ტრაგედიის ზუსტი ადგილის შესახებ არაფერი იცის იოსებ ადეიშვილის დედამ, ირმა ოროლოვამ. არც მოზარდის მამამ, გრიგოლ ადეიშვილმა.
ისინი მხოლოდ შვილის მეგობრების ნაამბობზე დაყრდნობით ცდილობენ გაარკვიონ, როგორ აღმოჩნდა იოსები ისეთ „ორმოში“, საიდან ამოსვლაც ვერც თავისით და ვერც მეგობრების დახმარებით ვერ მოახერხა და დაიღუპა.
„არ ვიცი, იქნებ აქ ჩავარდა? ან იქნებ იქით ჩავარდა? იქითაც წავიდეთ, ყველაფრის ნახვა მინდა“, - ამბობს ირმა ოროლოვა, რომელიც ჟურნალისტებთან ერთად ათვალიერებს ჯერ კიდევ ყვითელი და წითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ტერიტორიას, გარშემო უვლის შენობას და სადაც კი საეჭვო ადგილს დაინახავს, ახლოს მიდის, ჩერდება და აკვირდება: „განა ასე უნდა იყოს ეს „ჟესტები?“, ამის გადაწევა და შიგნით შესვლა ხომ ადვილია? არ ვიცი, იქნებ ესეც გადაწია და შევიდა?“, - კითხულობს ის.
მეათეკლასელი იოსებ ადეიშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიაში 29 იანვარს გავრცელდა. ბიჭი 4 დღით ადრე, 25 იანვარს დაიღუპა.
მამა, რომელიც მარტო დგას სარიტუალო დარბაზში, შვილის კუბოსთან, გვეუბნება, რომ ბიჭის დაღუპვის დეტალების შესახებ ბევრი არაფერი იცის - მხოლოდ ის, რაც შვილის მეგობრებისგან შეიტყო.
პოლიციაში მისულს ერთადერთი ის უთხრეს, რომ მისი შვილი დაიღუპა და გამოძიება მიდის. სხვა დეტალები მამისთვის არ უთქვამთ:
„არც გვქონდა ამ დეტალების მოკითხვის თავი. ბავშვი დაიღუპა, რა დროს ეს იყო, მაგრამ როგორც კი დავკრძალავ, აუცილებლად მივალ იქ. აუცილებლად გავარკვევ, სად მოხდა, რა მოხდა. ჩემი შვილი აღარაა, მაგრამ იქნებ სხვა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ? ახლობლები მეუბნებიან, იმათ თუ არ აქვთ უსაფრთხოების ზომების დაცვის თავი, ჩვენ მივიდეთ და ჩვენ დავხუროთ ის სივრცე ისე, რომ ხვალ და ზეგ კიდევ სხვა არ ჩავარდესო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იოსების მამა.
რა იციან მშობლებმა?
132-ე სკოლის მეათეკლასელი იოსები მუსიკით იყო გატაცებული. დადიოდა ფორტეპიანოზე და როგორც მამა გვეუბნება, თავადაც ქმნიდა „პატარ-პატარა კომპოზიციებს“:
„მასწავლებელს ძალიან მოსწონდა. კარგი მონაცემები ჰქონდა, რთულ ნაწარმოებებს აძლევდა ხოლმე. ფორტეპიანოზე სწავლის ერთი ეტაპი დაასრულა, ახლა მეორე ეტაპზე იყო უკვე და ფიქრობდა, რომ ამ პროფესიას გაჰყოლოდა“, - უყვება მამა რადიო თავისუფლებას.
იმ დღეს, როცა დაიღუპა, იოსები სწორედ ფორტეპიანოს გაკვეთილიდან ბრუნდებოდა, მეგობრებს შეხვდა და გზად „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე შეიარეს:
„ხუთი საათი იყო, დღის სინათლე, როგორც ბავშვები ამბობენ, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შევიდა იმ ტერიტორიაზე. არ ვიცი, ისედაც ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვი იყო, უყვარდა ფოტოების გადაღება, შეიძლება, საინტერესოდ მოეჩვენა იქაურობა და უფრო ღრმადაც შევიდა და როგორც მეგობრებისგან ვიცი, სწორედ ამ დროს ჩავარდა რაღაც სიღრმეში.
დოქებში, თვითონ შენობაში არა, უკანა მხრიდანო, რაღაც ლიფტის შახტივით იყოო, შიგნით წყალი ესხა ისე, თითქოს ასფალტი იყოო, შევიდა შიგნით, ეგონა, რომ მიწა იყო და ჩავარდაო. როცა იყვირა, მიცვივდნენ ბავშვები, სცადეს ამოყვანა, დაუწყიათ ყვირილი, ბიჭი იხრჩობაო, მაგრამ იქ ვიღაცებს უთქვამთ, მძღოლები ყოფილან, ჩვენი საქმე არ არის, 112-ში დარეკეთო.
როგორც ბავშვები ყვებიან, რამდენიმე წუთი ხელებით ეჭირათ. მაგრამ ნელ-ნელა უფრო და უფრო დამძიმდაო. კიდევ ვიღაც ტურისტი მისულა, ისიც ეხმარებოდა. ქურთუკი ეცვა, როგორც ჩანს, წყლით გაიჟღინთა. ბავშვი თავად 60 კილო მაინც იქნებოდა, ის ქურთუკიც რომ დასველდა, ალბათ ვეღარ დაიჭირეს ბავშვებმა ასეთი სიმძიმე.
პოლიცია ვინ გამოიძახა, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ბავშვებმა, შეიძლება სხვამ. პოლიციის მისვლასაც ხომ დრო დასჭირდა. ბიჭები ყვებიან, სანამ პოლიცია მოვიდა, გაგვეშვა ხელები და ჩავარდაო. ერთ-ერთ ბიჭს სულ დაკაწრული აქვს ხელები, რომ ეჭიდებოდნენ ერთმანეთს, მაშინ დაეკაწრა“, - ჰყვება გრიგოლ ადეიშვილი.
16 წლის ბიჭის მშობლები ამბობენ, რომ მეგობრები, რომლებიც მათ შვილს ახლდნენ თან, მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში არიან:
„ერთ-ერთი მეგობარი, ღამე ყვირილით იღვიძებს, „ჩამეჭიდე, იოსკა, ჩამეჭიდე“, ასე ყვირის, ძალიან რთულ მდგომარეობაშია“, - ამბობს დაღუპული ბიჭის დედა.
„ახალმოსული ვარ ამ სამსახურში, არაფერი ვიცი“.
გრიგოლ ადეიშვილის თქმით, მისი შვილი წყლით სავსე სიღრმიდან მყვინთავებმა ამოიყვანეს.
ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს სამაშველო სამსახურიც. თუმცა, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე, რა სივრცეში იპოვეს წყალში ჩავარდნილი მოზარდი, ამის შესახებ არაფერს ამბობენ და შინაგან საქმეთა სამინისტროში გვამისამართებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ დეტალების შესახებ არაფერი იციან. იციან მხოლოდ ის, რომ 16 წლის მოზარდი დაიღუპა „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ე.წ. „სარდაფის მაგვარ“ სივრცეში ჩავარდნით.
ეს მოხდა შიგნით შენობაში, თუ შენობის მიმდებარედ და უფრო კონკრეტულად, სად, ამის შესახებ უწყება ინფორმაციას არ ავრცელებს.
„რიყის დოქების“ ტერიტორია 14 ათასზე მეტ კვადრატულ მიწაზეა გაშლილი. შენობას 24 საათის განმავლობაში დაცვის პოლიცია იცავს.
ტერიტორია ისევ ლენტებითაა შემოსაზღვრული. შენობის ყველა შესასვლელი ჩაკეტილია.
ადგილზე მისულ რადიო თავისუფლებას დაცვის ორი თანამშრომელი დაგვხვდა. გვითხრეს, რომ ინფორმაცია ბიჭის დაღუპვის შესახებ აქვთ, მაგრამ კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპა მოზარდი, ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან:
- „მე ახალმოსული ვარ ამ სამსახურში და არაფერი ვიცი“.
- „შემთხვევა 25 იანვარს მოხდა, ორი დღის დანიშნული ხართ?“
- „კი, მეორე "სმენაა", რაც ვარ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა მოხდა და სად მოხდა, პრესსამსახურს უნდა მიმართოთ და ისინი გეტყვიან ყველაფერს“,
გვპასუხობს დაცვის პოლიციის თანამშრომელი. მათი ჯიხური სწორედ იქ დგას, სადაც „რიყის დოქების“ ერთ-ერთი სახიფათო ზონა - შუშის სივრცეა მოწყობილი, რომელიც რკინის კონსტრუქციაზეა შემოშენებული და არ აქვს იატაკი. კონსტრუქციის სიღრმე, სავარაუდოდ, რამდენიმე მეტრს აღწევს და ამ სივრცის შესასვლელს ერთი თხელი მეტალის ბარიერი აქვს აფარებული.
ვინ ფლობს „რიყის დოქებს“?
„რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. თავდაპირველად შენობა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა. იქ ხელოვნების ცენტრი, მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა ყოფილიყო.
წლების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
„რიყის დოქები“ 2022 წლის 24 მარტს გასხვისდა. ხელისუფლება მის გაყიდვას 2020 წლიდან ცდილობდა, საბოლოოდ, ტერიტორია აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეექვსე ცდაზე გაყიდა - ინვესტორს 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ე.წ. „რიყის დოქებით“ 10 020 000 ლარად გადაეცა, რაც თავდაპირველ ღირებულებაზე თითქმის 10-ჯერ იაფი იყო.
„რიყის დოქები“ ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმა Global Victory Trust-მა შეიძინა, რომლის აქციონერიცაა კომპანია Global Victory Investment-ი, ხოლო კომპანიის დირექტორატში ირიცხება დავით ხიდაშელი, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის, „კარტოგრაფების საქმის“ მთავარი მოწმე.
ის რომ „რიყის დოქების“ მფლობელი დავით ხიდაშელია, ეს ინფორმაცია ტერიტორიის გასხვისების მეორე დღესვე დაუდასტურა მან ტელეკომპანია „ფორმულას“ - „ჩემი ოჯახის საკუთრებაშია“, - უთხრა მან ტელეკომპანიას.
აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებული იყო, რომ მომდევნო 36 თვის ვადაში, ანუ 2025 წლის მარტისთვის, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოწყობილიყო, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებდა:
„ობიექტის სამომავლო განვითარება ხელს შეუწყობს რიყის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის გაჩენას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას“, - ამბობდნენ 2022 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
2022 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ხიდაშელი „რიყის დოქების“ 50%-ის გაყიდვას გეგმავდა. კომპანიამ გამოაქვეყნა სარეალიზაციო განაცხადიც.
რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებას დავით ხიდაშელთან, რომელთანაც გვქონდა კონკრეტული კითხვები, პირველ რიგში, მის მფლობელობაში არსებული ქონების ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ. ასევე გვაინტერესებდა, რატომ დაუგვიანდა საინვესტიციო პირობების შესრულება, თუმცა, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ის არც ჩვენს სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.
სანდრო შელია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე, არ მიმდინარეობს მშენებლობა, ეს ტერიტორია წლებია „მიტოვებულია“, შენობაც არ არის დასრულებული და, შესაბამისად, სახიფათოცაა.
სწორედ ამიტომ, ის ამბობს, რომ როგორც მისი მფლობელი, ისე დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, ვალდებულები არიან, ტერიტორიის გარშემო მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები:
„საქართველოში რეგულაციების ნაკლებობა ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენთან, სამწუხაროდ, ყურადღება ექცევა იმ რეგულაციებს, საიდანაც კეთდება ფული, ხოლო ის რეგულაციები, რომლებიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, უგულებელყოფილია.
მართალია, ამ შემთხვევაში, „რიყის დოქების“ ტერიტორია არ იყო სამშენებლო ზონა, მაგრამ იმ ტერიტორიაზე არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც საფრთხის შემცველია ადამიანებისთვის. თუკი სამშენებლო ტერიტორიაზე შეიძლება აგური დაგეცეს თავზე, ამ ტერიტორიაზე, რომელიც წლებია მიტოვებულია, შეიძლება იყოს ისეთი სივრცეები, რომელიც საშიშია.
რეგულაციები კერძო მესაკუთრისგან მოითხოვს, რომ ტერიტორიაზე, რომელიც მისია და რომელიც წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს მოქალაქეებისთვის, დაიცვას შესაბამისი ნორმები - იქნება ეს სპეციალური ღობეები თუ გამაფრთხილებელი ნიშნები“.
სანდრო შელია ამბობს, რომ „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე მომხდარი უბედური შემთხვევა, უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანაში არსებული მძიმე სურათის შემადგენელი ნაწილია:
„რამდენიმე უბედური შემთხვევა ხდება ქვეყანაში ყოველ წელს. შადრევანში დაღუპული ბავშვი, ქალი, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, სათამაშო მოედანზე გაჟონილი ელექტროენერგია, ლიფტის შახტებში ჩაცვენილი ხალხი და კიდევ უამრავი შემთხვევა.
ახლა აუცილებელია, ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება კომპეტენტური ექსპერტების ჩართულობით, რათა დადგინდეს, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და რა პასუხისმგებლობა არ შეასრულა, რამაც ამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა“.
მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ „ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში“, და ასე გამორიცხა მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა.
16 წლის ბიჭის დაღუპვას გამოეხმაურა სახალხო დამცველი და დროული და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
ომბუდსმენის პრესცენტრის 29 იანვრის განცხადებაში წერია, რომ სახალხო დამცველის აპარატი „ყოველმხრივ შეისწავლის ამ ტრაგიკულ შემთხვევას“.
აცხადებს, რომ შეისწავლის „როგორც უწყებების მიერ გატარებული შესაძლო პრევენციული/სარეაგირებო ზომების, ასევე, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გატარებული ღონისძიებების თაობაზე და მიმართავს ყველა სათანადო ზომას“.
იოსებ ადეიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით.
16 წლის ბიჭს პირველ თებერვალს დაკრძალავენ.
ფორუმი