Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაცემი და დაშავებული ადამიანები "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციიდან - 16 აპრილი


დაზარალებულების უდიდეს ნაწილს არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ.

17 აპრილს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე“. გადამეტების და ძალადობის დადასტურება რთული არ უნდა იყოს.

არაერთი ვიდეომტკიცებულება ასახავს, როგორ უსწორდებოდნენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს 16 აპრილის საპროტესტო აქციის დასრულებისას - წიხლავდნენ წაქცეულებს, გამეტებით ურტყამდნენ სახეში, მისდევდნენ და მიათრევდნენ. სამართალდამცველებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სულ ცოტა, სამ ჟურნალისტსაც.

ოჯახმა და ახლობლებმა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მძიმედ ნაცემი 29 წლის თორნიკე მარუაშვილი 17 აპრილს საავადმყოფოში აღმოაჩინეს.

პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში მოხვდა მეორე მძიმედ ნაცემი ლევან ბუდაღაშვილიც, რომლის შესახებ ინფორმაცია 16 აპრილს, შუაღამისას გავრცელდა.

დაშავებულები არიან როგორც დაკავებულებს, ასევე ხელწერილით გათავისუფლებულებსა და აქციის სხვა მონაწილეებს შორის.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 16 აპრილის აქციაზე 16 დაკავებულიდან 11 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და ითხოვდნენ რეაგირებას. დამატებით 3 დაკავებულიც მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის გარემოებებზე, თუმცა მათ მოითხოვეს ინფორმაციის კონფიდენციალურობა და რეაგირებაზე უარი განაცხადეს.

დაზარალებულების უდიდეს ნაწილს არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ.

მძიმედ ნაცემები

37 წლის ლევან ბუდაღაშვილი, ტვინის შერყევითა და ძირითადად სახის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებით, ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში წევს. რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 16 აპრილს, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, სპეცრაზმელები რამდენჯერმე გაუსწორდნენ, ხოლო ბოლოს ხელკეტი ფეხში ისე დაარტყეს, რომ ცალი ფეხსაცმელი გასძვრა, დაკარგა და ასე ცალი ფეხსაცმლით მიიყვანეს ჯერ - შს სამინისტროში, ხოლო შემდეგ - საავადმყოფოში.

„ყველაზე მონდომებით თავში მირტყამდნენ, დამიზნებით - სახის არეში, ფეხებს მირტყამდნენ გამეტებით. ხელები რომ ავიფარე - ზურგზეც მირტყამდნენ. ასე ცემა-ცემით სპეცრაზმელების დერეფანში შემათრიეს და მერე საიდან რა მხვდებოდა, უკვე ვეღარ ვიგებდი“, - გვეუბნება ბუდაღაშვილი.

როგორც ბუდაღაშვილი იხსენებს, საპატრულო პოლიციის მანქანაში მასთან მივიდა, როგორც მოგვიანებით ფოტოებში ამოიცნო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ზედმეტსახელად „ხარება“.

„ბორკილები დამადეს, პოლიციის მანქანაში როცა ჩამსვეს. დაიძრა მანქანა, უცებ გააჩერეს - ერთი წუთიო და სპეცრაზმელები მოვიდნენ, მოვიდა თვითონ ეს ხარებაც. მერე ამან დამიწყო ათასნაირი შეურაცხყოფების მოყენება - თავში ჩარტყმა, დამცირება, შეფურთხება, გინება ... თან კამერით იღებდა ამ ყველაფერს... ამ დროს პატრულებმა წრე შეკრეს და ზურგით შეტრიალდნენ - ამან კიდევ დამამუშავა“, - ლევან ბუდაღაშვილს ეჭვი აქვს, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა მასზე შური იძია იქვე აქციაზე, მანამდე მომხდარის გამო: „პატარა შეხლა-შემოხლა რომ დაიწყო და ალყა შემოგვარტყეს, ვიღაცამ დაიძახა ხარებას ხალხი მოვიდაო... მერე ვიღაცამ მე მკითხა - ეს ხარება ვინ არისო და მე ვუპასუხე - ამათი უფროსია, მგონი, ამათი დედა ვატირე-მეთქი და ხელი რომ გავიშვირე, მაშინ ამომიღეს მიზანში“.

ზვიად ხარაზიშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ნდობით აღჭურვილ პირად მიიჩნევა. მისი სახელი უკავშირდება გახმაურებულ საქმეებს და მათ შორის - 2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამის“ აქციის სისხლიან დარბევას. მაშინ ხარაზიშვილი - სპეცდანიშნულების დანაყოფ „შავნაბადას“ ხელმძღვანელობდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმში მუშაობდა. 2023 წლის მარტში, როცა ხალხი „აგენტების კანონს“ აპროტესტებდა, სწორედ ზვიად ხარაზიშვილის გამოჩენას მოჰყვა აქციის დაშლა სპეციალური საშუალებებით.

  • ლევან ბუდაღაშვილი 2019 წლის 20 ივნისს, „გავრილოვის ღამის“ აქციის დაშლისას დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ძმაა. 2019 წელს, დაკავებული იყო მათი მესამე ძმაც - გიორგი ბუდაღაშვილი. ადვოკატი ვახტანგ იაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ გიორგი პოლიტიკური ნიშნით, ძმის გამო დასაჯეს.
  • ლევან ბუდაღაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამართალდამცველებმა მას რეპლიკებით მიახვედრეს, რომ იცოდნენ - ვისი ძმა იყო.
  • ზურაბ და გიორგი ბუდაღაშვილებმა ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს.

ლევანი ჰყვება, რომ ის ექიმებმა გადაარჩინეს, როცა ჯერ სასწრაფო დახმარების ჯგუფი არ დაემორჩილა სამართალდამცველების აშკარა ზეწოლას - რომ სრულყოფილად არ აღეწერათ მისი მდგომარეობა, ხოლო შემდეგ - კლინიკიდან უკან აღარ გაატანეს - "არადა, იცდიდნენ და მალე წაყვანა უნდოდათ".

საბოლოოდ, ლევან ბუდაღაშვილს პოლიციამ ხელწერილი დააწერინა და ახლა ადმინისტრაციული წესით გასამართლებას ელოდება.

17 აპრილს, დილით, ლევან ბუდაღაშვილის პალატაში შეიყვანეს ასევე მძიმედ ნაცემი 29 წლის თორნიკე მარუაშვილი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. „ის ჩემზე უარესად არის ნაცემი, ყბა აქვს დაზიანებული და ლაპარაკიც უჭირს“, - გვითხრა ბუდაღაშვილმა.

თავად თორნიკე მარუაშვილთან გასაუბრება, დეტალების დასაზუსტებლად, დღეს ვერ შევძელით.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მასაც ხელწერილი დააწერინეს.

მძიმედ ნაცემ ორივე ახალგაზრდა მამაკაცს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა [GDI] იცავს.

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე გვეუბნება, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თორნიკე მარუაშვილთან დეტალებზე საუბარი ჯერჯერობით ვერც მან მოახერხა, თუმცა ვარაუდობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში ის, სხვა დაკავებულებთან ერთად, შს სამინისტროს შენობაში [აეროპორტის ტრასაზე] ჰყავდათ.

„მე მათ მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდი. შს სამინისტრო გვიმალავდა, პრაქტიკულად. არაფორმალური წყაროებიდან გავიგეთ, რომ შს სამინისტროს შუშებიან შენობაში ჰყავდათ ყველა დაკავებული“, - ამბობს ტაბატაძე.

ადვოკატის განმარტებით, როგორც ლევან ბუდაღაშვილს, ასევე თორნიკე მარუაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლების (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) შესაბამისად ედებათ ბრალი; რაც მაქსიმალურ სასჯელად 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობს.

დაზარალებულები სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ.

ადვოკატ ტაბატაძეს ცემის ამსახველი ვიდეოკადრების იმედი აქვს - დასტურდება - „ეს იყო ანგარიშსწორება და არაადამიანური მოპყრობა“, - ამბობს ტაბატაძე.

ჟურნალისტი ვარ!

ინტერნეტგამოცემა „აპრილის“ ჟურნალისტს - გიორგი ბასხაჯაურს 17 აპრილს, გამთენიისას „ნიუ ჰოსპიტალში“ გატეხილი ცხვირის ძვლის ოპერაცია გაუკეთეს. ახალგაზრდა კაცი ტვინის შერყევას გადაურჩა, თუმცა კარგად ახსოვს, რომ ორზე მეტი სპეცრაზმელი მიწაზე დაგდებულს გამეტებით ურტყამდა. აქვს სხეულის დაბეჟილობა.

„სრულიად მოულოდნელად გადმოვიდნენ თავდასხმაზე და ცდილობდნენ, რომ ვისაც მისწვდებოდნენ, ეცემათ. სახეში და თავში მირტყამდნენ. როგორც მახსოვს, ერთ-ერთმა, რომელიც მომწვდა, გამათრია, ძირს დავეცი. ცდილობდნენ, რომ სახეში მოერტყათ. ვუმეორებდი განუწყვეტლივ, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მაინც მცემდნენ... ხელებით შევძელი სახის დაფარვა და ალბათ ამიტომ გამოვძვერი მარტივად.

როდესაც ცემას მორჩნენ, მითხრეს, რომ ჭკუას ვისწავლიდი. ალბათ ჩემი პირსინგები მათთვის ასოცირებული იყო სექსუალურ ორიენტაციასთან და ერთ-ერთს ჰომოფობიური მომართვები ჰქონდა“, - ამბობს ნაცემი ჟურნალისტი.

გიორგი ბასხაჯაური
გიორგი ბასხაჯაური

ეს ამბავი პარლამენტის ზედა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, 01:30 საათისთვის მოხდა.

საპროტესტო აქცია, სადაც მანამდე სპეციალური საშუალებები - წიწაკის სპრეი გამოიყენეს და არაერთ ადამიანს სცემეს, იმ დროისთვის თითქმის დაშლილი იყო. გიორგის ახსოვს, რომ მის გარშემო მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იდგა.

„დიდი ნაწილი სწორედ იქ იყვნენ მაგ დროს გამაგრებული. სატელევიზიო მედიის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან ერთად, წინა ხაზზე იდგნენ და როგორც კი ისინი წავიდნენ, ალბათ მიხვდნენ, რომ კამერები ისე აქტიურად აღარ იყო და, სავარაუდოდ, განკარგულება მიიღეს, რომ დავეშალეთ - თორემ სიმშვიდე იყო, მხოლოდ ვიდექით რამდენიმე ათეული ადამიანი, არც არავინ აწვებოდა და არც შეურაცხყოფა ყოფილა და არაფერი მსგავსი... ვიღაცეები დააკავეს იქვე, მაგრამ მე, სავარაუდოდ, იმიტომ არ დამაკავეს, რომ ჟურნალისტის დაკავება არ აწყობდათ“, - ამბობს გიორგი ბასხაჯაური.

ჟურნალისტს უკვე ჰყავს ადვოკატი და აპირებს, რომ დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად, სამართლებრივი გზებით იბრძოლოს.

16 აპრილის აქციაზე სამართალდამცველები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ „პუბლიკის“ ჟურნალისტს - ალექსანდრე ქეშელაშვილსა და „ტაბულის“ ჟურნალისტს - გიორგი ბადრიძეს, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. ბადრიძეს საკუთარი მობილური ტელეფონი წაართვეს, რის შემდეგაც მუშაობა სამსახურის ტელეფონით გააგრძელა - რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა“, - აცხადებს „ტაბულა“ და აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც მთელი ამ პროცესის მხოლოდ ერთ ეპიზოდს ასახავს.

"პუბლიკის" ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დემონსტრანტების დაკავებას იღებდა. ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი რამდენიმე სპეცრაზმელმა კედელთან მიიმწყვდია; ხოლო ერთ-ერთმა თავში ჩაარტყა. იყო ტელეფონის წართმევის მცდელობაც.

"ნიღბიანები რომ გამოვიდნენ და დაიწყეს დაკავებები, მეც დავიწყე გადაღება. გადავიღე, როგორ დააკავეს ერთი ადამიანი. შემდეგ დავინახე, რომ სპეცრაზმელები სხვებსაც დაედევნენ, მეც გავყევი უკან და რომ მოვიხედე, სცადეს ჩემს საქმიანობაში ხელის შეშლა.

ტელეფონი წამართვეს, თუმცა, ალბათ, ერთ წუთში დავიბრუნე [ტელეფონი], ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, ჟურნალისტი ვარ. ერთი [სპეცრაზმელი] რომ მაკავებდა, კიდევ ერთი მოვიდა და სახეში დამარტყა", - უთხრა ქეშელაშვილმა რადიო თავისუფლებას.

კიდევ სხვა არაერთი დაშავებული

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ორი ნაცემი ახალგაზრდა კაცის უფლებებს იცავს.

ადვოკატი გვიყვება, რომ დიმიტრი ბერიძესა და ლევან ჯობავას სამართალდამცველებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას სცემეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 16 აპრილის ღამეს, როცა აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებში პოლიცია დასდევდა და სცემდა აქციის მონაწილეებს. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ურტყამენ მათ შორის - ბერიძეს და როგორ ეხეთქება დავარდნისას კედელს.

ორივე მათგანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, დაუდგინდათ ტვინის შერყევა და ამჟამად სახლში, წოლით რეჟიმზე არიან, - ამბობს ქობესაშვილი.

„საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს ორივეს, ძირითადად თავის არეში. მათი მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის სამართალდარღვევა. უნდა მივმართო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ მოხდეს მათი გამოკითხვა და ექსპერტიზის ჩატარება“, - ეკა ქობესაშვილი ასევე გვეუბნება, რომ ბერიძე და ჯობავა პოლიციამ ხელწერილებით გაათავისუფლა და შემდეგი ეტაპი იქნება ადმინისტრაციული საქმის სასამართლო განხილვა.

ზოი არუთინიანი
ზოი არუთინიანი

„არავის ინდობენ, ქალს, კაცს, პატარა ბავშვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქტივისტმა ზოი არუთინიანმა, რომელსაც 16 აპრილს, აქციაზე მოულოდნელად მოხვდა სპეცრაზმელის „მუშტი საფეთქელთან ძალიან ახლოს“. დარწმუნებულია, რომ - მას მიზანმიმართულად დაარტყეს.

ზოის მონათხრობით, სპეცრაზმელებმა შეტევა სრულიად მოულოდნელად და უმიზეზოდ დაიწყეს, როცა პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე სრული სიწყნარე იყო.

„გაქცევასაც აზრი აღარ ჰქონდა, სულ სპეცრაზმელები მოდიოდნენ. ჩემს მეგობარს ჩავეხუტე და ვყვიროდი“, - ზოი ამბობს, რომ გასაქცევი მიმართულება მათ ბოლოს ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა უჩვენა.

16 აპრილის ღამეს, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის დარბევისას დაშავებულ აქტივისტს, მარიამ დოლიძეს იდაყვის ძვლის ოპერაცია დასჭირდა. დაიზიანა ფეხიც - აღენიშნებოდა ჭრილობა და დაბეჟილობა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში შვიდი დაშავებული მიიყვანეს, მათ შორის - ორი პოლიციელია.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ დაშავებული პოლიციელები "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გადაიყვანეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. ათასობით ადამიანი აპროტესტებს „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია „რუსულ კანონს“, ხოლო "ქართული ოცნება" "გამჭვირვალობის" კანონს უწოდებს.

საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს - „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, 17 აპრილს, „აგენტების კანონი“, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაამტკიცა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG