებული არ არის.
„რობერტ ფიცოს რიტორიკის მიხედვით ცხადია, რომ ის არა ამერიკულ, არამედ რუსულ კანონზეა ორიენტირებული, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც კორუფციას იძიებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სლოვაკური გამოცემა Dennik N-ის ჟურნალისტი მირეკ ტოდა.
ცხადია, რომ ის არა ამერიკულ, არამედ რუსულ კანონზეა ორიენტირებული, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული
ის თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ კანონის მისაღებად ნიადაგი მარიან კოტლების ნეოფაშისტურმა სახალხო პარტიამ „ნაშა სლოვაკიამ“ და რადიკალურ-ნაციონალისტურმა პრორუსულმა „სლოვაკეთის ნაციონალურმა პარტიამ“ მოამზადეს. „ნაშა სლოვაკიამ“ ეს კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წელს წარადგინა, მაგრამ მაშინ ვერ გავიდა. ამ არჩევნებზე კი „სლოვაკეთის ნაციონალურმა პარტიამ“ პირობა დადო, რომ კანონს მიიღებს. ის ფიცოს პარტიას შეუამხანაგდა. თავად ფიცოს რიტორიკის გარდა, ეს ფაქტიც იმაზე მიუთითებს, რომ ბრატისლავა შესაძლოა კრემლისკენ შეტრიალდეს.
მაგრამ საქმე „უცხოელი აგენტებით“ როდი მთავრდება. ახალ კაბინეტში მინისტრების პოსტებზე საკმაოდ საინტერესო კანდიდატებია წარდგენილი. კულტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ტელეწამყვანი და ყოფილი დეპუტატი მარტინა შიმკოვიჩოვა. წარსულში ის მუშაობდა ყველაზე პოპულარულ სლოვაკურ ტელეკომპანიაში Markíza, საიდანაც სკანდალით წამოვიდა. სოციალურ ქსელში მან სახელი გაითქვა ისეთი განცხადებებით, როგორიცაა: „ლგბტ და გენდერიდეოლოგია ყველაზე გარყვნილი რამ არის, რაც ლიბერალურ დემოკრატიას მოაქვს, უფრო სწორად, ნეოლიბერალიზს ნეომარქსიზმის ელემენტებით. ეს ევროპაში ყველგან წამყვანი [იდეოლოგია] ხდება“.
კარიერა შიმკოვიჩოვამ ინტერნეტტელევიზიაზე TV Slovan გააგრძელა. სლოვაკური პორტალი Omédiách.com ირწმუნება, რომ ეს არხი რუსულ პროპაგანდასა და ჰომოფობიურ განცხადებებს გადასცემს, მხარს უჭერს ანტივაქსერებს, თანამშრომლობს ულტრამემარჯვენე პარტიებთან.
არანაკლებ კოლორიტული სახეა ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი რუდოლფ გულიაკი. ის აგრესიული იყო გარემოს დამცველების მიმართ, აცხადებდა, რომ მთელი რიგი ეროვნული პარკები უნდა გააუქმოს. ერთხელ კი სრულიად სერიოზულად თქვა, რომ სლოვაკეთის მთებში მომრავლებული დათვები ბრიუსელის საიდუმლო იარაღია, მიმართული სლოვაკური სოფლის ცხოვრების წესის გასანადგურებლად.
გულიაკი პრორუსი პოლიტიკოსია. არცთუ დიდი ხნის წინ, მან განაცხადა, რომ სლოვაკეთის წინა მთავრობების ცოდვების გამო (უკრაინისთვის იარაღის მიწოდება) მოსკოვში წავიდოდა და ბოდიშს მოიხდიდა.
„ეს კაცი კატასტროფაა. გარემოს დაცვასთან არაფერი აკავშირებს, გარდა იმისა, რომ თავისი განცხადებებით ებრძვის ბუნებას“, - ამბობს სლოვაკი ეკოლოგი ერიკ ბალაჟი.
თუმცა კანდიდატები ჯერ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ უნდა დაამტკიცოს. ის, რობერტ ფიცოს დიდი ხნის დაუძინებელი მტერი, ცნობილია თავისი ლიბერალური შეხედულებებით. 19 ოქტომბერს ჩაპუტოვამ რობერტ ფიცოს უარი უთხრა გალიაკის დანიშვნაზე. მიუხედავად ამისა, სულ უფრო ნაკლებად რჩება იმის იმედი, რომ სლოვაკური პოლიტიკა, ახალი პრემიერის ხელში, ვიქტორ ორბანის, ევროკავშირის ყველაზე პრორუსი ლიდერის პოლიტიკას არ დაემსგავსება.
შეხვდება თუ არა ფიცო პუტინს, როგორც ეს ორბანმა გააკეთა? „საერთოდ არ გამოვრიცხავ, - ამბობს მირეკ ტოდა, - გავიხსენოთ, რომ წინა პრემიერობისას, ყირიმის ანექსიის შემდეგ, როცა პუტინი იზოლაციაში მოექცა, ფიცო ამ რანგის ერთადერთი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, რომელიც მოსკოვში ჩავიდა და სამხედრო აღლუმს დაესწრო. შესაძლოა რაღაც ამდაგვარი განმეორდეს. ამ დროს ფიცოს რიტორიკა ასეთია: ყველას უნდა დაველაპარაკოთ, პუტინთან დასავლელი პოლიტიკოსებიც ჩადიან, ეს სტანდარტული ორმხრივი მოლაპარაკებებია და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ორბანის გზაზე სიარულია“.
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის თავის ვერსიას ამზადებს უნგრეთიც. იქ მას ჰქვია „კანონი სუვერენიტეტის შესახებ“. კანონპროექტის ავტორი მათე კოჩიშია, მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი. მისი თქმით, კანონმა „ქვეყნის გამყიდველებისთვის საქმიანობის პირობები“ უნდა გააუარესოს. სავარაუდოდ, კანონის სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები არიან. ესეც კიდევ ერთი მიზეზი, რატომ შეიძლება სლოვაკეთი და უნგრეთი დაახლოვდნენ.
სლოვაკეთის ახალი მთავრობა ხელისუფლებაში რთულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მოდის. რობერტ ფიცო ამბობს, რომ მზადაა, თავისი გეგმების განსახორციელებლად „დიდ თეთრ ცხენზე ამხედრებული ჯოჯოხეთშიც კი ჩავიდეს“. ფიცოს ოპონენტები შიშობენ, რომ დანიშნულების ადგილზე საუბრისას ახლად არჩეული პრემიერი შეიძლება მართალიც კი აღმოჩნდეს.