Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ორბანს გაუმარჯოს!“ - რა აკავშირებს საქართველოსა და უნგრეთის პრემიერებს


ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან ერთად წინანდლის მამულში
ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან ერთად წინანდლის მამულში

მოატარა კახეთი, აჩვენა ერეკლე II-ის სასახლე, ალავერდის მონასტერი, გააფორმა „ოქმი ოჯახის სფეროში თანამშრომლობაზე“ და კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - ირაკლი ღარიბაშვილი სამი დღე მასპინძლობდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და მის მინისტრთა კაბინეტს.

საქართველოდან ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში დაბრუნდა, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო კი მოსკოვში გაფრინდა.

ერთი წლის სტრატეგიულმა პარტნიორებმა ილაპარაკეს „მშვიდობის მნიშვნელობაზე“, დაიჩივლეს, რომ „არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში“, განიხილეს „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი - შავ ზღვაში ელექტროენერგიის კაბელზე - და სამთავრობოთაშორის კომისიაზე 10 შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ორბანი, - რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე 4 დღით ადრე, წინა მმართველი გუნდის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სიტყვით გამოდიოდა და მოსახლეობას აფრთხილებდა, წარსულში ნუ დაბრუნდებითო, - ახლა „ქართული ოცნების“ მოკავშირედ იქცა ევროკავშირში.

რა აღუძრავს ბუდაპეშტს სიმპათიებს თბილისისადმი, როცა ბრიუსელი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მას დემოკრატიული უკუსვლის გამო საყვედურობენ?

დახვედრა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისში 10 ოქტომბერს ჩამოვიდა სამთავრობო დელეგაციასთან და მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად. იმავე დღეს ეწვია შავნაბადას მონასტერს.

იმავე საღამოს ორბანი და ლევაი პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და მისმა მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა არაფორმალურ სადილზე მიიწვიეს კოჯორში, „ბიოლში კურორტზე“, - სადაც სულ ორიოდე დღით ადრე ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიიღო.

მეორე დილას მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შემდეგ - პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა. საუბრის დეტალები უცნობია.

ამის შემდეგ ორბანი და სამთავრობო დელეგაცია კახეთში წაიყვანეს - ირაკლი ღარიბაშვილის მშობლიურ კუთხეში. 11 ოქტომბრის საღამოს მთავრობების წევრებმა ოფიციალური სადილი გამართეს წინანდალში.

ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს „სამაგალითო ლიდერი“, „მისაბაძი პოლიტიკოსი“ უწოდა და მადლობა გადაუხადა მას „ნამდვილი მეგობრობისთვისა“ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისათვის. „პრემიერ-მინისტრ ორბანს გაუმარჯოს“, - ასე დაასრულა მან სადღეგრძელო კახეთში.

პრემიერ-მინისტრების მეუღლეების გრაფიკი ასეთი იყო: 11 ოქტომბერს ნუნუკა თამაზაშვილმა და ანიკო ლევაიმ კომპანია „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს; 12 ოქტომბერს კი თამაზაშვილმა ლევაი წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში წაიყვანა, ორი პირველი ლედი ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მიიღო.

ოჯახი, ქრისტიანობა და სასწაული

ქრისტიანობასა და „ოჯახურ ღირებულებებს“ ვიზიტის დიდი ნაწილი დაეთმო.

ორბანმა 11 ოქტომბერს ოფიციალურ სადილზე საპასუხო სადღეგრძელოთი მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილსა და თამაზაშვილს მასპინძლობისთვის და შეაქო ისინი:

„ყოველთვის კარგია, როდესაც ვხედავ წყვილს პოლიტიკაში, რომლებიც არა მხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს“.

ორბანმა თქვა, ჩვენ, ქრისტიანები, ვფიქრობთ, რომ სასწაულები არსებობს, და ამ საღამოს ამის დამტკიცება ნამდვილად შეგვიძლიაო:

  • „რადგან აქ მინიმუმ ორი სასწაულია: პირველი, ეს არის ქართული სასწაული – თქვენი ისტორია, თქვენი ერის გეოპოლიტიკური გარემო, თავად ფაქტი, რომ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, არსებობს ისეთი ენა, როგორიც არის ქართული და ხალხი, რომელიც ცხოვრობს აქ და საუბრობს ამ ენაზე, არსებობს ქართული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ისევ არის ქრისტიანული – ეს არის სასწაული;
  • შემდეგი სასწაული ამ ოთახში უნგრულია. რომ კიდევ არსებობენ უნგრელები, რომლებიც საუბრობენ უნგრულ ენაზე; არსებობს უნგრული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ქრისტიანულია“.

„ეს არის ორი ქვეყნის სასწაულის შეხვედრა და მივიჩნევ, რომ ეს მოამზადებს არა მხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე“.

საქართველომ და უნგრეთმა 2022 წლის 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტისას მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას.

ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა „ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოიცავს“.

10 მემორანდუმი

12 ოქტომბერი ყველაზე დატვირთული დღე გამოდგა: შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მხარეებმა 10 დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ესენი იყო:

  1. საქართველოს განათლების სამინისტროს, უნგრეთის კულტურის სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის „განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმი“.
  2. „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაცია“ - პრემიერ-მინისტრების ხელმოწერით;
  3. ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროებს შორის;
  4. ფინანსთა სამინისტროებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;
  5. ფინანსთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი;
  6. თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია;
  7. იუსტიციის სამინისტროებს შორის მართლმსაჯულების სფეროში 2024-2025 წლების პერიოდის თანამშრომლობის სამუშაო გეგმა;
  8. საქართველოს განათლების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2024-2026 წლებისთვის უნგრული სტიპენდიის „STIPENDIUM HUNGARICUM“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი;
  9. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის მწვანე, მდგრადი და სოციალურად ინკლუზიური ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი;
  10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი.

„სტრატეგიული მოკავშირე“

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) პოლიტიკის ანალიტიკოსი, ნინო სამხარაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რახან უნგრეთი გაფართოების საკითხებში „კლასიკური თავისტკივილია“ და შეიძლება, ჰიპოთეტურად, პროცესები შეაფერხოს, კონცეპტუალურად, უნგრეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობები არ არის ცუდი:

„სტრატეგიულად ჩვენთვის უფრო სასურველია, უნგრეთი იყოს ჩვენი გაწევრების მომხრე, ვიდრე მოწინააღმდეგე და ამ მიმართულებით თუ მას ინდივიდუალურად ვემუშავებით, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს მკვლევარი.

რამდენიმე თვის წინ ბრიუსელში რადიო თავისუფლებას დიპლომატიურმა წყარომ უთხრა, რომ უნგრეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუკი ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები დათანხმდებიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა.

უნგრეთი არის ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის პირობების დაწესების შესახებ და 12 რეკომენდაციას „ჰაერიდან მოტანილს“ უწოდებს.

და რა იზიდავს ორბანს საქართველოს მთავრობაში?

ნინო სამხარაძის თქმით, უნგრეთი საკუთარ თამაშს თამაშობს ევროკავშირის შიგნით:

„მას უნდა, რომ თავისი ძალა აჩვენოს ბრიუსელს. უთხრას, „მე მაქვს შესაბამისი წონა, რომ გავლენა მოვახდინო ევროკავშირის ისეთ დიდ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე, რაც არის უკრაინისთვის დახმარების გაცემა ან გაფართოების პოლიტიკაზე გავლენა“. ეს კომპლექსი - ძალაუფლების ჩვენების კომპლექსი - ორბანს, ცხადია, აქვს. აქედან გამომდინარე, მისთვისაც დამატებითი ღირებულებაა საქართველოს ამ ტიპის მთავრობასთან ურთიერთობა, - აჩვენოს ბრიუსელს, რომ ევროსკეპტიკური ქართული მთავრობის მიმართ აქვს ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობები, ვიდრე საკუთრივ ევროპას“, - განმარტავს ანალიტიკოსი სამხარაძე.

„აქ უნგრეთის იდენტობის საკითხი უფრო ძლიერად დგას, ვიდრე "ოცნების" სტრატეგიული გავლენები უნგრეთზე, - მეეჭვება, რომ "ოცნებას" მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს "ფიდესზე", როგორც პარტიაზე“, - ამბობს იგი.

პარალელურად ქვეყნები ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობენ. 2022 წლის შემოდგომის შემდეგ საქართველო და უნგრეთი, აზერბაიჯანსა და რუმინეთთან ერთად, მჭიდროდ მუშაობენ შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტზე - აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავი ზღვასა და რუმინეთს, და გაიყიდება უნგრეთში. პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს პროექტი ამ კვირაში განიხილა როგორც პრეზიდენტ ალიევთან, ისე პრემიერ ორბანთან.

სასწორის მეორე მხარე

საერთო ინტერესების ფონზე, პოლიტიკის ანალიტიკოსები ამჩნევენ მსგავსებას შიდა თუ საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი დამოკიდებულებაშიც. საქართველოს მმართველი გუნდის წევრებმა სწორედ უნგრეთის კვალდაკვალ დაიწყეს ქვეყნის „ომში ჩათრევის მცდელობების“ შესახებ შეთქმულების თეორიებიებზე საუბარი.

უნგრეთთან ურთიერთობაში, ევროინტეგრაციაზე მხარდაჭერის საპირწონედ, „სასწორის მეორე მხარეს დევს კიდევ უფრო დიდი რისკები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული იმ არალიბერალურ ტენდენციებთან, რაც მომძლავრდა ევროკავშირში, კერძოდ კი ევროპის აღმოსავლეთით, - და სწორედ ვიქტორ ორბანია ამ ტენდენციების ფლაგმანი“, - ამბობს GIP-ის ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე.

ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნგრეთი მოკავშირეებისგან მკვეთრად განსხვავებული მიდგომებით გამოირჩევა და ახლაც, უკრაინაში გაწელილი ომის მიუხედავად, რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა და, არცთუ იშვიათად, ის და უნგრეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კრემლისთვის სასარგებლო იდეებს ახმოვანებენ.

ახლაც, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მოსკოვში გაემგზავრა - „ენერგეტიკული უსაფრთხოების“ საკითხების განსახილველად; მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუკზე დაწერა, რომ „გეოპოლიტიკური გარემოებების მიუხედავად, უნგრეთი მოხარულია, რომ საერთო პატივისცემაზე დაყრდნობით აგრძელებს თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან“.

ამავე დროს, უნგრეთი ახლა „ქართული ოცნების“ ერთადერთი ერთგული მოკავშირეა ევროკავშირში. საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შემდეგ, უნგრეთისა და საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდა. ეს კი უნგრეთის ბრიუსელისგან დისტანცირების პარლელურად მოხდა.

ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსი
ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსი

„ორბანის მთავრობას პოპულისტური მიდგომები აქვს სახელმწიფო მართვის მიმართ, ბოლო რამდენიმე წელია იყენებს თვითიზოლაციურ მექანიზმებს და ცდილობს, გააძევოს პოლიტიკური სპექტრიდან ლიბერალური საერთაშორისო აქტორები. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლებების დაკავშირება რისკებს ქმნის“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, ძლიერდება რისკი, რომ საქართველოს ხელისუფლების პოპულისტური კონსერვატიული რიტორიკის ლეგიტიმაცია უფრო მომძლავრდება:

„რამდენიმე წელია, "ქართული ოცნების" მთავრობა იდეოლოგიას იცვლის, - ინკლუზიური სოციალ-დემოკრატიიდან გადადის იმ ტიპის კონსერვატიზმისკენ, რომელიც დამღუპველია წარმატებული ევროინტეგრაციის პროცესისთვის, რადგან ის არის ექსკლუზიური, იზოლაციონალისტური და არადემოკრატიული“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის მაისის დასაწყისში მონაწილეობდა უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში (CPAC-ში), დევიზით „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა“.

კონფერენციის ბევრი მონაწილე რუსეთ-უკრაინის ომში ღიად პრორუსული იზოლაციონისტური პოზიციით და, თანაც, ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით არის ცნობილი.

ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი დაგმო „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES-მა), - რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო „ქართული ოცნება“. PES-მა განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ თანამშრომლობას გადახედავდა, თუმცა „ოცნებამ“ დაასწრო და განაცხადა, რომ PES-ს ტოვებდა…

არის ორბანი სააკაშვილის მეგობარიც?

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ორბანს უწოდებს „ძვირფას მეგობარს“, „ნამდვილ მეგობარს“. ორბანიც მეგობრად მოიხსენიებს ირაკლი ღარიბაშვილს.

აქ თავს ერთი უხერხულობა იჩენს: ორბანთან მეგობრობდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ამჟამად პატიმარია. 2019 წელს სააკაშვილი ფეისბუკზე წერდა, ბევრ რამეში განვსხვავდებით, მაგრამ ორბანის დროს უნგრეთის ეკონომიკა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკადო. „თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს“, - მიმართა მან ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს.

მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ ორბანი 2012 წელს თბილისში
მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ ორბანი 2012 წელს თბილისში

11 წლის წინ, 2012 წლის საარჩევნო პერიოდში, - გადამწყვეტ, 1 ოქტომბრის არჩევნებამდე სულ რაღაც 4 დღით ადრე, 27 სექტემბერს, - ორბანმა მმართველი პარტიის აქციიდან, სააკაშვილის გვერდით მდგარმა მიმართა საქართველოს:

„დამიჯერეთ – ნუ დაბრუნდებით უკან… თუ თქვენ საკმაოდ მტკიცედ ხართ ჩამოყალიბებულები, თუ გჯერათ თქვენი ხელმძღვანელობის, მხარს უჭერთ თქვენს მთავრობას და პრეზიდენტს, თქვენ შეძლებთ იყოთ წარმატებული“...

მთავრობის ცვლილების შემდეგ მედია წერდა, რომ უნგრეთს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, დაუსწრებლად მსჯავრდებული, - ამჟამად უკრაინის მაღალჩინოსანი ზურაბ ადეიშვილი აფარებდა თავს, თუმცა ეს არ დადასტურებულა.

როცა Chatham House-ში 2013 წელს ადეიშვილზე დაუსვეს კითხვა, ორბანმა პასუხს თავი აარიდა და თქვა: „მე აქ საკამათოდ არ მოვსულვარ… უნგრეთში ინერგება დემოკრატია… ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან“.

ახლა პარტიის, „საქართველოსთვის“, წევრი, პარლამენტარი ანა ბუჩუკური პრემიერ ღარიბაშვილისგან სადეპუტატო კითხვით ითხოვს პასუხს, ესაუბრა თუ არა იგი ორბანს ადეიშვილისა და კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსნის გადაცემის საკითხზე. პასუხი ჯერ არ მიუღია.

საქართველოში პრემიერ-მინისტრების პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება არ მისცემიათ.

XS
SM
MD
LG