Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსუალური ძალადობის 285 მსხვერპლი ბავშვი - როგორ ძალადობენ მამები, პაპები, ბიძები და სხვები


ფოტოილუსტრაცია. "უმრავლეს შემთხვევაში, ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობას არ აქვს ერთჯერადი ხასიათი და ხშირად ასეთი ფაქტები წლების განმავლობაში გრძელდება"
ფოტოილუსტრაცია. "უმრავლეს შემთხვევაში, ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობას არ აქვს ერთჯერადი ხასიათი და ხშირად ასეთი ფაქტები წლების განმავლობაში გრძელდება"

ბოლო ორი წელია, რაც ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში სულ უფრო ხშირად ხვდება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაული. გამოძიებები იწყება როგორც არასრულწლოვანთა, მათ შორის, მცირეწლოვანთა გაუპატიურების, ისე ბავშვების მიმართ ჩადენილი სხვა გარყვნილი ქმედებების შემთხვევებზე.

გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბოლო ორ წელში (2022-2023), ამ ტიპის დანაშაულების მსხვერპლი ბავშვების რაოდენობა 260-ზე მეტია. მარტო 2024 წლის იანვარ-თებერვალში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტებზე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო 24 ბავშვი.

ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. ამას თავისი მიზეზი აქვს - „ამ კატეგორიის დანაშაული ხასიათდება ლატენტურობით [ფარულობით - რ.თ.], გამოვლენის სირთულით და, შესაბამისად, ვერც ბოლო ორი და ვერც წინა წლების სტატისტიკა ზუსტი ვერ იქნება“, - მეუბნება ნათია მერებაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე. რადიო თავისუფლებამ მასთან ჩაწერა ინტერვიუ ბოლო ორ წელიწადში ბავშვების მიმართ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაულების გამოვლენის გახშირებული შემთხვევების შესახებ.

ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულები, რომელთა შესახებაც ცნობილი გახდა

2024 წელი

  • კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მესაქონლეობის ფერმაში, 14 წლის გოგო მამიდის ქმარმა, 40 წლამდე კაცმა გააუპატიურა. ოჯახის წევრებს ეს ამბავი ბავშვმა თავად უამბო. ამის შემდეგ კი გოგოს ბიძამ, მამის ძმამ, დანაშაულში ბრალდებული კაცი ცივი იარაღით დაჭრა.
  • ხაშურში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 51 წლის კაცია დაკავებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძალადობის მსხვერპლი 16 წლის ბიჭია. პოლიცია გაუპატიურების შემთხვევას იძიებს.
  • დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. რადიო თავისუფლებას თანასოფლელი უყვება, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდმა იმშობიარა, თქვა, რომ მასზე სექსუალურად მამამ იძალადა: „ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“.

    2023 წელი

  • საქართველოს პროკურატურამ დააკავა კაცი, რომელიც 13 წლის გერის გაუპატიურების, ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემისა და მუქარისთვის გასამართლდა. მას 16 წლით პატიმრობა მიესაჯა.
  • შიდა ქართლში 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს. მას ბრალად ედებოდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება.
  • არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი გახდა.
  • კახეთის ორ სხვადასხვა სოფელში 14 და 15 წლის გოგოების გაუპატიურების ბრალდებით გოგოების მამა და მამინაცვალი დააკავეს.
  • ორივეს, მამასაც და მამინაცვალსაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებას ედავებიან.
  • ბათუმში არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინეს.
  • ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლამდე კაცი დააკავეს. მას ბრალდებად წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება წარედგინა. ეს დანაშაული 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • 15 წლის მოზარდმა, რომელიც ორი წლის წინ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სექსუალური ძალადობის საქმეზე თეკლას ბაბუა, მამის მამა, გაუპატიურების მუხლით გასამართლდა და მას 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბაბუა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა შვილიშვილზე. 2022 წელი

  • სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კაცი [ინიციალებით გ.ზ. - რ.თ.] ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა. გორის საქალაქო სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო.
  • ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 40 წლის კაცი. 14 წლის გერის გაუპატიურების ამბავი ბავშვის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ გაახმაურა, რაც სავარაუდო მოძალადე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. პოლიცია გაუპატიურების შესაძლებლობას იძიებს.
  • ბათუმში 30 წლამდე კაცმა 11 წლის ბიჭი გააუპატიურა. ის ცხელ კვალზე დააკავეს. შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა.

რიცხვებში ასახული დანაშაული

ბრალდებულები

  • 2022 წელი - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულისთვის დევნა დაიწყო 106 ადამიანის მიმართ.
  • მათგან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული ჩადენილი ჰქონდა 24 ბრალდებულს - მამა, მამინაცვალი, პაპა, ბიძა;
  • 2023 წელი - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულზე დევნა დაიწყო 102 ადამიანის მიმართ. ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული ჩადენილი ჰქონდა 15 ბრალდებულს - მამა, მამინაცვალი, პაპა, ბიძა;
  • 2024 წლის იანვარ-თებერვალი - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე დევნა დაიწყო 20 ადამიანის მიმართ. მათგან 6-ს დანაშაული ჩადენილი ჰქონდა ოჯახის წევრის მიმართ.


დაზარალებული ბავშვები

  • გაუპატიურება (137-ე მუხლი), სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (138-ე), პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება (139-ე) და გარყვნილი ქმედება (141-ე) - აი, ამ დანაშაულებში 2022 წელს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო 137 ბავშვი;
  • 2023 წელს - 124;
  • 2024 წლის იანვარ-თებერვალში - 23 ბავშვი.


„უმრავლეს შემთხვევაში, ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობას არ აქვს ერთჯერადი ხასიათი და ხშირად ასეთი ფაქტები წლების განმავლობაში გრძელდება. ასევე, ხშირია ოჯახის არაწევრი ნათესავის მხრიდან ძალადობის შემთხვევებიც“, - მეუბნება ნათია მერებაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე, რომლის თქმითაც, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბავშვზე სისტემატური ძალადობა მცირეწლოვნობის ასაკიდან იწყება, როდესაც მსხვერპლი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს მოძალადის ქცევას:

ნათია მერებაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე
ნათია მერებაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე

„ხშირია მოძალადის მხრიდან ბავშვის დაშინების შემთხვევებიც, ასევე, როდესაც მოძალადე არწმუნებს ბავშვს, რომ მისი ქცევა სიყვარულის გამოვლინებაა და ნორმალურ ქცევას წარმოადგენს. გარკვეულ შემთხვევებში, არასრულწლოვანს მოძალადე შთააგონებს, რომ მათი პირადი ურთიერთობა მხოლოდ მათივე საიდუმლო უნდა იყოს და არავის გაუმხილოს. ამ და სხვა მიზეზების გამო ზოგჯერ ძალადობის ფაქტის შესახებ წლების შემდეგ ხდება ცნობილი სამართალდამცავი ორგანოებისთვის“, - ამბობს ნათია მერებაშვილი.

რადიო თავისუფლება: ბოლო სამ წელში, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ამ ტიპის დანაშაულების რიცხვი?

ნათია მერებაშვილი: ბოლო წლებში, რეალურად მომატებულია დევნის დაწყების მაჩვენებლები, გამოვლენის, დაზარალებულად ცნობის, ბრალდებულად ცნობის ფაქტებიც. შესაბამისად, მომატებულია განაჩენების რაოდენობაც.

ამ მონაცემების ზრდა უკავშირდება იმასაც, რომ 2020 წლის ბოლოდან, სრულიად ახლებულად დავიწყეთ ამ ტიპის დანაშაულზე მუშაობა და, შესაბამისად, გაიზარდა ნდობაც და მომართვიანობაც.

თუკი მანამდე ამ კატეგორიის დანაშაულებზე მუშაობდნენ ზოგადად პროკურორები, 2021 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ითხოვს, რომ სქესობრივი კატეგორიის დანაშაულზე გვქონდეს სპეციალიზაცია, ჩვენ ეს მიდგომა დავნერგეთ. მოხდა პროკურორების გადამზადება, რადგან ჩავთვალეთ, რომ ამის საჭიროება იდგა.

ერთია, რომ გამოავლინო დანაშაული, მტკიცებულებები მოიპოვო, სასამართლოში საქმე წაიღო, განაჩენი დააყენო, მაგრამ მეორეა, როგორ აკეთებ ამას, როგორ იძიებ, როგორ გაქვს კომუნიკაცია ბავშვთან, რას აქცევ ყურადღებას, რა სიტუაციაში ატარებ საგამოძიებო მოქმედებებს, რა კითხვებს სვამ სასამართლოში, თითოეულ სიტყვას, თითოეულ გამოხედვასაც კი დაზარალებულთან კომუნიკაციისას, აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

მათ შორის, მტკიცებულებების შეფასებისას დღეს პროკურორი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს დაზარალებულის ნების დამთრგუნველი გარემოებების არსებობას და დანაშაულის ჩადენის კონტექსტს, თუ რა გარემოებებში არის ჩადენილი დანაშაული.

სტატისტიკას თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანამდე გვქონდა ნაკლები გამოვლენა. წლების განმავლობაში, ამგვარ დანაშაულებზე საუბარი ტაბუდადებული იყო. დანაშაულები რჩებოდა ოჯახში. იყო პერიოდი, როდესაც ეს ფაქტები იმალებოდა. ბოლო პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, შესაძლოა, ეს იყოს ბოლო 10 წელი, ან უფრო ნაკლებიც კი, იზრდება გამოვლენის სტატისტიკა.

რადიო თავისუფლება: ამ ტიპის დანაშაულებზე მუშაობისას, გვხვდება შემთხვევები, როდესაც ბავშვზე ძალადობის შესახებ იცოდა ოჯახის სხვა წევრმა, მაგალითად, დედამ. სულ ცოტა ხნის წინ ვიმუშავე პირადად მე ამ ტიპის საქმეზე. ბოლო სამ წელში რამდენი მსგავსი ფაქტი გამოვლინდა, როდესაც მშობელმა, ოჯახის წევრმა იცოდა დანაშაულის შესახებ და დუმდა?

ნათია მერებაშვილი: სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც გამოძიების დაწყების შემდეგ ჩნდება ეჭვი, რომ ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ცნობილი იყო ოჯახის სხვა წევრებისათვის, თუმცა, ხშირად ამის დადასტურება რთულდება.

გვქონდა შემთხვევები, როდესაც გამოძიების ფარგლებში ეს დადასტურდა და ოჯახის წევრები მიეცნენ პასუხისგებაში. მაგალითად, ბოლო დროს გახმაურდა შშმ არასრულწლოვანზე მამინაცვლის მხრიდან განხორციელებული სქესობრივი ძალადობის ფაქტი, რაზეც მამინაცვალი დამნაშავედ იქნა ცნობილი. ამავე საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ აღნიშნული ცნობილი იყო ბავშვის დედისთვის და იგი პასუხისგებაში იქნა მიცემული გაუპატიურებაში დახმარებისათვის.

ასევე, მეორე საქმეზე, გამოძიებით დადგინდა, რომ მამის მხრიდან გოგონას გაუპატიურების ფაქტი დედისთვის იყო ცნობილი, თუმცა, ვინაიდან დედა მოძალადის მხრიდან მუდმივი მუქარის ქვეშ იმყოფებოდა, ვერ შეძლო სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება და ამის შესახებ შემდეგ მასწავლებელს შეატყობინა. ამ ფაქტზე მოძალადე მამას უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ბოლო დროის გახმაურებულ საქმეზე, რასაც არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობა მოჰყვა, პასუხისგებაში მიცემული იქნენ გოგონას დედა და ბიძა - ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ასევე მოძალადის ბიძა და ბიძაშვილი - დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მცირეწლოვნობის გამო მსხვერპლის ნაამბობს არ იჯერებენ ოჯახის წევრები, რაც დანაშაულის გამოვლენას ხელს უშლის.

გვქონდა შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნის მიმართ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული გაუპატიურების შესახებ სამართალდამცავებისთვის 9 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.

გამოძიების დაწყების შემდგომ, საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების და ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვების მიზნით, პროკურატურის აქტიური ჩართულობით, საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორის მიერ საგამოძიებო უწყებას მიეცა მითითებები, რის შედეგად ბრალდების მხარემ დანაშაულის ჩადენიდან 9 წლის შემდეგ მოიპოვა მოძალადის მიმართ დევნის დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები. მოძალადის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და პირს სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რადიო თავისუფლება: თუ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფსიქოლოგიური ტრავმის მიღმა, ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეჰქმნია?

ნათია მერებაშვილი: რა თქმა უნდა, ბავშვზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა მატრავმირებელია ბავშვისთვის და მსხვერპლები ხშირად წლების განმავლობაში განიცდიან ფსიქოლოგიურ ტანჯვას. თუმცა, 2022-2024 წლების საქმეებს თუ გავაანალიზებთ, სქესობრივ დანაშაულებს ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზული რისკი არ მოჰყოლია.

წარსულში გვქონდა შემთხვევა, როდესაც კლინიკა დაუკავშირდა სამართალდამცავებს, რადგან ბავშვს, რომელიც მათთან მიიყვანეს, საეჭვო სახის დაზიანებები ჰქონდა და საბოლოოდ, გაირკვა, რომ ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

რადიო თავისუფლება: ბოლო სამ წელში დაზარალებულთა შორის, რა ასაკისაა ყველაზე პატარა დაზარალებული და რა დაუშავეს მას?

ნათია მერებაშვილი: სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე დაზარალებული ბავშვების ასაკი მცირეწლოვნობიდან 17 წლამდე მერყეობს. შემიძლია იმის თქმა, რომ სამწუხაროდ, გვაქვს მცირეწლოვან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის და ამ დანაშაულზე უვადო თავისუფლების აღკვეთის შემთხვევები.

რადიო თავისუფლება: ამ ტიპის დანაშაულებზე, რამდენად ხშირია სასამართლოს მიერ ბრალდებულის გამართლების ფაქტები?

ნათია მერებაშვილი: ბოლო პერიოდში მახსენდება ერთი ფაქტი. პირს პროკურატურის მიერ წარედგინა ბრალი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ორ ფაქტზე. ეს კაცი პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამართლდა, თუმცა, უზენაესი სასამართლოს განაჩენით დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.

ჩადენილი დანაშაულებისთვის მას მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რადიო თავისუფლება: რა გამოწვევებს აწყდებიან პროკურორები ბავშვთა მიმართ ჩადენილ სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე მუშაობისას?

ნათია მერებაშვილი: ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება დასახელდეს მტკიცებულებების მოპოვების სირთულე, რადგან თუკი დანაშაულიდან დიდი დროა გასული, ერთი მხრივ, რთულდება მტკიცებულებების მოპოვება და, მეორე მხრივ, ამ მტკიცებულებებით მოსამართლის დარწმუნება, რომ დანაშაული რეალურად მოხდა.

ამ ტიპის საქმეებზე სისხლისსამართლებრივ დევნას ჩვენ ვიწყებთ მტკიცებულებების მოპოვების უფრო ნაკლები სტანდარტით, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ ან, მაგალითად, სხვა ტიპის საქმეებზე. ამ საქმეებზე მუშაობისას, სამართალდამცავებმა, გამომძიებლებმა, პროკურორებმა, ადვოკატებმა და შემდეგ უკვე მოსამართლეებმა, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ამ დანაშაულებს არ ჰყავს ბევრი მოწმე. ხშირად, ამ კატეგორიის დანაშაულს, შესაძლოა მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდეს და ისიც თავად დაზარალებული იყოს.

კიდევ ერთი სირთულეა დაზარალებული არასრულწლოვნისგან ჩვენების მიღება. რაც უფრო პატარა ასაკისაა ბავშვი, ცხადია, ინფორმაციის მიღებაც უფრო რთულდება. ხშირად სრულწლოვან ადამიანებს უჭირთ ამ ტიპის დანაშაულებზე ლაპარაკი, უჭირთ ისაუბრონ იმ ტრავმებზე, რაც მათ მიადგათ, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ასეთ დანაშაულს, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ პროკურორებსა და გამომძიებლებს, რომლებიც ამ საქმეებზე მუშაობენ, ჰქონდეთ კონკრეტული სპეციალიზაცია. ჩვენ უფრო მეტად მგრძნობიარე მიდგომები უნდა გვქონდეს დაზარალებულების მიმართ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG