Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც ოფშორებიდან საქართველოში კომპანიის გადმოტანა მომხიბვლელი ხდება


საქართველოს პარლამენტი "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს. 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.

ცვლილებებით, ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები იმოქმედებს 2028 წლის 1 იანვრამდე.

"შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში:

ა) ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;

ბ) აქტივის/საქონლისსაქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.

შენიშვნა: 1. ეს ნაწილი გამოიყენება:

ა) თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი);

ბ) მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის", - ნათქვამია კანონპროექტში, რომლის ინიციატორებიც არიან საქართველოს პარლამენტის წევრები "ქართული ოცნებიდან".

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ავტორებადაც მითითებული არიან დეპუტატები პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა და გოგი მეშველიანი, პარლამენტში განსახილველად 10 აპრილს დარეგისტრირდა. მისი დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 15 აპრილს მიიღო. ამ დროს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო განხილვა "აგენტების შესახებ" სადავო კანონპროექტისა, რომლის საჭიროებასაც "ქართული ოცნება" მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნის.

კანონპროექტის მიზანში საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატორები წერენ, რომ ეს წაახალისებს ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის პროცესს.

საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურებიან პარლამენტის წევრები ოპოზიციიდან. დეპუტატი რომან გოცირიძე თვლის, რომ მოულოდნელად და დაჩქარებულად წარმოდგენილი კანონპროექტით, "ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები". გოცირიძე თვლის, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ამ ცვლილებების საჭიროება სანქციების მოახლოებამ გაუჩინა.

"კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდებს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.

ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობლებლად.

ელოდა სანქციებს!

გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას", - წერს რომან გოცირიძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

სანქციებზე საუბრობს კიდევ ერთი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილიც, პარტია "გირჩიდან". ის ბიძინა ივანიშვილის სახელს არ ახსენებს, თუმცა მიანიშნებს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესებში შედის.

"როგორც ჩანს, ოცნება შესაძლო სანქციებისთვის ემზადება. დაჩქარებული წესით, საგადასახადო ამნისტიასთან ერთად, შემოდის დროებითი ნორმა, რომლის თანახმად, თუ ფიზიკური პირი ოფშორული ტერიტორიებიდან საქართველოში გადმოიტანს კომპანიას, ის არ დაიბეგრება (ახლა იბეგრება, რათა ფულის გათეთრება არ ხდებოდეს). გარდა ამისა, თუ იგივე ფიზიკური პირი ამ პროცესში საქართველოში მის საკუთრებასაც შემოიტანს, მაგალითად, თვითმფრინავს ან მანქანას, ის ასევე არ დაიბეგრება იმპორტის გადასახადით და არც ქონების გადასახადით 2030 წლამდე.

ახლა გასარკვევია, თუ ვინ არის ის ფიზიკური პირი, ვისაც ოფშორულ ტერიტორიებზე კომპანიები აქვს და აპირებს იქიდან ფულის შემოტანას, თვითმფრინავებსა და მანქანებთან ერთად. რაიმე ვერსიები?" - რაქვიაშვილის ეს პოსტიც ფეისბუკზე, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

პარლამენტში ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება წარსულში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული გია ხუხაშვილი. მისი შეფასებით, "ეს არის “რუხ ზონებში” განთავსებული საეჭვო აქტივების “შეღავათიან ფასებში” გათეთრების დაკანონება." გია ხუხაშვილი წერს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მოქმედების არეალი გაცილებით ფართო შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ ივანიშვილის აქტივების საქართველოში ადვილად გადმოტანაა.

"გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში.

ეს ბუნებრივია საბოლოოდ ჩახერგავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას, რადგან ისინი იძულებული გახდებიან სანქციების ქვეშ მოახვედრონ მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა. შესაბამისად, ბუნებრივად ვხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი.

იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ “აგენტების” კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია - ვიღაცა ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები აქ საიმედოდ იქნება დაცული…" - წერს გია ხუხაშვილი.

საქართველოს პარლამენტს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად კიდევ ორი მოსმენით მხარდაჭერა სჭირდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2012-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო, რომ გაასხვისებდა რუსეთში კუთვნილ ბიზნესს, რათა საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდა.

XS
SM
MD
LG