სანაცვლოდ, რუსული ინტერნეტი სრულ იზოლაციაში მოექცევა, კრემლი კი მთლიანად გაფილტრავს ინფორმაციას, რომელსაც იღებს და გასცემს ხალხი.
ინტერნეტის გასათიში დიდი წითელი ღილაკი არცერთ სახელმწიფოს არ აქვს. ამისდა მიუხედავად, ბელარუსის, ზიმბაბვეს და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებებს პროტესტის ჩასახშობად მოსახლეობა კავშირის გარეშე დაუტოვებიათ.
ინტერნეტზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლება კია, მაგრამ 2021 წლის სექტემბერში, რუსეთმაც შეცვალა კონსტიტუცია და ხელისუფლებამ ინტერნეტის ჩასახშობად სამართლებრივი ბერკეტები მიიღო.
„პუტინი გამკეთებელია, - ამბობს რუსი ჟურნალისტი ეგორ ლაპშოვი, რომელიც სწავლობს ინტერნეტკულტურას და კრიპტოვალუტის ფენომენს, - მისთვის მთელი ინტერნეტი იგივეა, რაც რომელიმე რუსი პენსიონერისთვის სპოტიფაი [მუსიკის მოსასმენი აპლიკაცია]“.
შეიძლება რუსეთის პრეზიდენტი ციფრულად გაუნათლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთივეა მისი გარემოცვა. ეგორი ამბობს, რომ ინტერნეტის გათიშვა კრემლში მეტისმეტად ბევრ ჯიბეს დაარტყამს, და ისედაც შესუსტებული ეკონომიკის პირობებში პუტინს უბრალოდ არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანა „ქვის ხანაში დააბრუნოს”.
“ძიაძია ვანია”
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა (და არა მხოლოდ მან) რუსეთს უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციები დაუწესა. უმსხვილესმა კომპანიებმა შეწყვიტეს რუსეთში მუშაობა. მაგალითად, მაიკროსფტმა, ეფლმა და მაკდონალდსმა.
საპასუხოდ, 10 მარტს რუსეთის სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, „მშვენიერი, წავიდნენ. მაგრამ მაკდონალდსის ადგილას მალე ძიაძია ვანია უნდა იდგეს”.
ეგორი ამბობს, რომ კრემლი ციფრულ სამყაროშიც იმავე პრინციპით მოქმედებს. ხელისუფლებამ დაბლოკა სოციალური ქსელები: ფეისბუკი, ტვიტერი და ინსტაგრამი.
ეს უკანასკნელი, კომპანია მეტას კონტროვერსიული გადაწყვეტილების შემდეგ - მან ნება დართო უკრაინას, საქართველოს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას, უსურვონ სიკვდილი პუტინსა და რუს ჯარისკაცებს.
16 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვკონტაქტეს მფლობელი კომპანია 2000-იანების დასაწყისში პოპულარული მესენჯერის, ICQ-ს „გაცოცხლებას” აპირებს. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ უკვე შეიქმნა ინსტაგრამის რუსული კლონი, „როსგრამი”.
„ეს სრული კოშმარია, რომ შეხედოთ, ეგრევე იფიქრებთ, მაგის შემქმნელს არც დიზაინის აღქმა აქვს, არც გემოვნებაო”, - ამბობს ეგორი.
იგი ჰყვება, რომ რაც ჯერ არ გათიშულა, მუშაობა შეანელა. იუტუბზე, ტიკტოკსა და სხვა უცხოურ საიტებზე რუსები ძველებურად „ყოჩაღად” ვეღარ შედიან. ამიტომაც, ბიზნესმენები ცდილობენ ადგილობრივი პროგრამები გამოიყენონ. მაგალითად, არა ზუმი, არამედ მისი ანალოგი იანდექსისგან.
ეგორი დარწმუნებულია - ნელ-ნელა ყველა აპლიკაცია ადგილობრივი ანალოგებით ჩანაცვლდება. ეს კი გაუმარტივებს კრემლს წვდომას პირად მონაცემებზე.
მაგრამ სოციალური ქსელების ჩანაცვლება მხოლოდ ერთი მდგენელია იმ საინფორმაციო ვაკუუმის, რომელშიც რუსეთის მოსახლეობაა მოქცეული.
საინფორმაციო ბლოკადაში
ომის დაწყებასთან ერთად, რუსეთში კიდევ უფრო შეიზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” გაშუქება მხოლოდ ისე შეიძლება, როგორც ეს კრემლს უნდა. ბოლო სამ კვირაში ხელისუფლებამ დაბლოკა არაერთი მედიასაშუალება, დასავლურიც და ადგილობრივიც. რუსი ინტერნეტმომხმარებლები ვეღარ კითხულობენ BBC-ს, Deutsche Welle-ს, ეხო მოსკვის, მედუზას და ნოვაია გაზეტას, რადიო თავისუფლებას.
ვინც არ დაბლოკეს, ჭანჭიკები მოუჭირეს - უკრაინაში მიმდინარე ომის ომად მოხსენიება კი 15-წლიანი პატიმრობით ისჯება. მოსახლეობას განსხვავებული ინფორმაციის წყაროები ხელიდან მთლიანად ეცლება.
რუსეთის მსოფლიო ქსელიდან გათიშვა ერთ-ერთი პირველი რამ იყო, რაც ზელენსკის მთავრობამ მსოფლიოსგან ომის დაწყებისთანავე მოითხოვა. მაგრამ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფიოდოროვმა უარი მიიღო კორპორაცია ICANN-ისგან, რომელიც ინტერნეტმისამართების გამართულად მუშაობაზეა პასუხისმგებელი.
ახლა რუსეთის იზოლაცია შესაძლოა დასავლეთის მონაწილეობის გარეშე მოხდეს. რუსული ინტერნეტი კი უბრალოდ ჩაიკეტოს მთელი მსოფლიოსგან, როგორც ეს თავის დროზე ჩინურმა გააკეთა.
ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლებას კრემლი ნაბიჯ-ნაბიჯ ზღუდავდა. გერმანიის საგარეო საქმეთა საბჭოს მკვლევარი, ალიონა ეპიფანოვა ევრონიუსს ეუბნება, რომ საფრთხე კრემლმა პირველად 2011 წელს დაინახა, როდესაც „გაყალბებული არჩევნების” გასაპროტესტებლად ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
მომდევნო წლებში კრემლმა დაავალდებულა კრიტიკული მედია, დაირქვან „უცხოური აგენტები” და დააწესა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ინტერნეტში საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის.
2019 წელს კი ძირეული ცვლილებები შევიდა ქვეყნის კანონში კომუნიკაციის შესახებ. ამ ცვლილებებს უწოდეს „სუვერენული ინტერნეტის კანონი”. ყველა ინტერნეტპროვაიდერი აიძულეს, დაეყენებინა „როსკომნადზორის“ აპარატურა, რომლის წყალობითაც, მარეგულირებელი ხედავს, რას აკეთებენ აბონენტები ინტერნეტში.
უკანასკნელი იმედი
ინტერნეტის სრულად გათიშვა დღის წესრიგში რომ არ დგას, დარწმუნებულია რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ინტერნეტის დაცვის საზოგადოების” დირექტორი, მიხაილ კლიმარიოვიც. მისი თქმით, იზოლაცია გაცილებით უფრო რეალური სცენარია.
თუმცა ჩინეთის „დიდი კედლის” ანალოგის შექმნაც არაა მარტივი საქმე. ექსპერტი განმარტავს - განსხვავება ისაა, რომ ჩინეთში ქსელი თავიდანვე იმ გათვლით იქმნებოდა, რომ იგი მსოფლიოსგან იზოლირებული ყოფილიყო. მაგალითისთვის, ჩინეთში მოსახლეობამ ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა მხოლოდ 2007 წელს მიიღო. აი, რუსული ინტერნეტი კი თავდაპირველად ინტეგრირებული იყო მსოფლიო ქსელში.
მაგრამ ნებისმიერი დიქტატორისთვის ინტერნეტის ბოლომდე თავის გემოზე გაკონტროლება მის გაუთიშავად, ჯერ ტექნიკურად შეუძლებელია. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ასტრონომიულად გაიზარდა VPN-ის (ვირტუალური პრივატული ქსელის) გადმომწერთა რიცხვი. მხოლოდ 24 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა VPN სულ ცოტა 5-მა მილიონმა ადამიანმა გადმოიწერა. ვირტუალური პრივატული ქსელი ტექნოლოგიაა, რომელიც გიცვლით IP მისამართს და გეხმარებათ, შეხვიდეთ დაბლოკილ საიტებზე.
15 მარტს კრემლმა აკრძალა 20 პოპულარული VPN სერვისის გამოყენება. თუმცა მოსახლეობას ჯერაც მიუწვდება ხელი ათეულობით ალტერნატივაზე.