Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა მდგომარეობა - თამარ გაბუნიას განმარტება


აქცია პარლამენტის შენობასთან. 16 აპრილი
აქცია პარლამენტის შენობასთან. 16 აპრილი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში შვიდი დაშავებული მიიყვანეს, მათ შორის ორი პოლიციელია. საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ დაშავებული პოლიციელები "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გადაიყვანეს.

"ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა ჰქონდა და ორივე გაეწერა დღეს დილით ბინაზე", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

აქციის ხუთი მონაწილე, მათ შორის ნაწილი თავის ტრავმით, ნაწილი მოტეხილობითა და სახის არეში დაზიანებებით, თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გაანაწილეს:

  • „ერთ მოქალაქეს დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა. პაციენტი გაეწერა ბინაზე“;
  • „მეორე მოქალაქეს მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა თავის მიდამოებში, თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა. სხეულზე დაზიანებები არ აღინიშნებოდა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობა უტარდება თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით“;
  • „მესამე მოქალაქეს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში, ასევე ტვინის შერყევა. მარცხენა ხელზე მიღებული აქვს მსუბუქი ტრავმა. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობა უტარდება თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით“;
  • „მეოთხეს დაუდგინდა მარჯვენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა, ჩატარდა ოსტეოსინთეზი. წარმატებით ჩატარდა ოპერაცია. ასევე აღენიშნება მარჯვენა ტერფზე დაზიანება. მიმდინარეობს პოსტოპერაციული მონიტორინგი“;
  • „მეხუთე პაციენტს თავის მიდამოს დაზიანება ჰქონდა. ჩაუტარდა ტომოგრაფია, დადგინდა ტვინის შერყევა. სხვა დაზიანება არ გამოვლენილა. მან სტაციონარში მკურნალობაზე უარი თქვა და გაეწერა ბინაზე“.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ასახულია, რომ გუშინ, 16 აპრილს, პარლამენტთან აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს სცემეს.

სპეცრაზმელებმა აქციაზე „პუბლიკის“, „ტაბულის“ და „აპრილის“ ჟურნალისტებსაც სცემეს.

16 აპრილს თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა.

XS
SM
MD
LG