პრეზიდენტი ზურაბიშვილია მოსკოვის სამიზნე, სადაც მის დაპატიმრებას მოითხოვენ. პრეზიდენტს უკვე დიდი ხანია ებრძვის „ქართული ოცნება“, რომელიც კიდევ ერთხელ იმპიჩმენტით არჩევნების წინ დაემუქრა.
თვეებია, რაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები მასპინძლობდნენ, ესაუბრებოდნენ და მხარდაჭერას უცხადებდნენ.
- რა როლი და შესაძლებლობები აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს?
პრეზიდენტი წინა ხაზზე
ინტერვიუები Le Point-თან, BBC-სთან, CNN International-თან, RaiNews-თან, FRANCE 24-თან, Sky News-თან, TVP World-თან, LCI-სთან, EURACTIV-თან, AP-სთან, Libération-თან, RND - RedaktionsNetzwerk Deutschland-თან, Franceinfo-სთან, Reuters-თან - საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი საერთაშორისო მედიის საგანგებო ყურადღების ცენტრშია.
სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების დამახინჯებაზე, მოპარვაზე, კრემლის ჰიბრიდულ ომსა და საქართველოს შიდა საქმეებში მოსკოვის ჩარევაზე.
Associated Press-თან ინტერვიუში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ე.წ. სომხურ კარუსელზე ამახვილებს ყურადღებას.
„არჩევნებამდე გარკვეული დროის წინ, მათ დაიწყეს პირადობის მოწმობების ჩამორთმევა სოციალურად დაუცველი პირებისთვის, პატიმრების ოჯახებისთვის სხვადასხვა საბაბით, ვერავინ იგებდა, რატომ აკეთებდნენ ამას. სინამდვილეში, ისინი გამოიყენებოდა ერთი და იმავე პირის მიერ ხმის მისაცემად. ერთი პირადობის მოწმობით და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობით, ეს, დაახლოებით, 17-ჯერ იყო შესაძლებელი. მათ დიდი რაოდენობით პირადობის მოწმობები ან ნომრები ჰქონდათ“, - ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის მიმართ დიდი ყურადღება არავის უკვირს, რადგან ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის თბილისთან საკონტაქტო უმაღლესი რანგის, შეიძლება ითქვას, ერთადერთ სახელისუფლებო პირად იქცა.
ეს ტენდენცია გაძლიერდა ხელისუფლების მიერ „აგენტების კანონის“ ორგზის წამოყენების, მეორე ცდაზე დამტკიცებისა და დასავლეთთან „ქართული ოცნების“ მზარდი დაპირისპირების ფონზე, როცა ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. სალომე ზურაბიშვილს დასავლელი ლიდერები ელაპარაკებოდნენ, იწვევდნენ და მხარდაჭერას უცხადებდნენ.
საერთაშორისო პარტნიორებისთვის ნდობას იმსახურებს პრეზიდენტის „ქართული ქარტია“, რომლის ქოლგის ქვეშაც მან პროევროპული ოპოზიცია შეკრიბა. ეს დოკუმენტი ასახავს ერთი წლის გეგმას, მრავალმხრივი რეფორმებით, რომლითაც ახალ პარლამენტში პროდასავლურ კოალიციას უნდა ეხელმძღვანელა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების სისტემური გაყალბების დამტკიცება შესაძლებელი იქნება. „ქართული ოცნებისთვის“ კი, ოპონენტებს მხოლოდ „ფსევდომტკიცებულებები“ აქვთ, ვერაფერს დაამტკიცებენ, ხოლო სალომე ზურაბიშვილი „წარმავალია“.
„ამ ადამიანს [სალომე ზურაბიშვილს] რამდენიმე დღე დარჩენია. სამარცხვინო იყო მისი მანიპულაციური განცხადებები... ამ ქვეყანაში თუკი ვინმე გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ის ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებს კანონის ჩარჩოებში“, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
„დროზე ბარგი ჩაალაგე“ - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ქვეყნიდან წასვლისკენ მოუწოდებდნენ, - როცა ცესკომ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. მოწოდებებმა ბევრად უფრო შეურაცხმყოფელი სახე მიიღო მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილი გაყალბებაზე ალაპარაკდა.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთავარი სამიზნეა მოსკოვისთვის. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრემიერი და ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სალომე ზურაბიშვილის გადაყენებასა და დაპატიმრებას მოითხოვს.
„საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა უარი თქვა ეღიარებინა არჩევნების შედეგები და წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, გადატრიალების მოწოდებით. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“, - დაწერა მედვედევმა 28 ოქტომბერს, პლატფორმა X-ზე.
მედვედევი ზურაბიშვილს დასავლეთის დირექტივებით მოქმედ „მარიონეტად“ თვლის. უცხო ძალის მიერ მართული არაერთხელ უწოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს „ქართულმა ოცნებამაც“.
არჩევნებამდე „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა წარმართვა დააანონსა.
ამ გეგმის თანახმად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პოსტიდან პირველსავე სხდომაზე უნდა გადაეყენებინათ. თუმცა უკვე ჩანს, რომ - ახალ პარლამენტში „ოცნება“ დამოუკიდებლად ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, რადგან საჭირო 100 მანდატი ისევ არა აქვს.
თუმცა პრეზიდენტ ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა ისედაც მალე ამოეწურება. კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ მომავალი პრეზიდენტის განსხვავებული, არაპირდაპირი წესით არჩევა არც ნაკლული პარლამენტის პირობებში გაჭირდება.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 53.9% მიიღო. ეს მაჩვენებელი 89 სადეპუტატო მანდატს უდრის.
29 ოქტომბერს, დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცესკო პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით.
ცესკო კომპლექსურ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები "დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი".
საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და პროკურატურას "შეუფერხებლად მიაწოდოს ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია".
რა შეუძლია პრეზიდენტს?
„საქართველოს პრეზიდენტს მიესვლება ლიდერებთან ძალიან ბევრ დედაქალაქში და ინფორმაციის მიტანა შეუძლია. მოსწონს ვიღაცას თუ არ მოსწონს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის სათავეშია, რომელსაც აქვს გავლენა საერთაშორისო თანამეგობრობაზე, მის სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და თვლის, რომ არჩევნების შედეგების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული ინტერესი და გამოძიების მოთხოვნა დიდწილად სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციამ განაპირობა.
კორნელი კაკაჩიას განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სალომე ზურაბიშვილის წონას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ ის არჩეული პრეზიდენტია და „აქვს ქართველი ხალხის სახელით საუბრის უფლება“.
„არ ვაღიარებ ამ არჩევნებს“, - საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას 27 ოქტომბერს მიმართა, არჩევნების მეორე დღეს, საღამოს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნებზე იყო "ტოტალური გაყალბება", "ხმების ტოტალური წართმევა" და ხელისუფლებამ ყველა ხერხი და დამატებით - ტექნოლოგიები გამოიყენა - "რათა გაეთეთრებინა გაყალბება".
საერთაშორისო პარტნიორებთან საგანგებო მჭიდრო კონტაქტების გათვალისწინებით - პრეზიდენტის მიმართვა საზოგადოების ერთმა ნაწილმა აღიქვა ნიშნად იმისა, რომ - საერთაშორისო თანამეგობრობაც პრეზიდენტის შეფასებებს იზიარებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის - აშშ-ის ხელისუფლებას - გადაჭრით არაფერი უთქვამთ. ისინი ამ ეტაპზე მხოლოდ გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითებენ და არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების გამოძიების საჭიროებაზე ლაპარაკობენ.
„არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკი შეუძლია პრეზიდენტს, როგორც პოლიტიკოსს და როგორც პრეზიდენტს, თუნდაც. ცხადია, პრეზიდენტი რას იტყვის - მნიშვნელოვანია ლეგიტიმაციის თვალსაზრისით; მაგრამ პრეზიდენტის სიტყვები ლეგალურ ამოცანებს ვერ შეასრულებს. ვერ მოემსახურება სამართლებრივ მიზნებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და აკონკრეტებს, რომ - პრეზიდენტის განცხადებები ვერ განსაზღვრავს - არჩევნები კანონიერად ჩაითვლება თუ არაკანონიერად.
საქართველოს კონსტიტუციით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს - არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა.
ამჟამად არსებული პოზიციის გათვალისწინებით, სალომე ზურაბიშვილი სხდომას არ დანიშნავს; მაგრამ - ეს ხელს ვერ შეუშლის პარლამენტის შეკრებას.
„ვთქვათ, პრეზიდენტმა არ დანიშნა პარლამენტის პირველი სხდომა, რა მოხდება ამ შემთხვევაში? ამაზე პირდაპირ არ პასუხობს კონსტიტუცია, მაგრამ ანალოგად შესაძლებელია გამოვიყენოთ სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას და პარლამენტი თავისით იკრიბება. ეს ლოგიკა შეიძლება გამოვიყენოთ ამ შემთხვევაშიც - პარლამენტისთვის შესაძლებელი იქნება შეკრება, მიუხედავად იმისა, დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი პირველ სხდომას“, - განმარტავს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებასთან.
სხვანაირად, ვიდრე 2020-ში
2020 წელს, როცა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნები ასევე გაყალბებულად გამოაცხადა და თვეების განმავლობაში უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მათი თანამოაზრე არ იყო. მაშინ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის - შარლ მიშელის შუამავლობით და ასევე აშშ-თან კოორდინაციით - ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა.
2021 წლის 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა „შარლ მიშელის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტს ხელი სწორედ პრეზიდენტის სასახლეში მოაწერა. ამ დოკუმენტს 3 თვეში ცალმხრივად გამოეთიშა „ქართული ოცნება“ და ანულირებულად გამოაცხადა; ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს გვიან მოაწერა ხელი.
მას შემდეგაც, უწყვეტად - პრეზიდენტი ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის სანდო ფიგურად დარჩა.
ფორუმი