ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი:
- ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა სანქციებს ელოდება;
- მორგებულია ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, - აძლევს მას საშუალებას, ოფშორული ზონებიდან ქონება საქართველოში გადასახადების გარეშე გადმოიტანოს. ამავე დროს, ეროვნული ბანკი მას სანქციების დაუყოვნებლივი ეფექტისგან იცავს;
- იმ დროს, როცა მსოფლიომ ოფშორული ზონების რეგულირება დაიწყო, ცვლილება აჩენს რისკს, რომ საქართველო ოლიგარქებისათვის და სხვა სანქცირებული პირებისთვის უსაფრთხო სივრცედ იქცევა.
ამ ყველაფერს თან სდევს ის, რომ „ოცნებას“ რიტორიკაში „სუვერენული დემოკრატიის“ გაგება შემოაქვს.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ერთი მხრივ, ქვეყნის იზოლაციის რისკებს წარმოშობს, მეორე მხრივ კი, აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ასეთი სცენარისთვის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ემზადებოდა, იზოლაციით გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის დგამს ნაბიჯებს.
ანტიდასავლური შემობრუნება
2022 წელს დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანმა ომმა შესამჩნევად შემოატრიალა „ქართული ოცნების“ რიტორიკა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ. ამას ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ნიშნების გაძლიერება მოჰყვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მმართველ პარტიას, „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიის გავრცელებისა და „ომში ჩათრევის მცდელობებზე“ დეზინფორმაციული კამპანიის პარალელურად, არ გადაუდგამს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის საჭირო არცერთი საკვანძო ნაბიჯი.
ევრორეკომენდაციებში გაწერილი „დეოლიგარქიზაციისა“ და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ საპირისპირო გზა არჩია:
- ბოლო ორ წელიწადში ტრადიციულ პარტნიორებთან კონფრონტაციულმა რიტორიკამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ამას დაემატა უკრაინის მთავრობისადმი არამეგობრული განცხადებები;
- საგარეო-პოლიტიკური ვექტორი „მულტივექტორული“, სინამდვილეში კი ანტიდასავლური გახდა; „ოცნების“ პოლიტიკის გულშემატკივრებში რუსეთის ფედერაციის როლი გამოიკვეთა;
- პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოვიდა ტერიტორიული მთლიანობის „ჩინეთის მედიაციითა და რუსეთთან მოლაპარაკებებით აღდგენის“ ილუზიაზე სერიოზულად მსჯელობა;
- გაძლიერდა წნეხი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე.
ერთხელ უკან გაწვეული „აგენტების კანონის“ ხელახლა მიღება კი, რაც მრავალრიცხოვან დემონსტრაციებს იწვევს, წინასაარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის ჩახშობის სურვილზე მიუთითებს.
„სუვერენიტეტის სახელით“
„ოცნების“ ლიდერების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობებში „სუვერენიტეტის დათმობაზე“ საუბარი „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციას აირეკლავს.
„სუვერენული დემოკრატია“ ვლადიმირ პუტინის რუსეთის მთავარი პოლიტიკური კონცეფციაა.
ეს არის, Washington Post-ის ერთ-ერთი ავტორის სიტყვებით, კრემლის მიერ შემუშავებული ტერმინი, რომლის მიზანია ორი გზავნილის გავრცელება:
- რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი დემოკრატიულია;
- რუსეთის ეს დემოკრატიულობა უნდა იქნეს მიღებული კრიტიკის გარეშე. შემოწმების ნებისმიერი მცდელობა ჩაითვლება რუსეთის საშინაო საქმეებში „არამეგობრულ ჩარევად“.
და ამ კონცეფციის ექო ქართულ პოლიტიკაშიც ისმის.
სწორედ ამ ახალი რიტორიკის ნაწილია „ქართული ოცნების“ ლიდერების დევიზი, „ღირსებით ევროპისკენ“, რომელიც „უღირსად“ წარმოაჩენს, სხვა ყველაფერთან ერთად, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე.
„იზოლაციას სჭირდება ფული“
„აგენტების კანონზე“ დასავლეთიდან გამოხმაურებები და ხელისუფლების რიტორიკა ტოვებს განცდას, რომ საქართველო იზოლაციისკენ მიიწევსო, ეუბნება რადიო თავისუფლებას შოთა დიღმელაშვილი, „ფორბს საქართველოს“ (Forbes Georgia) მთავარი რედაქტორი.
„შეიძლება, იზოლაციის ხარისხზე ვიდავოთ, მაგრამ „აგენტების კანონზე“ საერთაშორისო გამოხმაურებები, მათ შორის სანქციებზე მინიშნება, - ამის თქმის საფუძველს გვაძლევს“, - ამბობს იგი.
„მაგრამ ეს იზოლაცია ძვირი ჯდება“, - ამბობს „ფორბსის“ მთავარი რედაქტორი და განმარტავს, რომ იზოლაცია, საერთაშორისო ურთიერთობებში პრობლემებთან ერთად, მთელ რიგ ეკონომიკურ წინაღობებთანაცაა დაკავშირებული:
„ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინება წყდება, აღარ შემოდის დასავლური კაპიტალი, რომელიც, მათ შორის, ძალაუფლების საყრდენია, - ინფრასტრუქტულ პროექტებში მილიონობით ლარია ინვესტირებული, რაც ადამიანების დასაქმებასთან არის კავშირი, და ამ თანხის ხარჯვა ეკონომიკას „ბუსტს“ აძლევს. ასევე, ინვესტიციები დაიკლებს, ადგილობრივ საბანკო სისტემას პრობლემები შეექმნება“, - მიიჩნევს შოთა დიღმელაშვილი.
„და თუ ეს ყველაფერი ქრება, მაშ, საიდან ის კაპიტალი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებაში უნდა ინვესტირდეს?“
ამ კითხვის პასუხი „ოფშორების კანონი“ შეიძლება იყოს.
„ოფშორების კანონი“
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონის“ განხილვის პარალელურად დაჩქარებულად განიხილა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები ოფშორულ ზონებზე.
ცვლილებები ოფშორულ ზონაში - კანონის ენით, „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში“ - რეგისტრირებულ კომპანიებს გადასახადებისგან ათავისუფლებს, თუკი ისინი თავიანთ აქტივებს საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაუფორმებენ.
მოგების გადასახადი 15%-ია, საშემოსავლო - 20%. იმპორტის გადასახადი 5% ან 12%-ია, საქონლის სახეობების მიხედვით.
ცვლილებები, რომელიც ოფშორულ კომპანიებს ამ გადასახადებისგან ათავისუფლებს, 19 აპრილს მესამე მოსმენით საბოლოოდ მიიღეს.
შოთა დიღმელაშვილის ხედვით, ეს ცვლილება შეიძლება ორნაირად განვიხილოთ:
- „როგორც ბიძინა ივანიშვილის პირადი აქტივების საქართველოში შემოტანის კანონი, - და თუ პირადად ივანიშვილზეა მორგებული, პრობლემაა;
- შეგვიძლია უფრო შორსაც წავიდეთ და ვთქვათ, რომ ამ ცვლილებებით ხელსაყრელი პირობები იქმნება შავი ფულისთვის“.
ივანიშვილის ოფშორული ქსელი
ცვლილებები რომ ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ ვარაუდობს.
ორგანიზაციის 2021 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მსგავსად, ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების ქსელს იყენებს აქტივების ანონიმურად სამართავად და ბიზნესინტერესების გასატარებლად.
კვლევიდან ვიგებთ, რომ სხვადასხვა დროს გასაჯაროებული ფინანსური დოკუმენტები ივანიშვილის შესახებ ასეთ სურათს ხატავს:
- იგი, სულ მცირე, 20 ოფშორული კომპანიის ბენეფიციარი მფლობელია - ანუ საბოლოო, რეალური მფლობელი;
- კვლევის ჩატარების დროისთვის ამ 20-დან ივანიშვილის 12 ოფშორული კომპანია საქართველოში პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით 70 კომპანიას ფლობდა;
- და ამ 70 კომპანიის 31-მა დირექტორმა 2012-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 2,972,572 ლარი შესწირა [ეს დეკლარირებული მონაცემები იყო].
გამოძიება ფულის გათეთრებაზე
ორი დღით ადრე, სანამ დეპუტატები პარლამენტში შეიტანდნენ საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტს, - 9 აპრილს, - პანამაში დაიწყო სასამართლო პროცესი კომპანია Mossack Fonseca-ს 27 თანამშრომლის წინააღმდეგ. მათ ფულის გათეთრებას ედავებიან.
ეს პანამური კომპანია იყო, რომელიც ოფშორულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის კომპანიას, Lyncen Management-ს უწევდა მომსახურებას.
Mossack Fonseca-ს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გაჟონვა „პანამის დოკუმენტების“ სახელით არის ცნობილი.
დოკუმენტებმა სხვადასხვა სახელმწიფოს ათობით ხელმძღვანელი პირის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დამალული ოფშორული კომპანიები გამოავლინა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, „მოსაკ ფონსეკა“ იყო დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში საეჭვო აქტივებსა და ფულს მალავდა.
ჯერ ბუნდოვანია, აქვს თუ არა რაიმე კავშირი სასამართლო პროცესს ბიძინა ივანიშვილის რომელიმე კომპანიასთან.
„სანქციების მოლოდინი“
ის, რომ სანქციების მოლოდინი არსებობს, ბევრისთვის არის ცხადი.
„ბიძინა ივანიშვილი ოფშორულ ზონაში თავს მშვიდად ვერ გრძნობს, დასავლეთის მართლმსაჯულებამ იქაც მიაგნო. ეტყობა უნდა, რომ სასწრაფოდ გამოექცეს და აქ ფინანსური ციხესიმაგრე შეიქმნას“, - ფიქრობს პარლამენტარი რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, მმართველი „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის, მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის, მოწოდებების მიუხედავად, ევროკავშირს, შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს ინდივიდუალური სანქციები არ დაუწესებიათ.
ამის მიუხედავად, მმართველი პარტიის რიტორიკა უკვე მესამე წელია, ამტკიცებს, რომ „ივანიშვილი, ფაქტობრივად, სანქცირებულია“, - და ამის არგუმენტად შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ მის ჯერაც გადაუჭრელ დავას ასახელებს. ივანიშვილმა სხვადასხვა იურისდიქციაში არაერთი ინსტანციის სასამართლო მოიგო, თუმცა ბანკი თანხას არ უბრუნებს, - „ოცნების“ მტკიცებით, ივანიშვილის კუთვნილი ორი მილიარდი ამერიკული დოლარი „ბანკში აქვთ გაჩერებული“.
ოფიციალური სანქციები ჯერ საქართველოს მხოლოდ ექვს მოქალაქეს აქვს დაწესებული. ისიც მხოლოდ შეერთებული შტატებისგან.
- ხუთი მათგანი მოქმედი ან ყოფილი მოსამართლეა, - „სასამართლო კლანად“ მიჩნეული ჯგუფის წარმომადგენელი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შედარებით მსუბუქი, სავიზო სანქციები დაუწესა;
- მხოლოდ ერთს, ყოფილ მთავარ პროკურორს დაუწესდა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები - ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, სანქციები კლასიკური გაგებით.
პირველი ნაბიჯი - აღსრულების წესის ცვლილება
და სწორედ მას შემდეგ, რაც სახაზინო დეპარტამენტმა ფარცხალაძეს, - რომელიც „ქართველ-რუს ოლიგარქად“ მოიხსენია, - რუსეთის ფსბ-სთან კავშირებისა და ქართულ პოლიტიკაზე მავნე გავლენის გამო სანქციები დაუწესა, ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესი შეცვალა.
ფარცხალაძეს 14 სექტემბერს დაუწესეს სანქციები.
თავდაპირველად „ოცნება“ ფარცხალაძეს გაემიჯნა და თქვა, რომ იგი „კერძო პირია“, რომელიც 10 წლის წინ ჩამოშორდა ხელისუფლებას. ის მხოლოდ რუსმა მაღალჩინოსნებმა დაიცვეს.
18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა … გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება“.
მაგრამ მეორე დღეს, ეროვნული ბანკის მმართველის, ნათია თურნავას ბრძანებით, - რომელმაც 4 აგვისტოს თავისივე გამოცემული ბრძანება შეცვალა - კომერციულ ბანკებს მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლო სისტემის სათავეში მყოფი ფიგურები ამ დროს უკვე სანქცირებულები იყვნენ.
სანქცირების მიუხედავად, ფარცხალაძემ მოახერხა თავის სახელზე გაფორმებული უძრავის ქონების, - მათ შორის ეკლესიის, - შვილისათვის გადაფორმება.
თურნავას ბრძანება, რომლის თანახმადაც გამონაკლისი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის წესდება, რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს - „პუტინის საყვარელ ოლიგარქს“ - თბილისის საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
მისი ადვოკატის მტკიცებით, მიდგომა დისკრიმინაციულია და არათანაბარ მდგომარეობაში აგდებს უცხო ქვეყნის მოქლაქეებს და უცხოურ კომპანიებს.
პარლამენტის ახალი ცვლილებები კი ყველას ეხება, - საქართველოს მოქალაქეებსაც და უცხო ქვეყნების მოქალაქეებსაც. „ეს ქართველებზე არ არის მარტო. შეიძლება უცხოელებზეც“, - ამბობს პაატა კვიჟინაძე, ცვლილებების ინიციატორი პარლამენტარი.
ოქრო - აქვე, თბილისში
ორიოდე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს წელს პირველად შემატა მონეტარული ოქრო: $500 მილიონის ღირებულების შვიდი ტონა ოქრო, რომელიც ლონდონიდან თბილისში უნდა ჩამოიტანონ.
კვლევები აჩვენებს, რომ:
- ზოგიერთ ქვეყანაში სავალუტო რეზერვებში ოქროს წილის ზრდა - რეზერვების „აქტიური დივერსიფიკაცია“ - დაკავშირებულია ან სანქციებთან, ან ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ რყევებთან;
- უკრაინის ომის შემდეგ, ქვეყნების ნაწილმა შესაძლო სანქციების უარყოფითი შედეგებისგან თავის დასაცავადაც, დარეზერვებული ოქროს ლონდონიდან და დასავლური იურისდიქციებიდან საკუთარ ქვეყანაში განთავსება დაიწყო.
ეროვნული ბანკი ამტკიცებს, რომ ოქროს რეზერვების შესყიდვა ამასთან არაფერ შუაშია, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი საქართველოს შემთხვევასაც ამ კონტექსტში განიხილავს.
„ოფშორები ნაკლებად მიმზიდველი ხდება“
იმ სცენარში, სადაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი სანქციებისათვის ემზადებიან, ოფშორის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, - სანქციების წესში ცვლილებებისა და ოქროს დარეზერვების შემდეგ, - მესამე, დამაგვირგვინებელი ნაწილია თავსატეხისა, რაც სანქციების მოლოდინს უკავშირდება.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ინიციატორმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ ცვლილებების არსის განმარტებისას თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ცვლილებების შედეგად, „ოფშორებში ბიზნესის კეთება საინტერესო აღარ არის“.
„გაძლიერდა მონიტორინგი, გაძლიერდა გამჭვირვალობა, გადასახადებმა მოიმატა. ამიტომ, ბევრი ამ ოფშორებიდან გადის“, - თქვა მან 17 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც პირველი მოსმენით განიხილეს ცვლილებები.
ასე რომ, კვიჟინაძის განმარტებით, მმართველი გუნდისთვის პრინციპულია, რომ ოფშორებიდან მოიზიდონ კომპანიები, რომლებიც ასეთ სივრცეებს ტოვებენ.
„ახლა საუბარია, რომ ერთჯერადად გადმოტანის მომენტში ეს გადასახადები ვაპატიოთ, თუ გადმოვლიან და გაათეთრებენ თავიანთ [ბიზნესს]“, - განაცხადა კვიჟინაძემ [სტილი დაცულია].
შემდეგ ნათქვამი მალევე შეასწორა და თქვა, რომ „გათეთრებული ისედაც არის, მაგრამ თუ საქართველოში იქნება, უფრო გამჭვირვალე იქნება, მეტი გადასახადი შემოვა და ძალიან კარგი იქნება“.
რა ხდება ოფშორებში?
2024 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში ძალაში შედის კანონი, რომელიც სამი წლით ადრე მიიღეს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინიციატივით.
ინიციატივის კვალდაკვალ, 138 ქვეყანაში წესდება „მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადი“ (GMCT) - სულ მცირე, 15% მაინც.
ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების დოქტორი ია ერაძე განმარტავს, რომ ამ გლობალური ცვლილების მიზანია, ბოლო მოეღოს ოფშორული იურისდიქციების არსებობას:
„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც მსოფლიო საზოგადოება თანხმდება, დააწესოს მინიმალური გადასახადი მულტინაციონალური კომპანიებისთვის, რათა ბოლო მოეღოს ოფშორული იურისდიქციების არსებობას. ამით უნდა დასრულდეს „რბოლა ფსკერისკენ“, როცა სახელმწიფოები ცდილობენ, დაბალი ან ნულოვანი გადასახადებით მოიზიდონ კაპიტალი“, - წერს ია ერაძე.
და სწორედ ამ გლობალური ინიციტიავის ძალაში შესვლის შემდეგ, მულტინაციონალური კომპანიები ეცდებიან, თავშესაფარი იპოვონ თუნდაც ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ისეთი საგადასახადო სამოთხეებიდან, როგორიცაა, მაგალითად, კვიპროსი, ირლანდია და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებიო, მიიჩნევს იგი.
მისი თქმითვე, - გარდა ივანიშვილის ოფშორული კომპანიებისა, - „ჩვენ არაერთი კომპანია ვიცით საქართველოში, რომლებიც ფლობენ ჩვენს წიაღისეულს, რესურსებს და სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში არიან რეგისტრირებულები“.
„ფულის გათეთრება“
სხვა ანალიტიკოსების ნაწილიც ამ აზრზეა.
„თუკი ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ივანიშვილზე არ არის მორგებული, გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ უკეთეს პირობებს უქმნის იმ შავ ფულს, რაზეც შეთანხმდა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ოფშორებში „ირეცხება“ და მოდით, მინიმალურ რეგულაციურ ჩარჩოში მაინც მოვაქციოთო“, - ამბობს შოთა დიღმელაშვილი.
ოფშორულ ზონებს, დაბალი გადასახადების გარდა, სანდო სასამართლოც ახასიათებსო, განმარტა 18 აპრილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომისტმა სანდრო რაქვიაშვილმა, ლიბერტარიანული პარტია „გირჩის“ დეპუტატმა.
ის ვარაუდობს, რომ ამის გამო, - საქართველოს სასამართლოსადმი უნდობლობის გამო, - ნაკლებად სავარაუდოა, დასავლელმა ინვესტორებმა ბიზნესი გადმოიტანონ:
„ის ხალხი, ვინც [ბიზნესს] შემოიტანს, იმიტომ კი არ შემოიტანს, რომ ახალი ოფშორული ტერიტორია გავხდით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს სასამართლოს ენდობიან. და ვინ არის ის, ვინც ჩვენს სასამართლოს ენდობა?"
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილიც ვარაუდობს, რომ „ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს“.
„ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის, - სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ „აგენტების“ კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია - ვიღაცა ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები აქ საიმედოდ იქნება დაცული“.