გოგა კოხრეიძე, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნევდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მეორე ტურში აირჩიეს. მან 3 ხმა მიიღო (ერთი ბიულეტენი გაბათილდა). კოხრეიძე დირექტორი 3 წლით იქნება.
საბოლოო შედეგების მიღებამდე პირველ ტურში თითო ხმა მიიღეს მაია მერკვილაძემ და ფირუს ბოლქვაძემ, გოგა კოხრეიძემ - 2.
კოხრეიძე მანამდე ჩატარებულ სამივე კონკურსში მონაწილეობდა.
გოგა კოხრეიძე - 2014-2018 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, 2005-2014 წლებში - ტელეკომპანია „202“-ის დირექტორი, 1999-2004 წლებში - საქართველოს პარლამენტის წევრი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ოქტომბერში განახლებულმა მრჩეველთა საბჭომ, სადაც უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილი წევრები არიან, დირექტორი 9 კანდიდატიდან აირჩიეს.
9 კანდიდატიდან 6 აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომელი იყო. ისინი აცხადებენ, რომ კონკურსში მონაწილეობას ერთგვარი აქციის სახე ჰქონდა, რათა მრჩეველთა საბჭოსთვის კანდიდატების სიმცირის არგუმენტი არ მიეცათ.
ამ 6 კანდიდატიდან 3, წინა კონკურსებშიც მონაწილეობდა.
2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობამ დირექტორ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა, კონკურსი ოთხჯერ გამოცხადდა. სამ შემთხვევაში, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, მეოთხე კონკურსი კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. წინა შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოში „ქართულ ოცნებას“ ხუთიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავდა.
საბჭოს ამ შემადგენლობას დირექტორის არჩევის მეოთხე მცდელობა მას შემდეგ შეეზღუდა, რაც 23 სექტემბერს, მოსამართლე კობა გოცირიძემ დააკმაყოფილა ერთ-ერთი კანდიდატის, გოგა კოხრეიძის სარჩელი და კონკურსი შეაჩერა.
25 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი: თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი. პარტიული კვოტით არჩეული დოლიძე და სტურუა „ქართული ოცნების“ ორი ფრაქციის კანდიდატები იყვნენ, ხოლო წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით აირჩიეს. პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ, რომელსაც თავისი კვოტით მეოთხე კანდიდატი უნდა წარედგინა.
18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დირექტორის შესარჩევი კონკურსი განახლდა.