„[საღამოს] ხუთის ნახევარი იქნებოდა, სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი. მამაჩემიც იქვე დივანზე იწვა, ტელევიზორს უყურებდა. ძაღლის ყეფა გავიგე, ფეხის ხმაც მომესმა აივანზე. დავინახე გურამ ჯიქია. გაკვირვებული ვუყურებდი, ამ ბიჭთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა.
მამაჩემისკენ წავიდა. შუაში ჩავუდექი. სახეში გამარტყა და მეტლახზე დავეცი. მერე თავში წიხლი ისე ძლიერად ჩამარტყა, რომ მოშორებით გადავვარდი.
[გურამ ჯიქიამ მამაჩემს] წამოდგომის საშუალება არ მისცა და იქვე დივანზე უმოწყალოდ ურტყა მუშტებით. ძალა მოვიკრიბე, ავდექი, გავედი აივანზე, განწირული ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი.
მამაჩემი უმოწყალოდ იყო დასისხლიანებული. მალევე სასწრაფო და პოლიცია მოვიდა და საავადმყოფოში გადმოგვიყვანეს“, - ჰყვება ლია ყოჩიშვილი.
გურამ ჯიქია, რომელსაც ყოჩიშვილი თავდასხმაში ადანაშაულებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და სოფელ ციხისძირის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ჯიქიას ძმაა.
„შსს-მ საქმე აღძრა, მიმალვაში არისო გურამ ჯიქია“, - ამბობს ანა წოწორია, გახარიას პარტიის მცხეთა-მთიანეთის შტაბის ხელმძღვანელი და ამატებს, რომ მისი თანაპარტიელი მანამდეც გამხდარა ჯიქიებისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავდასხმის მსხვერპლი - 12 ოქტომბერს ყოჩიშვილის მეზობელი შეეცადა მას მაანქანით დაჯახებოდა. წოწორია იმასაც ამბობს, რომ გიორგი ჯიქიას არასრულწლოვანმა შვილმა ყოჩიშვილის დედა უშვერი სიტყვებით გალანძღა.
„პირველად, როდესაც მანქანის დაჯახების მცდელობა იყო, მე დავრეკე პოლიციაში და აღძრეს საქმე, ყოველ შემთხვევაში ასე გვითხრეს. [ლია ყოჩიშვილის] დედას რომ აგინეს, მაშინაც მოვიდნენ და ვკითხე, ამ ხალხის რამე სახით შეჩერების მექანიზმი თუ არსებობს-მეთქი, ან შეკავება, ან გაფრთხილება. ეგ მაშინ იწერება, როცა ცოლ-ქმარს შორის ხდება კონფლიქტიო. ე.ი. დაუცველები გამოვდივართ“, - ამბობს ანა წოწორია.
მეათე მოწვევის პარლამენტის გახარიას გუნდის წევრის შალვა კერესელიძის თქმით, ლია ყოჩიშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი გახდა.
„ლიამ "ოცნების", დიტო ხუნდაძის ზონდერების წინააღმდეგ ამოიღო ხმა და ამის გამო იძიეს შური. გიორგი ჯიქია ხუნდაძის კლანის წევრია, მისი ხელდასხმით გახდა მაჟორიტარი დეპუტატი. იმდენად ჰყავთ ხალხი დაშინებული, რომ მათთვის მოულოდნელი იყო, ვიღაცამ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პოზიცია რომ დააფიქსირა. დამთავრდა არჩევნები. ჰგონიათ, „გაიპრავეს“ ხელისუფლება და კიდევ უფრო მეტად დაიწყეს ადამიანების ცემა-ტყეპა“, - ამბობს შალვა კერესელიძე.
თავად გიორგი ჯიქია აცხადებს, რომ ლია ყოჩიშვილი პროვოკატორია და მათ ოჯახს უსამართლოდ ერჩის.
„საარჩევნოდ უნდოდა რაღაც თემის აწევა. ჩემთვის ლია ყოჩიშვილი და გახარია, რომელმაც მხოლოდ 26 ხმა აიღო ქსანში, არაფერს წარმოადგენენ, არც საარჩევნო კუთხით და არც სხვა კუთხით. რაღაც პროვოკაციებზეა ეს გოგო. არავინ შევარდნია, დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, გამოძიება მიდის, მაგრამ არავინ შევარდნია. ჩემი ძმა დაიკითხა თუ არა, არ ვიცი, არ მინახავს, დაიკითხება ალბათ. ჯერ ჩემს არასრულწლოვან შვილს დააბრალეს, ვითომ დედამისს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც არ ყოფილა. კიდევ მანქანის დაჯახება დააბრალა მეზობელს, რომელიც ჩემთან საერთოდ არ ასოცირდება. არასდროს არც „ქართულ ოცნებაში“ ყოფილა ის ბიჭი და ხუნდაძესაც საერთოდ არ იცნობს“, - ამბობს გიორგი ჯიქია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ 28 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით უკვე გამოკითხეს რამდენიმე ადამიანი. შსს მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას „გარეწარი“ უწოდა და ისიც დააყოლა, რომ მის გასასამართლებლად დოკუმენტაცია უკვე მომზადებული აქვს: „ისევ დავუბრუნდები ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას, ასე ვთქვათ. აი, გახარიას პარტიის წევრები, არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, ამ გარეწრის, ამასთან რომ დგანან და ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რომ რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა“... - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
ოპოზიციური პარტიები, მათ შორის „გახარია საქართველოსთვის“, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
ფორუმი