Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრული გაცვლა: თუ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, უკრაინის მოლაპარაკებებიც დაიბლოკება?


უნგრეთმა, შესაძლოა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭიროს მხარი უკრაინის წინსვლას ევროკავშირში, თუ სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან
უნგრეთმა, შესაძლოა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭიროს მხარი უკრაინის წინსვლას ევროკავშირში, თუ სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან

წლის ბოლოს ბრიუსელი და ევროკავშირის ქვეყნები შესაძლოა, ასოცირებულ ტრიოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას დილემის წინაშე აღმოჩნდნენ.

საქართველოსთან დაახლოებულ უნგრეთს აქვს ბერკეტი, ევროკავშირის გზაზე უკრაინა შეაფერხოს, თუკი ბრიუსელი და წევრი ქვეყნები საქართველოს მწვანე შუქს არ აუნთებენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ეს საკითხი უკრაინაში მცხოვრებ უნგრულ ეთნიკურ უმცირესობას და მათი უფლებების დაცვასაც უკავშირდება - უკრაინის მიერ შესასრულებელ ერთ-ერთ რეკომენდაციას.

რა უნდა იცოდეთ

ბოლო რამდენიმე კვირაა, ასოცირებულ ტრიოს ევროკავშირიდან მეტ-ნაკლებად დადებითი სიგნალები მოსდის. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ორიოდე კვირის წინ, ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალურ პირთან საუბრის შემდეგ წერდა:

„არსებობს ოთხი მიზეზი მაინც, რის გამოც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება შესაძლებელი გახდება, - იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ შორსაა გასული წლის ზაფხულში გაცემული რეკომენდაციების ბოლომდე შესრულებისგან“.

ეს ოთხი მიზეზი, რომ გავამარტივოთ, ასეთია:

  1. კანდიდატის სტატუსი, ცოტა არ იყოს, „გაუფასურებულია“;
  2. უკრაინის ვითარების გათვალისწინებით, საქართველოსთვისაც არსებობს პოლიტიკური იმპულსი - სანამ ეს ყველაფერი 2024 წლის ევროპული არჩევნების ორომტრიალში ჩაიკარგება;
  3. ბრიუსელს ასოცირებული ტრიოს - სამივე ქვეყნის - მეტ-ნაკლებად თანაბარ დისტანციაზე შენარჩუნება სურს;
  4. სტატუსს მოჰყვება დამატებითი პირობები და, შესაძლოა, ბერკეტიც საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დასაახლოებლად.

რეკომენდაციების შესრულებაზე პროგრესი, საბოლოო ჯამში, ნელია. თანაც, ცალკეული ქვეყნები აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობის შიდა თუ საგარეო პოლიტიკას. ეს წინა კვირაში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა.

შეფასება და პროცედურა

ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, შემდეგ კი 27 ქვეყნის ევროპის საქმეთა მინისტრებს წარუდგინა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შეფასება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

  • საქართველოს 12-დან სამი რეკომენდაცია „სრულად შესრულებულად“ შეუფასეს, 7-ზე უთხრეს, რომ ნაწილობრივი პროგრესი აქვს, თითო-თითოზე კი განუცხადეს, რომ „ნულოვანი“ და „შეზღუდული“ პროგრესი აქვს.
  • რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, დახურულ დისკუსიაზე გერმანიის, ესტონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა. კრიტიკული პოზიციები აქვს პოლონეთსაც.

ეს ანგარიში შუალედური, მოკლე მიმოხილვა იყო იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს.

ოქტომბრის მოცულობით დოკუმენტს დაერთვება ევროკომისიის გადამწყვეტი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ტრიოს ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობა.

მოლდოვისა და უკრაინისთვის შემდეგი ნაბიჯი მოლაპარაკებების დაწყებაა, საქართველოსთვის კი - კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიის ოქტომბრის ანგარიშიდან ორ თვეში, დეკემბერში, წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას მიიღებენ - გაითვალისწინებენ ან არ გაითვალისწინებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს.

გადაწყვეტილების მიღებას ყველა წევრის კონსენსუსი სჭირდება. ასე რომ, პროცესი შეიძლება გაიწელოს, თუკი რომელიმე ქვეყანა მოლაპარაკებებს დაბლოკავს. ასეთ მაგალითად ასახელებენ ხოლმე ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელთანაც მოლაპარაკებებს საბერძნეთი წლების განმავლობაში ბლოკავდა - ტოპონიმ „მაკედონიის“ გამო.

უკრაინა და უნგრელი უმცირესობის საკითხი

ევროკავშირში ფიქრობენ, რომ უკრაინა წლის ბოლოსკენ დაიწყებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს, თუმცა შიშობენ, რომ უნგრეთმა, შესაძლოა, ამ საკითხს ვეტო დაადოს.

უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან 2 შეასრულა, ერთზე „კარგი პროგრესი“ აქვს, 4-ზე კი „ნაწილობრივი პროგრესი“. ამ ოთხ საკითხში შედის:

  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა;
  • დეოლიგარქიზაცია;
  • ეროვნული უმცირესობების უფლებრივი საკითხები.

რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ ამ კონტექსტში ყველაზე ყურადსაღები სწორედ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული რეკომენდაციაა.

როდესაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ქვეყნების პროგრესი მიმოიხილა, უკრაინაზე ამ ნაწილში თქვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. ეს რეკომენდაციები კრიტიკულად აფასებდა ცვლილებებს ორ კანონში: 1) საჯარო სივრცეში, მედიასა და სახელმძღვანელოებში უმცირესობების ენის გამოყენების და 2) განათლებისა და სახელმწიფო ენის შესახებ.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

განსაკუთრებით ყურადსაღები ეს ამბავი იმიტომ არის, რომ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს ეხება. უკრაინაში დაახლოებით 150 000 უნგრელი ცხოვრობს - ძირითადად, კარპატისპირეთის ოლქში, უკრაინის დასავლეთში, უნგრეთის საზღვართან.

უნგრეთის მთავრობის პოზიციით, უკრაინის ხელისუფლება უნგრელი უმცირესობის უფლებებს არღვევს. ვიქტორ ორბანის მთავრობა მუდმივად ამახვილებს ყურადღებას მათი უფლებების დაცვის საჭიროებაზე და, პარალელურად, მოქალაქეობას სთავაზობს მათ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 21 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ევროკომისიის წარმომადგენლების შეხვედრაზე, - სადაც ზეპირი მოსმენა გაიმართა რეკომენდაციების შესრულებაზე, - უნგრეთმა ძალიან კრიტიკულად შეაფასა უკრაინის ხელისუფლება, საკმარისად არ ირჯებიან უმცირესობების უფლებების დასაცავადო.

უნგრეთი აქამდე ღიად აცხადებდა, რომ სანამ, მისი ხედვით, სისტემური პრობლემები არ აღმოიფხვრება, უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების გზაზე არ დაეხმარებოდა. მაგალითად:

„გულწრფელად ვუთხარი კოლეგებს ევროკავშირსა და NATO-ში, რომ თუ უკრაინელები არ შეცვლიან ამ პოლიტიკას, ეს სერიოზულად შეზღუდავს უნგრეთის მთავრობის შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს უკრაინას, კონფლიქტის შემთხვევაშიც კი“, – აცხადებდა საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო 2022 წლის იანვარში. ბუდაპეშტს ეს წარსულშიც არაერთხელ უთქვამს.

„გაცვლა“?

ბრიუსელში რადიო თავისუფლების დიპლომატიური წყაროს ცნობით, უნგრეთმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაუჭიროს მხარი უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, - ანუ თვალი დახუჭოს უკრაინაში ეთნიკური უნგრელების უფლებრივ საკითხზე, - თუკი ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები დათანხმდებიან პარალელურად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო სცენარია და ოქტომბრამდე და დეკემბრამდე კვლავ შეიძლება განწყობები შეიცვალოს. რიკარდ იოზვიაკის სიტყვებით, - „საქართველოს კანდიდატის სტატუსზე კონსენსუსის მიღწევა, რბილად რომ ვთქვათ, რთული იქნება“. საქართველოს მიმართ კითხვები აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და, ასევე, გერმანიის წარმომადგენლებს.

კითხვების ნაწილი უკავშირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, ნაწილი კი - სხვა შიდაპოლიტიკურ საკითხებსა (სასამართლო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები) და საგარეო პოლიტიკას (რუსეთთან ურთიერთობების შესამჩნევ დათბობას და აცდენას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან).

ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი
ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი

ამასთან, უკრაინის ხელისუფლებამ უნგრეთის მიერ გაკრიტიკებული რეფორმის ძალაში სრულად შესვლის თარიღი 2023 წლის 1 სექტემბრამდე გადასწია, - და მზაობა გამოხატა, კიდევ გადასწიოს. თუ უკრაინა ამ რეკომენდაციის შესრულებას წინ წასწევს, უნგრეთს, შესაძლოა, ბერკეტი ხელიდან გამოეცალოს.

„ოცნებისა“ და „ფიდესის“ ახალი ალიანსი

ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნგრეთი მოკავშირეებისგან მკვეთრად განსხვავებული მიდგომებით გამოირჩევა და ახლაც, ომის ფონზე, რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა და, არცთუ იშვიათად, ის და უნგრეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კრემლისთვის სასარგებლო იდეებს ახმოვანებენ.

ამავე დროს, უნგრეთი ახლა „ქართული ოცნების“ ერთადერთი ერთგული მოკავშირეა ევროკავშირში. საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შემდეგ, უნგრეთისა და საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდა. ეს კი უნგრეთის ბრიუსელისგან დისტანცირების ფონზე მოხდა.

2022 წლის შემოდგომის შემდეგ საქართველო, უნგრეთი და აზერბაიჯანი მჭიდროდ მუშაობენ შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტზე - აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავი ზღვასა და რუმინეთს, და გაიყიდება უნგრეთში.

საერთო ინტერესების ფონზე, შესამჩნევია მსგავსება შიდა თუ საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი დამოკიდებულებაშიც. საქართველოს მმართველი გუნდის წევრებმა სწორედ უნგრეთის კვალდაკვალ დაიწყეს ქვეყნის „ომში ჩათრევის მცდელობების“ შესახებ შეთქმულების თეორიებიებზე საუბარი.

უნგრეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც გააკრიტიკა ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის პირობების დაწესების შესახებ და 12 რეკომენდაციას „ჰაერიდან მოტანილი“ უწოდა.

პოლონური მედიის ცნობით, უნგრეთი 2023 წლის თებერვალში ბლოკავდა ინიციატივას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო ევროკავშირს დიპლომატიური პროტესტი უნდა გამოეხატა საქართველოს ხელისუფლებისთვის [საბოლოოდ დემარში მაინც შედგა].

2023 წლის მაისის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში (CPAC-ში), დევიზით „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა“. კონფერენციის ბევრი მონაწილე რუსეთ-უკრაინის ომში ღიად პრორუსული იზოლაციონისტური პოზიციით და, თანაც, ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით არის ცნობილი.

ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი დაგმო „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES-მა), - რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო „ქართული ოცნება“. PES-მა განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ თანამშრომლობას გადახედავდა, თუმცა „ოცნებამ“ დაასწრო და განაცხადა, რომ PES-ს ტოვებს.

XS
SM
MD
LG