უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ვიზიტები გაიზარდა, თუმცა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეები მხოლოდ დასასვენებლად არ შემოდიოდნენ. მათი დიდი ნაწილი რეალურად ომს გაურბოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 2022-2023 წლებში რუსები ვიზიტორების სტატისტიკაში ლიდერობდნენ.
ისინი პირველ ადგილზე იყვნენ დანახარჯებშიც. 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში თითქმის მილიარდი დოლარი დახარჯეს, ცხადია, ეს არა მხოლოდ ტურისტების, არამედ მიგრანტების დანახარჯიცაა.
“რუსების რაოდენობა სტატისტიკურად ბევრია, მაგრამ სასტუმროებში რუსი ტურისტების წილი მინიმუმამდეა შემცირებული. ვგულისხმობ თბილისის სასტუმროებს, აჭარაში განსხვავებული მდგომარეობაა. ძირითადი მასა შემოდის და ბინებში რჩება, ქსელები აქვთ შექმნილი, ეკონტაქტებიან ერთმანეთს და თვითონვე ტოვებენ”, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი, სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი.
რუსეთის მოქალაქეების კლების ფონზე, ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან იყო - 250 ათასზე მეტი. ხუთეულში მოხვდა კიდევ ერთი მეზობელი - აზერბაიჯანი.
შარშანდელთან შედარებით აზერბაიჯანიდან კი გაიზარდა ვიზიტორების რიცხვი თითქმის 28%-ით, მაგრამ პანდემიამდე პერიოდს თუ შევადარებთ, 82%-იანი კლებაა, რისი მიზეზიც კვლავ ქვეყნის ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარია.
პანდემიის პრევენციის საბაბით 2 წლის წინ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი, აზერბაიჯანს დღემდე არცერთ მეზობელთან არ გაუხსნია. ამის გამო საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია ასეულობით მილიონს კარგავს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, შარშან ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდე მაჩვენებელს რომ არ დაუბრუნდა აზერბაიჯანის ფაქტორით იყო გამოწვეული.
თუკი 2019 წელს აზერბაიჯანი საქართველოში ვიზიტორებით ლიდერობდა და რუსეთს, თურქეთსა და სომხეთს უსწრებდა, შარშან ის მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა. საქართველოს ტურიზმში მეზობელ ქვეყნებს ტრადიციულად ყველაზე დიდი წილი უკავიათ. იგივე მდგომარეობაა წელსაც, ყველაზე მეტი ტურისტი ქვეყანას კვლავაც მეზობელი ქვეყნებიდან ჰყავს. 2024 წლის პირველ კვარტალში ჩინელი ვიზიტორების 290%-იანი ზრდაა, საიდანაც პირველ კვარტალში 10 ათასამდე ვიზიტი იყო. ჩინეთიდან ვიზიტების ზრდას, სავარაუდოდ, ხელი უვიზო მიმოსვლის გაუქმებამაც შეუწყო. საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა გასული წლის სექტემბერში შემოიღო.
ევროკავშირიდან ისევ ჩამოდიან?
მთავრობას არაერთხელ უთქვამს, რომ „მდიდარი“ და „მხარჯველიანი“ ევროპელი ტურისტების მოზიდვა სახელმწიფოს პრიორიტეტია.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს პოლონეთიდან და გერმანიიდან ჰყავდა. ისინი მე-11 და მე-12 ადგილებს იკავებენ. ჯამში, პირველ კვარტალში ევროკავშირიდან 77 ათასზე მეტი ვიზიტი შედგა, 41%-ით მეტი 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ბრექსიტის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ტურისტებიც ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად აღირიცხება. თუ ამ რიცხვს მთლიან ვიზიტებს შევადარებთ, გამოვა, რომ ევროკავშირის წილი ჯამურ ვიზიტებში მხოლოდ 7%-ს აღწევს.
“ევროპელების რაოდენობა სტატისტიკის მიხედვით იმდენად ცოტაა, რომ არანაირ ამინდს არ ქმნის”, - გვეუბნება შოთა ალავერდაშვილი.
2024 წლის პირველ სამ თვეში, ჯამში, ქვეყანაში 1 157 347 ვიზიტი შედგა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 9%-ია, თუმცა ნაკლებია პანდემიამდე [2019 წლის პირველ კვარტალთან] შედარებით. 2019 წელთან შედარებით აღდგენილია ტურისტული ვიზიტები.
ტურისტების რაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც ეროვნული ბანკი თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. მანამდე საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი ამბობს, რომ წლის დასაწყისში ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 870 მლნ დოლარზე მეტი მიიღო. შარშან ქვეყანამ ტურიზმისგან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.