Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პრობლემებს ხედავს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი ახალი დირექტორის პირობებში


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახლად არჩეული დირექტორი, გოგა კოხრეიძე, უფლებამოსილების აღსრულებას დღეიდან შეუდგა. რეგიონალური მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, 22 ნოემბერს, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან კამათის შემდეგ, კოხრეიძე მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებს, პირად საუბარში კი ამბობს, რომ ჯერ ტელევიზიისა და რადიოს შემოქმედებით ჯგუფებს ცალ-ცალკე შეხვდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკება მედიას თავისი გეგმების შესახებ.

დღეს გოგა კოხრეიძე არ შეხვედრია ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს, რომლის ჟურნალისტები დირექტორის შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ კოხრეიძე „ქართული ოცნების“ კადრია და მმართველი პარტია მისი საშუალებით მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლას შეეცდება.

ჟურნალისტი მაია მერკვილაძე, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, ამბობს, რომ ჟურნალისტები ახალ მენეჯმენტთან შეხვედრას ელიან:

„ჩვენ გვაინტერესებს, როგორი იქნება ამ ადამიანის პოლიტიკა მაუწყებელში. მისი რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ პარასკევს ჩვენს ეთერში და ამ განცხადებებმა მიგვანიშნა, რომ მასთან ურთიერთობა არ იქნება იოლი. პირადად მე მაქვს ძალიან ბევრი კითხვა. პირველ რიგში, ეს ეხება სტრუქტურულ რეორგანიზაციას, ასევე ბიუჯეტის ცვლილებას, იმიტომ რომ ბიუჯეტის პროექტი უკვე არსებობს ტელევიზიაში და შეცვლის თუ არა ბიუჯეტში გაწერილ პრიორიტეტებს, რომლებიც მაუწყებლის სამსახურებმა განსაზღვრეს. აი, ვნახოთ, რა ცვლილებები იქნება ბიუჯეტში. იქ გამოიკვეთება, რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რას ეტყვის „ახალი ამბების“ სამსახურის უფროსს, დირექტორის მოადგილეს და ჩვენ“.

გოგა კოხრეიძემ კი დირექტორად არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში 22 ნოემბერს ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს უთხრა, რომ როცა საჯარო მოხელეები არ მოდიან სტუმრად ტელევიზიაში, ეს მაუწყებლის პრობლემაა, მათ კი ჟურნალისტები საკუთარი ოჯახის წევრებივით უნდა ესაუბრონ. დირექტორის რანგში კოხრეიძის ამ პირველ განცხადებაზე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმა შეშფოთება გამოთქვეს.

თავიანთ მიერვე გავრცელებულ წერილში ამბობდნენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარია, რომელსაც თითოეული მათგანი უფრთხილდება, ამ მონაპოვარს კი ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჟურნალისტების გუნდი ერთიანია. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების ეს ტექსტი პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ წაიკითხა, დღეს კი ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ერთსულოვნები არიან:

„ვიდრე ეს გუნდი იქნება ერთიანი, მე არ მაქვს არანაირი შიში, რომ ვინმე რამეს შეცვლის სარედაქციო პოლიტიკაში. თავდასხმები კი ჩვენზე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთმა პირველმა სცადა მაუწყებლის დისკრედიტაცია. მისი ამ განცხადების შემდეგ კი ისედაც იყო მოსალოდნელი ამგვარი განვითარება. გამოჩნდა, რომ მის გუნდს არ მოსწონს ჩვენი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. ასე რომ, სამწუხაროდ, ლოგიკური ეტაპი იყო, პარასკევს რაც მოხდა“, - ამბობს თეონა ბაკურიძე.

პარასკევს კი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განახლებულმა მრჩეველთა საბჭომ, სადაც უმრავლესობა „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილი წევრები არიან, გოგა კოხრეიძე დირექტორად აირჩია სამი წლის ვადით. ამას წინ უძღოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შეჩერებული კონკურსი, რომელსაც ატარებდა მრჩეველთა საბჭოს ძველი შემადგენლობა. აღსანიშნავია, რომ ამ საბჭოს 5 წევრიდან 4 ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო შესული, „ქართულ ოცნებას“ კი მხოლოდ ერთი წევრი ჰყავდა. სწორედ ამ შემადგენლობით მრჩეველთა საბჭომ დირექტორის არჩევა სამი კონკურსის შემდეგაც ვერ შეძლო, რადგან ხმები იყოფოდა, ბოლოს კი მეოთხე და ბოლო კონკურსის ჩატარების შესაძლებლობა სასამართლომ 23 სექტემბერს სწორედ გოგა კოხრეიძის სარჩელის დაკმაყოფილებით არ მისცა მრჩევლებს.

გოგა კოხრეიძე ყველა წინა კონკურსებში მონაწილეობდა და იგი „ქართული ოცნების“ ფავორიტ კანდიდატად გამოიკვეთა. კონკურსის შეჩერების შემდეგ კი, ოქტომბერში, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ტელევიზიის ახალი მრჩევლები აირჩია. ამ პროცესმა მაუწყებლის ჟურნალისტების ეჭვები, რომ ხელისუფლება ცდილობს გავლენა მოიპოვოს რეგიონალურ მედიაზე, გაამყარა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დირექტორის შესარჩევი კონკურსი განახლდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა მხარდაჭერა სთხოვეს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მათ შორის იყო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ონლაინსამსახურის უფროსი სოფიო ჟღენტი. იგი დღეს ამბობს, რომ ჟურნალისტები მუშაობას აგრძელებენ იმავე მიმართულებით:

„შევეცდებით ვიყოთ დამოუკიდებლები და ჩვენი საქმე ვაკეთოთ პროფესიულად. ვფიქრობ, თუ მცდელობა იქნება ცვლილების, ამის შესახებ ჩვენს მაყურებელს მივაწვდით ინფორმაციას. შევეცდებით, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია იყოს, შემდეგ კი საზოგადოებამ შეაფასოს, შეიცვლის თუ არა ვექტორს აჭარის ტელევიზია და რადიო. ახლა კი ვმუშაობთ ჩვეულებრივად“.

XS
SM
MD
LG