Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნის შესასწავლად 1 თვეს ითხოვს


მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. 2 დეკემბერი, 2021 წ.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. 2 დეკემბერი, 2021 წ.

პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნების შესასწავლად ერთთვიან ვადას ითხოვს. ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა დღევანდელ, 14 დეკემბრის, სასამართლო სხდომაზე, რომელზეც სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება/გადავადების საკითხი განიხილება.

"როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტაცია ჩვენ სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს. შესაბამისად, ეს სამედიცინო დოკუმენტაცია საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას და ამისათვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის ერთი თვე, რათა სასამართლოს წარმოუდგინოს სრულყოფილი პოზიცია", - თქვა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა.

ნიკა აბრამიშვილის ეს მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკრიტიკა.

"ჩვენ მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ისტორია გახლავთ ის, რაც თქვენ წარმოადგინეთ. იქ არის სამი ფურცელი, რომელიც იძლევა სხვაობას თქვენ მიერ წარმოდგენილ ისტორიასთან. ანუ თქვენ მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ისტორია შემოვიტანეთ. ერთი თვე ამაში რას უნდა გაეცნოთ?! ამ დღეების განმავლობაში არც კი გადაგიხედავთ ამ დოკუმენტებისთვის. თქვენ მიერ მოტანილი დოკუმენტები დაგიბრუნეთ უკან - რას უნდა გაეცნოთ?!" - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

დღევანდელ პროცესს მიხეილ სააკაშვილი ვერ ესწრება. როგორც მოსამართლემ განმარტა, კლინიკა "ვივამედის" ექიმმა არ გასცა რეკომენდაცია სასამართლოში მის გადაყვანაზე, პენიტენციური სამსახური კი ამბობს, რომ არ აქვს ტექნიკური აღჭურვილობა დისტანციური ჩართვისთვის იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა პატიმარია.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. პირველი სასამართლო სხდომა წინა კვირას გაიმართა.

შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. სასამართლოს მეგობრის სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

XS
SM
MD
LG