Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა ოთხიდან შვიდ წლამდე - რატომ დაიბარეს ენმ-ის წევრები პოლიციაში?


თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, აქციის მონაწილეებმა გზა გადაუკეტეს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს. 14 დეკემბერი, 2022 წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, აქციის მონაწილეებმა გზა გადაუკეტეს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს. 14 დეკემბერი, 2022 წელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში 14 დეკემბერს მომხდარის გამო პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს, ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ დაშინებას ცდილობს. შს სამინისტროში დაწყებული გამოძიება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რა მოხდა 14 დეკემბერს

მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება/გადავადების საკითხი განხილვა დაიწყო, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართველ და უცხოელ ექიმთა დასკვნების შესასწავლად ერთთვიანი ვადა მოითხოვა. მოსამართლემ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის ავტომობილს სასამართლოს ეზოში შეკრებილი სააკაშვილის მომხრეები - "მონა" და "მკვლელო" - შეძახილებით გადაეღობნენ. ვითარება, პოლიციელების ჩარევის შედეგად, მალევე განიმუხტა. მას შემდეგ, რაც ინციდენტის მონაწილეები გამოკითხვაზე დაიბარეს, გაირკვა, რომ მომხდარზე გამოძიება იყო დაწყებული.

რატომ დაიწყო გამოძიება?

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, დავით გალოგრეს, რომელიც 14 დეკემბერს, სასამართლოს ეზოში შეკრებილთა შორის იყო, უწყება სახლში მიუტანეს. პოლიციაში ის დღეს, 26 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა გამოკითხვაზე მისვლა ვერ მოახერხა ბაჩო თამლიანის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოძახების გამო და გამომძიებელს შეუთანხმდა, რომ გამოკითხვის დროზე 27 დეკემბერს მოილაპარაკებდნენ. თუმცა, გალოგრეს, ჯერ არ გადაუწყვეტია - გამოკითხვაზე პოლიციაში მივა თუ სასამართლოში.

„შეიძლება საერთოდ არ მივიდე [პოლიციაში] და პირდაპირ სასამართლოში მოვითხოვო დაკითხვა [მოსამართლის თანდასწრებით]... გამომძიებელმა მითხრა - მოწმედ ხარო დაბარებული, რომ დაიკითხოო. დიღომში დამიბარეს. როგორც ვიცი, სხვებს ტელეფონით დაუკავშირდნენ და ისე დაიბარეს; მე - სახლში მომიტანეს უწყება... იმ მანქანის გარშემო სადღაც 20 ადამიანი თუ იდგა და რაც მესმის, ამათ [პოლიციას], მგონი, უკვე მეტი ადამიანი ჰყავთ დაბარებული [გამოკითხვაზე]“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით გალოგრე; რომელიც არ უარყოფს, რომ თავადაც იდგა 14 დეკემბერს, ხალხით გარშემორტყმულ მანქანასთან.

იცის თუ არა, ვინ იჯდა იმ ავტომანქანაში? გვეუბნება, რომ ზუსტად არ იცის, ვარაუდობს, რომ - პროკურორი. დავით გალოგრეს ყველაზე მკაფიოდ ხალხის შეძახილები ახსოვს - „მონა, მონა“.

„მე მანქანას ხელი დავადე, არ დამირტყამს, იმიტომ, რომ მანქანა მიყვარს და მანქანას არ დავარტყამდი... ზოგი შეიძლება ხელსაც არტყამდა, მაგრამ მერე რა, მანქანისთვის ხელის დარტყმა რა არის? პოლიცია ხალხს უხეშად მოექცა - ისიც კი ვუთხარი ერთ-ერთს - არა გრცხვენია, რას აკეთებ-მეთქი?! ესეც ჩაწერილი ექნებათ, ალბათ... ერთმა რაციით გამოიძახა სხვები და რომ მოცვივდნენ, დაიწყეს ხალხზე უხეშად მიწოლა... იქ ბევრი ქალი იყო და არ აინტერესებდათ, ქალებს აწვებოდნენ თუ ვის... მახსოვს, ქალების აყენებას ვცდილობდი... ეს ქალები რომ წამოდგნენ, მერე გაიარა კიდეც მანქანამ... 9 აპრილი გამახსენდა, რუსებმა რომ გადაუარეს ხალხს... პატარა არა ვარ, 66 წლის ვარ უკვე... სიმართლე მამოძრავებს მე. ზვიადი მოკლეს და ახლა ამის [მიხეილ სააკაშვილის] მოკვლაც უნდათ. არ შეიძლება ეს“, - ამბობს დავით გალოგრე.

სატელევიზიო ახალ ამბებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ, 14 დეკემბერს, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების ნაწილი ავტომანქანას ხელს ურტყამს. ისმის შეძახილები - „მონა“ და „მკვლელო“. იქვე არიან სამართალდამცველებიც, რომლებიც აქციის მონაწილეებს აწვებიან, რათა ავტომობილს გზა გაუხსნან. „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში არ ჩანს ფიზიკური დაპირისპირება არც ავტომობილში მსხდომ პირებთან და არც სამართალდამცველებთან.

რადიო თავისუფლებას შს სამინისტროში უთხრეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პირმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალდება ითვალისწინებს პატიმრობას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი პირია დაბარებული გამოკითხვაზე, თუმცა მათი დაბარება არ უარყვეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პირმა მუხლის პირველი ნაწილი ეხება ასევე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის "სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე" - რომელიც უკავშირდება ამ პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობას.

უწყება 25 დეკემბრის ღამით, სახლში მიუტანეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, კახაბერ კვეკვესკირსაც. თუმცა ამ დროს ის მორიგ აქციაზე იყო და მასთან შეთანხმებით, მეუღლემ უწყება არ ჩაიბარა. კვეკვესკირმა, როგორც გვეუბნება, მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.

„ჩემმა მეუღლემ დამირეკა, რომ რამდენიმე პოლიციელი იდგა სახლის კართან... მერე მე რაღაც ნომრიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ პოლიციაში ვარ დაბარებული. ჩემი მეუღლე არ მოგიწერთ-მეთქი ხელს და ყველა კითხვაზე მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გიპასუხებთ-მეთქი, ასე ვუთხარი... მოწმის სტატუსი არ უხსენებიათ, რა სტატუსით მიბარებდნენ, არ ვიცი... ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაშინების მექანიზმია, რომ ნაკლები ხალხი გამოვიდეს აქციაზე, მაგრამ ეს ვერ გაგვაჩერებს...“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კვეკვესკირმა და დააკონკრეტა, რომ 14 დეკემბერს, სასამართლოს ეზოში ხმაც კი არ ამოუღია; ხოლო პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მანქანასთან იმ მხრიდან იდგა „საითაც გასასვლელი არ იყო, რადგან გაზონია იმ მხარეს“.

კვეკვესკირს ხალხის აღშფოთება და ბრაზი არ უკვირს. „კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა იმ დღეს [14 დეკემბერს] - სააკაშვილი ძალიან ცუდად არის და პენიტენციური სამსახურის ახალგაზრდა წარმომადგენელმა ერთი თვით მოითხოვა პროცესის გადადება... აქედან გამომდინარეობდა ხალხის ეს ემოცია“, - ამბობს ის.

26 დეკემბერს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ უწყება ჩაბარდა ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატს, გიორგი მუმლაძესაც.

14 დეკემბრის სხდომაზე, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლება/გადავადების საკითხი განიხილებოდა, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა პენიტენციურმა სამსახურმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნების შესასწავლად ერთთვიანი ვადა მოითხოვა; მოსამართლის გადაწყვეტილებით, ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა და მორიგი სხდომა 22 დეკემბერს დაინიშნა. 14 დეკემბრის პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმრის დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა, კლინიკა „ვივამედში“ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის არარსებობის გამო. დასახელებული მიზეზი არადამაჯერებელი იყო სააკაშვილის მხარდამჭერებისთვის.
სასამართლოს ეზოში მომხდარი ინციდენტის ამსახველ ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ისმის მამაკაცის ხმა: „ჩვეულებრივი მკვლელი ხარ... სულ ორი თვე შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა [სააკაშვილმა] და ერთი თვე მოითხოვე [პროცესის] გადადება... “

ხელისუფლება კატეგორიულად არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სიმულაციად შეაფასა მიხეილ სააკაშვილის მოქმედებები, როდესაც სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრების მონტაჟი გამოაქვეყნა. სააკაშვილის პალატაში სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. სიტყვა „სიმულაცია“ „ქართულ ოცნებაში“ გამოიყენეს 22 დეკემბერსაც, როცა ბევრისთვის გარეგნულად საგრძნობლად შეცვლილი სააკაშვილი, სასამართლოს სხდომაზე მცირე ხნით, დისტანციურად ჩართეს.

"იმედის“ ეთერში მინისტრი ბრეგაძე ამბობს, რომ - „გარკვეული ძალები“ სახელმწიფოსგან „მტრის ხატის შექმნას“ ცდილობენ და სააკაშვილის გათავისუფლების მისაღწევად „ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესება“ დაგეგმეს.

22დეკემბერს, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, სასამართლოს ჩვენება მისცა ამერიკელმა ფსიქიატრმა, ერიკ გოლდსმიტმა . მან ადვოკატის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი, შეძენილი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს.

საექსპერტო დასკვნაში, რომელიც დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. ლაპარაკია მისი სავარაუდო მოწამვლის შესახებაც.

„სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამავე ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლება/გადავადების საკითხის განსახილველად სასამართლოს შემდეგი სხდომა 29 დეკემბერს არის დანიშნული. ექსპრეზიდენტის მომხრეთა ნაწილმა, მისი შეწყალების მოთხოვნით, პერმანენტული აქცია წამოიწყო.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მისი დაპატიმრების მე-6 თვიდან, 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG