Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უფასურდება ლარი


სექტემბრის დადგომასთან ერთად ლარმა გაუფასურება დაიწყო.

ბოლო ორი კვირაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარი გაყიდა და ლარის კურსის ვარდნა მცირედ შეანელა, თუმცა ამ ინტერვენციამ ვერ შეაჩერა სამომხმარებლო ფასების მზარდი დინამიკა.

ლარის გაუფასურებასთან ერთად სხვადასხვა ვარაუდი ისმის სწრაფი საშემოდგომო ვარდნის მიზეზებზე. მათ შორის არის კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის დაწყება და წინასაარჩევნო აქტივობები. არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომლებიც კურსის სტაბილურობას ან მერყეობას განაპირობებს.

ოპოზიციური მოსაზრება: ფულის მასის გაზრდა ბაზარზე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, ფეისბუკზე ეხმიანება ლარის გაუფასურებას იმ ფონზე, როდესაც ეროვნული ბანკი ათეულობით მილიონ დოლარს ყიდის.

„რა ფულით ყიდულობენ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილ დოლარებს? ავიღოთ გუშინდელი მაგალითი: გამოიტანა ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მილიონი დოლარი სავალუტო აუქციონზე. იმავე დღეს ეროვნული ბანკი აძლევს კომერციულ ბანკებს ე. წ. რეფინანსირების სესხს ლარებში. ამ ფულით კომერციული ბანკები ყიდულობენ ეროვნული ბანკიდან დოლარებს, ანუ ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ლარით იყიდა საკუთარი დოლარი.

დღეს კვლავ იქნება ლარის გაუფასურების რისკი, რადგან ლარის მასა იგივეა, ხოლო ნაყიდ ვალუტას ბანკები შემოინახავენ ან ძვირად გაყიდიან არასახარბიელო პროგნოზების გამო“.

ექსპერტული შეფასება: მოლოდინები თუ ფუნდამენტური პრობლემა?

ეკონომისტი, პროფესორი აკაკი ცომაია ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ვალუტის კურსის გაუარესების სხვა ფაქტორებზეც.

  • გაურკვევლობის ფაქტორი: ლოქდაუნისა და არჩევნების მოლოდინი უბიძგებს მსხვილ ბიზნესსუბიექტებს ლარის აქტივების უცხოურ ვალუტაში შენახვას;
  • შესაძლოა საქმე გვქონდეს ფუნდამენტურ ფაქტორებთანაც. ჯერ არ ვიცნობთ წმინდა ექსპორტისა და უცხოური კაპიტალის მოძრაობის სტატისტიკას. არ არის გამორიცხული, რომ იმპორტი გაიზარდა, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ეკონომიკა გაიხსნა, აქტივობამაც მოიმატა.

ლარის მასა არაა პირდაპირ კავშირში კურსთან. თუ მონეტარული პოლიტიკის გავლენის შეფასება გვინდა, დაკრედიტების გავლენაზე უნდა ვიმსჯელოთ. (ლარში) კრედიტების მოცულობა თუ იზრდება, მაშინ აქვს აზრი ფიქრს იმაზე, რომ შესაძლოა ამან გავლენა მოახდინა. მაშინ აქ უნდა ვიცოდეთ: რა მიზნებისთვის გაიცა ეს სესხები. თუ სამომხმარებლოა და მოხმარების დაფინანსებას ხმარდება, მაშინ ლარის გაუფასურების ალბათობა იზრდება.

თავისთავად ლარის მასის ზრდა დღეს არაფერს ნიშნავს. გაზრდილი ლარის მასა შესაძლოა მოხმარდეს რეზერვების გაფართოებას, ფასიანი ქაღალდების შესყიდვას და უამრავ სხვა რამეს. როდესაც გაურკვევლობის ფაქტორი მაღალია, გასაკვირი არაა, რომ ბანკებს სურთ მეტი რეზერვების ქონა. ყველამ ერთდროულად რომ დაიწყოს ფულის ბანკიდან გატანა, მომენტალურად გაკოტრდება.

თუ ეს მხოლოდ მოლოდინებია და არა ფუნდამენტური ფაქტორები, მაშინ რეზერვები უნდა გაყიდოს და ეროვნული ბანკი გახდეს აგრესიული მოთამაშე სავალუტო ბაზარზე - აჩვენოს, რომ დაზარალდება ყველა, ვინც მოისურვებს ლარის გაყიდვას. ეს ჩააცხრობს მოლოდინებს და როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდება, იქნება ეს რამდენიმე თვე თუ 1 წელი, გაყიდის ლარს და დაიბრუნებს რეზერვებს. ხოლო თუ საქმე გვაქვს ფუნდამენტურ ფაქტორებთან, ესეც უნდა ითქვას მაშინ და უნდა ვიცოდეთ, რომ ვართ ახალ რეალობაში - რეგიონში სხვებთან შედარებით უფრო მეტად გავღარიბდით და უნდა შევეგუოთ ამ ვითარებას. ლარიც ამიტომ უფასურდება.

მთავრობის ოპტიმიზმი და შედეგები

სექტემბრის მანძილზე დოლართან მიმართებით ლარის 14 თეთრით გაუფასურებას მთავრობა მხოლოდ სკეპტიკურ მოლოდინებს უკავშირებს. სწორედ ამ მიზეზზე ილაპარაკა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.

„ჩვენმა ეკონომიკამ დიდი დარტყმა მიიღო, 80 %-ით და მეტით შემცირდა ტურისტული ინდუსტრია. ძალიან დიდი პრობლემებია გლობალურ ბაზრებზე, საგარეო სავაჭრო ბრუნვა შესაბამისად იკლებს. ეკონომიკა წელს დაიკლებს. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება არ აისახოს ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე, მაგრამ მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ იმ გაჯანსაღების ნიშნების, გახსნილი ეკონომიკის, ფრენების ეტაპობრივი გახსნის და იმ ეფექტური ნაბიჯების ფონზე, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ვირუსის შემდგომი მართვის მიმართულებით, ასევე იმ ფონზე, როდესაც პრემიერმა და ჩვენ განვაცხადეთ, რომ სერიოზული შეზღუდვები ბიზნესს არ ექნება, მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობის ცვლილებისა, ეს, რა თქმა უნდა, მოხსნის სკეპტიკურ მოლოდინებს და მისცემს საშუალებას ლარის კურსს, რომ დასტაბილურდეს“.

ეკონომიკის მინისტრის და, ზოგადად, მთავრობის ოპტიმისტური პროგნოზები განპირობებულია იმ რეზერვებით, რომელიც ქვეყანამ საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის და გრანტის სახით მიიღო პანდემიის პირველი ტალღის დასასრულისკენ. მაგრამ რამდენ ხანს დააბალანსებს ნასესხები უცხოური ვალუტა გაზრდილი სამთავრობო და წინასაარჩევნო ხარჯებით ლარზე გაზრდილ ზეწოლას, მთავრობაც კი ვერ წინასწარმეტყველებს.

საბოლოო ჯამში, ქვეყნის მოსახლეობა ზარალდება როგორც ლარის კურსის ვარდნით, რაც ინფლაციას, ანუ ფასების ზრდას, განაპირობებს, ასევე ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებებით, რადგან უცხოური სესხებისა და კრედიტების მომსახურება-გასტუმრება ქვეყნის მოქალაქეთა გადახდილი გადასახადებით ხორციელდება.

XS
SM
MD
LG