Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სილის გაწვნა აფხაზეთის სახელმწიფოსთვის" - ოპოზიციონერები რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ


კან კვარჩია და ლეუან მიქაა
კან კვარჩია და ლეუან მიქაა

აფხაზმა ოპოზიციონერებმა ლეუან მიქაამ და კან კვარჩიამ, რომლებსაც რუსეთმა მოქალაქეობა ჩამოართვა, პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქვეს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ და მიაჩნიათ, რომ არ დაურღვევიათ რუსეთის ფედერაციის კანონი და „რუსეთის წინააღმდეგ არავითარი ქმედება არ ჩაუდენიათ“.

„ჩვენ ყოველთვის ჩვენი სამშობლოს ინტერესებით ვმოქმედებდით და არა რუსეთის ფედერაციის საზიანოდ“, - თქვა ლეუან მიქაამ.

„ჩვენ მთელი ცხოვრებაა, პოლიტიკით ვართ დაკავებული, რათა ჩვენ სამშობლოს მოვუტანოთ სარგებელი. ეს ყოველთვის რისკია და რისკისთვის ყოველთვის მზად ვიყავით“, - თქვა კან კვარჩიამ.

„უნდათ გაგვტეხონ და მიგვაღებინონ ჩვენთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები“, - დაამატა მან.

ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ „მთავრობა არაფერს აკეთებს, ის მიზეზი მაინც რომ გაარკვიოს“, რის საფუძველზეც ჩამოერთვათ მათ რუსეთის მოქალაქეობა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეს კეთდება ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ასლან „ბჟანიას სიების მიხედვით“.

როგორც „Нужная газета“ წერს, კან კვარჩიამ არა მხოლოდ „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს, არამედ „ვიცე-პრეზიდენტობის“ კანდიდატებსაც მოუწოდა, შეაფასონ ინფორმაცია „აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ“.

„პარლამენტის დეპუტატი ვარ, ეს სილის გაწვნაა აფხაზეთის სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა კვარჩიამ.

სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კან კვარჩიას და ლეუან მიქაას გარდა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა ყოფილ „დეპუტატს“ და „თურქ აფხაზთა დიასპორის“ წარმომადგენელს, ტაიფუნ არძინბას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG