„ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, - განაცხადა მან.
ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მკაცრი დათქმებით და შეზღუდვებით ცნო „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება.
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ასამბლეამ განაცხადა, რომ 2025 წლის აპრილში „ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავდა იმ შემთხვევაში, თუ პროგრესი იქნება მიღწეული არაერთ საკითხზე, მათ შორის:
- ორგანიზდება ახალი, რეალურად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში;
- გადაიდგმება ეფექტური ნაბიჯები, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი;
- დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა;
- გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი PACE-ს 2025 წლის აპრილის სესიამდე.
რეზოლუციის მიღებაზე პასუხად, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.
ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ გამოაცხადეს სტრასბურგიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ PACE-ს გადაწყვეტილება იყო „აბსოლუტურად აბსურდული“.
„თუ შეიცვლება გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ასეთ ვითარებაში დღეს მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს“, - განაცხადა მან.
მან ასევე თქვა, რომ „რაიმე არსებითი მნიშვნელობა [PACE-ს] დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის“.
ფორუმი