Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის აკუნინი ქართველებს: პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დამკვიდრებას


მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი)
მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი)

ლონდონში მცხოვრები ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოში ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ინიციირებასა და განხილვას.

აკუნინი წერს, რომ სახიფათოა არა ოპოზიცია და კრიტიკული პრესა, არამედ პუტინიზმი.

„რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა და მედიასაშუალებამ თხოვნით მომმართა კომენტარი გამეკეთებინა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე.

ზოგადად, მე აზრს არ გამოვთქვამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. პირველ რიგში, მე მაქვს კომპლექსი, რომ არ ვარ „ნამდვილი ქართველი“ - ენაც კი არ ვიცი. მეორეც, მე რუსი მწერალიც ვარ და სხვის საქმეებში ყველანაირი ჩარევა, ჩვენი ძმის მხრიდან, დღევანდელ ვითარებაში „იმპერიალიზმის გამოვლინებად“ აღიქმება.

მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. მე საქართველოში დავიბადე, მე ვარ „შვილი“ და „შალვოვიჩი“, მე იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. ჩემთვის საგანგაშოა იმის ნახვა, დემოკრატიული ქვეყანა როგორ ეშვება იმავე ფერდობზე, რომლიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა.

უნდა ვუფრთხოდეთ არა პოლიტიკურ ოპოზიციას და კრიტიკულ პრესას, არამედ პუტინიზმს“, - ვკითხულობთ ბორის აკუნინის პოსტში.

მწერალმა ქართველებს მიმართა, რომ გაუფრთხილდნენ თავისუფლებას.

„გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დამკვიდრებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით. თქვენ შემდეგ თავს ვერ დააღწევთ ამ ინფილტრატორს.

ის შეჭამს საქართველოს, როგორც სიმსივნე. ვიცით, გავიარეთ. თავდაპირველად „უცხოური აგენტები“, შემდეგ „მეხუთე კოლონა“, შემდეგ „ტერორისტები და ექსტრემისტები“ და შემდეგ არანაირი მეგობრები, გარდა პუტინის რუსეთისა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკან, ორთავიანი არწივის ფრთებქვეშ.

ქართველებო, უფლება არ მისცეთ თქვენ ეს დაგმართონ. გაუფრთხილდით თავისუფლებას“, - აღნიშნავს აკუნინი.

ტერორიზმის გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით, რუსეთში ახლაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ცნობილი რუსი მწერლის, ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილი) წინააღმდეგ. მას „უცხოური აგენტის“ სტატუსიც აქვს და დაუსწრებლად მისჯილი წინასწარი პატიმრობაც.

აკუნინი რუსეთში აკრძალულია.

საქართველოს პარლამენტი ე.წ. აგენტების კანონს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს, 16 აპრილს, განიხილავს.

15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წინ მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG