გრიპისთვის დამახასიათებელია:
- ცხელება - მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, ოფლიანობით. დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას სხეულის ტემპერატურა 380C-ზე მეტად არ იწევს, ხანგრძლივობა: 1-2 დღეა. საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას 390C -მდე მატულობს და ხანგრძლივობა 2-3 დღეა. მძიმე მიმდინარეობისას 39-400C-ზე მეტია და 4-5 დღე გრძელდება;
- ინტოქსიკაცია - ვლინდება საერთო სისუსტით, ოფლიანობით, კუნთებსა და სახსრებში ტეხვის შეგრძნებით და/ან ტკივილით, თავის ტკივილით, ტკივილით თვალების ლატერალური მოძრაობისას;
- რინიტი - საწყის პერიოდში დამახასიათებელია ცხვირიდან თხევადი ლორწოვანი გამონადენი. თანდართული ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში გამონადენი სქელდება, შეიძლება მიიღოს ჩირქოვანი ხასიათი და არასასიამოვნო სუნი;
- ფარინგიტი - ყელში ხეხვისა და ფხაჭნის, ტკივილის შეგრძნება, ზედაპირული ხველა;
- ლარინგიტი - მშრალი, ხშირ შემთხვევაში შეტევითი ხველა, ხმის ჩახლეჩა;
- ტრაქეიტი - მშრალი ან სველი ხველა, ტკივილი მკერდის ძვლის უკან;
- ბრონქიტი - სველ ხველასა და ნახველთან ერთად ფილტვებში აუსკილტაციით ისმინება ხიხინი.
"გართულებების გარეშე მიმდინარეობისას ერთი-ოთხი დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე-7-მე-10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14-20 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ჰაერგამტარი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი)", - წერია დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობარში გრიპის შესახებ.
რა ვირუსები ცირკულირებს?
წამყვანია გრიპის ვირუსი, რომელსაც აქვს ორი მსხვილი ქვეჯგუფი: A და B. უფრო ხშირად გვხვდება A ტიპის და მისი ქვეჯგუფები: H1N1, H3N2 და სხვები. პაციენტისთვის განსხვავება არ აქვს, რომელი ქვეჯგუფი აქვს. ასევე გვხვდება კორონავირუსის შემთხვევებიც.
რა განასხვავებს გრიპის ვირუსებსა და კორონავირუსს?
სიმპტომპებით განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. კოვიდმაც დაკარგა თავისი სპეციფიკური თვისებები და ძალიან დაემსგავსნენ რესპირაციული ვირუსები ერთმანეთს. ყველასთვის წამყვანი სიმპტომია ცხელება, ზოგს შეიძლება ჰქონდეს ძლიერი სისუსტე და ხველა.
აუცილებელია ამ დროს ვირუსის ტიპის დადგენა?
ვირუსული ინფექციების მართვა თითქმის იდენტურია. გარკვეულწილად საჭიროა დავადგინოთ, გრიპის ვირუსია თუ კოვიდი, რადგან პაციენტმა ან ექიმმა არ ჩათვალონ, რომ ეს არის ბაქტერიული და არ მიიღოს პაციენტმა ანტიბიოტიკი - არ უმკურნალონ როგორც ანგინას ან სხვა შემთხვევას.
რამდენად ხშირია ინფექციური ვირუსები წელს?
წელს რაღაც განსაკუთრებული არ ხდება. დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ გრიპის შემთხვევები მატულობს. გრიპი ყოველთვის იყო პრობლემა, თუმცა (გასულ წლებში) კოვიდმა უკანა პლანზე გადაწია. იყო გრიპით კლინიკაში გადაყვანისა და გარდაცვალების შემთხვევები.
რა საფრთხეების მქონეა ის ვირუსი, რომელიც საზოგადოებაში ცირკულირებს?
საშიშია რისკჯგუფებისთვის: ჩვილი ბავშვებისა და ორსულებისთვის, ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. მათ შეიძლება გაურთულდეთ ფილტვების ანთებით და ამიტომ ამ ჯგუფებისთვის აუცილებელია ვაქცინაცია. სიმპტომების შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო დახმარება.
ვაქცინა იცავს ადამიანს ვირუსისგან?
სამკომპონენტიანი და ოთხკომპონენტიანი ვაქცინები, რომელიც საქართველოშია, ადამიანს იცავს გრიპის ქვეტიპებისგან. როცა სიტყვას "გვიცავს" ვახსენებთ, უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ის. ზოგ ადამიანში ნიჰილიზმის საფუძველს ქმნის ის, რომ მათ ვაქცინაციის შემდეგ ისევ ემართებათ სურდო, ხველა, სიცხე. ვაქცინა არ ნიშნავს, რომ ის იცავს ყველა ტიპის გაციებისგან - ეს არის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და მას არ აქვს ამბიცია, რომ სრულად დაიცვას ინფიცირებისგან. იცავს გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან.
ვაქცინაცია შეიძლება ნებისმიერ დროს, მთავარია იმ დროს ადამიანს არ ჰქონდეს ცხელება. გრიპის ვაქცინისთვის იდეალური დროა ოქტომბერ-ნოემბერი, თუმცა ვინც არ არის აცრილი, სჯობს ახლა მაინც მიაკითხოს კლინიკებს. გრიპის სეზონი მარტამდეა.
ახლა გრიპის ეპიდემიაა?
ეპიდემია ჰქვია, როცა ჩვეულზე მეტი შემთხვევები ფიქსირდება. ამ სეზონზე მუდმივად ასეთი რაოდენობა ფიქსირდება - სეზონური ეპიდემია გვაქვს ხოლმე.
რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც ახლა გრიპი აქვს?
მთავარია, თვითნებურად არ მიიღოს ანტიბიოტიკები. ჩვენთან გრიპის დროს ადამიანები იწყებენ ანტიბიოტიკების დალევას, რაც სრულიად არასწორია. არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, თუმცა მათთვისაც აუცილებელია სპეციალური ჩვენება.
C ვიტამინი ის მედიკამენტია, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს და შესაძლებელია მისი მიღება ვიტამინების შესავსებად.
ადამიანებს ნუ ეშინიათ ცხელების და დიდი რაოდენობით ნუ იყენებენ სიცხის დამწევებს. ის უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დისკომფორტს ხსნის - მაგრამ ეს არ არის მკურნალობა.
საყოველთაო რეკომენდაცია არ არის პირბადით სიარული, თუმცა რისკჯგუფებს შეუძლიათ გამოიყენონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.