Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ უჯერებენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ შშმ ბავშვებს?


„შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს არავინ ავნებს, ეს მდგომარეობა მათ იცავს“ „ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებს არ შეუძლიათ ტრავმის განცდა. ისინი უბრალოდ ვერ იმახსოვრებენ, იმას, რაც შეემთხვათ“ (გავრცელებული მითები შშმ პირებთან და სექსუალობასთან დაკავშირებით)

რეალური ცხოვრება ამ მითების საპირისპიროს ამტკიცებს. სტატისტიკურად, დაახლოებით 2-ჯერ უფრო მეტია იმის რისკი, რომ შშმ ბავშვი გახდეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე მათი თანატოლები.

მარიამ დევიძე სმენის არმქონე პირი და უფლებადამცველია. ის იყო ერთ-ერთი აქტივისტი, რომელმაც სმენის არმქონე არასრულწლოვნებზე სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევების შესახებ გაიგო და დაახლოებით ორი თვის წინ ამის შესახებ საგამოძიებო უწყებებს აცნობა.

„სმენის არმქონე თემში არასრულწლოვანებისთვის, რომელთაც მშობლებთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ, ასაკოვანი კაცები რაღაცებს ყიდულობდნენ და ასე იტყუებდნენ ბავშვებს. ეტყოდნენ, აი, მე რომ შენ გაჭამე, წაგიყვანე, გიყიდე, კარგი იყო? შენ რას მომცემ სანაცვლოდ? ბავშვებს ეს ჩვეულებრივი ამბავი ეგონათ. მეუბნებოდნენ - მაჭმევს, მივლის, ესე იგი, ნორმალურია ის, რასაც მთხოვსო“, - ჰყვება მარიამი.

სმენის არმქონე თემში შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 6 ივნისს დაიწყო. 7 ივნისს გავრცელებული განცხადებით გაირკვა, რომ გამოძიებას ერთდროულად თბილისის, აჭარის, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში აწარმოებდნენ. სისხლის სამართლის კოდექსის ორი - გაუპატიურებისა და მუქარის, 137-ე და 151-ე მუხლებით.

„ბავშვებს არ უჯერებენ... მოძალადეები ამით სარგებლობენ“

შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების უმეტესობა დამალულია და ის იშვიათი შემთხვევებიც, რომლებიც ხმაურდება, რთულ გზას გადის. სექსუალური დანაშაულის გამოძიების დროს, ხშირად, საგამოძიებო თუ სხვა პასუხისმგებელი უწყებების მთავარი აქცენტი არა დანაშაულზე, არამედ ბავშვის ადეკვატურობაზე გადადის.

„მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ შემთხვევა, როდესაც შშმ პირის ჩვენება, რომ ძალადობა მისთვის მტკივნეული იყო, ეჭვქვეშ დადგა მხოლოდ იმიტომ, რომ მან (შშმ პირმა) ვერ გაამრავლა თხუთმეტი სამზე. ლოგიკა იყო ასეთი - თუ არ იცის გამრავლება, ვერ ეცოდინება, რა იგრძნო ძალადობის პროცესში. ხშირად ამის გამო პროცესები იწელება, შშმ პირის მსხვერპლად აღიარებაც ფერხდება და მოძალადეც არ და ვერ ისჯება დროულად და ადეკვატურად“, - გვიყვება მაია შიშნიაშვილი, კოალიციის „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ დამფუძნებელი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომლებიც სექსუალური დანაშაულის მსხვერპლები არიან, ხშირად არ უჯერებს არც ოჯახი, არც საზოგადოება და არც მართლმსაჯულების სისტემა.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ნათია მალანია იხსენებს შემთხვევას, როგორ ცდილობდა ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ბავშვი სხვადასხვა ფორმით, უფროსებისთვის ძალადობის ფაქტის შეტყობინებას: „ბავშვს შეეცვალა გუნება-განწყობა, ჩაიკეტა, ძალიან მძაფრად რეაგირებდა შეხებაზე. იყო შეშინებული და დამფრთხალი. თოჯინებთან და სხვა ბავშვებთან თამაშში იმეორებდა მასზე ძალადობის ეპიზოდის დეტალებს, დაერღვა ძილის და კვების რუტინა… როგორც კი კომფორტულად და მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ იგრძნო ბავშვმა თავი, მერე შეძლო ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება“.

სირთულე კომუნიკაციასა და მეტყველებაში, ძალადობისგან თავის დაცვის უნარების ნაკლებობა ან ფიზიკურად ვერ მოხერხება - ბევრი ფაქტორია, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სექსუალური ძალადობის უფრო მაღალ რისკის ჯგუფში აქცევს.

„შესაძლებელია, ბავშვი იყოს 8-10 წლის, მაგრამ მისი განვითარების ასაკი იყოს 4-5-6 წლის ასაკის დონეზე, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდეს განვითარებული ისეთი უნარები, როგორიც არის სოციალური სიტუაციის, კონტექსტის გაგება, როგორიც არის თუნდაც საფრთხის აღქმა… არ აქვთ ინფორმაცია, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს შემთხვევაში… ვთქვათ, იყვირონ, გაიქცნენ, ვინმეს დახმარება სთხოვონ, თუნდაც დაიცვან თავი, თუ ეს შეიძლება იყოს რაიმე სიგნალის მიცემა უფროსისთვის“, - ამბობს ნათია მალანია.

საქმეს ართულებს ისიც, რომ „თითქოს, მიღებულია, რომ მეგობართან, ნაცნობთან, ნათესავთან ბავშვს მოვუწოდოთ ჩაეხუტოს, კალთაში ჩაუჯდეს, მოეფეროს ისეთ ადამიანს, რომელსაც შეიძლება მეორეჯერ ხედავს. ეს ბავშვს კიდევ უფრო აბნევს. შესაბამისად, მისთვის უფრო რთულია ამოიცნოს ტრიგერები, რისკები განასხვაოს და ჩვენც გაგვაგებინოს“, - ამბობს ნათია მალანია.

„სექსუალური ურთიერთობა შშმ პირებს არ ეხება" - რატომ არის ეს მცდარი?

შშმ პირების სექსუალური ცხოვრება უმეტეს შემთხვევაში ტაბუირებულია. დეა ერემაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი და ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი - აჭარის“ ხელმძღვანელია. დეა იხსენებს, როგორ ეგონა ბავშვობაში, რომ სექსუალური ურთიერთობა, ოჯახის შექმნა, შვილების ყოლა მას არ ეხებოდა, რადგანაც შშმ პირი იყო.

„მაშინ, 90-იანებში, სხვა პრობლემები იყო და არც საუბრობდნენ ამ თემებზე… არც საფრთხეებზე გველაპარაკებოდნენ…“

დღეს დეა თავად მუშაობს თემში. შშმ პირებს რეპროდუქციულ უფლებებს უხსნის. მისი დაკვირვებით, შშმ პირები განსაკუთრებულად მოწყვლადები სექსუალური ძალადობის მიმართ იმიტომ არიან, რომ არ არიან ინტეგრირებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არიან ბავშვები, რომლებიც სკოლაშიც კი ვერ დადიან, ან თუ დადიან, არ აქვთ კომუნიკაცია სხვა ბავშვებთან.

„სპეციალისტების რაოდენობაც არ არის, ამ მიმართულებით რომ მუშაობდნენ და შესაბამისად აუხსნან, მაგალითად, თუ რა არის შეხება... მაგალითად, უნდა იცოდეს შშმ გოგონამ, რომ თუკი მას ტრანსპორტში, სახლში, გარეთ ვინმე მკერდზე ან სხვა ადგილას შეეხო, ეს არ არის ნორმალური… კიდევ ოჯახების თემაც არის, რადგან ხშირად მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ შშმ პირებს შეიძლება პირადი ცხოვრება ჰქონდეთ და ვიღაცამ მათ შეხედოს, როგორც “ინტერესის ობიექტს”. მშობლებს ამ კუთხით თავი დაზღვეული ჰგონიათ“.

კიდევ ერთი უფლებადამცველი, მარიამ დევიძე სმენის არმქონე პირების წინაშე არსებულ პრობლემებზე გვიყვება და აღნიშნავს, რომ საქართველოში ეს თემი „გადამალული და ჩამოშორებულია“ საზოგადო სიკეთეებს, განვითარების პერსპექტივის გარეშეა დარჩენილი. ის გვიყვება, რომ არა მხოლოდ ევროპა და ამერიკა, რუსეთიც კი წინ არის სმენის არმქონე პირების ცხოვრების დონით.

„მაგალითად, სკოლაში სულ პატარებს გვასწავლიდნენ, რომ როდესაც ქუჩაში სეირნობ და კაბა გაცვია… და ვიღაცამ თუ გკითხა, “აბა, რა ფერის საცვალი გაცვია, მაჩვენე”, ეგ არ არის ნორმალური კითხვა“, - იხსენებს მარიამი რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში თავისი სწავლის გამოცდილებას.

როდესაც მარიამი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და სკოლაშიც აქ გააგრძელა სწავლა, დიდი სხვაობა დაინახა.

„მაგალითად, აქ როდესაც ბიჭები გოგონებს საჯაროდ ეკითხებოდნენ საცვლის ფერს, ყოველთვის ვერთვებოდი ხოლმე - “ბიჭი ხარ და გოგოს მაგას რატომ ეკითხები ასე საჯაროდ, უფლება არ გაქვს”, - ვეუბნებოდი. ბავშვები ცოტა გაუგებრობაში იყვნენ, უხაროდათ, ნორმალურად აღიქვამდნენ, რასაც აკეთებდნენ და როდესაც ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლებოდა, მპასუხობდნენ - “რა მოხდა მერე?!”

იურისტმა თამუნა გაბოძემ, პროკურატურიდან, 2016-დან 2023 წლის აპრილამდე სექსუალურ ძალადობაში დაზარალებულად ცნობილ ბავშვებზე სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა. ამ სტატისტიკის მიხედვით, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლიდან გაორმაგებულია, თუმცა კონკრეტულად შშმ ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა რეალობას არ ასახავს.

„ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევა თუ არის, მაგალითად, 200, შშმ ბავშვის მიმართ მხოლოდ 2 საქმეა… ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ მუშაობს ეფექტურად შშმ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების ამოსაცნობად. ეს მაჩვენებელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში“.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 10 წელზე მეტია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის - ბავშვთა უფლებებზე მუშაობს. ორგანიზაციას ათეულობით ისეთი საქმე აქვს, სადაც შშმ ქალები და ბავშვები სექსუალური ძალადობის დანაშაულის მსხვერპლები არიან.

შშმ ბავშვებს საქმე მართლმსაჯულების პროცესშიც ურთულდებათ. თუმცა საჭიროებების შესაბამისად სათანადო მხარდაჭერით ჩვენების მიცემა ყველასთვის მოსახერხებელი იქნება.

„მაგალითად, თუ (ბავშვს) არ შეუძლია საუბარი, ის წერს, თუ არ ესმის, მაშინ შეუძლია, რომ ჟესტური ენის თარჯიმანი დაიხმაროს და სხვა. შეზღუდული შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ამ ბავშვებს არ შეუძლიათ პროცესში ჩართვა, უბრალოდ მათ შეიძლება დასჭირდეთ გარკვეული მხარდაჭერა, რისი უფლებაც აქვთ კანონით და რისი ვალდებულებაც აქვს სახელმწიფოს“, - ამბობს თამუნა გაბოძე.

2015 წელს პროკურატურამ 12 წლის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის გაუპატიურებაზე დაიწყო გამოძიება, თუმცა დამნაშავე პასუხისგებაში დღემდე არ მიცემულა.

„გამოძიებისთვის როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ბავშვი იყო შშმ პირი, მაშინვე გამოძიების ძირითადი ფოკუსი წავიდა იქითკენ, რომ მისი ჩვენება და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო სანდო. მიუხედავად იმისა, რომ იგი დეტალურად აღწერდა ყველაფერს, თუ როგორ და რა მოხდა. გარდა ამისა, მისი მონაყოლი დასტურდებოდა ობიექტური გარემოებებით და მტკიცებულებებით“, - ამბობს დავით ჯავახიშვილი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი.

რადგანაც გამოძიება არ იყო ეფექტიანი, 2020 წელს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა“ ეს საქმე გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში გააგზავნეს.

ეს იყო პირველი და პრეცედენტული შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქე შშპ პირის სექსუალური ძალადობის შესახებ კომიტეტმა მსჯელობა დაიწყო. ახლა საქმე შეპასუხების ეტაპზეა და სახელმწიფოს პოზიციის წარსადგენად 118 დღე აქვს დარჩენილი.

„ჩვენი მიზანი არის, რომ დადგინდეს დარღვევა, შემდეგ უკვე სათანადო რეაგირების ვალდებულება დაეკისროს სახელმწიფოს… ეს არის უდიდესი სისტემური პრობლემა, რასაც უნდა ვებრძოლოთ ყველამ, იმიტომ რომ ასეთი ტიპის მძიმე დანაშაული არ შეიძლება მსგავსი გულგრილობით, შეცდომით დარჩეს და ვიღაც ისეთ პირებს, ვინც მსგავსი ტიპის დანაშაული ჩაიდინა, შერჩეთ ეს ქმედება“, - ამბობს დავით ჯავახიშვილი და ამატებს, რომ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ორგანიზაცია შეისწავლის და გააკონტროლებს, როგორ შეასრულებს სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობებს.

შემთხვევიდან 8 წელი გავიდა და გამოძიება საქართველოში კვლავ მიმდინარეობს.

  • 16x9 Image

    მარიამ ტაკიძე

    ჟურნალისტი. 2023 წლიდან რადიო თავისუფლების რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამის სტიპენდიატი.

XS
SM
MD
LG