Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ეჭვი შეიტანეს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კეთილსინდისიერებაში


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს ეჭვი გაუჩნდათ საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კეთილსინდისიერებაში.

ისინი მიმართავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს, განიხილონ ვიზიტისას ალენ ბერსეს „მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი“.

„ასეთი დროს მისი ვიზიტი და შემაჯამებელი განცხადების შინაარსი იყო არსებითად უპასუხისმგებლო და არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სულისკვეთებას, ამ ინსტიტუციის პრინციპებსა და ღირებულებებს. ეს სრულიად აცდენილია იმ უმძიმეს ვითარებასთან, რომელიც საქართველოში დღეს არის და ლეგიტიმურ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ ვიზიტის რეალურ მოტივებთან დაკავშირებით.

ალან ბერსეს დასკვნითი პრესკონფერეცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.

ამ უკიდურეს ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და უადგილოა საუბარი ე.წ. „რუსულ კანონში“ რაიმე სახის საკანონმებლო ცვილებების გატარების და მის „გაკეთილშობილების“მცდელობაზე ან ამ მიზნით არალეგიტიმური პარლმენტაისა და მთავრობის პირობებში, რაიმე ტიპის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“.

ალენ ბერსეს ​აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, ამ დელეგაციას არ აქვს შესაბამისი მანდატი და უფლება, „არაღიარებულ ხელისუფლებასთან“ ერთად შექმნას კომისია „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. სამდღიანი ოფიციალური ვიზიტისას ის შეხვდა ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს. ბერსეს შეხვედრა ჰქონდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთანაც და ორჯერ შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

20 დეკემბერს ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ბერსემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი დისკუსიებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა „დაუმტკიცონ“ კანონის ხარვეზები.

„იქნებ იდეალური კანონია, მაინც შევცვალოთ?“ - თქვა მან.

ბერსეს ამ ინიციატივას აკრიტიკებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ „შარლ მიშელი 2 არ იქნება“. ბერსეს განცხადება გააკრიტიკა „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG