Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრებს კლინიკიდან


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"

კადრები, რომლებზეც ჩანს კლინიკა "ვივამედში" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.

ამ ათწუთიან მასალაში პატიმარი ორ სხვადასხვა სივრცეში ჩანს - ოთახში სავარძლებით, საწერი მაგიდითა და ტელევიზორით, ასევე პალატაში, სადაც საწოლი დგას. კადრებში, სავარაუდოდ, ჩანან კლინიკის სამედიცინო პერსონალი და პატიმრის ვიზიტორები. გამოსახულების ნაწილი ხელოვნურადაა გადღაბნილი, ძირითადად დაფარულია ოთახში მყოფთა სახეები.

პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას ხსნის მაღალი საჯარო ინტერესით და არ განმარტავს, აქვს თუ არა მიღებული მისგან ამის ნებართვა.

კადრების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე ერთი დღით ადრე ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან ყოფილი პრეზიდენტი სიმულაციურ ქმედებებში დაადანაშაულა და თქვა, რომ კადრები საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმას, თუ რაზე საუბრობს ხელისუფლება, რადგან, მისი აზრით, სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას.

„ამ კადრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

დღევანდელ, 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი სააკაშვილი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის მიზეზით კლინიკიდან ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG