„ვაკვირდებით პროცესებს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჯერ საკმარის შედეგებს ვერ ვხედავთ”, - უთხრა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ რადიო თავისუფლებას საქართველოში სადავოდ ქცეული მისი ვიზიტის შედეგების შესახებ. ვაჟა თავბერიძე ალან ბერსეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიღებამდე ესაუბრა; „ქართული ოცნების” დელეგაციას, რომლის შეზღუდული უფლებამოსილება აპრილამდე „ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის” და „ყველა პოლიტიკური პატიმრის” გათავისუფლების პირობით ცნეს, ჯერ არ ჰქონდა მიღებული „საპასუხო” გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების შესახებ.
რადიო თავისუფლება: ცოტა ხნის წინ, თქვენი ვიზიტი საქართველოში დიდი განხილვის საგანი გახდა - ბევრი გაკრიტიკებდათ, თვლიდნენ, რომ თქვენი ჩამოსვლით ლეგიტიმაცია შესძინეთ „ქართული ოცნების“ მთავრობას. თქვენ კი, პირიქით, აცხადებდით, რომ საქართველოში ჩამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. დღემდე ასე ფიქრობთ?
ალან ბერსე: უკვე მრავალი წელია, საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა - ევროსაბჭო 46 წევრს ითვლის და ვფიქრობ, მულტილატერალიზმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ ისაა, რომ წევრებსა და ევროსაბჭოს შორის მჭიდრო კონტაქტი, დიალოგი შენარჩუნდეს. სწორედ ამიტომ, საქართველოში სტუმრობისას ხაზგასმით განვაცხადე, რომ ყველას ნახვა, ყველასთან შეხვედრა მსურდა, ყველა პოლიტიკურ აქტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. სხვათა შორის, ვიზიტი სწორედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დავიწყეთ, და იმ ადამიანებთან, ვინც დემონსტრაციების დროს დაშავდნენ. ჩემი ვიზიტის მიზანი არ ყოფილა არჩევნების ლეგიტიმაცია თუ დელეგიტიმიზაცია, ეს საერთოდ არ შედის ჩემს მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებში. ჩემს პასუხისმგებლობებში შედის, ვნახო და ვიცოდე, რა ხდება ადგილზე, საქართველოში, ეს არჩევნების ლეგიტიმაცია არ ყოფილა, რადგან ეს ჩემი პასუხისმგებლობა არაა. ჩემი საქმე არაა არჩევნების ლეგიტიმაცია ან მისი უარყოფა. მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ ვნახო, რა ხდება ადგილზე, ხალხში. საქართველოში თითქმის 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, და მათ უნდა იცოდნენ, რომ ევროპული ადამიანის უფლებათა კონვენცია იცავთ. მათ უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ - ევროსაბჭო - ვარსებობთ და მხარს ვუჭერთ მათ ევროპულ მისწრაფებებს. ეს იყო ის მთავარი გზავნილი, რაც მინდოდა საქართველოში დეკემბერში ვიზიტისას ჩამომეტანა. და ეს გზავნილი არ შეცვლილა, დღესაც იგივეა.
[ჩემგან] საერთოდ არჩამოსვლა და საქართველოს მიტოვება ამ სიტუაციაში, ვფიქრობ, არაფერს უშველიდა.
რადიო თავისუფლება: ვიზიტის შემდეგ, თქვით, რომ მთავრობამ დაპირებები მოგცათ: დაგპირდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, კანონდარღვევების გამოძიებასა და უცხოელი აგენტების კანონის გადახედვა-შესწორებას. ფაქტია, რომ არცერთი ეს დაპირება არ შესრულებულა. ხომ არ შეხმიანებიხართ „ქართულ ოცნებას“, რა პროგრესი აქვთ ამ მხრივ?
ალან ბერსე: არა, მაგრამ პროცესებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. პირველ საკითხზე, ვიტყოდი, რომ ვიზიტის შემდეგ რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის ზოგიერთი პატიმარი გაათავისუფლეს (დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით დაკავებული პატიმრები გაათავისუფლეს საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ - რ.თ.). მაგრამ იანვარში ისევ გავხდით რამდენიმე ნეგატიური ინციდენტის მოწმენი, მათ შორის, ბათუმში (გულისხმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებას სისხლის სამართლის ბრალდებით - რ.თ.). ამიტომაცაა ასე მნიშვნელოვანი, რომ კავშირი არ გაწყდეს. კონტაქტის სრულად გაწყვეტა და იმის თქმა, „კარგით, მორჩა, ჩვენ აღარ გვინდა ურთიერთობა საქართველოსთან“, არაფერს უშველის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნისთვის, რომელიც ევროპის საბჭოს წევრია, არსებობს გარკვეული ვალდებულებები, პირველ რიგში ადამიანის უფლებების კუთხით.
მეორე საკითხზე - დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ბრალდებების გამოძიების დაპირებაზე, აქაც ვაკვირდებით პროცესებს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჯერ საკმარის შედეგებს ვერ ვხედავთ. ჩვენ გვქონდა ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი, ორი თანამომხსენებლის ვიზიტი და წამების პრევენციის კომიტეტის ვიზიტი.
რადიო თავისუფლება: და რამდენადაც ვიცი, არცერთი მათგანი არ დაბრუნებულა დიდად პოზიტიური შთაბეჭდილებებით.
ალან ბერსე: ისევ და ისევ - სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი კონტაქტის შენარჩუნება. თუ ამ კონტაქტს გავწყვეტთ, მერე საერთოდ არავის ექნება სათქმელი არაფერი. ჩვენ გვაქვს სათქმელი იმ საკითხებზე, სადაც პრობლემებს ვხედავთ, და გვინდა ამაზე ხელისუფლებასთან საუბარი. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, უცხოეთის აგენტების კანონში შესწორებების შეტანაზე – შევთანხმდით მის შექმნაზე.
რადიო თავისუფლება: და? მუშაობს?
ალან ბერსე: ვიტყოდი, რომ იწყებს მუშაობას. მე ჩავედი საქართველოში, ყველა ეს პრობლემური საკითხი დავაყენე და ვისაუბრე ყველა იმ ადამიანთან, ვინც მზად იყო ჩემთან სასაუბროდ. ჩემი [მაშინ] იქ ყოფნა დღეს მაძლევს საშუალებას მქონდეს მოლოდინები და ველოდო, რომ ისინი ამ მოლოდინებს დააკმაყოფილებენ. და თუ არ დააკმაყოფილებენ, მაშინ ახალი დისკუსია გაიმართება. მაგრამ საერთოდ ა ჩამოსვლა და საქართველოს მიტოვება ამ სიტუაციაში, ვფიქრობ, არაფერს უშველიდა. ჩვენ ერთად უნდა ვეცადოთ, პროგრესი გვქონდეს.
რადიო თავისუფლება: თქვენ ხაზგასმით ამბობთ, რომ ყველა მხარეს შეხვდით. მათ შორის აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილიც - ბოლო ევროპელი ლიდერი ხართ, ვინც ივანიშვილს შეხვდა. შეგიძლიათ მითხრათ, ვის ინიციატივას წარმოადგენდა ეს შეხვედრა? ან რატომ შეხვდით მას?
ალან ბერსე: შეუძლებელია თავი მოვიტყუოთ, რომ ის ქართულ პოლიტიკაში როლს არ თამაშობს. და როდესაც ვამბობ, რომ, როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მზად ვარ საქართველოში წასასვლელად, ყველა მნიშვნელოვან მხარესთან კონტაქტისთვის და შეხვედრებისთვის, თუ ისინიც მზად არიან ჩემთან შესახვედრად... ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა [ივანიშვილთან], ისე, როგორც ამას ვაკეთებთ ყველა სხვა შეხვედრის დროს, და შემდეგ ეს შეხვედრა შედგა. მაგრამ კიდევ ერთხელ, შეუძლებელია თავი მოვიტყუოთ, რომ ის როლს არ თამაშობს. თუ გვინდა პროგრესი ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხრივ... ქართული მხარის ევროპული მისწრაფებები... ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხი, ამიტომ ვართ ასე ჩართული და ემოციურად დაინტერესებული, რომ პროგრესი გვქონდეს. ამიტომ ჩამოვედი საქართველოში.
რადიო თავისუფლება: და ივანიშვილსაც ამიტომ ესაუბრეთ.
ალან ბერსე: …და ის ფაქტი, რომ ყველამ ვერ გაიაზრა ეს ასპექტი, იცით, ეს ჩემი პრობლემა არ არის.
ფორუმი