ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ გამოაცხადეს სტრასბურგიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან.
მათი განცხადება „იმედის“ საგანგებო ეთერში გადაიცა თბილისის დროით 22:18 საათზე.
მანამდე ცოტა ხნით ადრე, PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ამასთან, PACE-მ დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნო, - არაერთი დათქმით, - და განაცხადა, რომ ამ საკითხს 2025 წლის აპრილში განსახილველად კვლავ დაუბრუნდება.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ "ქართული ოცნებისთვის" "არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველსმოკლებულია".
წულუკიანმა „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა დათქმას ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე და თქვა, რომ ეს „სცდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს“.
„ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა“, - განაცხადა მან.
სწორედ მან წაიკითხა „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილება: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში“.
ამავე დროს, თეა წულუკიანმა დააზუსტა, რომ „საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო, რჩება ევროპის საბჭოს წევრად“.
თეა წულუკიანმა ახსენა „ზეწოლა“ და „ოფიციალურ პირებს უკან მდგარი ძალები“, რომლებსაც, მისი თქმით, „ანტიქართული ნაბიჯები“ სურთ ხელისუფლებისგან:
„საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური თუ არაოფიციალური პირი, ასევე მათ უკან მდგარი ძალები, კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს“, - თქვა მან.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ PACE-ს გადაწყვეტილება იყო „აბსოლუტურად აბსურდული“.
„თუ შეიცვლება გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ასეთ ვითარებაში დღეს მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს“, - განაცხადა მან.
მან ასევე თქვა, რომ „რაიმე არსებითი მნიშვნელობა [PACE-ს] დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის“.
საერთო რეზოლუციას მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 114-მა წევრმა დაუჭირა, შვიდმა თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისაგან, 13-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
განახლება: სათაური ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შეიცვალა.
ფორუმი