Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 სანტიმეტრი საკმარისია ჯებირისთვის? - როგორ დაიღუპა თბილისის ცენტრში ტურისტი ქალი


არინა გლაზუნოვას დაღუპვის ადგილას ყვავილები მიიტანეს
არინა გლაზუნოვას დაღუპვის ადგილას ყვავილები მიიტანეს

იმ მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირი, რომელშიც ტურისტი არინა გლაზუნოვა ჩავარდა და დაიღუპა, მხოლოდ 30 სანტიმეტრია. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო გამოძიება დაიწყო. მოხდა თუ არა უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო და თუ კი, ვინ არის პასუხისმგებელი?

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ყვავილები აწყვია და დიდი, ინგლისურენოვანი პლაკატია გაკრული: „27 სექტემბერს, 2:30 საათზე ამ ადგილას ტრაგედია დატრიალდა. არინა გლაზუნოვა მეგობართან ერთად სეირნობდა და ვიდეოს იღებდა, როდესაც პარაპეტს გამოედო, გადავარდა და დაიმტვრა. არინა საავადმყოფოში 9:15 საათზე გარდაიცვალა.

მიწისქვეშა პარაპეტის სიმაღლე არის 30 სანტიმეტრი, რაც სამშენებლო ნორმების დარღვევაა. მოვუწოდებთ ქალაქს, ეს ხარვეზი გამოასწოროს, რომ მეტად აღარავინ დაშავდეს. გთხოვთ, ეს ინციდენტი გასაჯაროვდეს.

გთხოვთ, გაუზიარეთ ეს მეგობრებს და ფრთხილად იყავით!“

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზედაც არინა გლაზუნოვას ბოლო წუთებია აღბეჭდილი.

ორი ახალგაზრდა ქალი, ცეკვა-ცეკვით გზაზე გადადის. ერთმანეთს მობილურებით ვიდეოს უღებენ. ჩართული აქვთ სიმღერა, რომლის სიტყვები „მე მიყვარდა უკანასკნელად, უკანასკნელად... “ ვიდეოს რეფრენად მიჰყვება. მოულოდნელად კადრი ირევა და წყდება.

ქალი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირს წამოედო და გადავარდა. ის ვერ გადაარჩინეს.

მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირი
მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსული პრესა წერს, რომ 27 წლის არინა მოსკოვის ერთ-ერთ კომპანიაში პიარმენეჯერად მუშაობდა. ხალისიანი ადამიანი იყოო, - უყვებიან ჟურნლისტებს ნაცნობები. თბილისში არინა სამოგზაუროდ ჩამოვიდა.

რამდენად უსაფრთხოა მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა? - ჰკითხეს ჟურნალისტებმა თბილისის მერს კახი კალაძეს. მან თქვა, რომ, მართალია, ამ ამბის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ იცის, რომ თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელები სტანდარტებთან შესაბამისად იგება.

რესპუბლიკის მოედანზე ეს მიწისქვეშა გადასასვლელი საბჭოთა დროინდელია. ჯებირის სიმაღლე დაახლოებით 30 სანტიმეტრია, სიგანე - 53 სანტიმეტრი.

ჯებირიდან გადასასვლელის პირველ კიბემდე 5 მეტრზე მეტი მანძილია, სწორედ აქ ჩანს სისხლის კვალი.

რამდენიმე სხვა მიწისქვეშა გადასასვლელს, რომლებიც დღეს რადიო თავისუფლებამ ნახა, უფრო მაღალი ჯებირები აქვს, მაგალითად: რუსთაველის გამზირზე გამოფენასთან გვირაბის სხვადასხვა ამოსასვლელში ჯებირები 63, 53, 60 და 70 სანტიმეტრია, კოსტავას ქუჩაზე - 45 სანტიმეტრი.

ვაკის მიწისქვეშა გადასასვლელს შუშის მაღალი, თანამედროვე ბარიერი აქვს შემოვლებული.

ვაკის მიწისქვეშა გადასასვლელი
ვაკის მიწისქვეშა გადასასვლელი

რამდენი სანტიმეტრი უნდა იყოს გადასასვლელის ჯებირის სიმაღლე და სიგანე, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს პასუხობდეს? მერიაში აცხადებენ, რომ რესპუბლიკის მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი ძველი აშენებულია, წლების წინანდელი სტანდარტებით. რამდენად შეესაბამება ეს ძველი სტანდარტები დღევანდელობას, მერიაში არ უპასუხიათ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი ნინო იმნაძე ამბობს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები, რომლებიც მოდერნიზმის ეპოქაში, 1980-იან წლებში გაკეთდა, მოაჯირების გარეშე იყო დაპროექტებული, რადგან სკამის ფუნქციასაც ასრულებდა.

„ჯებირი სიმაღლესა და სიგანეში მინიმუმ 60 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო. ზევიდან აღარაფერი კეთდებოდა, რადგან დასაჯდომის ფუნქციაც ჰქონდა. შესაძლოა ჯებირი მოედნის რეკონსტრუქციისას დაამოკლეს, - ამბობს ნინო იმნაძე, - რადგან ასეთი უბედური შემთხვევა მოხდა, ეს უნდა გაითვალისწინონ. ან მოაჯირი დაამაგრონ ან ყვავილის ქოთნები დააწყონ, რომ სიმაღლემ 80 სანტიმეტრამდე აიწიოს“.

ქალაქგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ ზოგადად მიწისქვეშა გადასასვლელები თანამედროვე ურბანულ სისტემაში აღარ ჯდება და საერთოდ გასაუქმებელია.

„მიწისქვეშა გადასასვლელებს აკეთებდნენ მაშინ, როდესაც საგზაო პოლიტიკა მანქანაზე იყო ორიენტირებული და არა ადამიანზე, - ამბობს ზურაბ ბაქრაძე, - დღეს მიწისქვეშა გადასასვლელებს ყველგან აუქმებენ და შუქნიშნებს დგამენ. ჩვენთან ეს ვერ ხერხდება, რადგან მიწისქვეშა ფართები მაღაზიებად არის გაყიდული“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG