Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას არ გასცემს - გაფართოების ანგარიში


ევროკომისიის პრეზიდენტი უზრულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი უზრულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისია არ აპირებს, საქართველოსთან ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცეს. ეს ცნობილი ხდება ყოველწლიური გაფართოების ანგარიშიდან, რომელსაც ევროკომისია დღეს წარადგენს. დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზეც და ხაზგასმულია ის დარღვევები, რომელთა ფონზეც ხმის მიცემამ ჩაიარა.

დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ საჯაროდ გამოქვეყნებამდე ნახა, ამის მიზეზად საქართველოს ხელისუფლების კურსი არის დასახელებული.

„2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყოლია ხელისუფლების სათანადო ძალისხმევა ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკომისია დასძენს, რომ საჭირო რეფორმების გატარების სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს „მძიმე ზიანი მიაყენა“:

„მნიშვნელოვანმა ნეგატიურმა მოვლენებმა, უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ, ისევე, როგორც ქართველი თანამდებობის პირების მკვეთრმა ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებმა, მძიმე ზიანი მიაყენა საქართველოს ევროპულ ტრაექტორიას. შედეგად, საქართველოს [ევროკავშირში] შესვლის პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია“.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო - უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან წლინახევრის შემდეგ.

მაშინ ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას ცხრა რეკომენდაცია მისცა, რომელთა შესრულებაც შემდეგ ეტაპზე გადასვლის, ანუ გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობა იყო.

იმავე დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრების მოლაპარაკებებს დაიწყებდა და დაიწყო კიდეც 2024 წლის 24 ივნისიდან.

2024 წლის გაფართოების ანგარიშში ევროკომისია აღნიშნავს, რომ ცხრა რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს „უმნიშვნელო პროგრესი“ აქვს.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ცხრა პრიორიტეტის შესრულებას დაუბრუნდეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2024 წლის მარტიდან განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენები არ ასახავს მთავრობის გაცხადებულ ერთგულებას ევროპული გზისადმი“.

ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ე.წ. „აგენტების კანონი“ და ლგბტ უფლებების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტი.

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად, ევროკომისია კიდევ რამდენიმე პირობას აყენებს. მათ შორისაა:

  • ხელისუფლების მიერ ევროკავშირის ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა
  • მედიის, ოპოზიციონერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმების გამოძიება
  • მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და ოლიგარქიული გავლენის აღმოფხვრა

„სანამ საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ სვლას და გამოამჟღავნებს რეალურ მცდელობებს განსაკუთრებული შეშფოთების და საკვანძო რეფორმების საპასუხოდ, კომისია არ ჩათვლის საჭიროდ, გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთან [ევროკავშირში შესვლის] მოლაპარაკებების დასაწყებად”, - წერია ანგარიშში.

ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან „დაბალი რჩება“, თუმცა დასძენს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებთან არმიერთების მიუხედავად, საქართველომ ევროკავშირთან ითანამშრომლა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად.

რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, კომისია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე კვლავაც არ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის ნახევარს, „დაახლოების ტემპი კი დაბალია“.

გამართული ეკონომიკური ინდიკატორების ქონა ევროკავშირში გაწევრების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

26 ოქტომბრის არჩევნები

გაფართოების ანგარიშში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც.

ევროკომისია იშველიებს ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნას და აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიამ “გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში”.

კომისია აღნიშნავს ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებს, ისევე, როგორც უარყოფით ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის დაუცველობას და პროცედურულ ხარვეზებს.

„წინასწარი მიგნებები ადასტურებს სიღრმისეული საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა საკვანძო რეკომენდაციებში“, - აღნიშნავს კომისია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისია გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე გეგმავდა, თუმცა გამოქვეყნების თარიღმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თხოვნით გადაიწია.

ბორელი: არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ შეფასებულა

29 ოქტომბერს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

მისი ინიციატივით გაიმართა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა, რომელიც საქართველოს ეხებოდა.

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ „საერთაშორისო დამკვირვებლები იუწყებიან დარღვევების შესახებ საარჩევნო კამპანიისას და არჩევნების დღეს“.

„ასევე, მათ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გამოიძიონ დარღვევების, ზეწოლისა და დაშინების შემთხვევები.

„[საქართველოში] დემოკრატიის უკუსვლა უნდა შეტრიალდეს და უზრუნველყოფილი იყოს ხელისშემწყობი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტური, დემოკრატიული საზოგადოების ნაწილებია“, - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

საქართველოს შესახებ იმსჯელებენ ევროპული საბჭოს სამიტზეც, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება. სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ის უკვე ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საქართველო სამიტის დღის წესრიგში იქნება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG