საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერები მძაფრად რეაგირებენ დასავლელი პარტნიორების როგორც კრიტიკაზე, ასევე რეკომენდაციებსა და რჩევებზე.
“უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის ხელახალი ინიციირების კრიტიკის პასუხად, თბილისის მერმა და „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საბჭოთა კავშირი და ცენტრალური კომიტეტის მითითებები გაიხსენა. კალაძე ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი არ არის, ვინც თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობაში საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის საფრთხეს ხედავს.
„სუვერენული დემოკრატიის“ პოლიტიკურ სამშობლოში, პუტინის რუსეთში ამ კონცეფციის სახელმწიფო იდეოლოგიად ქცევამ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სრული განადგურება გამოიწვია.
სანამ "ოცნება" სუვერენიტეტის ხელყოფაზე ღიად დაიწყებდა საუბარს, „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ჯგუფის, "ხალხის ძალის", ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, 2022 წლის 4 ოქტომბერს თქვა, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას გულისხმობს - "ერთია, როცა სუვერენიტეტის ნაწილს ნებაყოფლობით თმობ და სულ სხვა, როცა საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი ამ სუვერენიტეტს "ხელიდან გვართმევს"-ო.
15 აპრილს თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კი ე.წ. გამჭვირვალობის კანონის გარშემო არსებული სიტუაცია შეადარა საბჭოთა რეჟიმის დროს შექმნილ ვითარებას, როცა, მისი თქმით, არა დისკუსიითა და აზრთა გაცვლით, არამედ დირექტივებით წყდებოდა ყველა საკითხი:
„მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი, პატარა ვიყავი, მაგრამ გადმოცემით, რასაც ამბობენ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში - მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება დღეს, სად გაგონილა, თქვენ გინახავთ საერთოდ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, ელჩი თუნდაც გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გაგიგიათ ეგეთი რამე?! სრული საგიჟეთია უბრალოდ რა“.
კახა კალაძე ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად მიიჩნევს საქართველოს მთავრობისათვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაყენებული პირობების შეხსენებას, კერძოდ იმას, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონმა შესაძლოა შეაფერხოს ეს პროცესი.
ფილოსოფოსი გიგა ზედანია მიუთითებს, რომ როცა ვიღაცას შენთვის რაღაცის დაბლოკვის უფლება აქვს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული სუვერენიტეტი ილახება. გიგა ზედანიას მოჰყავს სლოვაკეთისა და ყირგიზეთის მაგალითები:
„ამბობენ, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ახლახან ყირგიზეთმა მიიღო და სლოვაკეთიც იმავეს აპირებსო. სლოვაკეთი ევროკავშირის წევრია და მას კანონს ევროპული მართლმსაჯულების სასამართლო დაუბლოკავს, როგორც ეს უნგრეთს უქნა. აი, ყირგიზეთს ვერავინ ვერაფერს დაუბლოკავს. მისი დემოკრატია იფურჩქნება რუსული საჰაერო ბაზის ჩრდილქვეშ. ვიღაცას შენთვის რაღაცის დაბლოკვის უფლება რომ აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული სუვერენიტეტი ილახება. ასე რომ იყოს, ყირგიზეთს მეტი სუვერენიტეტი ექნებოდა, ვიდრე უნგრეთს. ხომ ვიცით, რომ არ აქვს“.
სუვერენიტეტის საბაბით საეჭვო გადაწყვეტილებების დაცვის იდეა, ისევე როგორც აგენტებისა თუ გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიციირება, ორიგინალური ქართული იდეა არ არის. 2006 წლის ივნისში, როცა რუსეთი ემზადებოდა „დიდი რვიანის“ (G8) თავმჯდომარეობისათვის და დაბალი დემოკრატიული სტანდარტების გამო საყვედურს-საყვედურზე იღებდა, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ, ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს სუვერენული დემოკრატია, რომლისთვისაც მიუღებელია გარედან შენიშვნების მიღებაო.
„ჩვენი დემოკრატიის რუსულ მოდელს ჰქვია "სუვერენული დემოკრატია". ჩვენ გვინდა ვიყოთ ღია ერი სხვა ღია ერებს შორის და ვითანამშრომლოთ მათთან სამართლიანი წესებით და არა ვიმართებოდეთ გარედან”.
ცხადია, „სუვერენული დემოკრატიის“ პოლიტიკური კონცეფცია მხოლოდ ერთჯერადი ამოცანის დასაძლევად არ შექმნილა. „სუვერენული დემოკრატია“ იყო ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგემა რუსეთში 2007-2008 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს, შემდეგ წლებში კი იგი იქცა პუტინის მმართველობის მთავარ პოლიტიკურ კონცეფციად.
„სუვერენული დემოკრატია“ პირველად საჯაროდ წარადგინა პოლიტოლოგმა ვიტალი ტრეტიაკოვმა 2005 წლის 28 აპრილს ამავე სახელწოდების სტატიაში:
„საბჭოთა სისტემიდან, საკუთარი არჩევანითა და სურვილით, რუსეთი გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე - ერთდროულად დემოკრატიული, თავისუფალი (სუვერენული) და სამართლიანი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობაზე. ამიტომ ისინი, რუსული საზოგადოება და სახელმწიფო, თავად განსაზღვრავენ ამ განვითარების ვადებს, ეტაპებს, პირობებსა და ფორმებს. რუსეთის სუვერენული (და სამართლიანი) დემოკრატია - აი, პუტინის პოლიტიკური ფილოსოფიის ენობრივი და არსებითი ფორმულა...“
თუმცა „სუვერენულმა დემოკრატიამ“ განსაკუთრებული პოლიტიკური და იდეოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც მას ხელი მოჰკიდა ვლადისლავ სურკოვმა, რომლის განმარტებითაც, „სუვერენული დემოკრატია“ არის საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების სახეობა, რომელშიც ხელისუფლება, მისი ორგანოები და მოქმედებები შეირჩევა, ყალიბდება და იმართება ექსკლუზიურად რუსი ერის მიერ მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და მთლიანობით, ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის მატერიალური კეთილდღეობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის მისაღწევად“ (ჟურნალი „ექსპერტი“ N43(537), 2006 წლის 20 ნოემბერი. „მომავლის ნაციონალიზაცია“. ვლადისლავ სურკოვი: აბზაცები სუვერენული დემოკრატიისთვის).
თუმცა, რუსეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც 2006 წელსვე ბევრი მიმომხილველი და პოლიტიკოსი ჩასწვდა „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციის ჭეშმარიტ არსს.
2006 წლის 29 აგვისტოს გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიხაილ კასიანოვის სტატია, რომელშიც ის ლაპარაკობდა „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციის მერკანტილურ მიზნებზე:
„ამ დოქტრინის მიზნები სავსებით აშკარაა - პოლიტიკური ძალაუფლებისა და ქონების კონცენტრაცია და შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. შედეგებიც უკვე სახეზეა - პოპულიზმის ტრიუმფი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების მზარდი ნგრევა, კანონიერების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გადახვევა“.
იმავე 2006 წელს The Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია „სუვერენული დემოკრატია“, რომელშიც ნათქვამია, რომ „სუვერენული დემოკრატია“ არის კრემლის მიერ შემუშავებული ტერმინი, რომლის მიზანია ორი შეტყობინების გავრცელება: პირველი, რომ რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი დემოკრატიულია და მეორე, რომ რუსეთის ეს დემოკრატიულობა უნდა იქნეს მიღებული კრიტიკის გარეშე. შემოწმების ნებისმიერი მცდელობა ჩაითვლება რუსეთის საშინაო საქმეებში არამეგობრულ ჩარევად“.
რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ შესახებ თავისი აზრი გამოთქვა ცნობილმა სოვიეტოლოგმა და ისტორიკოსმა რიჩარდ პაიპსმაც, რომლის თქმითაც, მისთვის სრულიად გაუგებარია ტერმინი „სუვერენული დემოკრატია“, რადგან: „დემოკრატია ან არსებობს ან არ არსებობს. <…> დემოკრატია ბერძნულად ნიშნავს „ხალხის ძალაუფლებას“ - ან არის ხალხის ძალაუფლება, ან არ არის ხალხის ძალაუფლება“ [რიჩარდ პაიპსი. „მამულის კვამლი: რუსეთის ისტორია: ფოცხებზე სიარული“].
„სუვერენული დემოკრატიის“ ბოლო გაჩერება რომ ავტოკრატია - კონსოლიდირებული ავტოკრატიული რეჟიმია, ზედმიწევნით კარგად იცის დევნილობაში მყოფმა რუსმა ცნობილმა მწერალმა ბორის აკუნინმა (გრიგორი ჩხარტიშვილი), რომელმაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნებული წერილით ურჩია საქართველოსა და ქართველ ხალხს, არ დაადგნენ რუსეთის გზას, არ დარჩნენ ნამდვილი მეგობრების გარეშე და არ იქცნენ პუტინის რუსეთის ნაწილად.
აკუნინის მსგავსად რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ დემოკრატიულობის არც არავინ დაიჯერა. როგორც რუსეთის ისტორიის უკანასკნელმა 20 წელმა აჩვენა, „სუვერენული დემოკრატიის“ სქელი ფარდების მიღმა რუსეთში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი ატროფირდა და განადგურდა. შესაბამისად, არც არავინ დაიჯერა „სუვერენული დემოკრატიის“ მთავარი იდეოლოგის, ვლადისლავ სურკოვის დემოკრატობა.
- 2014 წლის 17 მარტს სურკოვს დაუწესდა აშშ-ის მთავრობის სანქციები, რომლებიც მოიცავს შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე აქტივებისა და ქონების ჩამორთმევას. ამერიკული მხარე სურკოვს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე პასუხისმგებელ რუს მაღალჩინოსნად მიიჩნევს. მსგავსი ზომები მიიღო კანადის მთავრობამაც.
- ვლადისლავ სურკოვი ასევე შეტანილია ევროკავშირის, ავსტრალიის, შვეიცარიისა და უკრაინის სანქციების სიაში.