Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრეგაძის თქმით, თუ სააკაშვილი სიმულაციურ ქმედებებს არ შეწყვეტს, კადრები გამოქვეყნდება


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სიმულაციურ ქმედებებში ადანაშაულებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. როგორც მინისტრი აცხადებს, თუკი სააკაშვილის მხრიდან არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, ხელისუფლება იძულებული გახდება, კადრები გამოაქვეყნოს.

„გარკვეულ სიმულაციასთან ნამდვილად გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები, რა თქმა უნდა, არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არის. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან. ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო როგორც მას, ასევე მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, თამამად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი", - თქვა ბრეგაძემ „რუსთავი 2-ის" ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვას, სიმულაციის რა დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს? არსებობს თუ არა კადრები? მინისტრმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი დამადასტურებელი მასალა. ასეთი არის, მათ შორის ვიდეომასალა. შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ. ასევე, ეს ვიდეომასალა ნათლად აჩვენებს... გვაქვს ასევე გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანი ხელს უშლიდა, მათ შორის, ექიმების საქმიანობას. ასევე კონკრეტულად ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, თუკი იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და იმის დადასტურება, რომ საქართველოში არავის აწამებენ და სახელმწიფოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, ჩვენ იძულებულები გავხდებით, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები (რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება ამ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე), გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები".

როგორც რატი ბრეგაძემ თქვა, კადრები საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმას, რაზეც ხელისუფლება საუბრობს, რადგან, მისი აზრით, სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ არასწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

XS
SM
MD
LG