Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დედა, დამეხმარე" - უვადო პატიმრობა მიესაჯა დედას შვილის გაუპატიურების ხელშეწყობისთვის


12 წლამდე უსინათლო გოგოს სისტემატური გაუპატიურების საქმეზე სასჯელს იხდის 35 წლამდე კაციც, ბავშვის მამობილი
12 წლამდე უსინათლო გოგოს სისტემატური გაუპატიურების საქმეზე სასჯელს იხდის 35 წლამდე კაციც, ბავშვის მამობილი

50 წლამდე ქალს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვანი, უსინათლო შვილის გაუპატიურების ხელშეწყობის გამო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ამ ბრალდებით დედა დააკავეს და დამნაშავედ ცნეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

ქალი დანაშაულს არ აღიარებს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული, სადაც საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

რატომ უვადო პატიმრობა?

თამარ გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი და ბავშვის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია რამდენიმე გარემოების გამო.

მოსამართლე რომან ხორავა
მოსამართლე რომან ხორავა

მისი თქმით, მოსამართლე რომან ხორავამ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა მშობლის განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და მისი უმოქმედობით ჩადენილ ძალიან მძიმე დანაშაულზე - გაუპატიურებაში დახმარება უმოქმედობით.

მოსამართლემ გადაწყვეტილების დასაბუთებისას, ხაზი გაუსვა იმ გარემოებებს, რომ ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო წინასწარი შეცნობით, რადგან ის იყო არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და დანაშაული ხდებოდა სახლში:

„არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება, რომლის მიხედვითაც, დამამძიმებელ გარემოებად არის მიჩნეული ბავშვების წინააღმდეგ ოჯახში ჩადენილი დანაშაულები, რადგან სასამართლო მსჯელობს, რომ ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი ყველაზე დაცულად და უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს და როდესაც ამ ტიპის დანაშაულები ხდება ოჯახში, ბავშვი განსაკუთრებულად დაუცველია“.

სასამართლოს განმარტებით, მშობელი ვალდებული იყო დანაშაული შეეჩერებინა, შეჩერების ნაცვლად კი, პირიქით - ხელს უწყობდა.

თამუნა გაბოძე, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი
თამუნა გაბოძე, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი

„გამოძიება დაიწყო ბავშვის ინიციატივით, რადგან დედა ყოველთვის მალავდა ამ დანაშაულს... არ აძლევდა ბავშვს პოლიციასთან კომუნიკაციის საშუალებას.

სასამართლომ ასევე იმსჯელა მშობლის პირდაპირ მოვალეობაზე, არ დატოვოს განსაცდელში მყოფი შვილი და დაეხმაროს მას. ამის საწინააღმდეგოდ კი დედა თავისი აქტიური მოქმედებით არათუ ხელს უშლიდა ამ საზარელ დანაშაულს, არამედ ხელს უშლიდა ბავშვს.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ არანაირი ვადიანი თავისუფლების აღკვეთა არ იქნებოდა შემაკავებელი ასეთი მძიმე დანაშაულების მიმართ და მიიღო დედის უვადოდ თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება“, - ამბობს თამარ გაბოძე.

12 წლამდე ბავშვის სისტემატური გაუპატიურების საქმეზე სასჯელს იხდის 35 წლამდე კაციც, ბავშვის მამობილი, რომელსაც სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო ექსპერტიზამ კაცი ნაწილობრივ შერაცხადად ცნო და, შესაბამისად, ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი მაქსიმალური სასჯელი, უვადო პატიმრობა სასამართლომ მის მიმართ ვეღარ გამოიყენა.

„დედა, ვიცი, რომ აქ ხარ, დამეხმარე“

დანაშაული, რომელმაც არაერთი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეები გააერთიანა, რამდენიმე წელს მოიცავს და 2019 წლიდან იწყება.

ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში, 7 და 8 წლის და-ძმა ზრუნვის სააგენტომ საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად.

ზრუნვის სააგენტომ მაშინ ჩათვალა, რომ დედა შვილებს უგულებელყოფდა, - ჰყვება თამარ გაბოძე.

და-ძმამ თავშესაფარში დაახლოებით ექვსი თვე გაატარა. 2018 წლის დეკემბრის მიწურულს კი, ზრუნვის სააგენტოსა და სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებით, ბავშვები სახლში, დედასთან დაბრუნდნენ.

რამდენიმე თვეში, 2019 წლის დასაწყისში, მათთან დედის მეგობარი, 35 წლამდე კაცი გადავიდა საცხოვრებლად.

სწორედ მაშინ დაიწყო ფიზიკური, სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის უწყვეტი ციკლი, რომელიც სამ წელს, 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდა, სანამ დეკემბრის ერთ ღამეს, უსინათლო ბავშვმა სახლიდან გაქცევა არ მოახერხა:

„იმ ღამეს კაცი ბავშვს სცემდა, თავში ჯოხს ურტყამდა, მან გაქცევა შეძლო, დახმარება ითხოვა და ოჯახში პოლიცია მივიდა“, - უყვება რადიო თავისუფლებას თამარ გაბოძე.

მისი თქმით, სწორედ იმ ღამიდან მოყოლებული ცდილობდა ბავშვების დედა, მძიმე დანაშაული დაეფარა:

„ოჯახში მისულ პოლიციას არ მისცა ბავშვებთან გასაუბრების უფლება, დასაძინებლად დავაწვინე, არანაირი ძალადობა არ ყოფილა, შინაური ცხოველის გამო იყო მცირე უთანხმოებაო. თუმცა, მეორე დღეს პოლიცია სკოლაში მივიდა, იქ გაესაუბრნენ გოგოს, რომელმაც მათ უამბო უმძიმესი დანაშაულების დეტალები“.

საქმის მასალების ნაწილი
საქმის მასალების ნაწილი

თამარ გაბოძე, საქმის მასალებზე დაყრდნობით გვიყვება, რომ ბავშვს სისტემატურად აუპატიურებდნენ სახლში და ამის შესახებ იცოდა დედამ:

„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უსინათლოა, ცხადია, იცოდა, როდის იყო დედა სახლში და სთხოვდა ხოლმე მას დახმარებას, ეძახდა, „დედა, ვიცი, რომ აქ ხარ, დამეხმარე“.

ამ ძალადობის შესახებ უყვებოდა დედას უმცროსი შვილი, 8 წლის ბიჭიც, რომელიც ასევე დაზარალებულადაა ცნობილი. თუმცა, დედა ბიჭის ნათქვამსაც უგულებელყოფდა. სასამართლო მტკიცებულებებითაც გამოკვლეულია, რომ როცა ძმა ყვიროდა და სთხოვდა დედას, რომ დახმარებოდა დას, დედა პასუხობდა, „მაინც უნდა გაიგოს, ეს რა არის და რაც მალე გაიგებს, უკეთესიაო“, - უყვება რადიო თავისუფლებას თამარ გაბოძე.

და-ძმამ დედის გულგრილობაზე, მამობილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე საკუთარი სურვილით ილაპარაკა.

ბავშვებმა მოსამართლის წინაშე ისეთ დეტალები გაამხილეს, რომელიც დედის დანაშაულზეც მიუთითებდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ქალის წინააღმდეგ გამოძიება და 2024 წლის 25 იანვარს ბავშვების დედა დააკავეს კიდეც:

„ბავშვებმა ილაპარაკეს, როგორ უწყობდა დედა ხელს დანაშაულს. მაგალითად, როგორც უწევდა ხმას მუსიკას, რომ გადაფარულიყო ბავშვის ტირილის ხმა, მაგალითად, როგორ ტოვებდა ბავშვს მოძალადესთან მარტოს, როგორ რთავდა კაცს ნებას, რომ ბავშვი იძულებით შეეყვანა აბაზანაში. ასევე სასამართლოს დარბაზში ბავშვმა თქვა, რომ როდესაც ის ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა მოძალადეს, დედა ეუბნებოდა, ხომ ხედავ, გეძახის და აიძულებდა, რომ მასთან მისულიყო“, - ჰყვება თამარ გაბოძე.

გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ მამობილის მოთხოვნითა და დედის თანხმობით, უსინათლო ბავშვს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ:

„ბავშვს არ უნდოდა წასულიყო მოწყალების სათხოვნელად, თუმცა, კაცი ამბობდა, რომ რაკი ბავშვი უსინათლო იყო, უფრო მეტი ადამიანი დაეხმარებოდა. როგორც ბავშვები ჰყვებიან, დედამ ამის შესახებ იცოდა და რამდენჯერმე დედას უნახავს კიდეც, როგორ დადიოდა უსინათლო ბავშვი მოწყალების სათხოვნელად... მანქანების შუაში. ბავშვი ჰყვება, რომ მას ძალიან რცხვენოდა, ცდილობდა, სახე დაემალა“, - ჰყვება თამარ გაბოძე.

დედისთვის უვადო პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი გახდა ისიც, რომ, თამარ გაბოძის თქმით, ქალი გამუდმებით ცდილობდა შვილებზე ზეგავლენის მოხდენას:

„2022 წლის მიწურულს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უსინათლო ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, და-ძმა მაშინვე გაიყვანეს ოჯახიდან, დედას კი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

როგორც კი გავიდა 30 დღე, ანუ შემაკავებელი ორდერის ვადა, დედამ მოინახულა ბავშვები და სთხოვდა მათ, რომ არ მიეცათ ჩვენება მოძალადის წინააღმდეგ.

გარდა უშუალოდ მისვლისა და მონახულებისა, დედა მათ უგზავნიდა ხმოვან შეტყობინებებს და საყვედურობდა გოგოს, რომ ის იყო უმადური. ეუბნებოდა, რომ იყო ძალიან ცუდად, ტიროდა. ამ შეტყობინებაზე ბავშვს პასუხი აქვს დაბრუნებული „როცა მე ვტიროდი, მაშინ მოგესმინა ჩემთვის“.

სანამ ქალს უვადო პატიმრობას მიუსჯიდა მოსამართლე რომან ხორავა, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულშიც, რაც გულისხმობს ზემოქმედების განხორციელებას გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე და ქალს პირობითი მსჯავრი - ერთი წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა.

დედა, რომელსაც მოსამართლემ უმოქმედობით გაუპატიურებაში დახმარების ბრალდებით უვადო პატიმრობა მიუსაჯა, ახლა შვილებთან შეხვედრას ითხოვს.

რუსთავის პენიტენციური დაწესებულება
რუსთავის პენიტენციური დაწესებულება

ბავშვების ადვოკატმა უკვე მიმართა ზრუნვის სააგენტოს, რათა შეისწავლონ და შეაფასონ ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მხოლოდ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილება, დედა-შვილების შეხვედრის შესახებ.

ძალადობის მსხვერპლი გოგო და მისი უმცროსი ძმა ახლა მინდობით აღზრდით, ერთ-ერთ ოჯახში ცხოვრობენ და მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

ბავშვების ადვოკატი გვეუბნება, რომ დედის უვადო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მშვიდად მიიღეს:

„ერთი კითხვა ჰქონდათ, სხვას რომ ჩაედინა მსგავსი დანაშაული, ისიც თუ მიიღებდა ასეთ სასჯელს და კიდევ თქვეს, თუკი შვილები გვეყოლება, არასდროს დავტოვებთ მათ მარტოს“...

ფორუმი

XS
SM
MD
LG