რეზოლუციის პროექტში, რომელიც ანგარიშის შედეგად უნდა მიიღონ, ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა, ეწინააღმდეგება ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს.
"ამიტომ კომიტეტს სურს მკაფიო გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან, შეცვალონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები", - წერია ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულების მონიტორინგის კომიტეტის ტექსტში.
"დიალოგის შენარჩუნებისადმი ღიაობის ნიშნად", ასამბლეა 2025 წლის აპრილის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს ხელახლა განიხილავს.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ ასამბლეა მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეასრულოს რიგი პირობები, მათ შორის, დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შექმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალ თვეებში გამოცხადებული, ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას.
"ასევე, დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიციის მხრიდან სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები.
ეფექტურად უნდა გამოიძიონ ეს შემთხვევები და დასრულდეს სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენება, როგორც მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების მიმართ შურისძიების საშუალება.
სრულად სცენ პატივი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს 2025 წლის აპრილის სესიამდე", - წერია დოკუმენტში.
ამას გარდა, ანგარიშის მხარდაჭერის შემთხვევაში, "ქართული ოცნების" დელეგაციას შეუჩერდება რიგი უფლებები, მათ შორის კომიტეტებში:
"პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევების დაგმობის აშკარა ნიშნად, რაზეც ხელისუფლებას აქამდე არ ჰქონია რეაგირება, ასამბლეა გადაწყვეტს, შეაჩეროს ქართული დელეგაციის წევრების შემდეგი უფლებები:
- უფლება, იყოთ შემდეგი კომიტეტების სრულუფლებიანი წევრები ან შემცვლელი: პოლიტიკური და დემოკრატიის კომიტეტი, მონიტორინგის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი და რეგლამენტის, იმუნიტეტებისა და ინსტიტუციურ საკითხთა კომიტეტი;
- არჩევნების სადამკვირვებლო კომისიის წევრის უფლება;
- მომხსენებლად დანიშვნის უფლება;
- უფლება, იყოს ასამბლეის პრეზიდენტობის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარეობის ან ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატი;
- უფლება, წარმოადგინოს ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით და უფლება, წარმოადგინოს ასამბლეა პერიოდულად (ბიუროს ან კომიტეტის გადაწყვეტილებით) ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე".
29 იანვრის სხდომაზე ასევე ცალკე უყრიან კენჭს რეზოლუციის შესწორებებს, რომელთა მხარდაჭერასაც უბრალო უმრავლესობის ხმების სჭირდება.
27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE-ში) "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრდა. იგი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა დააყენა EPP-ის ჯგუფის სახელით, რომელსაც ასამბლეის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
"საქართველოს პარლამენტი არის პარლამენტი, რომელშიც მხოლოდ ერთი პარტიაა. ივანიშვილის რეჟიმი ანგრევს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე გავასაჩივრებ რწმუნებათა სიგელებს EPP ჯგუფის სახელით", - თქვა ობერგმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. სტრასბურგში გაემგზავრნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და არ მონაწილეობენ მის მუშაობაში.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სტრასბურგში შეხვედრები გამართეს ფრაქციების წარმომადგენლებთან და საქართველოში არსებული ვითარება გააცნეს EPP-ის, კონსერვატორების, სოციალისტებისა და ALDE-ს წევრებს. ჯაფარიძის თქმით, ALDE-თან შეხვედრაზე ცალკე დააყენეს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საკითხიც.
საქართველოში 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის - საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი; პარლამენტის, მთავრობისა და მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს; ასევე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
სანქციების პოლიტიკა დაიწყო გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამაც.
რა წერია შესწორებებში?
პირველი შესწორება, რომელსაც ასამბლეა 29 იანვარს კენჭს უყრის, საქართველოში ახალი არჩევნების გამართვას მოითხოვს. მასში ვკითხულობთ, რომ ასამბლეის შეხედულებით, საქართველოში პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად საჭიროა "ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში".
მომდევნო შესწორება მოითხოვს, რომ ასამბლეამ არ ცნოს ქართული დელეგაციის უფლებამოსილება.
ამის საპირწონედ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმაც წარადგინეს შესწორება, რომელიც, პირიქით, ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას გულისხმობს.
გარდა ამისა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა წარადგინეს კიდევ ერთი შესწორება, რომელიც ითვალისწინებს რეზოლუციის პროექტიდან ბოლო პუნქტის მთლიანად ამოღებას. ამ პუნქტში საუბარია 2025 წლის აპრილში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების გადახედვაზე (რაც იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ დელეგაციას უფლებამოსილება ახლავე არ შეუჩერდება).
ფორუმი