Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკი: შეგიძლიათ, უსურვოთ სიკვდილი პუტინს და რუს ჯარისკაცებს


თუ ოდესმე შეგშინებიათ, პუტინის გინებისთვის არ დამარეპორტონო, თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს. ფეისბუკმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

ძალადობისკენ მოწოდება არ მოსულა. „არა და არასდროს”, არავითარ შემთხვევაში, - ეს მოკლე შინაარსია ფეისბუკის დოკუმენტის, სადაც ვრცლადაა ახსნილი, რატომ არ უშვებს სოციალური ქსელი სიძულვილის ენას.

“სიკვდილი რუს დამპყრობლებს”

დღეს დილით როიტერსმა დაწერა, რომ მოიპოვა ფეისბუკის მფლობელი კორპორაციის, მეტას შიდა მიმოწერა. იმეილების თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გათვალისწინებით, ფეისბუკზე, ინსტაგრამსა და ვათსაპზე ნებადართული იქნება მოწოდებები რუსი ჯარისკაცების და მაღალჩინოსნების მკვლელობისკენ.

ფეისბუკმა ეს დაადასტურა და თან დააკონკრეტა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არაა აღწერილი მათი განხორციელების გზებიო.

„...დროებით დავუშვით პოლიტიკური გამოხატვის ისეთი ფორმები, რომელიც ჩვეულებრივ დროს დაარღვევდა ჩვენს წესებს და ძალადობრივ მოწოდებად ჩაითვლებოდა. მაგალითად, “სიკვდილი რუს დამპყრობლებს”. ჩვენ კვლავ არ დავუშვებთ მოწოდებებს რუსეთის მოქალაქეებზე ძალადობისკენ”, - განაცხადა მეტას წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა.

მან დაამატა, რომ რუსეთის პოლიტიკური ლიდერების მკვლელობისკენ მოწოდებაც მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათთან ერთად სიკვდილს არ უსურვებთ სხვებს, და თუ არ აკონკრეტებთ, სად და რა გზით უნდა მოხდეს მკვლელობა. სიძულვილის ენა აკრძალულია რუსი სამხედრო ტყვეების მისამართითაც.

მეტას „ამნისტია” ვრცელდება მხოლოდ მათზე, ვინც პოსტავს უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, სლოვაკეთიდან და რუსეთიდან.

პუტინსა და კრემლის მაღალჩინოსნებთან ერთად, მეტამ დაუშვა სიძულვილის ენა ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგაც.

გარდა ამისა, როიტერსის ინფორმაციით, მეტას სოციალურ ქსელებში აღარ დაიბლოკება ულტრამემარჯვენეებით დაკომპლქტებული უკრაინული ბატალიონის, „აზოვის“ მხარდამჭერი პოსტები.

“საინფორმაციო ომი წესების გარეშე”

„არ გვინდა დავუჯეროთ როიტერსის ამბავს - ამის დაჯერება მეტისმეტად რთულია“, - უთხრა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

კორპორაციის გადაწყვეტილება გააპროტესტა აშშ-ში რუსეთის საელჩომაც და ის „რუსების მიმართ სიძულვილისა და შუღლის გაღვივებად” შეაფასა.

„კომპანიის ქმედებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ჩვენს ქვეყანას გამოუცხადეს საინფორმაციო ომი წესების გარეშე. მედიაკორპორაციები გახდნენ დასავლეთის მმართველი წრეების პროპაგანდისტული მანქანის ჯარისკაცები“, - დაწერა საელჩოს ოფიციალურმა ფეისბუკგვერდმა.

რუსეთის მედიამარეგულირებელმა, „როსკომნადზორმა” უკვე აღიარა „მეტა” „ექსტრემისტულ ორგანიზაციად” და დაბლოკა ინსტაგრამი.

ეს კიდევ უფრო „გაუვალს” ხდის საინფორმაციო ბლოკადას, რომელშიც რუსეთის მოსახლეობაა მოქცეული. ფეისბუკის და ინსტაგრამის გარდა, რუსეთში აღარ მუშაობს ტვიტერი. „როსკომნადზორმა” უკვე დაბლოკა უცხოური და ადგილობრივი მედიასაშუალებები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ კრემლის აკრძალვას, არ უწოდონ ომს უკრაინაში ომი. რუს მომხმარებლებს აღარ აქვთ წვდომა „ბიბისის”, „დოიჩე ველეს”, „რადიო თავისუფლების”, „მედუზას”, „ეხო მოსკვის”, „ნოვაია გაზეტას” და „დოჟდის” ვებგვერდებზე.

აკრძალვებისთვის გვერდის ასავლელად, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, გამოიყენონ VPN - სერვისი, რომელიც ცვლის მოწყობილობის IP მისამართს. მასზე მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი. 24 თებერვლიდან, 5 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა VPN სულ ცოტა 5-მა მილიონმა ადამიანმა გადმოიწერა. მაგრამ აქ რუსეთის მოსახლეობა აწყდება კიდევ ერთ პრობლემას - ხარისხიანი VPN-ები ფასიანია და მათ შესაძენად საჭიროა ვიზის და მასტერკარდის ბარათები, რომელიც რუსეთში აღარ მუშაობს.

***

მეტას გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. მართალია, შარშან მათ დართეს ირანელ აქტივისტებს ნება, გაევრცელებინათ ვიდეოები, რომელიც შეიცავდა სიტყვებს: „სიკვდილი აიათოლა ჰომეინის!”, მაგრამ აქამდე კორპორაცია არც ერთ სამხედრო კონფლიქტში არ ჩარეულა. ყოველ შემთხვევაში, ღიად.

შარშან მაისში, ისრაელსა და ჰამასს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებისას, ფეისბუკმა წაშალა მილიონზე მეტი პოსტი, რომლებშიც პალესტინელები ისრაელის ქმედებებს აკრიტიკებდნენ. მოგვიანებით, როდესაც ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს, კორპორაციამ განმარტა, რომ ალგორითმმა პოსტები შეცდომით წაშალა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG