Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი YouTube-ის გარეშე


19 დეკემბერს თავისი ყოველწლიური, ტრადიციული „პირდაპირი ხაზის“ დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ YouTube-ის მიმართ პრეტენზიები გამართლებულია, რადგან მისი „დედაკომპანია“ Google-ი არ ასრულებს რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს.
19 დეკემბერს თავისი ყოველწლიური, ტრადიციული „პირდაპირი ხაზის“ დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ YouTube-ის მიმართ პრეტენზიები გამართლებულია, რადგან მისი „დედაკომპანია“ Google-ი არ ასრულებს რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს.

მოსკოვმა რუსეთში ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგის, YouTube-ის დაბლოკვა და შენელება ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო, თუმცა 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან ტრაფიკი მკვეთრად, 80%-ით შენელდა, რაც, ფაქტობრივად, გათიშვად შეიძლება ჩაითვალოს.

რუსეთის ხელისუფლებამ საახალწლოდ YouTube-ის მუშაობა შეაჩერა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰოსტინგი იტვირთება, ვიდეოს ყურება ფაქტობრივად შეუძლებელია, გამოსახულება გადღაბნილია.

2024 წლის ზაფხულში YouTube-ის სერვისი შენელდა ე.წ. სახლის ინტერნეტში, ხოლო 15 დეკემბრიდან სერვისი თითქმის მთლიანად დაიბლოკა მობილურ მოწყობილობებშიც.

ბოლო ათი წლიწადში რუსეთში YouTube-ი გახდა ტელევიზიის სრულფასოვანი ალტერნატივა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ემიგრაციის მორიგი მძლავრი ტალღის დაწყების შემდეგ კი, ის გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები ახერხებდნენ ურთიერთობას რუსეთში დარჩენილ აუდიტორიასთან.

რა და როგორ მოხდა

15 დეკემბერს დაწყებული შენელება ბევრმა დროებით მოვლენად მიიჩნია, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ აშკარა გახდა, რომ YouTube შეუქცევად შენელდა. 19 დეკემბერს თავისი ყოველწლიური, ტრადიციული „პირდაპირი ხაზის“ დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ YouTube-ის მიმართ პრეტენზიები გამართლებულია, რადგან მისი „დედაკომპანია“ Google-ი არ ასრულებს რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ბოლო დღეებში ვიდეოჰოსტინგის ტრაფიკი რუსეთში რეკორდულად დაეცა. 23 დეკემბრისთვის ტრაფიკი ნორმალურის დაახლოებით 20% იყო.

„23 დეკემბერს ტრაფიკი საშუალოდ 8,5 პოინტი იყო, დღეს კი უკვე რვაა და კლება გრძელდება, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს IT ექსპერტმა და „ინტერნეტის დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა მიხაილ კლიმარევმა, - Google-ს აქვს სერვისი, Transparency Report, რომელშიც არის განყოფილება სახელწოდებით „Google-ის სერვისების ტრაფიკი და შეფერხება“. სხვადასხვა ქვეყნისთვის და სხვადასხვა სერვისისთვის Google-ი აქვეყნებს გრაფიკს, რომელიც იზომება ქულებით (პოინტებით). ამ გრაფიკების გამოყენებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ დინამიკაზე - იზრდება თუ არა ტრაფიკი კონკრეტულ სერვისზე. მას შემდეგ, რაც YouTube-ის შენელება დაიწყო, ეს არის ერთადერთი მაჩვენებელი, რომლითაც შეგვიძლია ვნახოთ რამდენად დაბლოკილია YouTube-ი რიცხვებში. შენელებამდე იყო დაახლოებით 40-45 პოინტი. შენელების შემდეგ ტრაფიკი დაეცა 20-25-მდე, ანუ თითქმის განახევრდა. 14-15 დეკემბერს კვლავ დაიწყო შესამჩნევი კლება და ამ დროისთვის (24 დეკემბერი) ტრაფიკი 8 პოინტია. შესაბამისად, იყო 40, გახდა 8, რაც ნორმალური მდგომარეობის 20%-ია“.

მიხაილ კლიმარევი
მიხაილ კლიმარევი

მიხაილ კლიმარევის თქმით, YouTube-ი ფაქტობრივად არ მუშაობს რუსეთის არცერთ რეგიონში:

„არის ადგილები, სადაც შენელება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ამის მიზეზი როსკომნადზორის ტექნიკური პრობლემებია: როგორც ჩანს, მათი ტექნიკა ვერ უძლებს, ან რაღაც გამუდმებით უფუჭდებათ. ზოგან YouTube-ი ნორმალურად ფუნქციონირებს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ბოლო შენელება ძირითადად მობილურ ოპერატორებს შეეხო. 15 დეკემბრამდე შენელება მობილურ ქსელებზე არ ყოფილა“.

YouTube-ის მობილური აპლიკაციების შენელება მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთის მობილურ ოპერატორებს, რადგან ეს ფირმები მომსახურებას გიგაბაიტებით ყიდიან, ანუ რაც მეტ გიგაბაიტს გადმოწერს მომხმარებელი ინტერნეტიდან, მით მეტ თანხას მიიღებს ოპერატორი. იმის გამო, რომ YouTube-ზე მოდის მთელი რუსული ტრაფიკის დაახლოებით 30%, ზარალიც მასშტაბური იქნება, ეს კი სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური და ტექნოლოგიური პრობლემების წინაშე მდგომ კომპანიებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

როგორ ანელებს „როსკომნადზორი“ YouTube-ის მუშაობას?

„ამ მოვლენას ჰქვია ტროლინგი, - ამბობს მიხაილ კლიმარევი, - ინფორმაცია ინტერნეტში გადაიცემა პაკეტებით, მცირე ულუფების სახით. ასე კეთდება იმიტომ, რომ თუ, მაგალითად, ფაილის ჩამოტვირთვისას რაიმე შეცდომა მოხდება ბოლო 90%-ზე, არ იყოს საჭირო მთელი ფაილის ხელახლა ჩამოტვირთვა. თუ ინფორმაციის რაღაც პაკეტი გზაში დაზიანდება, მის ნაცვლად უბრალოდ ახალ პაკეტს მოგაწვდიან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ არსებობს რაიმე სახის ალგორითმი, რომელიც პირობითად არ უშვებს ყოველ მესამე პაკეტს და მას გამუდმებით გზავნიან თავიდან. ამგვარად მცირდება გადაცემის სიჩქარე მესამედით“.

  • რატომ ახლა?

როგორც კიბერიურისტმა სარქის დარბინიანმა განმარტა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის The Current Times-ის ეთერში, რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს ინტერნეტსერვისების ბლოკირებასა და შენელებაში, მივიდა დასკვნამდე, რომ YouTube-ის გათიშვა არ გამოიწვევდა მოსახლეობის იმგვარ უკმაყოფილებას, რომ საქმე ღია პროტესტამდე მივიდოდა. გარდა ამისა, კრემლი, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ სოციალური ქსელების შიდა (რუსულ) ანალოგებს შეუძლიათ დაბლოკილი რესურსების ასე თუ ისე ჩანაცვლება.

„რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ Rutube-ი და VK-video მეტ-ნაკლები წარმატებით შეცვლის YouTube-ს, რომ მესინჯერი ICQ, რომელიც შეიძინა Mail.ru Group-მა, იქნება Telegram-ისა და WhatsApp-ის ალტერნატივა, ხოლო სხვა ყველაფრისთვის არსებობს რუსული ოფიციალური ვებსაიტები და მედიაკომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ გასართობ კონტენტს. კრემლის თვალსაზრისით, უკვე ყველაფერი მზად არის გლობალური ქსელიდან გათიშვისთვის. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს რამდენიმეწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ“, - უთხრა სარქის დარბინიანმა The Current Times-ს.

სარქის დარბინიანი
სარქის დარბინიანი

ცნობილი რუსი იუტუბერი და ჟურნალისტი, მაქსიმ კაცი კი მიიჩნევს, რომ კრემლმა ხელი ჩაიქნია YouTube-ის რუსული ალტერნატივის შექმნაზე და იმის გაკეთება დაიწყო, რაც ყველაზე კარგად გამოსდის:

„YouTube-ის ალტერნატივამ არ იმუშავა. ვინც თავის დროზე გადავიდა ან ძალით გადაიყვანეს, ნელ-ნელა უკან, YouTube-ზე დაბრუნდა. ამიტომ გადაწყდა იმის გაკეთება, რაც კარგად გამოსდის პუტინის რეჟიმს: დანგრევა, დაცენზურება. თუ შეუძლებელია პარალელური YouTube-ის გაკეთება, მაშინ უნდა გაანადგურო ის, რომელიც უკვე არსებობს. ჯერჯერობით ეს საქმეც არ გამოსდის კარგად.

YouTube-ი იქცა რუსეთის მოქალაქეების ცხოვრების წესის ნაწილად. რუსულად არსებობს ნებისმიერი კონტენტი ნებისმიერი რაოდენობით და ხარისხით. გართობა, შემეცნება, ინფორმაციის მიღება, რეკლამა, დისკუსია. ამიტომ არ გამოდის იუტუბის ჩანაცვლება. ამის გამოა, რომ არავინ ერიდება ფინანსურ დანახარჯს და VPN-ის დაყენებას. საერთოდ გაურკვეველია, რატომ იყიდონ ინტერნეტი, თუ მასში არ იქნება იუტუბი “.

მაქსიმ კაცს არ უკვირს, რომ ვლადიმირ პუტინი, რომელიც სრულად აკონტროლებს რუსეთში მომუშავე ყველა ტელევიზიას, რადიოს, გაზეთს და თავისი პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებს ასობით ინტერნეტსაიტს, ცდილობს რუსეთში ყველაზე პოპულარული პლატფორმის დაბლოკვას.

მაქსიმ კაცი
მაქსიმ კაცი

„ავტორიტარულ ხელისუფლებას სჭირდება სრული მონოპოლია ინფორმაციაზე და არა უბრალოდ დომინირება საინფორმაციო სივრცეში, - ამბობს ის, - მხოლოდ მონოპოლიას აქვს სათანადო ეფექტი. არ უნდა იყოს სხვა არჩევანი, ალტერნატივა. ასეთ პირობებშია შესაძლებელი განსხვავებული აზრის მარგინალიზაცია.

თუ YouTube-ი იქნება, მაყურებელი იოლად დარწმუნდება ნახვების რაოდენობითა და კომენტარებით, რომ ყველა მოქალაქე ისე არ ფიქრობს, როგორც პროპაგანდისტული არხები წარმოაჩენენ; დარწმუნდება, რომ პუტინის ოპოზიცია და ომის მოწინააღმდეგეები არსებობენ და ისინი ცოტანი არ არიან, რომ გარშემო ბევრი ნორმალური ადამიანია. ყველა დიქტატურა ცდილობს ოფიციალურისგან განსხვავებული აზრი წარმოაჩინოს გადახრად, მათ შორის - ფსიქიკურ გადახრად“.

მაქსიმ კაცის თქმით, თუ სახელმწიფოს აქვს აბსოლუტური მონოპოლია ინფორმაციაზე, ის ქმნის წარმოსახვით ნორმალურობას, რომელთან მიერთებასაც მოქალაქეები მიიჩნევენ სოციალურ ნორმად:

„თუ ყველა იმას ჩაგჩიჩინებთ, რომ ომი მშვიდობაა, წარმოუდგენელი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ ეს აზრი არ გაიზიაროთ. მაგრამ თუ არსებობს ალტერნატივა, მაშინ ეს მექანიზმი შეფერხებით იწყებს მუშაობას. ეს არის YouTube-ის ბლოკირების მთავარი მიზეზი. ამის გამო დასდევდა საბჭოთა ხელისუფლება სამიზდატს. მაგრამ პირდაპირ იმის თქმა, რომ გამოგირთავთ YouTube-ს, რათა მხოლოდ ჩვენ გვიყუროთ და გვისმინოთ, სახიფათო იქნებოდა რეჟიმისთვის.

სერვისის ნელ-ნელა, ტალღისებურად გაუარესება ხდება იმის გამო, რომ: I - შეაგუონ მაყურებელი და II - გამორთვა თვითონ YouTube-სა და Google-ს დააბრალონ. ამ დროს Google-ი სამაგალითო კომპანიაა: სრულად დაკარგა რუსეთის ბაზარი, მაგრამ რუსი მომხმარებლისთვის არაფერი შეცვალა“.

რა შუაშია Google-ი?

რუსეთში YouTube-ის მკვეთრი შენელება მას შემდეგ დაიწყო, რაც პლატფორმის ადმინისტრაციამ დაბლოკა 3600-მდე პროკრემლისტური, პროპაგანდული არხი. პასუხად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა (კურსკის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი) განაცხადა, რომ „ანტირუსული პოლიტიკის“ გამო მოსალოდნელი იყო YouTube-ის შენელება. თუმცა, მალევე შენელების მიზეზად მან დაასახელა Google.com-ი, რომელმაც, რუსი პოლიტიკოსის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა რუსული სერვერების მომსახურება, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ გათიშა.

ალექსანდრ ხინშტეინი
ალექსანდრ ხინშტეინი

რუსეთში YouTube-ის გამორთვის Google.com-ისთვის გადაბრალებას ცდილობს „როსკომნადზორიც“ - რუსეთში ინტერნეტზე ზედამხედველობის მთავარი ორგანო, რომელმაც 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ YouTube-ის ხარისხის გაუარესება გამოწვეული იყო იმით, რომ Google-მა შეწყვიტა რუსეთში განთავსებული თავისი მოწყობილობების ტექნოლოგიური მხარდაჭერა. ამასთან, უწყებამ იქვე ისიც თქვა, რომ „რუსეთის კანონმდებლობის არაერთი დარღვევა, ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უპატივცემულობა წარმოადგენს YouTube-ის წინააღმდეგ ზომების მიღების საფუძველსო“.

Google-ის პრესსამსახური თავის მხრივ აცხადებს, რომ ტრაფიკის ვარდნა არ არის კომპანიის ტექნიკური პრობლემების ან ქმედებების შედეგი. „Google-ი და YouTube-ი იმ რამდენიმე დარჩენილ პლატფორმებს შორისაა, რომლებიც რუსეთში მცხოვრებ მომხმარებლებს უფასო, დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომას სთავაზობენ“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

როგორც IT ექსპერტი და „ინტერნეტის დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხაილ კლიმარევი ამბობს, სამი წელია Google-ს რუსეთიდან შემოსავალი არ მიუღია:

„რუსეთში Google-ის შვილობილი კომპანია ახლა გაკოტრების ფაზაშია - მისი ანგარიშებიდან ამოღებულია დაახლოებით 80 მილიარდი რუბლი (800 მლნ დოლარამდე). რუსეთში ფიზიკური პირებისგან გადახდების მიღება შეუძლებელია, რადგან გადახდის სისტემები და საბანკო ბარათები არ მუშაობს.

იურიდიული პირებისგან თანხების მიღება კიდევ უფრო მეტადაა შეუძლებელი, რადგან ეს უკვე საერთაშორისო სანქციებს უკავშირდება. Google-ი ფაქტობრივად ზარალის ხარჯზე უწევს მომსახურებას რუს მომხმარებელს.

წარმოიდგინეთ, გჭირდებათ ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება ათობით მილიონ ადამიანს. ამ ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას წელიწადში ათეულობით და შესაძლოა ასობით მილიონი დოლარი უნდა. ამ დროს კომპანია არ იღებს არანაირ შემოსავალს. შესაბამისად, თუ როსკომნადზორი ადგება და დაბლოკავს ყველაფერს, Google-ი გადაიწერს პირჯვარს და შეწყვეტს ზარალზე მუშაობას“.

თუმცა „როსკომნადზორი“ ჯიუტად ამტკიცებს, რომ YouTube-ის შენელება გამოწვეულია იმით, რომ Google-მა შეწყვიტა რუსეთში თავისი ტექნიკური მოწყობილობების მხარდაჭერა. „როსკომნადზორის“ ამ განცხადებას სრულ სიცრუეს უწოდებს მიხაილ კლიმარევი.

„როსკომნადზორი იტყუება, - ამბობს ის, - რადგან ერთ დღეში ამდენი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა აბსურდია. ასე არ ხდება. ინფრასტრუქტურა, რომლის აშენებას 10 წელი დასჭირდა, ერთ დღეში თავისი სიმძლავრის 30%-ს ვერ დაკარგავს. ნარატივი იმის შესახებ, რომ Google-ია ყველაფერში დამნაშავე, ტიპური პროპაგანდისტული ამბავია.

შეგახსენებთ, რომ Google-ი რუსეთში დააჯარიმეს ორი უნდეცილიონი (10 ხარისხად 36) რუბლით და, ფაქტობრივად, მოჰპარეს მას 1 მლრდ დოლარი. ასეთ პირობებში როგორ უნდა მოუარო ინფრასტრუქტურას?

ცალკე ამბავია ის, რომ სანქციების გამო რუსეთში შეუძლებელია სერვერების შეტანა. მეტიც, სერვერების იმპორტის შემთხვევაში, ამ მოწყობილობებს პირდაპირ საბაჟოზე დაიტაცებდნენ, რადგან Google-ის წინააღმდეგ რუსეთში სააღსრულებო საქმეებია აღძრული“.

სხვა პლატფორმების ბედი

YouTube-ის შენელების პარალელურად, რუსეთში იზრდება ინტერესი ე.წ. VPN სერვისების მიმართ, თუმცა „როსკომნადზორიც“ არ იშურებს რესურსებს VPN სერვისების გამოყენების შესაზღუდად.

„როსკომნადზორი VPN სერვისებს ბლოკავს უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. მსხვილმა VPN სერვისებმა, როგორიცაა NordVPN, Proton VPN, უბრალოდ დატოვეს რუსული ბაზარი - ისინი დაბლოკეს. მაგრამ გამოჩნდა უამრავი სხვა VPN სერვისი, რომლებიც ცდილობენ ბლოკირების გვერდის ავლას და საკმაოდ წარმატებითაც. პრინციპში, როსკომნადზორი ებრძვის VPN-ს, მაგრამ ჯერჯერობით ის ამ ბრძოლას აგებს“, - ამბობს მიხაილ კლიმარევი.

VPN (virtual private network - „ვირტუალური კერძო ქსელი“) - განზოგადებული ტექნოლოგიური ტერმინი ნებისმიერი ტექნოლოგიის აღსაწერად, რომელიც უზრუნველყოფს ერთი ან მრავალი ქსელური კავშირის დამყარებას, ქსელური მონაცემების, როგორც წესი, Internet Protocol-ის მონაცემების, ინკაფსულაციას და გადაცემას სხვა ქსელის გამოყენებით. ასეთი სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, წვდომა მიიღოს ისეთ ქსელურ რესურსზე, რომელიც სხვაგვარად, ღიად მიუწვდომელია ინტერნეტით.

კიბერიურისტი სარქის დარბინიანიც ურჩევს რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, დააინსტალირონ თავიანთ მოწყობილობებზე VPN, თუმცა სპეციალისტები შიშობენ, რომ ამ ტექნოლოგიამაც დროთა განმავლობაში შეიძლება ასევე დაკარგოს ეფექტიანობა, თუკი რუსეთის ხელისუფლება შეცვლის ტაქტიკას.

„არსებობს დიდი საფრთხე, რომ რუსეთი ნელ-ნელა გადავიდეს ირანულ-თურქმენულ სცენარზე. ამ ქვეყნებში, შავი სიების ნაცვლად, მუშაობს თეთრი სიების კონცეფცია ანუ ნებადართულია მხოლოდ ის, რაც აკრძალული არ არის.

ყველა ქსელური მისამართი დაყოფილია სამ ბლოკად: თეთრი IP მისამართები, რომლებიც ეკუთვნით ეროვნულ კომპანიებს, "ნაცრისფერი მისამართები", რომლებიც ეკუთვნით უცხოურ კომპანიებს და "შავი მისამართები", რომლებიც არ მუშაობენ. ასეთ სცენარში VPN აღარ არის ისეთი ეფექტიანი, რადგან ძალიან ბევრი სერვერი არ იქნება დაკავშირებული ქსელთან. ამ პრობლემასთან გამკლავებას სხვა ტექნიკური მეთოდები სჭირდება“, - ამბობს კიბერიურისტი სარქის დარბინიანი, რომლის პროგნოზით, YouTube-ის გარდა, სხვა პოპულარული სოციალური ქსელები და მესინჯერებიც მალე შეწყვეტენ მუშაობას რუსეთის ტერიტორიაზე.

საქმე ის არის, რომ „როსკომნადზორმა გადაწყვიტა“ რუსეთის მოქალაქეების „დაცვა“ მესინჯერებში ზარის ფუნქციის დაბლოკვით. ამის შესახებ წერს გაზეთი „კომერსანტი“. თუმცა, თავად დეპარტამენტში ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

Mediascope-ის მიხედვით, რუსეთში ყველაზე პოპულარული მესინჯერების სამეულში ასე გამოიყურება: WhatsApp (მომხმარებლების 67%), Telegram (49%) და Viber (26%).

„შეიზღუდება მხოლოდ ზარები: თვითონ მესინჯერი იმუშავებს, მაგრამ ზარების განხორციელება შეუძლებელი იქნება. ეს არის ხისტი ვარიანტი, რომელსაც შესაძლებელია მივმართოთ როგორც ერთ-ერთ ღონისძიებას“, - განაცხადეს „როსკომნადზორში“.

„თუკი რუსეთის ხელისუფლების ქმედებებში რაციონალურობას ვეძებთ, მაშინ მათი ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ უნდა იყოს ციფრული კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების ისეთი საშუალება, რომელიც არ იქნება რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ. თუ თქვენ გაქვთ კომუნიკაცია რუსეთის ტერიტორიაზე ინტერნეტით, მაშინ სახელმწიფომ ეს კომუნიკაცია მთლიანად და სრულად უნდა გააკონტროლოს“, - განაცხადა „ნოვაია გაზეტა ევროპას“ მთავარმა რედაქტორმა, კირილ მარტინოვმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG