საპარლამენტო ასამბლეის უკვე არაერთმა წევრმა გააკეთა პოლიტიკური განცხადებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მათი აბსოლუტური უმრავლესობა კრიტიკულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი და ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
არაერთმა მათგანმა ახსენა საქართველოში პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, რომელიც მე-18 დღეა, შიმშილობს.
ფრანკ შვაბე: „წევრობა გამოსაცდელი ვადით“
„საქართველო საპირისპირო მხარეს მიდის, სრულიად არასწორი მიმართულებით: ნაკლები დემოკრატიული სტანდარტები; ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ნაკლებად დაცვა - მოდით, ასე ვთქვათ: ნაკლები ევროპა“, - განაცხადა ფრანკ შვაბემ, PACE-ს სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარემ.
„აქ იმის გამო ვართ, რომ გამოვიდეთ ბოლო გაფრთხილებით. ჩვენ უბრალოდ შეშფოთებულები კი არ ვართ, - როგორც უამრავ ანგარიშშია ხოლმე აღნიშნული, - არამედ ჩვენ დღეს მზად ვართ მოქმედებისთვის“, - განაცხადა მან.
„ჩვენ მივყვებით ამ საკითხს. ასი პროცენტით მივუბრუნდებით მას აქ აპრილში. მე ამას ვუწოდებდი „წევრობას გამოსაცდელი ვადით“, მკაცრად შეზღუდული უფლებებით“, - განაცხადა ფრანკ შვაბემ.
- „შეწყვიტეთ ძალადობა და პასუხი აგებინეთ მათ, ვინც ჩაიდინა სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულები. გთხოვთ გაათავისუფლოთ პოლიტიკური საფუძვლებით დაკავებულები და მსურს ვახსენო მზია ამაღლობელი. მე ვნახე ვიდეო და მის მიმართ ბრალდება სასაცილოა - რასაც აბრალებთ და რა სასჯელიც ელის“.
- „ვიხილეთ სისტემური მანიპულაცია არჩევნების დროს - როგორ უხდიდნენ ფულს ადამიანებს, მოუწოდებდნენ ფოტოების გადაღებისკენ, როგორი ზეწოლა იყო ამომრჩევლებზე. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნები“.
- „მსურს დამატებით განვაცხადო: ნუ მოახდენთ ადამიანების ექსტრადიციას აზერბაიჯანში. არიან აფგან სადიგოვის მსგავსი ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან თბილისში და ეშინიათ აზერბაიჯანში გაძევების“.
ალექსეი გონჩარენკო
უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უკრაინას, - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცებისგან განსხვავებით, - არ სურს „საქართველოს ომში ჩართვა“ და „მეორე ფრონტის გახსნა“.
„საქართველოში დემოკრატიას თავს ესხმიან. იქ დემოკრატიისა და თავისუფლების მოკვლას ცდილობენ. ჩვენ ვხედავთ საქართველოს გატაცებას პრორუსული მარიონეტების მიერ. ეს არის ის, რაც ახლა ხდება. ვინ დგას ამ გზაზე მათ წინააღმდეგ? ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება“, - განაცხადა მან.
„ამიტომაა, რომ საქართველოს რეჟიმი ასე მკაცრად უტევს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოური აგენტების კანონით, „რუსული კანონით“, სასტიკი თავდასხმებით, მიჰყავს ციხეში. ამიტომაც სძულთ ისინი ასე ძალიან“, - თქვა გონჩარენკომ.
მან ქართულ ენაზეც მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს საზოგადოებას:
„ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, აღსდექ საქართველო! იბრძოლე საქართველო“!
ლორდი დონ ტუიგი
ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა დონ ტუიგმა, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, განაცხადა:
„ვფიქრობ, სწორია უარი ვუთხრათ ქართულ დელეგაციას უფლებამოსილების რატიფიკაციაზე. ამ ასამბლეას ძალიან შეზღუდული ძალაუფლება აქვს, მაგრამ ერთი, რაც შეგვიძლია, ისაა, რომ დელეგაციას დამტკიცებაზე უარი ვუთხრათ“.
„თუ დღეს ასე მოვიქცევით, ვფიქრობ, დავიცავთ ჩვენს სადამფუძნებლო პრინციპებს: ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. [„ქართული ოცნების“] წარმომადგენლები ამბობდნენ, ადამიანების წინააღმდეგ ძალადობა არ ყოფილაო“, - განაცხადა მან.
ლორდმა ტუიგმა საპარლამენტო ასამბლეას აჩვენა საქართველოში დემონსტრაციების დარბევისას დაშავებული, ნაცემი ადამიანების ფოტოები: „შეხედეთ ამ ფოტოებს: დალეწილი სახეები და დამტვრეული ძვლები“.
მოგვიანებით ლორდმა ტუიგმა რადიო თავისუფლებასთან თქვა, რომ საჭიროა, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს.
ევგენია კრავჩუკი: „ეს მე სამშობლოში მინახავს“
უკრაინელმა პოლიტიკოსმა, უკრაინის რადის წევრმა ევგენია კრავჩუკმა განაცხადა:
„[ერთ-ერთ ახალგაზრდულ ცენტრში ქართველ გოგოს ვესაუბრე. ქართველებს ეშინიათ, რომ მათ დაივიწყებენ, ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდება და საბოლოოდ აღარავინ იდარდებს მათზე. მაგრამ ისინი ჩვენ გვადარდებს. ჩვენ გვადარდებს საქართველოს ხალხი, რომელმაც აირჩია დემოკრატიული, ევროპული გზა“.
„როდესაც უკუსვლაზე ვლაპარაკობთ, მე საკუთარ ქვეყანაში მაქვს ნანახი, როცა იანუკოვიჩი ევროინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით შეტრიალდა. ეს მე ნანახი მაქვს, ნანახი მაქვს ეს პროტესტი, ვმონაწილეობდი მასში. ეს თვითნებური დაკავებები ნანახი მაქვს, ეს ჩვენთან მოხდა. ჩვენ გვყავდა ჟურნალისტები ციხეში. ეს ყველაფერი გვქონდა. გამოვცადეთ სისასტიკე“, - განაცხადა მან.
მან თქვა, რომ მხარს უჭერს რეზოლუციას, რომელიც მოიცავს „მოწოდებას ადრეული არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტიკური პატიმრებისა და ყველა უკანონოდ დაკავებული მომიტინგის გათავისუფლებისკენ“.
„მსურს აღვნიშნო, რომ მეთვრამეტე დღეა, რაც შიმშილობს ქალბატონი მზია ამაღლობელი. ვუცხადებ მას სოლიდარობას ჩემი და ასამბლეის სახელით“, - განაცხადა კრავჩუკმა.
წულუკიანი - „დათქმები პრობლემურია“
სიტყვით გამოვიდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც, - გივი მიქანაძე და თეა წულუკიანი, - რომლებმაც პარტიის პოზიციები დააფიქსირეს.
„ჩვენთვის პრობლემურია რატიფიკაციის თანმხლები რიგი დათქმებისა, განსაკუთრებით პირველი დათქმა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების გამოცხადებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს ამ ექსტრაორდინარული დათქმებით და ცნოთ ჩვენი უფლებამოსილება ნორმალურად მუშაობის, საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან და ახლახან საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან უკვე არსებული კარგი თანამშრომლობის გაგრძელების დათქმით“, - თქვა მან.
PACE-ს გადაწყვეტილებები
პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ამასთან, დღევანდელი გადაწყვეტილებით, PACE-მ „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნო, - არაერთი დათქმით, - და განაცხადა, რომ ამ საკითხს 2025 წლის აპრილში განსახილველად კვლავ დაუბრუნდება.
პასუხად „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას. ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ გამოაცხადეს სტრასბურგიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან.
ფორუმი