Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აითაჯის საქმე - დედის და ბიძის შემდეგ კიდევ ვინ დაჯდება საბრალდებო სკამზე?


აითაჯ შახმაროვა და მისი დედა, ეგანე მაგარამოვა
აითაჯ შახმაროვა და მისი დედა, ეგანე მაგარამოვა

აითაჯ შახმაროვა 13 წლის იყო, როცა გასული წლის შემოდგომაზე, დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს და მოზარდი მასზე გაცილებით უფროს და შეძლებულ კაცზე, 27 წლის ასიმ ასლანოვზე დანიშნეს - 11 ოქტომბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მადონა მაისურაძემ, ასე გააცნო მათ მიმართ წარდგენილი ბრალის შინაარსი აითაჯის დედას, ეგანე მაგარამოვასა და მის ძმას, ნადიკ მაგარამოვს.

ბრალდება და-ძმას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება - ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. გამოძიება ამ საქმეზე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

აითაჯის საქმეს იძიებს კახეთის სამხარეო პოლიციაც. 14 წლის აითაჯი სწორედ კახეთში, სოფელ ლამბალოში მოკლეს. ბრალდების თანახმად, ის 27 წლის ასიმ ასლანოვმა მაშინ მოკლა, როცა არასრულწლოვანი გოგო მისგან გაქცევას ცდილობდა.

11 ოქტომბერს, თელავის სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, რომელსაც ბრალდებულიც ესწრებოდა, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ასე გააცნო დარბაზში მყოფთ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი:

„2023 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 წუთზე, ასიმ ასლანოვმა აითაჯ შახმაროვა მიიყვანა სოფელ ლამბალოში მდებარე ბიძის საცხოვრებელ ეზოში, საიდანაც აითაჯმა მანამდეც, ივნისის თვეში მოახერხა გაქცევა და თავის სახელზე მითითებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, მოკვლის განზრახვით, მრავალჯერ ესროლა აითაჯ შახმაროვას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“.

საქმის სამი ბრალდებული და სისხლის სამართლის კოდექსის ხუთი მუხლი

6 ოქტომბერს მოკლული აითაჯის საქმეზე ბრალდებას 12 ოქტომბრის მდგომარეობით სამი ბრალდებული ჰყავს დაკავებული. აითაჯის დედა, ბიძა და 27 წლის კაცი, რომელთანაც არასრულწლოვანი 2023 წლის ივნისიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იძულებით იმყოფებოდა. გამოძიება საქმეზე ხუთი მუხლით მიმდინარეობს.

27 წლის ასიმ ასლანოვს ბრალად ედება:

  • სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
  • სსკ-ის 236-ე მუხლი, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარება;
  • სსკ-ის 143-ე მუხლი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არასრულწლოვნის მიმართ.

რაც შეეხება აითაჯის დედას და ბიძას, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში მათ წინააღმდეგ ორი მუხლითაა დაწყებული გამოძიება:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი - ქორწინების იძულება - რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი, დანაშაულის შეუტყობინებლობა - ითვალისწინებს 2-დან 6 წლამდე პატიმრობას.

აითაჯის საქმეზე დაკავებული არცერთი ბრალდებული, არცერთ ნაწილში ბრალს არ აღიარებს.

რა თქვა თელავის სასამართლოში ასიმ ასლანოვმა?

6 ოქტომბერს, 14 წლის გოგოს მკვლელობის შემდეგ მიმალული ასიმ ასლანოვი პოლიციამ ოთხი დღის თავზე, 10 ოქტომბერს დააკავა.

ასიმ ასლანოვი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ის მაშინ დააკავეს, როდესაც მიმალვიდან დაბრუნებული, მამასთან ერთად პოლიციაში მიდიოდა:

ასიმ ასლანოვი სასამართლოს სხდომაზე
ასიმ ასლანოვი სასამართლოს სხდომაზე

„მივედი მამაჩემთან და მამაჩემმა მითხრა, რომ პოლიციაში წაგიყვანო. დაურეკეს პოლიციას, მოვიდა პოლიცია და დამაკავა. მანქანით მივდიოდით პოლიციაში და იქ შედგა დაკავების ოქმი“.

რაც შეეხება აითაჯის მკვლელობის ფაქტს, ასიმ ასლანოვი ამ ამბავს ასე აღწერს:

„იარაღთან შეხება არ მქონია. არ ვიცოდი, როგორი იარაღი იყო, მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და სისხლი რომ წამოუვიდა, მერე გავიქეცი, შემეშინდა. მეგონა, პნევმატური იარაღი იყო. ჩემს სახელზე იყო იარაღი, ჩვენ სოფელში ვიყიდე. ვისგანაც ვიყიდე, იმან წამიყვანა გასაფორმებლად“.

ასიმ ასლანოვის თქმით, მან არ იცოდა, რომ აითაჯი 14 წლის იყო: „ასე მითხრეს, 18 წლისააო“.

აითაჯისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებაზე კი ამბობს:

„არ მომიტაცია, დედამისმა თვითონ მომიყვანა, მანქანაში ჩამისვა, „სოკარის“ კამერებშიც ჩანს“.

მოსამართლე: „მოტაცებას არ გედავებიან, თქვენ გედავებიან თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, როცა გაიქცა [ივნისში], შემდეგ დააბრუნეთ სახლში და იძულებული გახდა, დარჩენილიყო“.

ასიმ ასლანოვი: „იძულებით არ მყავდა სახლში, ჩემთან ერთად მთაშიც დადიოდა“.

ასიმ ასლანოვს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. მისი წინასასამართლო სხდომა 30 ნოემბერს დაინიშნა.

რა თქვა რუსთავის სასამართლოში აითაჯის დედამ?

აითაჯის დედას და ბიძას რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 11 ოქტომბერს შეუფარდა.

ბრალდების თანახმად, 2022 წლის შემოდგომაზე, აითაჯ შახმაროვა დედამ და ბიძამ აიძულეს დასთანხმდებოდა ქორწინებას და სოფელ უსეინქენდში, ბიძის სახლში, დედის, ბიძისა და სხვა პირების თანდასწრებით, არასრულწლოვანი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაინიშნა.

„მიიჩნევდნენ, რომ აითაჯს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება. ის უნდა დამორჩილებოდა მათ გადაწყვეტილებას, რომ დაოჯახებულიყო ადრეულ ასაკში მასზე გაცილებით უფროს და მატერიალურად შეძლებულ მამაკაცზე“, - კითხულობს ბრალდების შინაარსს მოსამართლე მადონა მაისურაძე.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი ხატია გოგრიჭიანი კი ამატებს:

„ამ საქმეში ბრალდებულმა და-ძმამ, მატერიალური დაინტერესების გამო შექმნეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო ნებისმიერი გზით აითაჯის გათხოვება. ამ განზრახვის განსახორციელებლად მათ არაერთი ადამიანი დაარწმუნეს, მონაწილეობა მიეღოთ ნიშნობაში. პირველ რიგში კი, მათ ზეწოლა მოახდინეს არასრულწლოვან აითაჯზე, რომელიც იმის შიშით, რომ დედა არ გაბრაზებოდა და ბიძას მის გამო არ შერცხვენოდა, არ საუბრობდა თავის სურვილებზე. იგი იმდენად იყო ოჯახის წევრების მხრიდან დაშინებული, რომ არჩია უცხო ადამიანთან ქორწინებას დასთანხმებოდა.

აითაჯის „გათხოვების“ შემდეგ, მისი დედა და ბიძა ხალხში ავრცელებდნენ აზრს, რომ თითქოსდა აითაჯი მოიტაცეს, შემდეგ კი იქ მისი სურვილით დარჩა. უფრო მეტიც, აითაჯის დედამ სკოლის დირექტორს ტყუილი უთხრა, თუ რატომ არ დადიოდა აითაჯი სკოლაში. ე.ი. მან აითაჯი შეგნებულად გაწირა, ყოფილიყო მუდმივად სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი. ხოლო თავად ცრუ ამბების გავრცელებით ცდილობდა, თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი პასუხისმგებლობა, რადგან მან კარგად იცოდა, რომ ბავშვის გათხოვება, ფაქტობრივად, გაყიდვა, დანაშაულია“.

პროკურორმა 11 ოქტომბერს გამართულ სასამართლოზე წარადგინა საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი მოწმის, ეგანე და ნადიკ მაგარამოვების ოჯახის წევრის, ე.მ-ის გამოკითხვის ოქმის შინაარსი, სადაც მოწმე ჰყვება, როგორ დაითანხმეს დედამ და ბიძამ აითაჯი ნიშნობაზე:

„ეს მოწმე არის პირი, რომლის სახლშიც და რომლის თანდასწრებითაც განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება. ის აითაჯს თავად ესაუბრა და პირადად მისგან გაიგო, რომ არ სურდა დაქორწინება. მოწმე უთითებს, რომ აითაჯის პოზიციის ცვლილება სწორედ ეგანე და ნადიკ მაგარამოვების ზეწოლამ განაპირობა. მოწმის განმარტებით, ნადიკი აითაჯს ეუბნებოდა, შენ უნდა დარჩე ასიმთან, როგორც მისი ცოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ოჯახების შერცხვენა. შენ თუ უკან წამოხვალ, თავი მოგვეჭრება, სახელი და ღირსება შეგველახება. უკან მობრუნებულს არავინ მიგიღებს და ოჯახიც შერცხვება. ასევე, ჩვენი ადათ-წესების შესაბამისად, შენ უპატივცემულობა გამოგივა, თუ უკან წამოხვალ. ამ პოზიციას იზიარებდა ეგანე მაგარამოვაც. ამის გამო, აითაჯი იძულებული გახდა, დათანხმებოდა დედისა და ბიძის მოთხოვნას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დაადასტურეს სხვა მოწმეებმაც“, - თქვა ხატია გოგრიჭიანმა სასამართლო დარბაზში.

აითაჯის დედამ 11 ოქტომბერს სასამართლოს დარბაზიდან ჟურნალისტების გასვლა მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განუმარტა, რომ სხდომის გადაღება კანონის შესაბამისად ხორციელდებოდა.

ეგანე მაგარამოვა მისი და მისი ძმის მიმართ წაყენებულ არცერთ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს: „რაც ისაუბრა ბრალდების მხარემ, არაფერი სიმართლე არ ყოფილა“ და ეჭვქვეშ აყენებს პროკურორის მიერ წარდგენილი მოწმის გამოკითხვის ოქმის შინაარსსაც:

ეგანე მაგარამოვა, აითაჯის დედა სასამართლოს დარბაზში
ეგანე მაგარამოვა, აითაჯის დედა სასამართლოს დარბაზში

„ე.მ. არის მშვიდი პიროვნება, რომელმაც ქართული ენა საერთოდ არ იცის. ის, რაც მან ილაპარაკა ჩვენების დროს, თეთრზე შავი უწერიათ. საერთოდ არ ყოფილა პროკურორის სიტყვები მისი სიტყვები. ყველას წინაშე ვადასტურებ, პრობლემა არ არის, ე.მ. გამოცხადდეს შემდეგ სხდომაზე, თუ ის გაიმეორებს იმავე სიტყვებს, რაც ჩვენებაში უწერია, მე და ჩემი ძმა თანახმა ვართ უვადო პატიმრობაზე“.

ბრალდებული დედა მოსამართლეს შვილის ნიშნობისა და ასიმ ასლანოვთან თანაცხოვრების საკუთარ ვერსიას უყვება:

„ჩემი მხრიდან ჩემი შვილის იძულებით გათხოვებასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. პირიქით, სამჯერ-ოთხჯერ იყვნენ მოსულები ჩვენთან ხელის სათხოვნელად. რამდენჯერაც ვკითხე ჩემს შვილს, ის ყოველთვის მპასუხობდა, დიახ, თანახმა ვარ“.

ბრალდების მტკიცებით, 2023 წლის ივნისში, როდესაც ასიმ ასლანოვმა აითაჯი იძულებით წაიყვანა სოფელ ლამბალოში, გოგომ მოახერხა გაქცევა და უცნობი პირის ტელეფონიდან დედასთან დაურეკა: „დახმარება და სახლში დაბრუნება სთხოვა, თუმცა, დედამ ბავშვი კვლავ ასიმ ასლანოვთან მიიყვანა“, - ამბობს პროკურატურა.

ამ ბრალდებაზე ეგანე მაგარამოვას ასეთი პასუხი აქვს:

„მე ვიყავი მისული ტაქსის მძღოლთან ერთად. გადაგვეღობა წინ ასიმი და მისი და. იარაღით მემუქრებოდა და ერთხელ ჰაერშიც გაისროლა. როცა ვუთხარი, 112-ში დავრეკავ და შევატყობინებ-მეთქი, მითხრა, დარეკე, პრობლემა არ არის, მაგრამ ხვალ დილით ნახავ შენი შვილის გვამსო. ეს მოხდა ჩემი შვილის მოტაცების დღეს“.

რა იცოდა სკოლამ და შესაძლოა თუ არა, დადგეს სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი?

ეგანე მაგარამოვამ სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა სკოლის დირექტორისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლა არ იყო ინფორმირებული აითაჯის იძულებითი ქორწინების შესახებ.

მოსამართლე: ადასტურებთ თუ არა, რომ სკოლის დირექტორს არ უთხარით მიზეზი, თუ რატომ არ დადიოდა ბავშვი სკოლაში.

დედა: სიმართლე გითხრათ, დირექტორისთვის არ მითქვამს, რა მიზეზით არ დადიოდა ბავშვი სკოლაში, მაგრამ ჩემი შვილი ვინც მოიტაცა, იმ ცხოველთან დავრეკე და ვუთხარი, რომ ბავშვი სკოლაშია მისასვლელი-მეთქი. ასე მითხრა, ზეგ მოვიყვანო, „ზეგ“ დავურეკე და მითხრა, სამ დღეში მოვიყვანო, მატყუებდა. ასე ვეუბნებოდი მეც სკოლის დირექტორს.

რადიო თავისუფლება ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენჯერმე ელაპარაკა დმანისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს მაია ხმალაძეს. ჩვენთან საუბრისას ის ირწმუნებოდა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა არაფერი იცოდნენ მერვეკლასელი მოსწავლის ნიშნობისა და ქორწინების შესახებ.

მისი თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, აითაჯის დამრიგებელი ერთი კვირა ცდილობდა ბავშვის დედასთან დაკავშირებას, თუმცა, ქალი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, „ტელეფონი გათიშული იყო“. 23 სექტემბერს კი დამრიგებელმა აითაჯის ძმას, ამავე სკოლის მოსწავლეს სთხოვა, დედისთვის გადაეცა, რომ მას სკოლაში იბარებდნენ:

„მშობელი კვლავ არ გამოცხადდა, კვლავ არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს. დედა სკოლაში მივიდა 5 ოქტომბერს. ჩემი ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში, ქალი ფიზიკურად არ იმყოფებოდა სოფელში. იმ დღეს სკოლის დირექტორი თავად ესაუბრა ქალს. უთხრა, რომ თუკი ბავშვი დაუყოვნებლივ არ მივიდოდა სკოლაში, მას მოსწავლის სტატუსი შეუჩერდებოდა. აუხსნა ყველა დეტალი. მშობელი ლამის მუხლებში ჩაუვარდა, სტატუსი არ შეუჩეროთ, მაქსიმუმ ორ დღეში მოვა სკოლაში, სტუმრადაა წასულიო“.

11 ოქტომბერს, სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზემო ყარაბულახის სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და სკოლის დირექტორი, ჰამლეტ ისმაილოვი, აითაჯის ნიშნობის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ. სამირა ბაირამოვა წერდა იმასაც, რომ 2015 წელს, თავად ჰამლეტ ისმაილოვი დაინიშნა არასრულწლოვან, 15 წლის სკოლის მოსწავლეზე და მოგვიანებით მათ იქორწინეს კიდეც, რის შესახებაც ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროც.

სამირა ბაირამოვა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ინფორმაცია მას ერთ-ერთმა ადგილობრივმა, „კომპეტენტურმა ადამიანმა“ შეატყობინა:

სამირა ბაირამოვა
სამირა ბაირამოვა

„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დირექტორმა იცოდა გოგონას დაქორწინების შესახებ. მას შემდეგ, რაც შარშან დაინიშნა, ივნისის ჩათვლით, სულ რამდენჯერმე იყო სკოლაშიო. დედამისთან იყვნენ შეთანხმებულები. მიუხედავად იმისა, რომ მთელმა სოფელმა იცოდა, რომ გოგო იძულებით იყო დანიშნული და სკოლაშიც ამიტომ არ დადიოდა, ამის შესახებ დირექტორმა არ შეატყობინა სამართალდამცავებს. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ სკოლის დირექტორი რამდენიმე წლის წინ თავად დაინიშნა არასრულწლოვან მოსწავლეზე და ეს იცოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც“.

ინფორმაციის გადამოწმება რადიო თავისუფლებამ ჯერ სკოლის დირექტორთან, ჰამლეტ ისმაილოვთან სცადა. ის ტყუილს უწოდებს სამოქალაქო აქტივისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

„სკოლის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია იმის შესახებ, რომ ბავშვი დანიშნული იყო. ბავშვი გასული სასწავლო წლის 5 ივნისამდე ყოველდღე, ჩვეულებრივად დადიოდა სკოლაში. სექტემბრიდან არ გამოცხადდა სკოლაში. 20-25 სექტემბრამდე ვიყავი შვებულებაში, ჩემმა მოადგილემ დაიბარა მშობელი დამრიგებელთან. მშობელმა თქვა, რომ ბავშვი ორ დღეში მივიდოდა სკოლაში. სოფელი, სადაც ბავშვი ცხოვრობდა, ჩვენი სოფლიდან მოშორებითაა. კომუნიკაცია იმ სოფელთან, ფაქტობრივად, არ არის.

ასევე ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე რამდენიმე წლის წინ საკუთარ არასრულწლოვან მოსწავლეზე დავქორწინდი. ჩემი მეუღლე არც ჩემი მოსწავლე იყო და საერთოდ სკოლის მოსწავლე აღარ იყო. ჩვენ რომ დავინიშნეთ, ის იყო სრულწლოვანი“.

ნამდვილად შევიდა თუ არა 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია ჰუსეინ ისმაილოვისა და არასრულწლოვანი გოგოს შესაძლო ნიშნობის შესახებ? - რადიო თავისუფლება ამ კითხვაზე პასუხს უწყებიდან მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა.

პასუხი ვერ მივიღეთ ვერც განათლების სამინისტროსგან - ხომ არ დაიწყო მოკვლევა სოციალურ ქსელში, ზემო ყარაბულახის სკოლის დირექტორის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე?

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, ანა თავხელიძე არ გამორიცხავს, რომ საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს სკოლის ადმინისტრაციის, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც დანაშაულის შეუტყობინებლობის, ისე სამსახურებრივი გულგრილობის მხრივ:

ანა თავხელიძე
ანა თავხელიძე

„სავარაუდოდ, მათ იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ და არ შეატყობინეს შესაბამის უწყებებს. თუკი ეს ასე იქნება, აუცილებლად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით. ხოლო თუკი არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ სკოლა ინფორმირებული იყო ამ ფაქტის შესახებ, მაშინ გეტყვით, რომ მათ ევალებოდათ სცოდნოდათ ეს ინფორმაცია. მათ რეალურად უნდა მოეკვლიათ, რატომ არ დადიოდა ბავშვი სკოლაში, საქმის კურსში ჩაეყენებინათ ზრუნვის სააგენტო. თუკი ეს ზომები არ მიიღო სკოლამ, ეს ნიშნავს, რომ მათი მხრიდან გულგრილობას ჰქონდა ადგილი, რაც ასევე დანაშაულია და ამ კუთხით, სამსახურებრივი გულგრილობის თაობაზე მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“.

სად არის აითაჯის მამა?

როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან პროკურატურაში, აითაჯის მამა, ამ ეტაპზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსს ფლობს.

შეიცვლება თუ არა ეს სტატუსი ბრალდებულის სტატუსით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 12 ოქტომბერს, ის ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში დაიბარეს გამოკითხვაზე.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აითაჯის მშობლები განქორწინებულები იყვნენ და კაცი ბოლო თვეების განმავლობაში საზღვარგარეთ, კერძოდ, რუსეთში ცხოვრობდა. ის საქართველოში შვილის მკვლელობის შემდეგ დაბრუნდა.

წარუდგენენ თუ არა ბრალს მკვლელობაში ბრალდებული კაცის ოჯახის წევრებს?

როგორც იურისტი ანა თავხელიძე გვიხსნის, ბრალდებულ ასიმ ასლანოვის ოჯახის წევრებს დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალს გამოძიება ვერ წარუდგენს და აი, რატომ:

„ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თავისუფლდებიან ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის ვალდებულებისგან და ბუნებრივია, ამაში მოიაზრება, რომ ოჯახის წევრის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინების ვალდებულებასაც ვერ დააკისრებ ბრალდებულის ოჯახის წევრებს“.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიებას ასიმ ასლანოვის ოჯახის წევრების მიმართ სხვა ინტერესი აღარ უნდა ჰქონდეს.

სახლი სოფელ ლამბალოში, სადაც აითაჯი ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა
სახლი სოფელ ლამბალოში, სადაც აითაჯი ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა

ანა თავხელიძის თქმით, გამოძიება, სავარაუდოდ, უკვე უნდა მიმდინარეობდეს მათი მხრიდან დანაშაულში თანამონაწილეობის [თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის] და მოზარდზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის კონტექსტში:

„ბავშვს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება. უნდა დადგინდეს, ეხმარებოდნენ თუ არა ისინი ბრალდებულს ამ დანაშაულის ჩადენაში. თავადაც ხომ არ ძალადობდნენ ბავშვზე? ეს გარემოებები შესწავლილი უნდა იყოს გამოძიების მიერ და გამოძიებამ უნდა ახსნას, ამ საქმეში როგორი იყო მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის როლი და პასუხისმგებლობა“.

იურისტი დარწმუნებულია, რომ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე უნდა გაფართოვდეს:

„ბავშვის მიმართ ამ არაერთი და მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა. ნათესავებმა, მეზობლებმა. ამ ბავშვის ნიშნობას არაერთი ადამიანი ესწრებოდა. მათ ხომ იცოდნენ, სად იყვნენ მისულები“.

ბრალდებულ პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს არც საქმის პროკურორი ხატია გოგრიჭიანი და ამბობს:

"აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუკი დადგინდება სხვა პირების ბრალეულობა, ბრალდების მხარე აუცილებლად გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ ზომებს... თითოეულ ადამიანთან მიმართებით, ვისაც პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული არასრულწლოვანზე, მათ შორის, სკოლას, ასევე მის მშობლებს, ნათესავებს, თითოეულ ადამიანთან მიმართებით მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბრალდების მხარე ყველა იმ ადამიანს აგებინებს პასუხს სრული სიმკაცრით, რომელიც ჩარეული იყო ბავშვის „გათხოვებაში“, შემდეგ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გარდაცვალებაში“.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მომზადებულ გამოკვლევაში, რომელიც 2022 წელს გამოქვეყნდა, 2020-2022 წლებში, ბავშვთა ქორწინების მიზნით ჩადენილ 407 საქმეზე დაიწყო გამოძიება.

2020 წელს, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ. 2021 წელს - 67 პირის მიმართ. 2022 წელს (6 თვე) – 44 პირის მიმართ.

საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე არსებობდა ასევე სამოქალაქო კოდექსში ჩანაწერი, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან, ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ანუ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი მის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში.

ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, რომელიც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ითვლება მძიმე დანაშაულად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე.

XS
SM
MD
LG