„დეკემბრის მეორე ნახევრიდან მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით სასუნთქი სისტემის დაავადებების განყოფილება არის მხოლოდ იაშვილის კლინიკაში. 25 საწოლი დგას და, რა თქმა უნდა, არ გვყოფნის. ამიტომ კიდევ ერთი განყოფილება გამოვათავისუფლეთ. ახლა მწვავე რესპირაციული ინფექციებით აქ სამოცი პაციენტი წევს, - ამბობს ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, - მოსახლეობას უფრო ღორის გრიპი ახსოვს, მაგრამ ჩვენთვის, ექიმებისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს რომელი გრიპია. რესპირაციული ვირუსული ინფექციებიდან ყველაზე მეტად სწორედ გრიპს ვაქცევთ ყურადღებას, რადგან ის ყველაზე ხშირად იწვევს გართულებებს. სწორედ გრიპით ხვდებიან საავადმყოფოში და ხანდახან კვდებიან კიდეც“.
გრიპის სეზონად საქართველოში ეპიდემიოლოგები ნოემბერ-მარტის პერიოდს განიხილავენ. დაავადების პიკი ყოველ წელს სხვადასხვა თვეა, ყველაზე ხშირად მაინც დეკემბერ-იანვარი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გრიპის შემთხვევების მკვეთრი მატება საქართველოში დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო. მაშინ გრიპის ხვედრითი წილი 25 პროცენტს შეადგენდა. იანვრის მესამე კვირას მაქსიმუმს მიაღწია და 60 პროცენტი გახდა. ახლა 58 პროცენტია.
რაც შეეხება დანარჩენ ვირუსებს, ესენია: მეტაპნევმოვირუსი [HMPV], რომელმაც ჩინეთის საავადმყოფოებში რიგები დააყენა, კორონავირუსი და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციას იწვევს.
ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ახლა საქართველოში სულ ათამდე ვირუსი ტრიალებს. აქედან ყველაზე გავრცელებული და სახიფათო გრიპია. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, გრიპის „ბ“ ტიპის ვირუსი 27 პროცენტია, დანარჩენი კი არის „ა“ ტიპის - იგივე ღორის გრიპი. „მაგრამ ამას მხოლოდ ვიწრო სპეციალობის ექიმებისთვის აქვს მნიშვნელობა, „ა“ და „ბ“ ტიპის ვირუსები კლინიკურად ერთნაირად ვლინდება“, - ამბობს ის.
გრიპის ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. განსაკუთრებით სახიფათოა ხუთ წლამდე ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, ორსულებისთვის ან მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს.
„ორსულებში გრიპმა შეიძლება ნაყოფს მიაყენოს ზიანი, თავად ქალზეც მოქმედებს. 2009-2010 წლის პანდემიისას 33 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 9 ორსული. ამის გამო ყოველთვის ვამბობთ, რომ ორსულებში გრიპის ვაქცინაცია აუცილებელია“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
„ღორის გრიპი“ იგივე H1N1 მსოფლიოს 2009 წელს მოედო და 280 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
ღორის გრიპის სიმპტომები:
- მაღალი ტემპერატურა (380C) - ცხელება, მაგრამ არა ყოველთვის;
- კუნთების ტკივილი;
- ოფლიანობა, შემცივნება;
- ხველა;
- ყელის ტკივილი;
- ცხვირიდან გამონადენი;
- დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება;
- ღებინება, თუმცა იშვიათად.
ექიმის ჩარევა დაავადებულს შეიძლება არც დასჭირდეს, მაგრამ თუ ავადმყოფს სუნთქვა უძნელდება, თავბრუ ესხმის, სუსტადაა და კუნთები სტკივა, სპეციალისტს უნდა მიმართოს. ღორის გრიპის კიდევ ერთი სიმპტომია დეჰიდრატაცია (მაგალითად, დაავადებულს არ აქვთ შარდვის სურვილი).
„თუ გრიპით დაავადებული რისკის ჯგუფშია, ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს, რომ მან დროულად დაიწყოს ანტივირუსული პრეპარატით მკურნალობა. გრიპის დადგენას ლაბორატორიული ანალიზი არ სჭირდება, ექიმი თავად დასვამს დიაგნოზს, - ამბობს ივანე ჩხაიძე, - რისკის ჯგუფში ვინც არ არის, მან უბრალოდ ტემპერატურა უნდა აკონტროლოს. თუ სიცხე 38,5 გრადუსზე მეტია და ტკივილიც გაუსაძლისი, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი დალიოს, ასევე ბევრი სითხე“.
გრიპის წინააღმდეგ ეფექტურია ვაქცინაცია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდება. ვაქცინა მას მდგომარეობის გართულებისგან იცავს. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას დაახლოებით 3 კვირა სჭირდება. მის გასაკეთებლად ყველაზე კარგი დრო ოქტომბერ-ნოემბერია, თუმცა რისკის ჯგუფებისთვის ახლაც შეიძლება.
მეორე საშუალება, რომელიც ადამიანებს გრიპისგან დაიცავს, დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარებაა, განსაკუთრებით ტრანსპორტსა და ბაზრობებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა და შენობების განიავება.
ფორუმი