„გარკვეული პერიოდია [2020 წლის გაზაფხულიდან - რ.თ.], აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია. ეს პირდაპირ ითარგმნება ციფრებში და მიუღებელ შემოსავლებში. მეტად მკაფიო რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ ამ ფაქტორის გამო ჩვენმა ქვეყანამ ფაქტობრივად დაკარგა 1.5 მლნ-ზე მეტი ტურისტი, რაც დაახლოებით 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია მიუღებელ შემოსავლებში. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენი ტურისტული ნაკადების აღდგენა [2023 წელს] სრულად ვერ მოხდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
პანდემიის პრევენციის საბაბით 2 წლის წინ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი, აზერბაიჯანს დღემდე არცერთ მეზობელთან არ გაუხსნია.
თუკი 2019 წელს აზერბაიჯანი საქართველოში ვიზიტორებით ლიდერობდა და რუსეთს, თურქეთსა და სომხეთს უსწრებდა, შარშან ის მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა. საქართველოს ტურიზმში მეზობელ ქვეყნებს ტრადიციულად ყველაზე დიდი წილი უკავიათ.
პანდემიამდე [2019 წელს] აზერბაიჯანიდან 1.5 მლნ ადამიანი შემოვიდა, რომლებმაც საქართველოში 237 მლნ დოლარი დახარჯეს. 2023 წელს კი ვიზიტორების რაოდენობა 87%-ით, ხოლო მათ მიერ საქართველოში დახარჯული თანხა თითქმის 40%-ით შემცირდა.
განსხვავება ვიზიტორების რიცხვის ვარდნასა და მათ მიერ დახარჯული თანხის რაოდენობაში, გაზრდილ ინფლაციასაც უკავშირდება - ანუ საქართველოში ჩამოსულმა ტურისტებმა სავარაუდოდ უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე ადრე დახარჯავდნენ.
„იმედს ვიტოვებთ, რომ [აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილება] მალე შეიცვლება. [რა არგუმენტი აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლების], ამ სიღრმეში ვერ შევალთ, მაგრამ სახმელეთო საზღვარი დაკეტილი აქვს ყველა მეზობელ ქვეყანასთან და საქართველო ერთადერთი არ არის“, - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
საქართველოს აზერბაიჯანთან ოთხი საბაჟო-გამშვები პუნქტი აქვს: „გარდაბანი“ [სარკინიგზო]; „მტკვარი“; „ლაგოდეხი“ და „წითელი ხიდი“.
„2020 წლიდან, აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებით, ყველა მოსაზღვრე ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისა და მგზავრებისთვის საზღვრის კვეთის პროცედურები ამ დრომდე შეჩერებულია, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები 24-საათიან რეჟიმში შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შემოსავლების სამსახურში.
სახმელეთო საზღვრისგან განსხვავებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა. ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ვინგზი“ კვირაში ორი, ხოლო „აზერბაიჯანის ავიახაზები“ კვირაში 32 სიხშირით დაფრინავს. „აზერბაიჯანის ავიახაზების“ შემთხვევაში ბაქოდან თბილისში მგზავრობა 145- 240 ლარამდე ჯდება, ქართული ავიაკომპანიის შემთხვევაში ბილეთის ფასი 200 ლარს აღწევს. როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გვეუბნებიან, მეზობლები საქართველოში ძირითადად სახმელეთო საზღვრით შემოდიოდნენ.
დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრია
სასტუმრო „წყალტუბო სპა რეზორტის“ დირექტორი ანდრო ჯიშკარიანი გვეუბნება, რომ აზერბაიჯანელი სტუმრების ნაკლებობას განსაკუთრებით ბალნეოლოგიური კურორტები გრძნობენ.
„აზერბაიჯანიდან დამსვენებლები მნიშვნელოვნად მხოლოდ შარშან არ შეგვიმცირდა, კოვიდის დაწყების შემდეგ ასეა. ზოგადად, ბალნეოლოგიური კურორტებისთვის აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სხეულის გაჯანსაღება მათთვის კულტურის ნაწილია. ახლა მხოლოდ ავიარეისითაა საქართველოში მოხვედრა შესაძლებელი, ბალნეოკურორტები კი რეგიონებშია, ამიტომ ფრენის გარდა ტრანსფერის ღირებულების გადახდაც უწევთ. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ წყალტუბომდეც ხომ უნდა გადაიხადონ ფული. თან თვითმფრინავის ბილეთები ძვირია, ავტომანქანით კიდე ოთხი ადამიანი მაინც ჩამოდიოდა ერთად. ამიტომ ვიზიტორების რიცხვი, როგორც ვთქვი, ძალიან შემცირდა“, - ამბობს ის.
„ინ ჯგუფი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - გუდაურში, ბაკურიანში, ახალციხეში, გორში სასტუმროებს ფლობს. მისი აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ტურისტების რიცხვი მათ სასტუმროებშიც ძალიან შემცირებულია.
„აზერბაიჯანიდან ჩამოსული ყველა ადამიანი შეიძლება სასტუმროში არ რჩებოდა, მაგრამ აქედან სტუმრები მაინც გვყავდა ხოლმე. მათთვის ბაკურიანი ძალიან პოპულარული ადგილი იყო. შესამჩნევიც არის იქ აზერბაიჯანელი დამსვენებლების კლება. ზოგადად, მათ უყვართ მთის და გამაჯანსაღებელი კურორტები“, - ამბობს კოკაია.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილიც ფიქრობს, რომ ჩაკეტილი საზღვრის პირობებში ქართული ტურიზმის ინდუსტრიამ „ბევრი დაკარგა“.
„თვითმფრინავით ვინც შემოდის, შემოდის, მაგრამ ძირითადი მასა სახმელეთო საზღვრიდან მოდიოდა ხოლმე. განსაკუთრებული დარტყმა ბაკურიანმა მიიღო, რადგან იქ ახალი წელი ყოველთვის აზერბაიჯანელებზე იდგა. მათთვის ასევე განსაკუთრებით საყვარელი კურორტი იყო წყალტუბო“.
პანდემიის შემდეგ დაკეტილი საზღვარი
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო ზომები 2024 წლის აპრილამდე გახანგრძლივდა, თუმცა დაზუსტებით თქმა, გახსნის თუ არა აპრილიდან ქვეყანა სახმელეთო საზღვარს, რთულია.
„ეს მხოლოდ საქართველო-აზერბაიჯანის თემა არ არის და აზერბაიჯანს მთლიანად ჩაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვარი. ეს პირდაპირ კავშირშია რუსეთთან. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანს ოთხი სახელმწიფო საზღვარი აქვს: რუსეთთან, სომხეთთან, საქართველოსთან და ირანთან. მათთვის მხოლოდ საქართველოა მკაფიოდ გამოკვეთილი მეგობარი, თორემ არც რუსეთიდან სურს ადამიანთა დიდი ნაკადი შედიოდეს და არც ირანიდან. მგონია, რომ პანდემია უფრო საბაბია, მაგრამ დღემდე ეს ითვლება ჩაკეტილი საზღვრის მიზეზად. ეს უფრო ირანისა და რუსეთის ფაქტორია და საქართველოც ამაში “მოყვა”, თუ შეიძლება ასე ითქვას“, - ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და ამატებს, რომ შესაძლოა ქართული მხარე ბაქოს საზღვრის გახსნის საკითხზე ლაპარაკობს კიდეც, მაგრამ მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის აზერბაიჯანი მიდგომას არ შეცვლის.
კიდევ ერთ მიზეზად ზაქარეიშვილი ყარაბაღს ასახელებს და ამბობს, რომ ომის პერიოდში აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურდა რაც შეიძლება ნაკლები კრიტიკული დამკვირვებელი ქვეყანაში. საჰაერო გზით ჩასული ვიზიტორების შემოწმება უფრო იოლია, თან იმ პირობებში, რომ აზერბაიჯანს ბევრ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი აქვს დაწესებული.